Home რუბრიკები საზოგადოება ახლა არჩევანში შეცდომის დაშვება ქვეყნის კატასტროფის ტოლფასია

ახლა არჩევანში შეცდომის დაშვება ქვეყნის კატასტროფის ტოლფასია

689

ამ წერილის მიზანი, ვინმესთვის ჭკუის სწავლება კი არა, დღევანდელი საქართველოს სავალალო მდგომარეობაზე სუბიექტური აზრის დაფიქსირებაა.

ადამიანს, რომელიც დაულაგებელ, აწეწილ ქვეყანაში ცხოვრობს,  საწუხარ-საფიქრალს რა გამოულევს. დროის მანქანას ხშირად ვუხმობ საუკუნეთა ლაბირინთებში სამოგზაუროდ. მამულისათვის გამოსადეგარი რეცეპტებისა თუ გამოცდილებების შესაგროვებლად ხან ფარნავაზის ეპოქაში დავხეტიალობ, ხან დავით აღმაშენებლის გოლიათ სხეულს აჩრდილივით დავსდევ, ხან თამარ მეფის სიბრძნითა და გამჭრიახობით ვიხიბლები… და როცა ზმანებებიდან დღევანდელობაში გადმოვდივარ, საკუთარი თავი მეცოდება ამდენი უზნეობის, გაუტანლობის, სიბილწის, უსუსურობის  ტბაში უნებლიეთ რომ მოვადენ ტყაპანს. ტბის ხსენებისას ბაზალეთი მახსენდება, თითქოს გულზე მომეშვება და მინდა გამოვიცნო იქ, ოქროს აკვანში მწოლარე ყრმა ზრდის რა სტადიაშია, ქვეყანას მხსნელად როდის მოევლინება?!

 

 

 

ყმაწვილკაცობაში არაერთი ღამე გამიტარებია ოცნებაში. ო, რა გულუბრყვილოდ მეგონა მაშინ მამულის ცა ძალიან მოკლე დროში რომ გაბრწყინდებოდა დიადი კომუნიზმის ყოვლისმომცველი შუქურით. მაგრამ, როგორც ერთმა პოეტმა თქვა, ჩვენს ვიწრო ქუჩებში კომუნიზმი ვერ შემოეტია და ისტორიის ნაცარმიყრილ სანაგვეზე განუტევა გაურკვეველი წარმომავლობის გაცრეცილი სული. რა ძნელი და დამღლელია უკეთესი მერმისისთვის უიმედო ლოდინი მაშინ, როცა დრო უმოწყალოდ გარბის და ღვთისგან ბოძებული სიცოცხლე ხელში ყინულის ნატეხივით გადნება. 

რაც თავი მახსოვს, სამწუხაროდ, მსოფლიო, რომლის პატარა ნაწილი ჩვენც ვართ, არასოდეს ყოფილა წყნარი, სანდომიანი და დალაგებული. დედამიწის ყველაზე განვითარებული ქვეყანა, რომელიც დღემდე დემოკრატიის «შუქურად» ითვლება, ყოველგვარი სიმორცხვის გარეშე, სხვადასხვა ქვეყანას საჯაროდ მოუწოდებს, დაიცვან ადამიანის უფლებები ქცევების ისეთ სფეროში, როგორიცაა ჰომოსექსუალიზმი, მამათმავლობა, ერთსქესიანთა ქორწინება და სხვა მსგავსი სიმახინჯეები. ჩვენს ქვეყანას სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება თუ უნდა, რაღა ცუდით გავითანგოთ, კარგით დავიწყოთ. ამერიკის ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი საძირკველი გაუგონარ ძალადობაზეა აგებული, ნამდვილად არის ბევრი რამ მისაბაძიც.

სულ მალე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. როგორც მოსალოდნელი იყო, ამჟამადაც ბევრ ადამიანს აეშალა პრეზიდენტად არჩევის საღერღელი. აქედანვე ცხადია, საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენში იმდენი კანდიდატი იქნება შეტანილი, რომ პირველ ტურს გამარჯვებულის გამოვლინება ნამდვილად გაუჭირდება. მეორე ტურის ჩატარება ქვეყნის გაპარტახებულ ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვება და ისედაც აფორიაქებულ ხალხს მეტხანს ამყოფებს ეიფორიულ მდგომარეობაში. ეს მოვლენა თავიდანვე რომ ავიცილოთ, მიზანშეწონილია პრეზიდენტის პოსტზე ერისთვის მისაღები და ღირსეული კანდიდატის გამოსავლენად შეიქმნას სხვადასხვა პროფესიის გამორჩეული სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც მიუკერძოებლად შეისწავლის ყოველი კანდიდატის ბიოგრაფიას და მერე ერთ ბროშურად გამოაქვეყნებს, რათა ხალხს საფუძვლიანი წარმოდგენა შეექმნას თითოეულ კანდიდატზე და სწორი არჩევანი გააკეთოს.

როცა საარჩევნო კომიტეტში კანდიდატი თავის თავზე თვითონ ჩააბარებს დოკუმენტებს, ბუნებრივია, შეეცდება, საკუთარი თავი სასურველ ფერებში წარმოგვიდგინოს.

გაცილებით დემოკრატიული იქნება პრაიმერის ჩატარება. ასეთი მიდგომა, დროულად გაგვიყვანს საბოლოო შედეგზე და საშუალებას მოგვცემს მთელი ძალისხმევით ვიზრუნოთ ათეული წლების განმავლობაში გადადგმული მრუდე ნაბიჯებით გამოწვეული სნეულებების განკურნებაზე. ამ არჩევნებში ხალხის მიერ გვირგვინდასმულმა მამულიშვილმა უნდა გაიმარჯვოს, ახლა არჩევანში შეცდომის დაშვება, ქვეყნის კატასტროფის ტოლფასი იქნება.

ყველა პარტიას აქვს უფლება, თავისი კანდიდატურა დაასახელოს, მაგრამ წინასწარ საჯაროდ არაერთხელ განცხადება, რომ ეს კანდიდატი უალტერნატივოა და ის არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს, ცოტა არ იყოს, უხერხულია და  არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში დაგაეჭვებს. სჯობს, ყოველგვარი ძალდატანებისა და მინიშნების გარეშე ხალხმა თავად გადაწყვიტოს, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რათა მომავალში ხალხმა უნდა შეაფასოს მისი მოღვაწეობის შუქ-ჩრდილები.

აქვე მინდა «საქართველო და მსოფლიოს» რედაქციას შევთავაზო, შემოიღოს რუბრიკა «ვინ გსურთ იხილოთ საქართველოს პრეზიდენტად». ამ რუბრიკას, ვფიქრობძალიან ბევრი მკითხველი გამოეხმაურება.

ქვეყნის ბედის მინდობა ერთ ადამიანზე, რაც არ უნდა გენიოსი იყოს იგი, ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, სასურველ შედეგს როდი იძლევა.  უპრიანი იქნებოდა, საგანგებო გადაწყვეტილებებს იღებდეს გუნდი, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ქყვენის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, კათალიკოს-პატრიარქი და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. 2008 წელს რუსეთთან ომისწინა პერიოდში, ასეთი ხუთეულისაგან შემდგარი საბჭო რომ ყოფილიყო, ქვეყნის პრეზიდენტს სამაჩაბლოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ჩაბმაში მხარს არავინ დაუჭერდა და სააკაშვილი დამოუკიდებლად ომობანას თამაშს ვერ გაბედავდა. კინოფილმ «შესანიშნავი შვიდეულის» არ იყოს, თუ ეს ხუთეული შესანიშნავი მამულიშვილებით მტკიცედ შეიკვრება, ქვეყანას აუცილებლად ეშველება.

არის ასეთი გამოთქმა _ «ხალხი ბრძენიაო». ხშირ შემთხვევაში ეს მართლაც ასეა. ხანდახან, უბრალო ადამიანებისაგან იმდენი საღი აზრი მოდის, იერარქიის ზედა ფენებში მოკალათებულ მოხელეებს სიზმარშიც რომ არ ეწვევა. დემოკრატიაც ხალხის მმართველობას ნიშნავს და მოსაზრებები, რომლებიც ჭეშმარიტების მარცვლებს შეიცავს, სილაში წვიმის წვეთებივით არ უნდა ინთქმებოდნენ. პრესაში, სატელევიზიო გადაცემებში, ჟურნალისტების, მეცნიერების, სარწმუნოების მსახურთა და სხვათა წერილებში იმდენი საღი აზრია მიმობნეული, მათ რომ ითვალისწინებდნენ, ქვეყანა განვითარების სხვა საფეხურზე იქნებოდა. ამიტომ ძალიან დროული და მომგებიანი იქნებოდა, დაგვეარსებინა საღი აზრებისა და წინადადებების ბანკი, რომელიც დაინტერესებულ პირებს ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევდა.

საყოველთაო გლობალიზაციის, მსოფლიოს მასონთა ახირებული მცდელობების ეპოქაში, როცა ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ მომავალში სულაც არაა საჭირო ტრადიციული ოჯახები, ერთა მრავალფეროვნება, ზნე-ჩვეულებანი, თვითმყოფადობა, სახელმწიფოთაშორისი საზღვრები; როცა სურთ, ადამიანებს წაართვან საკუთარი სახელები და ისინი კომპიუტერულ-ელექტრონული სისტემების გამოყენებით პირუტყვებივით დანომრონ; როცა ცდილობენ, ადამიანების გონებიდან ამოძირკვონ ღვთაებრივი სიტყვები «დედა», «მამა»; როცა მთელი დედამიწის ზურგზე უნდათ მოამრავლონ ვითომ ახალი ტიპის «მსოფლიო ადამიანი», რომელიც არაფრად ჩააგდებს თავის გენეტიკურ წარმომავლობას და მისთვის სულერთი იქნება დედამიწის რომელ უბანში «დატკბება» ამქვეყნიური ყოფიერებით… ამ უზნეობის ორომტრიალიდან თავდასაღწევად ღვთის წილხვედრი ქვეყანა ყველა ღონისძიებას უნდა მიმართავდეს. ჩვენ, კი გეომეტრიული პროგრესიის სისწრაფით ვკარგავთ წინაპრების მიერ ათასწლეულების ჭიდილში ოფლით, სისხლითა და მახვილით მოპოვებულ სულიერ-ხორციელ განძს და თვალახვეულნი ვცდილობთ, გადავცვივდეთ იმ მღვრიე მდინარეში, რომელიც უხამსობის ოკეანისკენ მიექანება. აბა, რას მივაწეროთ ის გარემოება, დავითის, შოთას, თამარის, ილიას, ვაჟას… სამშობლოში, ალგეთის ლეკვების ნაცვლად, ასე რომ მომრავლდნენ და მოღონიერდნენ სოროსის ლეკვები, რომლებიც ცდილობენ, ქვეყანა ბარაბას გზით წაიყვანონ.

ქართველობას საყოველთაო გამოფხიზლების დრო დაუდგა. გონიერება და შორსმჭვრეტელობა ჩვენვე თუ არ გამოვიჩინეთ, დაკარგულ ტერიტორიებსაც არავინ დაგვიბრუნებს და ნატოს კართან რიგში იქამდე გვაყურყუტებენ, სანამ თვითონ არ ვიტყვით უარს მასზე. ბეწვის ხიდზე სიარულისას ფეხი თუ ისევ დაგვიცურდა, ჩვენი მიწა-წყლის სხვა ნაწილებსაც წაეპოტინებიან და დაეპატრონებიან გადამთიელნი. საქართველო კავკასიის თვალმარგალიტია და სწორედ ეს უბიძგებს მავანთ, მომაკვდინებელი დარტყმები მოგვაყენონ. მოყვრად შემოპარული მტერიც მოუმრავლდა საქართველოს. გარკვეული დროის შემდეგ ეს «მოყვრები» როგორ მოიქცევიან, არაა ჩვენთვის უცხო ხილი. გალაკტიონის არ იყოს, «სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული».

დღეს საყოველთაო გამოღვიძებისა და გამოფხიზლების დრო დაუდგა საქართველოს _ უცხოეთში გადახვეწილი ჩვენებურების ინტენსიურად დაბრუნებისდემოგრაფიული პრობლემების მოგვარების, მიტოვებული სოფლების, დაბების, საზღვრისპირა ზონების დასასახლებლად. დრო დადგა, დღესვე ჩაეყაროს ბალავარი, რამდენიმე ასწლეულში მაინც რომ აღსრულდეს ივანე ჯავახიშვილის სანუკვარი ოცნება 50-მილიონიანი საქართველოს არსებობაზე.

საქართველო ერთ დიდ საგარჯილოდ უნდა გადავაქციოთ. განახლების წყალმა მომავლის ჯერ კიდევ ფესვებგაუდგმელ და ტანგაუმყარებელ ნერგამდე რომ მიაღწიოს, უპირველესად, სადინარი არხია გასაწმენდი წინაღობათა შლამისგან. გვეყო დროის ამდენი გაწელვა, არაფრისმქნელი ჭრიჭინი, ცანცარი და ცვედანობა. დროა, დასასჯელი დაისაჯოს, გმირები ხალხის წინაშე წარმოჩნდეს, ღვაწლმოსილნი პატივისცემას ეზიარონ და ქვეყანამ, ბოლოსდაბოლოს, რიტმული, ენერგიული, შორსმჭვრეტელური ნაბიჯები გადადგას მომავლისკენ, შთამომავლობისთვის გაბრწყინებული მამულის დასატოვებლად. დროა, სხვისკენ დასახმარებლად ხელგაწვდილის პოზიციიდან ღირსეულად განვითარების პლაცდარმზე გადმოვინაცვლოთ. დროა, ცოდვილებმა ერის წინაშე საჯაროდ მოინანიონ და ფიცის ერთგულებით, გაბედულების, სამართლიანობის, შეუდრეკელობის, თავდადების უშრეტი გრძნობით ერთად ავაღორძინოთ რჩეული ქვეყანა, რომელსაც ბევრი მზაკვრული თვალი ჯერაც არ აშორებს გესლიან მზერას.

ელგუჯა კეკელიძე,

მეცნიერი, პენსიონერი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here