Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი და ქილა ოცნება

ირაკლი და ქილა ოცნება

653

«საქართველო და მსოფლიოს» ოცდამეხუთე ნომერში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტის შეკითხვას «ბატონო ირაკლი, ნატოში საქართველოს შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით გვაინტერესებს, რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზა განლაგდეს, მაშინ, როდესაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკვე არის რუსეთის სამხედრო ბაზები? ანუ შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა, რომ ერთ ქვეყანაში ერთდროულად იყოს ნატოსა და რუსეთის სამხედრო ბაზები?» ასეთი პასუხი გასცა: «ეს კითხვა ვის მოუვიდა თავში? არასდროს არსად გამიგონია ასეთი შეკითხვა… თამამად შემიძლია გავიმეორო, რაც რასმუსენთან ერთად ვუთხარი ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს _ პრაქტიკულად, ჩვენი ჯარი უკვე ნატოშია».

აფსუს! როგორ დაგვაგლახაკა წუთისოფელმა, რომ თურმე ჩვენი ჯარი უკვე ნატოშია და ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. ხო, დაგვაგლახაკა, რადგან ან ჩვენ ვართ მართლა გლახაკები, ასეთი სიკეთე («ჩვენი ჯარი უკვე ნატოშია») რომ არ ვიზეიმეთ, ან თავდაცვის მინისტრს, მომიტევეთ და, ორგანული ბოდვითი აშლილობა შეეყარა, რამეთუ ჰელმანდში არა დახოცილი ქართველი დაქირავებულები, არამედ ნატოში შესული ქართული ჯარი იხილა…

შევეშვათ თავდაცვის მინისტრის ჰალუცინაციებს. ეს ფსიქიატრების თავსატეხია. ჩვენ კი, რადგან სიტყვამ გლახაკი მოიტანა, სულხან-საბასეული პერსონაჟი, ქილა ერბოთი გამდიდრებაზე მეოცნებე გლახაკი გავიხსენოთ, რომელიც, ოცნებას აყოლილი, ქილა ერბოსაც ამსხვრევს და გამდიდრების იმედსაც კარგავს… დღევანდელ სინამდვილეს ეიფორიის გარეშე, ობიექტური თვალით რომ შევხედოთ,  ჩვენდა სამწუხაროდ, აღმოჩნდება, რომ ქილა ერბოიანი, უფრო ზუსტად კი, ქილა ოცნებიანი გლახაკი თანამედროვე ქართველის კლასიკურ არქეტიპად იქცა.

თანაც ამ არქეტიპის კრიტერიუმებში არა მხოლოდ პირდაპირი გაგებით გლახაკები, არამედ სავსებით წარმატებული, ძალაუფლებით მოსილი ადამიანებიც ხვდებიან. ასე მაგალითად, წარმატებული ქართველი ახალგაზრდა, სულ ახლახან პრეზიდენტობის თვალსაჩინო კანდიდატი, ზუგდიდში სამარცხვინო წაგების შემდეგ კი თავდაცვის მინისტრად ჩამოლაბორანტებული ირაკლი ალასანია ისე ეჭიდება ნატოს და საქართველოს «ისტორიული ევროპული არჩევანის» ცრუ იდეებს, რომ, თუ ნატოს გენმდივან რასმუსენს დავუჯერებთ, ალასანიას ქილა ოცნებასაც იგივე ბედი ელის, რაც საბასეული გლახაკის ქილა ერბოს.

ასეთი წარმატებული ადამიანის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბიოგრაფიაც კი შეიძლება გლახაკისეული ქილა ერბოს ფინალით დასრულდეს, თუკი ბატონი ალასანია ნატოზე ოცნებას აიკვიატებს, გონებას არ ჩართავს და იბერიის ბრიუსელიდან გაბრწყინების უტოპიურ იდეებს არ გამოიფერთხავს.

 ორგზის სამწუხარო კი ისაა, რომ ახალი ხელისუფლების, უფრო მეტიც, დღევანდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის დიდ ნაწილს ხატოვანი აზროვნება აქვს, რასაც მათ პლიუსად ვერ ჩავუთვლით და ამ ხატოვანებაში ნატო იმავე როლს ასრულებს, რასაც გლახაკისთვის ქილა ერბო.

გლახაკისეული ქილა ერბოს ამბავს ჰგავს კოაბიტაციაც იმ «ნაცმოძრაობად» წოდებულ ბანდასთან, რომლის რეალური რეიტინგიც 3 პროცენტს არ აღემატება და რომლის არა მხოლოდ გადარჩენას, არამედ მთავარ ოპოზიციურ ძალად წარმოჩენას ასე ინტენსიურად ცდილობს პრემიერი ივანიშვილი. რომც მიაღწიოს პრემიერმა კოაბიტაციას ბანდიტ «ნაციონალებთან», რომელთაც მოსახლეობის 3 პროცენტი თუ უჭერს მხარს, საინტერესოა, რა პასუხი უნდა გასცეს მან დანარჩენ 97 პროცენტს, რომელიც მუდმივად უკმაყოფილო იქნება და პრემიერის ახირებით განრისხებული გამუდმებით ქუჩისა და აქციებისკენ დაიჭერს თვალს? ეს მასა გაგებით ვერ მოეკიდება ბანდიტების გულში ჩახუტებას და… ივანიშვილის ხელისუფლებაც იძულებული გახდება, სკამის შესანარჩუნებლად სააკაშვილის მეთოდები გამოიყენოს _ დაარბიოს მიტინგები, ფარული ჩანაწერებითა თუ სხვა ბრუტალური (ხელკეტი, ცოცხი, სკამის ფეხი) მეთოდებით გაანეიტრალოს ოპონენტები, მოისყიდოს, ციხეში ჩააყუდოს ან სულაც გააუპატიუროს მეტოქენი.

ერთი სიტყვით, უზნეობა («ნაციონალური მოძრაობის», როგორც დამნაშავე რეჟიმის, არგასამართლება და მათთან კოაბიტაცია კი უზნეობაა) შობს უზნეობას, ბილწთან ზავით შეკვრა მხოლოდ სიბილწეს განამრავლებს. ეს აქსიომაა და, ვისაც სჯერა, რომ «ნაცებთან» ფლირტი, კურკური და წაწლობა რამე ხეირს მოგვიტანს, ის არაფრით განსხვავდება ქილა ერბოს იმედით გამდიდრებაზე მეოცნებე გლახაკისგან. ეს ქილა ერბო აუცილებლად დაიმსხვრევა იმ 97 პროცენტის მრისხანებაზე, რომელმაც ივანიშვილს სააკაშვილისა და მისი ბანდიტების ამოშანთვის იმედით მისცა ხმა, მან (ივანიშვილმა) კი, ჯალათების დასჯის მაგივრად, საკუთარ ამომრჩეველს ყველაზე ცუდი კოშმარი აუხდინა და რესპუბლიკელებისა და «ნაცმოძრაობის» ტანდემი თავზე წამოასკუპა.

ასე რომ, პრემიერმა, რომელმაც ძაღლი და ძაღლთაპირი მოკლა (დიდი მადლობა მას ამისთვის), კეთილი ინებოს და ეს ძაღლი თავადვე გაათრიოს…  არა კოაბიტაციით, არა მოფერებით, არა შენი ჭირიმე შენ გენაცვალეთი გაიტანოს საპრეზიდენტო ვადის კანონიერად გასვლის შემდეგ, არამედ გაათრიოს და ნაგავსაყრელზე უეპიტაფიოდ დაფლას.

ამისთვის, მხოლოდ ამისთვის მისცა ხალხმა ხმა ივანიშვილს და არა იმისთვის, რომ სააკაშვილის ემისარი რესპუბლიკელები დაგვესვა თავზე და ირაკლი ალასანიას გლახაკის ქილა ერბოსავით დამსხვრეული ოცნებები გვესმინა ივერიის ნატოში შესვლისა და შემდგომ გაბრწყინების თაობაზე.

შუა გზაზე საქმის მიტოვება არ არის კარგი საქმე, ეს მით უმეტეს არ არის მოსაწონი რამდენიმე მილიარდიანი კაპიტალის მქონე ბიზნესმენისთვის, ვისაც საქმიან წრეებში, ზოგი ვერსიით, ზვიგენის, ზოგით კიდევ პითონის სახელით იცნობენ… მართალია, ჯერ კიდევ დიმიტრი უზნაძემ დაგვისვა დიაგნოზი: «აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭიროო».  და ერთი ჩვეულებრივი საშუალოსტატისტიკური ქართველისგან არათანმიმდევრულობა არ იქნებოდა გასაკვირი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისგან ნამდვილად გასაკვირია, რომ მან ვერც ერთ თავის დაპირებასთან დაკავშირებით ვერ გამოავლინა ძლიერი ნება და მტკიცე ხასიათი…

დაგვპირდა, გავანახევრებ კომუნალურ ტარიფებსო? დაგვპირდა! შეასრულა?! შუაგზაზე მიატოვა ეს საკითხი…

დაგვპირდა, ბენზინს მნიშვნელოვნად გავაიაფებო? დაგვპირდა! ეს საკითხიც შუა გზაზე მიატოვა…

რუსეთთან ურთიერთობას დავალაგებო, დაგვპირდა და შუა გზამდეც ვერ მივედით…

აფხაზებთან და ოსებთან დავალაგებ საქმეებსო და ზაქარეიშვილის მონოტონურ მონოლოგებს ვერ გავცდით…

ავღანეთში ჩვენი ბიჭების ყოფნის მიზანშეწონილობას გადავხედავო და… თვე არ გავა, ჰელმანდიდან «გრუზ 200» არ ჩამოვასვენოთ…

დაგვპირდა, რეჟიმის დემონტაჟს მოვახდენ და სამართლიანობას აღვადგენო? დაგვპირდა! შეასრულა? სააკაშვილი კვლავ პრეზიდენტია და დუჟისყრით იმუქრება; უგულავა კვლავ მერია და ამაყად დაყელყელაობს; აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში უმრავლესობაში კვლავ სააკაშვილის ხელქვეითები არიან. თვით კოალიცია «ქართულ ოცნებაშიც» კი სააკაშვილის ემისრები ჭარბობენ… ნუთუ ეს არის რეჟიმის დემონტაჟი?!

კი, თავისი 80 მილიონი დაიბრუნა პრემიერმა და, ვინც «ქართუბანკს» აკოტრებდა, ისინიც დააჭერინა, მაგრამ, სააკაშვილისგან ქონებაწართმეულო,  გაკოტრებულო, ჯიბიდან უკანასკნელ კაპიკამოცლილო ამომრჩევლებო, რომელ თქვენგანს დაგიბრუნეს ციხის საკანში შუაღამისას ადეიშვილის მითითებით გადაფორმებული წილი? წართმეული მარჩენალი სწრაფი კვების ჯიხური? საპროცესო გარიგების სანცვლოდ «შეწერილი» აგარაკი ან ფრჩხილების დაძრობის შემდეგ წართმეული მიწის ნაკვეთი, მანქანა ან თუნდაც უბოდიშოდ დაყადაღებული ანგარიშიდან მოხსნილი თანხა?

არა, არა, და არა! მაშ, სად არის სამართლიანობის აღდგენა?

ნუთუ ეს არის ქართული ოცნება? ან იქნებ ისაა ქართული ოცნება, სააკაშვილის ზონდერები გარეთ რომ დადიან, ხოლო მართლმადიდებელ მღვდლებს გიგა ბოკერიას ისტერიული მეუღლის მითითებით რომ ასამართლებს ახალი ხელისუფლება?! ამ მღვდლებმა მხოლოდ ის დააშავეს, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება შეგვახსენეს – სოდომია არის ცოდვა! ამ მღვდლებმა მხოლოდ ის დააშავეს, რომ ასობით მათნაირი ანაფორიანის ქადაგებით, შემართებით დაირაზმა მრევლი და ერთსულოვნად მისცა ხმა ბიძინა ივანიშვილს, ამ უკანასკნელმა კი სააკაშვილის ემისარი რესპუბლიკელები ქართველობის «თავსა ზედა მჯდომარედ» აქცია…

მეეჭვება, ეს იყოს არათუ ქართული, თუნდაც სომალური ოცნება, ეს უფრო უზნაძისეულ შეფასებას ჰგავს _ «ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებით ჭაპანის წევა, პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა, ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს».

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი (უზნაძის მიხედვით) ყველა ქართველზე ნამდვილი ქართველია…

როდესაც პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ივანიშვილმა იქვე გამოყო (და სავსებით სამართლიანად) კეთროვანთა კასტა ქართულ პოლიტიკაში _ ქდმ და ჰალსტუხიანი ხვლიკი…

დიდ დაპირებებსა და გეოპოლიტიკურ ვალდებულებებს ვინ ჩივის, უზნაძის მიხედვით, «ყველა ქართველზე ნამდვილმა ქართველმა» პრემიერმა «აქტიური ხასიათისა და ძლიერი ნების» არქონის გამო, ისეთ «პატარა საქმესაც» ვერ მოაბა თავი, როგორიც კეთროვანთა თავკაცის _ გიორგი თარგამაძის პოლიტიკურ ლეპროზორიუმში იზოლაციაა…

ფაქტი სახეზეა _ თარგამაძის ექსტუბაცია წარმატებით მოახერხა ნორლანდმა და მალე მასაც ისევე დაგვინიშნავს წარმატებულ არასაპარლამენტო ოპოზიციად, როგორც სააკაშვილის ბანდა დაგვინიშნა მნიშვნელობით მეორე ძალად, ხოლო სააკაშვილის ემისარი რესპუბლიკელები _ «ქართული ოცნების» ბირთვად.

რას ვერჩოდი ირაკლი ალასანიას! უზნაძეს თუ დავუჯერებთ, დღეს ქართველები, რიგითიდან დაწყებული, პრემიერით დამთავრებული, იმ გლახაკსა ვგავართ, ქილა ოცნებას რომ მიარბენინებს…

ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები!…თუ პრემიერმა დანაპირები ნაწილობრივ მაინც არ შეასრულა, წლის ბოლოს კიდევ პოლიტიკიდან გაიხიზნა და ქვეყანა სააკაშვილის ემისრებს დაუტოვა, ქართველ ხალხს ეყოფა ნება, ამ «პატარა საქმესაც ისეთივე სერიოზულობით მოეკიდოს, როგორც დიდს», კიდევ ერთხელ გამოვიდეს ქუჩაში და ტაბურეტების რევოლუციის მოწმენიც გავხდებით.…

ასე რომ, დროა, შევეშვათ ჩვენი ქილა ოცნებებით თბილისსა და ბრიუსელს შორის შლიგინს, ნორლანდის მონობას, სააკაშვილის გულში ჩახუტებას, რესპუბლიკელების გაპარპაშებას… რეჟიმი უნდა გასამართლდეს!

გიორგი მაისურაძე

1 COMMENT

  1. ჩვენი ჯარი ნატოში თუ არის ვერ გეტყვი, მარა ავღანეთში კი ნაღდია!

  2. ეს ტვინნაღრძობი ხალხი პარლამენტში რომ შეყარა იმ ამომრჩეველს გაუმარჯოს.
    ბიძინამ დაინრუნა თავისი ქონება და …
    მართალია ჩემთვის ქონება არავის ჩამოურთმევია, რადგან არ მქონდა, მაგრამ ინფაქტი დამმართეს. დამიბრუნებს ვინმე ჯანმრთელობას?
    ისე, რომ ვთქვათ სიმართლე, ნაციონალებთან გარიგებაში რომ შედიოდნენ ეს კარგი დედ მამის შვილები და იხდიდნენ ათასებს და მილიონებს, საიდან მოქონდატ ეს ფული. ეს თანხები ხალხის ნაძარცვი არ იყო?, შეიძლებოდა სუფთა ბიზნესით საქართველოში ათ წელიწადში ან 20 წელიწადში მილიონების დაგროვება?

  3. ოცნებავ, ნუ გაამართლებთ ქართულ ანდაზას – "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი"!-ოოოოოოოოოო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here