დისკუსია დაიწყო
კოაბიტაციის (ორხელისუფლებიანობის) პერიოდის ორი მესამედი უკვე გავიარეთ და მის დამამთავრებელ ეტაპზე ვიმყოფებით, რომელსაც განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს საპრეზიდენტო არჩევნები საკუთარი, პოლემიკური ცხოველმყოფელობით. უკვე გამოვლინდნენ მთავარი მონაწილენი, დისკუსია, რიტორიკა უკომპრომისო ხდება და, ალბათ, თავის აპოგეას სექტემბერ–ოქტომბერში მიაღწევს.
მიხეილ სააკაშვილმა ყვარლის მამულიდან განუცხადა საქართველოს მოსახლეობას, რომ მისი პრეზიდენტობის ვადა გრძელდება ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე და ახალი ხელისუფლება დაადანაშაულა ეკონომიკური პროცესების ცუდად მართვაში. კერძოდ, მიუთითა, რომ, «თუ ანაკლიის პორტისა და ახალქალაქ-ყარსის რკინიგზის მშენებლობას გააგრძელებენ, შეძლებენ, თავი დააღწიონ ეკონომიკური ზრდის ნულოვან ტემპს, რომელიც მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირდა». სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების ფორმატში დისკუსია უკვე დაიწყო.
საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო დაკვირვების საგანიც იქნება და ამიტომ მკაცრი რიტორიკის (სალანძღავი პუბლიცისტიკის) მეშვეობით, ლიბერალურ ფასეულებათა სისტემაზე დაყრდნობით, «ნაციონალები» შეეცდებიან, იქ მიაყენონ მოწინააღმდეგეს დარტყმები, სადაც თავს კომპეტენტურად მიიჩნევენ. ესაა ძირითადად მოსახლეობის ცხოვრების პირობები და ეკონომიკური ზრდა.
სააკაშვილმა გააფრთხილა საზოგადოება, რომ ის «ტანგო» (ლეხ ვალენსას ტერმინია), რომელსაც თვითონ და მისი გუნდი ეთამაშება ახალ პოლიტიკურ ძალას, არჩევნების შემდეგაც (ინაუგურაციამდე) გაგრძელდება, შესაბამისად, საკუთარ პერსონას კიდევ ერთხელ მიანიჭა განსაკუთრებული მნიშვნელობა. ასეა თუ ისე, მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირებული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ნული პროცენტი აუცილებლად განსჯის საგანი უნდა გახდეს. აკი კიდეც ცდილობენ ეკონომიკურ ზრდაზე პასუხისმგებელი პირები, ახსნან ეს მოვლენა.
დისკუსიის მესამე მონაწილე
კოაბიტაციის 8-თვიან პერიოდში საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ორი მთავარი მოკამათე ჩანდა. მათ შორის გამართულ დისკუსიაში ნათელი ხდებოდა, ძველი დრომოჭმული ძალის _ «ნაციონალური მოძრაობის» _ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისგან დისტანცირების ზრდა, რომელიც ახალი ხელისუფლების «ქართული ოცნების» წარმომადგენელთა, ვიტყოდი, აშკარა პოლემიკური გამოუცდელობის მიუხედავად, წარმატებების ფონზე ვითარდებოდა, ძალთა ასეთ თანაფარდობას კარგად გვიჩვენებს ამ ბოლო დროს თბილისის მერიის მაღალჩინოსანთა დაპატიმრების თაობაზე ატეხილი აჟიოტაჟი. ადამიანებს ბრალდება 49 მილიონი ლარის საბიუჯეტო გაფლანგვაში მონაწილეობა, მაგრამ საზოგადოებრივი განხილვის საგანი ეს შეუწყნარებელი დანაშაული კი არ არის, არამედ აქტიური მსჯელობა იმაზე, ეჭვმიტანილნი სწორად იქნენ დაკავებულები თუ არა.
მართალია, პიროვნების სამართლებრივ დაკავებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მოქმედი სისხლის სამართლის ნორმები ძალას იკრებს (საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ხდება) ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად. ხალხს კი სწორედ ამ სიმართლის სჯერა და არა დემაგოგთა მწყობრი და უტიფარი იურიდიული არგუმენტების. ეს მაგალითი, როგორც ფაქტი, გვიჩვენებს, თუ როგორ ახერხებენ მნიშვნელოვან სამართალდარღვევათა შინაარსობრივ ტრანსფორმაციას და მისი მნიშვნელობის ლოკალიზაციას დისკუსიების დროს. მასზე ყურადღება იმიტომ გავამახვილე, რომ წარმოგვეჩინა, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია სადავო საკითხის არასწორ ინტერპრეტაციას. ეს არსებით მნიშვნელობას იძენს კოაბიტაციის დამამთავრებელ ფაზაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
ასეთ დისკუსიაში, როგორც წესი, უდიდეს როლს თამაშობს მასმედია, რომელიც დისკუსიის მესამე მონაწილეა და, რაც მთავარია, სწორედ ის ანიჭებს მნიშვნელობას სადისკუსიო პრობლემებს. უნდა ითქვას, რომ ჩვენი ტელევიზიები რამდენადმე მიკერძოებულია «ნაციონალური მოძრაობისადმი», ცდილობენ, «დააბალანსონ» საინფორმაციო სივრცე და გაუგებრად დიდ დროს ანდომებენ წამსვლელი ძალის აზრების პოპულარიზაციას.
თვალშისაცემია ბიძინა ივანიშვილისადმი ჟურნალისტთა მხრიდან არაეთიკური «შეტლიკინებები» მაშინ, როდესაც ისინი ზედმეტად კორექტულები არიან მისი ოპონენტებისადმი. აქედან გამოსავალი, პირველ რიგში, «ქართულმა ოცნებამ» უნდა ნახოს. პრესა შედარებით სუსტია ეკონომიკური საკითხების გაშუქებისას. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ასეთი დიალოგი იმართება: პოლიტიკა არის სიტყვებით თამაში, _ ამბობს ერთი, ეკონომიკა არის ციფრებით თამაში, _ აგრძელებს მეორე.
ვისაც პოლიტიკა და ეკონომიკა თამაშად მიაჩნია მათგან პრობლემურ საკითხთა კომპეტენტურ გაშუქებას არ უნდა ველოდოთ.
კამათის საგანი: ეკონომიკის ზრდა
ეკონომიკა თავისი მოულოდნელობებით დისკუსიისთვის მართლაც იძლევა კარგ მასალას. სააკაშვილი, რომელიც მუდმივად გაურბოდა ამ საკითხებს და «ეკონომიკური თავისუფლების აქტიც კი მიიღო», საქართველოს აშენებდა «ეკონომიკას პოლიტიკის გარეშე». ახლა კი საარჩევნო პოლემიკას ეკონომიკური ფაქტების დეკლარირებით და ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ-ეკონომიკური ხედვების კრიტიკით იწყებს.
მისი გამოსვლები უპასუხოდ არ დარჩენილა. რვათვიანი დუმილის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განგვიცხადა, რომ ქვეყანა ვერ შეძლებს მშპ-ს დაგეგმილ 6-პროცენტიან ზრდას და მოხდება ამ სავარაუდო ორიენტირის კორექტირება
4.5-5 პროცენტამდე გვაცნობა, რომ მალე ამოქმედდება 100 (ნაცვლად 60) ახალი საწარმოს დაფინანსების პროგრამა. ხოლო ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკაში არსებული პრობლემები მისი ინერციული ხასიათით ახსნა, კერძოდ, მეურნეობის მართვის სააკაშვილისეულ «ხელოვნური» ხერხების გამოყენებას დაუკავშირა და შენიშნა, საქართველოს ეკონომიკაში შევარდნაძის დროინდელი მართვის მეთოდების გამოყენება რომ გაგრძელებულიყო, გაცილებით უკეთესი შედეგების მიღება იქნებოდა შესაძლებელი.
სააკაშვილმა უარი თქვა ეკონომიკის მართვის ლიბერტარიანულ მეთოდზე და მოგვევლინა, როგორც ჯონ კეინსის მიმდევარი. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ სწორედ ამ სფეროში შენიშნა მან ოპონენტების სისუსტე, რაც გასაგებია, რადგან მსოფლიოში გრძელდება ეკონომიკური კრიზისი, რომელიც შეინიშნება რეალურ სექტორებში მიმდინარე ეკონომიკური რეცესიით. ჩინეთიც კი ვეღარ ახერხებს განახორციელოს 6-პროცენტიანი ზრდა და, როგორც ეკონომიკის ციკლური განვითარების თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, ეს ვარდნა გაგრძელდება 2018 წლამდე.
საქართველოს ეკონომიკა არის მსოფლიო გლობალურ სივრცეში ინტეგრირებული მაკროეკონომიკური სტრუქტურა და, შესაბამისად, მიმდინარე დეპრესიის გავლენას რომ არ განიცდიდეს, შეუძლებელია. ამიტომ საჭიროა ზუსტი გათვლები, მკაფიო ორიენტირები და აქედან გამომდინარე ღონისძიებათა სისტემა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ ისიც უნდა ითქვას, რომ თავიანთ გამოსვლებში საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს გაურბიან მსოფლიო ტენდენციების ანალიზს და საქართველოს მაკროეკონომიკას ერთგვარ ავტონომიურ სივრცედ წარმოგვიდგენენ. რაც, ჩემი აზრით, არ მეტყველებს მათ გამჭრიახობას და შორსმხედველობაზე.
კითხვა მეტად გამარტივებულად და ცხადად დგას: შევარდნაძის მეთოდებით რომ გაგრძელებულიყო, საქართველოში ეკონომიკის მართვა, დღეს უკეთესი შედეგები გვექნებოდა თუ არა? პასუხისთვის, ალბათ, უნდა მივმართოთ ექცტრაპოლაციის მეთოდს.
რადგან 1992-2003 წლების ციკლის განმავლობაში ეკონომიკა ნორმალურად ვერ ფუნქციონირებდა სამოქალაქო და სეპარატისტულ ძალებთან ომების გამო, უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ 1994-2003 წლებით. დავინახავთ, რომ ამ პერიოდში ნომინალურად მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 3-ჯერ (2.6 მილიარდი ლარიდან 1994 წელს, 9.8 მილიარდ ლარამდე 2003 წელს). რეალური მშპ-ს ზრდამ შეადგინა 48 პროცენტი, ანუ საშუალო წლიური ზრდის ტემპმა შეადგინა 5.4 პროცენტი. თუ იგივე მაჩვენებლებით განვიხილავთ 2004-2013 წლების ეკონომიკური ზრდას, დავინახავთ, რომ ამ პერიოდშიც სამჯერ (9.8 მილიარდი ლარიდან 2004 წელს 26.3 ლარამდე 2012 წელს) გაიზარდა ნომინალური მშპ. რაც რეალურად შეადგენდა 34 პროცენტი, ანუ წელიწადში 3,7 პროცენტი. გამოდის, რომ თუ შევარდნაძის პერიოდის მეთოდებით გავაგრძელებდით ეკონომიკის მართვას 16,8 პროცენტით მეტი იქნებოდა დღევანდელი ჩვენი რეალური მშპ.
პრემიერმა ივანიშვილმა იცოდა, რასაც ამბობდა. ეკონომიკის გაძღოლის მეთოდები შევარდნაძის დროს უფრო ეფექტიანი იყო, ვიდრე მის შემდგომ პერიოდში 2013 წლის ჩათვლით. შესაბამისად, ბოლო 9 წლის მანძილზეც ეკონომიკის მართვა შევარდნაძის დროის მეთოდებით რომ გაგრძელებულიყო, ეკონომიკის რეალური ზრდა გვექნებოდა არა 34 პროცენტი, არამედ 50,8 პროცენტი, არაფერი რომ არ ვთქვათ პოლიტიკური სტატუს სკვოს შენარჩუნებაზე, რომელიც აგვარიდებდა 2008 წლის კატასტროფას.
ისევ კორუფციის შესახებ
«ნაციონალებს» პრემიერ ივანიშვილის რეპლიკა უპასუხოდ არ დაუტოვებიათ და სასწრაფოდ უპასუხეს, რომ «შევარდნაძის დროს, ეკონომიკის მართვის არავითარი სისტემა არ არსებობდა, გარდა გლობალური კორუფციისა». ამის ავტორს, შეიძლება გავუსწოროთ, რომ შევარდნაძის დროს მართლაც იყო კორუფცია, მაგრამ მას «გლობალური» ხასიათი კი არ ჰქონდა, არამედ საზოგადოებრივი აქტივობის ყველა სფეროში ერთობ გავრცელებული და თითქმის ლეგალიზებული მოვლენა იყო. თუ მაინცა და მაინც რამე უცხო სიტყვით გვინდა გამოვხატოთ იმდრინდელი საზოგადოების ეს მანკი, შეიძლება ვთქვათ: 1992-2003 წლების საქართველოში კორუფციას ტოტალური ხასიათი ჰქონდა. რასაც ედუარდ შევარდნაძეც არ უარყოფდა. მაგრამ იგი ფრთხილობდა, რომ კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა არ გამოსულიყო კონტროლიდან და არ გადაზრდილიყო ახლად აღმოცენებული მეწარმეობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დარბევის სახელმწიფო მექანიზმად.
2003 წლის დეკემბრიდან «ვარდების რევოლუციით» მოსულმა ხელისუფლებამ დაიწყო მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჩხრეკა. განსაკუთრებით იმათი, ვისაც სახელმწიფო თანამდებობები ეკავა. ამის წინაპირობები უკვე არსებობდა: ტარდებოდა სოციოლოგიური გამოკვლევები, ვლინდებოდა კორუმპირებული ინსტიტუტები, არსებობდა კორუფციასთან ბრძოლის სახელმწიფო უწყებაც. სააკაშვილის ხელისუფლებამ კი გაამკაცრა რამდენიმე კანონი და დაიწყო ამ საქმეში ეჭვმიტნილი პირების ტოტალური დარბევა.
პროცესი წარიმართა «დამნაშავეთა სასარგებლოდ», რადგან კორუმპირებულ ჩინოვნიკებს იჭერდნენ უფრო კორუმპირებული უწყების თანამშრომლები. კორუმპირებულ დაწესებულებათა ყველა რეიტინგში პირველობას არავის უთმობდა: პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო. პირველივე ოთხ თვეში კორუმპირებული ჩინოვნიკებისგან 25 მილიონი აშშ დოლარი «ამობერტყეს». და ტელევიზიების თანხლებით გააგრძელეს საქმე. 2004 წლის მარტის ბოლოს მაშინდელმა პროკურორმა ადეიშვილმა დაასახელა ციფრები: კორუმპირებულებისგან სულ ამოიღეს 85 მილიონი აშშ დოლარი და ჩამოართვეს 300 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების ქონება (ქარხნები, სახლები, ავტომობილები).
ახლა კი გაიხსენეთ, მხოლოდ თბილისის მერიაში დატაცებული 49 მილიონი…
1992-1994 წლებში საზოგადოებრივ ურთიერთობათა ქსოვილი იმდენად დეფორმირებული იყო ომებისა და რევოლუციური გადატრიალებების გამო, რომ კორუფცია პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან იყო ბევრად უფრო საშიში სოციალური გართულებები, რაც ადამიანებს შორის უნდობლობიდან და მტრული დამოკიდებულებიდან მომდინარეობდა. შემდეგ, როდესაც შეიქმნა ქვეყნის ბიუჯეტი, ასპარეზზე გამოვიდა ქართული ფული _ ლარი, მოვაწესრიგეთ საზღვრები, ჩვენს ტერიტორიაზე ამოქმედდა ტრანსეროვნული პროექტები, ავლაგმეთ ბანდიტური დაჯგუფებები, მივიღეთ კონსტიტუცია, ჩვენმა ზრდის ტემპებმა 1995-1996 წლებში შეადგინა 11 პროცენტი (1995) და 14 პროცენტი (1996), როდესაც ამერიკელებმა დაიწყეს ლაპარაკი «ქართულ ეკონომიკურ სასწაულზე», როდესაც ახლო და შორმა მეზობლებმა შურის თვალით დაგვიწყეს ცქერა.
1997 წელს დაიწყო მასშტაბური კორუფციული პროცესი. იგი მიმდინარეობდა ე.წ. კაპიტალის თავდაპირველი დაგროვების ფონზე და წარმოადგენდა შინა, ფარულ დაპირისპირებას პრეზიდენტ შევარდნაძესთან ასოცირებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. ამ დაჯგუფებებში იდეოლოგიური დასაბუთებულობის სიცხადით და მიზანდასახულობათა მოტივებით გამოირჩეოდა «მოქალაქეთა კავშირთან» გაიგივებული, მისი მაინტეგრირებელი გუნდი ზურაბ ჟვანიას მეთაურობით. ეს გუნდი იმდენად პირად კეთილდღეობაზე არ ზრუნავდა (თუმცა არც საკუთარი თავი ავიწყდებოდა), რამდენადაც მის ხელთ მოქცეული ბერკეტებით ცდილობდა შეექმნა მეწარმეთა ახალი დიდი ჯგუფი, რომელიც იქნებოდა მისი პოლიტიკური მხარდამჭერი და პოლიტიკური ამბიციების რეალიზაციის იარაღი. ამ სფეროში გუნდმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ არა გადამწყვეტს, რისი მიზეზიც იყო მდორედ მიმდინარე პრივატიზაციის პროცესი და, რაც მთავარია, ეკონომიკურ საკითხებში გაუთვითცნობიერებლობდა. მართალია, გუნდის წევრები აკონტროლებდნენ ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო სამსახურებს, ტერიტორიულ ერთეულებსაც, მაგრამ მათი ქმედება უეფექტო იყო, რადგან ეფუძნებოდა კორუფციის არაჯანსაღ და ყველაზე მტაცებლურ ფორმას _ მეწარმეობაზე ძალმომრეობასა და ბიუჯეტის ფულის მითვისებას.
2003 წელს, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოვიდა, პირველი დარტყმა მიაყენა კორუფციულ გარემოში მის კონკურენტებს. შეეცადა, გაეთავისუფლებინა მთელი კორუფციული გარემო ვარდებით ხელში მოსული პოლიტიკური ძალისთვის, რაც წარმატებით შეასრულა.
მონოპოლია კორუფციაზე
2004 წლიდან დამყარდა მონოპოლია კორუფციაზე. წვრილმანი მექრთამეობა ამოიშანთა, რაც შეძლეს საბიუჯეტო რესურსთან წვდომის მქონე არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკების გამოვლენითა და მათზე სისხლის სამართლის უმკაცრესი ნორმების მიყენებით; რიგი დაწესებულებების (ავტოინსპექცია, სხვადასხვა ცნობის გამცემი სამოქალაქო დაწესებულებები, საწარმოო პროცესებზე საზედამხედველო და მაკონტროლებელი ორგანიზაციები) გაუქმებით; ანტიკორუფციული ღონისძიებების საჯაროობით (ტელეგაშუქებით). ასეთმა ენერგიულმა ნაბიჯებმა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღონისძიება არ იყო რაციონალური და პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის სუვერენულ ინტერესებს (სანიტარული და ვეტერინარული კონტროლის, შრომის უსაფრთხოების, ანტიმონოპოლიური და სხვა სამსახურების გაუქმება) მოსახლეობაში მაინც ფართო მხარდაჭერა ჰპოვა. ნულოვანი ტოლერანტობა დამნაშავეთა მიმართ საზოგადოებისთვის, თავიდანვე მისაღები არ იყო, მაგრამ «კანონიერ ქურდებთან» და ხაზინის მპარავებთან უკომპრომისო ბრძოლას მხარს უჭერდა საზოგადოების დიდი ნაწილი, რომლის რიგებიდანაც ყალიბდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დასაყრდენი საზოგადოებრივი ფენა.
«მადა ჭამაში მოდისო» და «ვარდების რევოლუციის» შედეგად მოსულებმა დაიწყეს თავიანთი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დასაყრდენი მეწარმეების დევნა: 10 000 ადამიანზე მეტს ჩამოართვეს ქონება და შემდეგ შეასყიდეს მათთვის სანდო ადამიანებს. 2005 წლიდან 2012 წლამდე, 7 წლის განმავლობაში მარტო ჯარიმებით სახელმწიფო ბიუჯეტში, პროკურატურისა და შსს–ს ფონდებში მოახდინეს მილიარდზე მეტი დოლარის მობილიზება და რამდენიმე მილიარდზე მეტი ღირებულების ქონების რეპრივატიზება და სანდო ხალხისთვის გადაცემა.
სააკაშვილის დროს მანუალები (გამომყენებლის ინსტრუქციები) და სხვა საკანონმდებლო აქტები ჩაენაცვლა საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტებს და იქცა საქართველოში ქონების განაწილებისა და გადანაწილების რეალურ მექანიზმად. ეს შენიშნეს უცხოელმა დამკვირვებლებმა და თქვეს, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია ამ მოვლენის სპეციფიკური ფორმა _ ელიტარული კორუფცია. დაიწყეს ძებნა ამგვარი ფაქტების, მაღალი თანამდებობის მოხელის მიერ ქრთამის აღების შემთხვევების ძებნა. ვერ პოულობდნენ. სამწუხაროდ, აზრად არ მოსდიოდათ, რომ ჯერ ცნება «ელიტარული კორუპცია» განეხილათ, მაშინ გაიგებდნენ, რომ კორუფციის ეს ფორმა გულისხმობს მოსალოდნელი სამეურნეო დანაშაულისადმი კანონმდებლობის მორგებას და არა ქრთამის აღებას. ამას გარდა ელიტარული კორუფციის საფუძველს ქმნის კანონები: თავისუფალი სამეურნეო ზონების შესახებ, ფასიანი ქაღალდებისა და სადაზღვევო კომპანიების შესახებ, ცვლილებები საბანკო კანონმდებლობაში, საბიუჯეტო და საგადასახადო კოდექსები და ა. შ.
რა შეიძლება ვურჩიოთ ახალ ხელისუფლებას?
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში «ნაციონალები» შეეცდებიან, პედალირება მოახდინონ ახალი ხელისუფლების შეცდომებზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, აირიდონ მათ წინააღმდეგ ხალხში სამართლიანად დაგროვილი არგუმენტები. ამისთვის ფართოდ გამოყენებენ ეკონომიკაში შექმნილ არც თუ სახარბიელო სიტუაციას. ამიტომ «ქართული ოცნება» უაღრესად სერიოზულად უნდა მოემზადოს მათთან პოლემიკისთვის. დისკუსიამ ამომრჩეველი უნდა დაარწმუნოს, რომ ახალი ხელისუფლება მზადაა ქვეყანაში სამართლიანობის აღსადგენად და საზოგადოებრივი თანაცხოვრების დემოკრატიული გარემოს შესაქმნელად. ამიტომ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის დანაშაულებრივი სისტემის მხილებასთან ერთად, მხილებული უნდა იყოს მოსახლეობის ძარცვის არსებული მექანიზმი და მასზე დამყარებული კორუფციული სისტემა.
«ქართულმა ოცნებამ» და მისმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეკონომიკის მართვა იმავე მეთოდებით, რომლებიც სააკაშვილის პერიოდში დამკვიდრდა, შეუძლებელია. არ შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებაში იურიდიული სისტემის მაინტეგრირებელ ელემენტს წარმოადგენდეს სისხლის სამართალი, რა გინდ მნიშვნელოვანი იყოს იგი საზოგადოებისთვის. დანაშაულებრივ მემკვიდრეობას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმისგან გვერგო, ვერ ჩამოვიშორებთ არსებული სამართლებრივი სისტემის ფარგლებში, რადგან იგი, პირველ რიგში, მსოფლმხედველურ უარყოფას მოითხოვს. თუ ვერ შევძლებთ მის დაძლევას, როგორც ჩვენი ერისთვის მიუღებელ, მტრულ იდეოლოგიას, მაშინ ვერ დამარცხდება ის «ნაციონალური მოძრაობა», რომელიც გულში აქვთ ჩამარხული მის მცირერიცხოვან, მაგრამ ენერგიულ მიმდევრებს, რომლებსაც ძალუძთ გულუბრყვილო და გაუთვითცნობიერებელი ხალხის გადაბირება.