პირველი გახმაურებული ფაქტი, რომელმაც ,,ნაციონალური მოძრაობის» ნამდვილი სახე აჩვენა ქართულ საზოგადოებას, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა იყო. ეს საქმე ისეთივე საბედისწერო აღმოჩნდა პრეზიდენტისა და მისი გუნდისთვის, როგორ ბედისწერადაც ციხის კადრები იქცა მოგვიანებით. ამ ორ საქმეს შორის კიდევ ის მსგავსებაა, რომ არც ერთი ბოლომდე გამოძიებული არ არის. რამ განაპირობა ის, რომ ამ საქმის გამოძიება ნიურნბერგის პროცესივით წლობით გაიწელა? მერაბიშვილი და შსს–ს სხვა მაღალჩინოსნები ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს, პრეზიდენტი წყლიდან მშრალად ამოსვლას ცდილობს, შეძლებს კი ივანიშვილის მიერ სუსტად წოდებული კბილაშვილის პროკურატურა, ნათელი მოჰფინოს ამ საქმეს? გამოძიების მსვლელობის შესახებ «საქართველო და მსოფლიოს» სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი, ესაუბრა.
_ ბატონო გურამ, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება თქვენი შვილის საქმეზე, თუმცა ძალიან ბევრი დეტალი დარჩა შეუსწავლელი. ამდენი წლის გასვლის შემდეგ რამდენად არის შესაძლებელი საქმის საფუძვლიანად შესწავლა და რამდენად სწორ გზას ადგას გამოძიება?
_ გამოძიება, როგორც უნდა მიდიოდეს, ისე მიდის, ყოველ შემთხვევაში, პრეტენზიები არ მაქვს. თავიდანვე ისე გვქონდა დაგეგმილი, რომ მიმართულება სწორად იქნა არჩეული, საჩქარო არაფერია, პირიქით, რაიმე დეტალი რომ არ გამორჩენოდათ და ყველა ადამიანი დაეკითხათ, ასე სჯობდა. ნელ-ნელა იკვეთება ისეთი რაღაცები, რაც ადრე საქმეში საერთოდ არ იყო. ძალიან ბევრი ახალი დეტალი გამოჩნდა და, ალბათ, კიდევ გამოჩნდება. მე ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ.
_ ანუ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ თაკო სალაყაიასა და ვანო მერაბიშვილის დაკვეთით მოხდა ეს ტრაგედია, გაიზიარებს თუ არა სასამართლო ამას?
_ დღეს უკვე დადგინდა, რომ პირადად დათა ახალაიას დავალებით მოხდა ეს. შეიძლება აქ ორივე შეთანხმებული თამაშობდა რაღაცას კვალის ასარევად, ანუ ახალაიამ ჩაიდინა ბოროტმოქმედება და მერაბიშვილმა სცადა ამის დამალვა. ის, რომ ყველაფერი გააკეთა, რათა გამოძიება სწორი მიმართულებით არ წასულიყო, ამას მარტო მე კი არა, თავად სტრასბურგი ამბობს. იქ პირდაპირ არის მითითებული, რომ დაბალი რგოლიდან უმაღლეს ეშელონამდე ყველა დამნაშავეა, ანუ ყველა ცდილობდა, რომ გამოძიება წასულიყო არასწორი მიმართულებით, ყველანაირად ხელს უშლიდნენ ამ საქმეს. დიახ, ყველა _ პრეზიდენტის ჩათვლით. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რაც გააკეთა პრეზიდენტმა _ ჯერ გაუნახევრა სასჯელი, შემდეგ კი საერთოდ გამოუშვა მკვლელები ციხიდან. მერაბიშვილის როლი აქ გამოკვეთილია და ბრალიც წაუყენეს; სალაყაიაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, ასე პირდაპირ რაიმეს თქმა ძალიან ძნელია. თუ ისევ სუფრის წევრებისგან არ ითქვა რაიმე თაკო სალაყაიას შესახებ გამოძიების პროცესში, მე ძალიან გამიჭირდება რაიმე ინფორმაციის მოწოდება თქვენთვის. ვნახოთ, რა გამოჩნდება ძიების პროცესში.
_ მერაბიშვილის მიმართ ბრალდება სუსტი ხომ არ არის? მარტო მერაბიშვილი, ალბათ, ამდენი ხალხის მობილიზაციას ვერ შეძლებდა, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ აქ სააკაშვილიც იყო ჩართული, ციხეშიც მიხედეს მკვლელებს, ყველანაირად დიდ პატივში ჰყავდათ….
_ მერაბიშვილმა გამოიყენა თავისი უფლებამოსილება იმისთვის, რომ პროცესი წასულიყო არასწორად და შეცდომით, მან ხელი დააფარა სუფრის წევრებს. კარგად მოგეხსენებათ, ციხეში რა კარგ პირობებში იყვნენ მკვლელები. ბუნებრივია, პრეზიდენტი ყველაფრის საქმის კურსში იყო, ტყუილია, რომ მან არაფერი იცოდა.
_ პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს? ეს დანაშაულის დაფარვაა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, მერე რა, რომ სააკაშვილს ახლა იმუნიტეტი იცავს…
_ პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ ჩვენს საქმეზე კი არა, მე მგონი, საერთოდ ქართველი ერის წინაშე ჩადენილი ქმედებებისთვის უნდა დადგეს. რაც მან ქართველ ერს გაუკეთა, ასეთი რამ არავის გაუკეთებია. მგონი, ქართველი ერის სრული დეგრადირება და გადაგვარება უნდოდა. ამიტომ ვამბობ მასზე, რომ უჯიშო პიროვნებაა, ეროვნებაც კი არ აქვს ამ ადამიანს. რომ ჰკითხო, სადაური ხარო, ვერ გიპასუხებს. ამიტომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. ამას მე ვითხოვ და ვფიქრობ, უკვე არჩევნების შემდეგ შედეგსაც მივიღებთ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ვიმეორებ, აუცილებლად მოვა ამის დრო, რა თქმა უნდა, ევროპამ და ამერიკამ ისევ თუ არ დააფარა ხელი.
სანდროს საქმეში დიდი უარყოფითი როლი ითამაშა მაშინდელმა ქალაქის პროკურორმა ღვინიაშვილმა. ამოცნობის დროს მან ყველაფერი გააკეთა, რომ ბუხაიძეს არ დაედო ხელი პირადად მელნიკოვისთვის. და გახსოვთ, რამდენი წვალება და ბრძოლა დასჭირდა ბუხაიძეს, რომ ბოლოს და ბოლოს, ანუ უკვე სასამართლო პროცესის დროს პირდაპირ ეთქვა: დარწმუნებული ვარ, რომ ეს პიროვნება მელნიკოვი იყოო. ბუხაიძე ახლაც დაიკითხა, მარტო ის არა, ყველა იკითხება, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა და ყველა დაიკითხება მომავალშიც. მე ყველაფრის თქმა ჯერ არ შემიძლია, ბევრი რამ არც შეიძლება ვიცოდე, ხომ ხვდებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ვიცი, ისიც ბოლომდე არ შეიძლება ითქვას, მაგრამ დაკითხულია ძალიან ბევრი ადამიანი, ახალი სახეები, პიროვნებები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ, რომლებიც ინახავდნენ იმ ხალხს, გნებავთ, ის ფაქტი, რომ ციხეში კარგ პირობებში იყვნენ, ციხის უფროსით დაწყებული ბადრაგით დამთავრებული ყველა დაიკითხა.
ეს დაკითხვები გრძელდება და რამდენი ახალი დეტალი და ადამიანი გამოჩნდება, მით უფრო სრული სურათი შეიქმნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: გამოძიება მიდის სწორად, თუმცა არ ვიცი, შემდეგ რა იქნება, სასამართლოზე, ხომ ხვდებით, არა? როგორ წავა ეს ყველაფერი, ყველა მხარე იბრძვის იმისთვის, რომ მართალი იყოს. ჩვენი მიზანია, რომ მოვიძიოთ ყველა ფაქტი, რომელიც გამოძიებას წაადგება. ის ხალხი, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა, დავსაჯოთ, მაგრამ მეორე მხარე ეცდება, რომ თავის თავი უდანაშაულოდ წარმოაჩინოს, თუმცა ჩვენ ხომ ვიცით სინამდვილეში, რომ ეს ასე არ არის, თავის გულში რომ ჩაიხედონ, იციან რამხელა დანაშაული აქვთ ჩადენილი.
_ მახსოვს თქვენი განცხადება, ზოგიერთი ადამიანი, რომელიც გამოძიებას აყალბებდა, დღესაც მუშაობს პროკურატურაშიო, როგორ ფიქრობთ, ხელს არ შეუშლიან ობიექტურ გამოძიებას?
_ ახლაც ძალიან ბევრი მუშაობს, თვითონ პრეზიდენტმა ბრძანა (ჩხატარაშვილი რომ ახსენა, ხომ გახსოვთ). ჩხატარაშვილი მაშინ ვინ იყო, იცით? ჯერ ზოდელავას მოადგილე იყო, შემდეგ მერაბიშვილისა და მისი კანტორის მარჯვენა ხელი. ახლა კი იძახიან, აღარ მუშაობსო, მაგრამ დადის ხმები, რომ, როგორც მრჩეველს, დიდი წონა აქვს პროკურატურაში. ყველამ კარგად იცის, რომ პროკურატურაში არიან სხვებიც, საქმის გაყალბებით დაინტერესებულნი. გამოჩნდება ყველაფერი, თან ისე, რომ ხალხი დაინახავს კიდეც. ეს ადამიანები ჩვენი საქმის გამოძიებაში ნამდვილად არ იღებენ მონაწილეობას, ამ საქმეში არ არიან ჩართულნი. ამაზე ერთი ადამიანი მუშაობს კონკრეტულად.
_ დაბოლოს, თქვენ განაცხადეთ, გიგა ბოკერია და მისი მეუღლე სანდრო გირგვლიანის საქმის ძიების დროს სტრასბურგში ჩავიდნენ და ცდილობდნენ, ზეწოლა მოეხდინათ თქვენი ოჯახის ადვოკატ დავით ჯანდიერზე. ამის შემდეგ ჩერგოლეიშვილმა ასე გიპასუხათ: «სულ მაინტერესებს, ასეთი ტრაგედიის შემდეგ სისულელეების ბჟუტური და ცილისწამება ტკივილს უმსუბუქებს ადამიანებს? რა ჯანდიერი, რა ზეწოლა…»
_ ეს იყო მინიშნება. თუ დაფიქრდება, მიხვდება… მე მაშინ სტრასბურგში ვიყავი და ქალბატონი ჩერგოლეიშვილიც იქ იმყოფებოდა ქმართან ერთად. მშვენივრად იცის, რა როგორ იყო, მის ნამუსზე იყოს, გინდ თქვას, გინდ არა. მე ეს პიროვნება საერთოდ არ მაინტერსებს. თვითონ თუ არ უნდა, რომ თქვას სიმართლე, რას ვიზამთ. ისე, ეს ქალბატონი ვინც არის და რაც არის, ყველამ კარგად იცის. უსირცხვილო ადამიანია (ქალბატონია და სხვას ვერ ვკადრებ) და მეტი არაფერი!
ესაუბრა
ქეთი ხომერიკი