Home რუბრიკები პოლიტიკა სამნი ურეკში და ერთიანი ნაციონალური ოცნება

სამნი ურეკში და ერთიანი ნაციონალური ოცნება

926

ბიძინა ივანიშვილის, დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის 6 ივლისის შეხვედრამ ურეკში, განხილული საკითხების ლოკალური მნიშვნელობის მიუხედავად, შეიძლება კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს «ნაციონალური მოძრაობის» მომავალსა და ახალი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე მის მიმართ, რომელიც სულ უფრო აღიზიანებს იმ ადამიანებს, რომლებმაც 2012 წლის ოქტომბერში ხმა ივანიშვილის კოალიციას მისცეს. მათი ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულება ფიქსირდება მედიისთვის გაკეთებულ კომენტარებსა და სოციალურ ქსელებში; აშკარაა, რომ პრობლემა არსებობს და მის მიჩქმალვას აზრი აღარ აქვს. ალბათ, ივანიშვილს მალე არჩევანის გაკეთება მოუწევს: ან კოაბიტაცია «ნაციონალებთან», ან ურთიერთგაგება «ქართული ოცნების» ამომრჩევლებთან; ორივე ერთად, როგორც ჩანს, არ გამოვა.

ეს ყმაწვილი შორს წავა

ვიდრე ურეკის შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ვისაუბრებთ, ორიოდე სიტყვა მის ფორმატზეც უნდა ვთქვათ. დავით ბაქრაძე საპარლამენტო უმცირესობის თავმჯდომარეა, მისი სტატუსის შესაბამისი ფიგურა ახალი ხელისუფლების მხრიდან საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე დავით საგანელიძეა და არა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

«ურეკის ფორმატი» ბაქრაძეს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე სინამდვილეში აქვს. ამასთანავე, კნინდება დავით უსუფაშვილის სტატუსი, იმის ნაცვლად, რომ მოლაპარაკების წარმოსახვით მაგიდასთან პოლემიკაში შესულ ბაქრაძესა და საგანელიძეს შორის იჯდეს, როგორც არბიტრი და, უხეშად რომ ვთქვათ, «ყველა პარლამენტარის თავმჯდომარე», ის «ურეკის ფორმატში» მხოლოდ და მხოლოდ ერთერთი მხარის წარმომადგენლად მოგვევლინა. შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს ნიუანსი უმნიშვნელოა, მაგრამ ყურადღება მივაქციოთ იმას, როგორ ჩაებღაუჭა «ურეკის ფორმატს» დავით ბაქრაძე. მან თქვა, რომ «მიღწეულია შეთანხმება, რომ ამგვარი კომუნიკაცია შენარჩუნდეს და  საჭიროების შემთხვევაში გაგრძელდეს მოლაპარაკებები ამ ფორმატში _ პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და «ნაციონალური მოძრაობის» საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მონაწილეობით. ბაქრაძის თქმით, ეს არ იქნება რეგულარული ფორმატი, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ, როდესაც რომელიმე მხარე საჭიროდ ჩათვლის ან როდესაც ამას ქვეყანაში არსებული სიტუაცია მოითხოვს, ეს ფორმატი განაგრძობს მუშაობას» (სივილ.ჯე). პოლიტიკაში მნიშვნელობა ნებისმიერ ნიუანსს აქვს _ ფორმატს, ეპიკურ ამბიციებს, რომელიც ჩაქსოვილია სიტყვებში «როდესაც რომელიმე მხარე საჭიროდ ჩათვლის» და ხელისუფლების უცნაურ გადაწყვეტილებებსაც.

არსებობს მოსაზრებამიზანი ამართლებს საშუალებას» სერიიდან), რომ ყოფილი მმართველი პარტიის ტრანსფორმაციის ამ ეტაპზე საჭიროა იმ ლიდერების წახალისება, რომელთაც «ნაცმოძრაობა» იმ როლისკენ მიჰყავს, რომელსაც 2008-12 წლებში «ქრისტიანდემოკრატები» ასრულებდნენ. დავით ბაქრაძემ ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში (თუნდაც იგივე გიგი უგულავასგან განსხვავებით) შედარებით კონსტრუქციული რიტორიკა აირჩია და საქმით დაადასტურა, რომ მზადაა კომპრომისებისთვის. მაგალითად, ურეკის შეხვედრის შემდეგ მან რეკომენდაცია მისცა თანაპარტიელებს, რომ საპარლამენტო მუშაობას დაუბრუნდნენ, რითაც, ფაქტობრივად, პროტესტის ისეთი მძლავრი საშუალების დევალვირება მოახდინა, როგორიცაა ბოიკოტი. შესაძლოა, ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ბაქრაძე საუკეთესო კანდიდატურაა იმისთვის, რომ «ნაციონალებს» გაუძღვეს უფკრულისკენ მიმავალ გზაზე შემდეგი მარშრუტით: «ერთადერთი ოპოციციური ძალა (ორპარტიული მოდელის ფარგლებში)-მთავარი ოპოზიციური ძალაერთერთი ოპოზიციური ძალამარგინალური ჯგუფიისტორიის კუთვნილება», თუმცა «ნაციონალების» რადიკალურ მოწინააღმდეგეებს ამ მარშრუტის ბოლო პუნქტების დანახვა არ სურთ (ან არ შეუძლიათ) და ფრიად ალარმისტულად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს, მიიყვანოს «ნაცმოძრაობა» «ქრისტიანდემოკრატიულ» კონდიციამდე და დატოვოს, როგორც საკმაოდ კომფორტული ოპოზიცია, რომელიც საფრთხეს აპრიორი ვერ შექმნის. ამ ადამიანებს არ შეუძლიათ ცერემონიები ბაქრაძესთან აღიქვან, როგორც ტაქტიკური მანევრი, ისინი საუბრობენ იმედგაცრუებაზე, პოულობენ თანამოაზრეებს და ნელნელა ივანიშვილის თანმიმდევრულ ოპონენტებად ყალიბდებიან. საპრეზიდენტო არჩევნებზე ისინი ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ყვითელ ბარათს უჩვენებენ.

რაც ყველაზე საინტერესოა, ხელისუფლება მათ მწვავე რეაქციისთვის სულ უფრო მეტ საბაბს აძლევს და ამის საილუსტრაციოდ შეიძლება გამოგვადგეს კიდევ ორი ეპიზოდი ურეკის შეხვედრიდან. «შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. მასში წარმოდგენილი იქნება «ნაციონალური მოძრაობაც», როგორც ძირითადი ოპოზიციური ძალა, ასევე სხვა პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები», _ განაცხადა დავით ბაქრაძემ. ბევრ «ძირძველ ოპოზიციონერს», ალბათ, გააღიზიანებს «ძირითად ოპოზიციური ძალის» ხსენება, რადგან ისინი არ განიხილავენ სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, როგორც ლეგიტიმურ პოლიტიკურ ჯგუფს, არც როგორც ძირითადს, არც როგორც სათადარიგოს. თუმცა ბაქრაძეს სრული უფლება აქვს, თავისი პარტია ისე აღწეროს, როგორც მოეხასიათება _ თუ უნდა, «ეროვნული გმირების კოჰორტა» უწოდოს, თუ უნდა, _ «ობოლი ბაბუინების კლუბი»; ჩვენთან (იდეაში) სიტყვის თავისუფლებაა. პრობლემა სულ სხვა ასპექტს უკავშირდება: რატომ არ განიხილავს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ყველა იმ პარტიის (მათ შორის «ნაცმოძრაობის») წარმომადგენელთან და ექსპერტთან შეხვედრაზე, რომლებიც ამ კომისიის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ (დემოკრატიული ვარიანტი) და არც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს (ავტორიტარული ვარიანტი), არამედ უთანხმდება დავით ბაქრაძეს «ურეკის სამკუთხედის» უცნაურ ფორმატში. ვინ არის დავით ბაქრაძე? უმაღლესი ქურუმი? შამანი? საიდან გამომდინარეობს მისი განსაკუთრებული სტატუსი? აშკარაა, რომ ამ ეპიზოდში ხელისუფლებამ საკუთარი ხელით მისცა ბაქრაძეს საბაბი, რაღაც გამორჩეულ «ძირითად ოპოზიციურ ძალაზე» ესაუბრა.

«მეორე საკითხი, რაც ჩემ მიერ იქნა დაყენებული, უკავშირდება «ნაციონალური მოძრაობის» წინასაარჩევნო დაფინანსების საკითხს. საუბარია შარშანდელი არჩევნების პერიოდზე. იცით, რომ დეკემბერში ქვეყანამ მიიღო ამნისტიის აქტი წინასაარჩევნო შემოწირულობასა და იქ არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ასეული ადამიანი დაკითხვაზე იყო დაბარებული და მათ მიმართ მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა. მე დავაყენე ეს საკითხი და მოხარული ვარ, რომ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა. პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის პირობა ისაა, რომ დევნა შეწყდება და პარტიის ფინანსურ შემომწირველთა მიმართ აღარ გატარდება შესაბამისი სამართლებრივი ზომები», _ განაცხადა დავით ბაქრაძემ (ინტერპრესნიუსი). ზოგადად, სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენელთა კომენტარებში, როგორც წესი, შეუძლებელია ზღვარის გავლება დაკითხვასა და დევნას შორის და გაუგებარია, რას გულისხმობენ ისინი კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით, თუმცა ეს მეორეხარისხოვანია, რადგან ბაქრაძის განცხადების უკან გამოძიების მუშაობაში პოლიტიკოსების უხეში ჩარევის კონტურები იკვეთება. დავუშვათ (ამ შემთხვევაში თეორიულად ვმსჯელობთ; კონკრეტულ ფაქტებს ეს არ ეხება), დაკითხვების დროს დაადგინდა, რომ «ნაციონალები» კანონის დარღვევით ატერორებდნენ შემომწირველებს და მუშაობა ამ მიმართულებით გააგრძელდა, ან მოხდა სხვა რამ, რაც ბაქრაძის  მიერ ნახსენები ამნისტიის აქტის ჩარჩოს სცდება. და რა მოხდება ახლა? ივანიშვილი და უსუფაშვილი ყველა წარმოსადგენი ნორმის დარღვევით ჩაერევიან და გამოძიებას გააჩერებენ? ბაქრაძის კომენტარმა შეიძლება სწორედ ამ დასკვნისკენ გვიბიძგოს და გაამყაროს იმ ადამინების არგუმენტაცია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ მიერ არჩეული ხელისუფლება «ნაციონალებს» საეჭვოდ ფარულად გაურიგდა.

მოთმინების ფიალა ივსება

დანაშაულებრივი რეჟიმის დანგრევა და სამართლიანობის აღდგენა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ამომრჩევლების დაუწერელი შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. მაგრამ ეს საკითხები არ შეიძლება განიხილებოდეს ცალკე, მათ უკავშირდება არაერთი პოლიტიკური თუ ეთიკური შეზღუდვა, რომელიც ასევე დაუწერელია, თუმცა საკმაოდ აქტუალური. ნებისმიერ თანამშრომლობას სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებთან, მათთვის ხელის ჩამორთმევასაც კი, ამომრჩევლების ნაწილი განიხილავს, როგორც «ოქტომბრის იდეალების ღალატს» და გაუმართლებელ ზნეობრივ კომპრომისს. ხელისუფლებას კი, თავის მხრივ, საზოგადოებასთან ურთიერთობის მექანიზმები არ უვარგა, მას არ შეუძლია გასაგებად აუხსნას ელექტორატს, რა დგას ამა თუ იმ პოლიტიკური მანევრის (მაგალითად, ურეკის შეხვედრის) უკან და დაარწმუნოს ის, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესს არაფერი ემუქრება. თუ ასე გაგრძელდა, ეს, სხვა ფაქტორებთან ერთად (რთული სიტუაცია ეკონომიკაში და ..), მმართველ კოალიციას რეიტინგის გარდაუვალ ვარდნას მოუტანს.

შეცდომა იქნება ამ ნეგატიური განწყობების დაკავშირება «ნაცმოძრაობის» საპარლამენტო წარმომადგენლობასთან; პრობლემა კომპლექსურია. ძველი კადრები სამართალდამცავ სტრუქტურებში, რომლებიც სულ უფრო ხშირად იყენებენ ძველ, აკრძალულ მეთოდებს, ძველებური ნეპოტიზმი, გნებავთ, კრონიზმი და ფავორიტიზმი, მიხეილ სააკაშვილის რეალობისგან მოწყვეტილი მონოლოგები, პერვერსიული ტელეპროპაგანდა, ისევ გაჭირვება და საკმაოდ ხშირი უსამართლობა _ ყოველივე ამით გამოწვეული დაღლილობა და გაღიზიანება გროვდება, ხოლო კითხვა «რატომ არ დასრულდა ყოველივე ეს?» პასუხგაუცემელი რჩება. აგრესიის ამოფრქვევა შეიძლება ნებისმიერმა უმნიშვნელო ეპიზოდმა გამოიწვიოს, თუნდაც ისეთმა, შედარებით უწყინარმა, როგორიც ურეკის შეხვედრა იყო. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება და «ნაციონალური მოძრაობა» (ან ის, რაც მის ნანგრევებზე შეიქმნება) შეინარჩუნებს იმ მანდატებს, რომელთა უმეტესობა ამომრჩევლებზე უპრეცედენტო ზეწოლის შედეგად მოიპოვა, ივანიშვილის ხელისუფლებას მასთან თანაარსებობისა და კომუნიკაციის გარკვეული ფორმების გამონახვა მოუწევს, რადგან საპარლამენტო უმცირესობის მოქცევა იზოლაციაში, მისი წარსულის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, დაუშვებელი და არადემოკრატიულია. თუმცა ხელისუფლებამ, ალბათ, ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ნებისმიერ ნაბიჯს ამ გზაზე მისი მხარდამჭერების გაღიზიანება და მისგან ეტაპობრივი დისტანცირება მოჰყვება და პრობლემა აქ დავით ბაქრაძეში და რამდენიმე შეშინებულ პარლამენტარში როდია, არამედ იმ მოწამლულ ნაყოფში, რომელიც კოაბიტაციის ნიადაგზე აღმოცენდა.

«ქართული ოცნების» არაერთი ამომრჩეველისთვის მთავარი ბიძინა ივანიშვილის სოციალური დაპირებები იყო. ის ვერ მოიპოვებდა გამარჯებას, რომ არა ისინი, ვისთვისაც მთავარი, თუ არა ერთადერთი მოტივი სააკაშვილის რეჟიმის დასამარება, სამართლიანობის აღდგენა და უკეთესი საქართველოს შექმნა იყო. სწორედ ეს ადამიანები, რომელთა ყიდვა და დაშინება სააკაშვილის რეჟიმმა ვერ მოახერხა, წარმოადგენდნენ წინააღმდეგობის ღერძს, რომლის გარეშე 1 ოქტომბრის გამარჯვება, უბრალოდ, არ მოხდებოდა. დღეს ივანიშვილი ძლიერია არა იმიტომ, რომ მას მხარს უჭერენ სოციალური ბონუსების მომლოდინე მასა ან ის პოლიტიკური კლოუნები, რომელთა ლოიალურობა შეიძლება იყიდო (ან გაყიდო), არამედ იმიტომ, რომ მის გვერდით ჯერ კიდევ დგანან ადამიანები, რომელთათვის პრინციპები (ისევე, როგორც თავისუფლება) ცარიელი სიტყვა არ არის. კოაბიტაციამ და გარდამავალი პერიოდის ზემოჩამოთვლილმა რეალიებმა მათსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არაერთი ბზარი გააჩინა. თუ ივანიშვილი დაკარგავს ამ ადამიანებს, ის, როგორც არაერთი მმართველი კაცობრიობის ისტორიაში, ადრე თუ გვიან, ყველაფერს დაკარგავს.

ტაჰრირის აჩრდილი თავისუფლების მოედანზე

ახლახან ეგვიპტეში პრეზიდენტი მოჰამედ მურსი ჩამოაგდეს. ის ძალზე უნიათო პოლიტიკოსი იყო და თავის თანამოაზრეებთან ერთად ფრიად არასიმპათიური რეჟიმის ჩამოყალიბებას ცდილობდა. ასე რომ, ცნობას მის გადაყენების შესახებ მსოფლიოში ცუდად შენიღბული მოწონებით შეხვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ის კანონიერად არჩეული პრეზიდენტია.

პარალელების გავლება ეგვიპტესა და საქართველოს, მურსის, სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ნამდვილად არ გამოგვივა, რადგან საუბარი სრულიად განსხვავებულ კონტექსტს, იდეებსა და პოლიტიკოსებს შეეხება. მაგრამ არის ერთი ნიუანსი, რომელზეც ყურადღების გამახვილება, ალბათ, მაინც ღირს. მოჰამედ მურსის მოსვლა ხელისუფლებაში უკავშირდებოდა მთელ რიგ შეთანხმებებს თამაშის წესებზე შეიარაღებულ ძალებთან, პოლიტიკურ ელიტასთან და მძლავრ უცხო სახელწიფოებთან. ისინი შეიცავდნენ ერთგვარ «იძულებას კოაბიტაციისადმი» გარკვეულ ჯგუფებთან და, რაც მთავარია, მთელ რიგ შეზღუდვებს, რომლებიც შეუძლებელს ხდიდა მუბარაქის ჩამოგდების დღეებში ტაჰრირის მოედანზე დასახული მიზნების მიღწევას და, ზოგადად, შედეგიანი პოლიტიკის გატარებას. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ მურსი იმდენად უნიჭო იყო და ისეთ იდეოლოგიურ პლატფორმაზე იდგა, რომ ამას ნებისმიერ შემთხვევაში ვერ მოახერხებდა, თუმცა ამ შემზღუდავი (ნაწილობრივ ფარული) გარიგებების პირობებში ამას, სავარაუდოდ, ვერც ანვარ სადათი, ვერც გამალ აბდელ ნასერი და ვერც რამზეს II შეძლებდნენ. პრეზიდენტობის პერიოდში მოჰამედ მურსი მოაგონებდა ბუზს, რომელიც ობობას ქსელში გაება.

დაახლოებით ახალი წლიდან «ქართული ოცნების» ამომრჩეველთა ნაწილს ერთ კონსპიროლოგიურ თეორიაზე დაფუძნებული ეჭვები ტანჯავს, რომელსაც მაშინ მიმართავს, როდესაც პრობლემების პირველწყაროს მოძებნას ცდილობს. ამ თეორიის ფარგლებში, ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, საკუთარ თავზე აეღო გარკვეული ვალდებულებები, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილისა და ზოგიერთი სხვა ჩინოვნიკის ფაქტობრივი იმუნიტეტის უზრუნველყოფა, «ნაცმოძრაობის» გადაქცევა «ძირითად ოპოზიციურ ძალად», უცხოელი პარტნიორების აზრისთვის პრიორიტეტული მნიშვნელობის მინიჭება ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით და ა.შ. ეს, ცხადია, კონსპიროლოგიაა, რომელიც კონკრეტული ფაქტებით არ დასტურდება, თუმცა ამ თეორიის გაჩენა და ფართოდ გავრცელება ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მისი მიმდევრები გრძნობენ შეფერხებებს, რომელთათვის ლოგიკურ ახსნას ვერ პოულობენ. მათ სჭირდებათ ძალიან მკაფიო პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ფერხდება იმ მიზნების მიღწევა, რომელთა გამო ისინი საქართველოს ისტორიაში ერთერთ, თუ არა ყველაზე საშინელ, რეჟიმს დაუპირისპირდნენ და ამით საკუთარი თავი და ოჯახის წევრები სერიოზულ საფრთხეში ჩააგდეს.

სხვათა შორის, მსგავსი თეორიების გაჩენა შეიძლება განვიხილოთ, როგორც სიგნალი იმისა, რომ იმედგაცრუებისკენ მიმავალ მოლიპულ გზაზე პირველი ნაბიჯები გადაიდგა. იმედგაცრუებული მასა კი შეიძლება იქცეს ძალიან სერიოზულ არგუმენტად მანიპულატორების ხელში, რაც გასულ კვირას ეგვიპტეში, ტაჰრირის მოედანზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. მისი გამოყვანა გარეთ ტექნიკის საკითხია (ცხადია, მარგინალიზებული «ნაციონალები» პროცესს სათავეში ვერ ჩაუდგებიან, მაგრამ ხელს სიამოვნებით შეუწყობენ).

შესაძლოა, სწორედ დღეს ძლიერების მწვერვალზე მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმ სუსტ, დღესდღეობით თითქმის შეუმჩნეველ სიგნალებს, რომლებიც შეიძლება ისეთ საფრთხეებზე მიანიშნებდეს, რომლებიც ამ ეტაპზე აქტუალურად არ აღიქმება. შემდეგ შეიძლება გვიანი იყოს, როდესაც, ერთი შეხედვით, სრულიად მოულოდნელად და ალოგიკურად განრისხებული მასა ხელისუფლებას დაუპირისპირდება.              

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. “იმედგაცრუებული მასა კი შეიძლება იქცეს ძალიან სერიოზულ არგუმენტად მანიპულატორების ხელში,,_ მანიპულატორებად კი შეიძლება ნაცებთან კოაბიტირებული რესპებიც მოგვევლინონ, უსუფაშვილი თავის გათვლებს აკეთებს, თორემ ვინ ვინ და მან ძალიან კარგად იცის რატომ იჯდა ურეკში ბაქრაძის პირისპირ.

  2. "ხელისუფლებას კი, თავის მხრივ, საზოგადოებასთან ურთიერთობის მექანიზმები არ უვარგა, მას არ შეუძლია გასაგებად აუხსნას ელექტორატს, რა დგას ამა თუ იმ პოლიტიკური მანევრის (მაგალითად, ურეკის შეხვედრის) უკან და დაარწმუნოს ის, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესს არაფერი ემუქრება. თუ ასე გაგრძელდა, ეს, სხვა ფაქტორებთან ერთად (რთული სიტუაცია ეკონომიკაში და ა.შ.), მმართველ კოალიციას რეიტინგის გარდაუვალ ვარდნას მოუტანს."

    დიმიტრი გატონო, უკაცრავად,
    არ უვარგა, არ მგონია სწორი იყოს, აქ უფრო მართებული იქნებოდა თუ ვიტყოდით:

    ხელისუფლება კი, თავის მხრივ, საზოგადოებასთან ურთიერთობის მექანიზმებს შეგნებულად არ ქმნის… საერთოდ ამ ბოლო დროს საზოგადოებას, მის ინტერესებს სრული იგნორირება უკეთდება…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here