Home რუბრიკები საზოგადოება გავა თუ არა 700 ტონა მანდარინი უკრაინის ბაზარზე და რატომ აგინებს «ნაციონალური...

გავა თუ არა 700 ტონა მანდარინი უკრაინის ბაზარზე და რატომ აგინებს «ნაციონალური მოძრაობა» თავის სამშობლოს უკრაინაში შეკვეთილი სტატიებით?

573

«ნაციონალური მოძრაობის» მმართველ ჯგუფს დღესაც დიდი ამბიციები და პრეტენზიები აქვს, მოკლედ რომ ვთქვათ, არ ასვენებს გამჩენი. და ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, კატის გამოთხრას აპირებს. აბა, რას უნდა მივაწეროთ, ის ფაქტი, რომ დორბლმორეულები ამტკიცებენ, საქართველო უკანუკან მიდისო. ყველგან, სადაც კი ფული ჭრის, «ნაციონალური მოძრაობა» გააფთრებულ პროპაგანდას ეწევა, არა მარტო გამარჯვებული კოალიციის ან ქვეყნის, არამედ მთელი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენს მეგობარ უკრაინაშიც ბევრჯერ სცადეს მსგავსი სისულელის ტირაჟირება. უკრაინიდან ახლახან დაბრუნებული ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძერომელიც ბიზნესკონტაქტების მოსაძიებლად იყო წასული, ამ საკითხს უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს და «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბრისას აცხადებს, აუცილებელია «დაუყოვნებლივი რეაგირებაო».

_ ახლახან უკრაინაში გახლდით (როგორც იცით, ლანჩხუთის «გურია» უმაღლეს ლიგაში გადავიდა, შესაბამისად, სპონსორს ვეძებთ, წინ რომ წავიდეთ), სადაც არაერთ ბიზნესმენს შევხვდი და საკმაოდ არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდი. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა შეხვედრის დროს მაჩვენა  ჟურნალი «ფოკუსი», რომელშიც საქართველოზე ათასი სიბინძურე ეწერა. სტატიაში სათაურით «ნაბიჯი უკან» საქართველოს ხელისუფლება სასტიკადაა გაკრიტიკებული. მინდა გითხრათ, რომ ამ ჟურნალს საკმაოდ დიდი ტირაჟი აქვს.  უკრაინაში და კიდევ 50-60 ქვეყანაში დიდი ტირაჟით ვრცელდება. ამას გარდა, არანაკლები სიბინძურე წერია ჟურნალში «ისტორიჩესკაია პრავდა». კონკრეტულად – საქართველოში ბიზნესმენებს ავიწროებენ, ქვეყანა წინ ვერ მიდის, ერთ ადგილას არის გაყინული და ა.შ. ჰოდა, დამიდო იმ ბიზნესმენმა ეს ჟურნალები და მითხრა: თქვენთან როგორ შეიძლება თანხის ჩადებაო…

უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი და იძულებული გავხდი ამ ჟურნალის რედაქტორს დავკავშირებოდი, რომელმაც თავიდან თავი შეიკავა დაებეჭდა ჩემი საპასუხო წერილი, თუმცა საბოლოოდ დამთანხმდა. მოვუყევი ჟურნალისტს თუ რა ხდება რეალურად საქართველოში, რა მდგომარეობა იყო სააკაშვილის დროს, რა შეიცვალა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და რა წინსვლაა ჩვენს ქვეყანაში. ესეც არ ვიკმარე და ამ ჟურნალის რედაქტორი საქართველოში დავპატიჟე. ვუთხარი, ჩამოდით საქართველოში, მინდა თქვენი თვალით ნახოთ ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში-მეთქი. უარი არ უთქვამს, როგორც კი თავისუფალი დრო ექნება მაშინვე გვესტუმრება, რადგან სურს საკუთარი თვალით ნახოს რა ვითარებაა საქართველოში.

ჩვენი რაიონის, ლანჩხუთის მაგალითზე გეტყვით _ ლანჩხუთში სახნავ-სათესი 6 ათასი ჰექტარია და დღეს მთლიანად დახნულ-დათესილია, რაც 1989 წლის შემდეგ ლანჩხუთში არ მომხდარა. და ესენი კი წერენ, რომ საქართველოში წინსვლა არ არის, ნაბიჯი წინ არ იდგმებაო. ეს რომ ასე არ არის, აქედანაც ჩანს, გაგიჟდება კაცი…

შემდეგ მქონდა შეხვედრები სხვა ბიზნესმენებთანაც და შევთანხმდით თანამშრომლობაზე. ჩვენი საუბარი ფეხბურთის გარდა, უკრაინაში ციტრუსის გატანასაც შეეხებოდა. თქვენ იცით, რომ გურიაში, ძირითადი პროდუქცია, რითაც ხალხი არსებობდა და თავს ირჩენდა, იყო ჩაი და ციტრუსი. დღეს, უკრაინის ბაზარი ფაქტობრივად დაკარგულია. გასულ წელს თითო ოჯახს 23 ტონა მანდარინი ჰქონდა გადაყრილი სწორედ იმიტომ, რომ რეალიზაციის საშუალება არ ჰქონდა. წელს კი დაახლოებით 700 ტონა მანდარინს, ლიმონსა და ფორთოხალს გავიტანთ ლანჩხუთიდან უკრაინაში. აი, ამაზე შევთანხმდით.  როგორც გითხარით, უკრაინასთან მოლაპარაკებები დამთავრებული გვაქვს. 

_ ეს კარგია, მაგრამ რაც შეეხება იმ წერილებს, ფიქრობთ, რომ «ნაციონალების» მიერ შეკვეეთილი სტატიებია

_ რა თქმა უნდა, შეკვეთილია, აბა, რა არის, იქ ისეთი ფაქტებია მოყვანილი, რომლებიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. საქართველოში მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ივანიშვილი მოვიდა, უკან-უკან წავიდა ყველაფერი, დაპირებებს არ ასრულებს, ხალხს უმიზეზოდ იჭერენ და დემოკრატია დასამარდაო, ამას წერენ და სიმართლეა ახლა ეს? 

_ დასავლეთში რომ დიდ ფულს იხდიდნენ, რათა მსგავსი წერილები დაბეჭდილიყო, ცნობილია, მაგრამ უკრაინაშიც თუ ასე ხდებოდა, არ ვიცოდით

_ იცით, დღეს ბიზნესმენების დიდი ნაწილი სწორედ უკრაინაშია თავმოყრილი. ბევრი რუსეთიდან უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად, იმავე ზეწოლის გამო და ა.შ. მე, როდესაც უკრაინის სახელმწიფო მოხელეებს ვესაუბარი, მითხრეს, რომ ნახევარ მილიონზე მეტი, დაახლოებით 600-700 ათასი ქართველია უკრაინაში. დღეს ყველაზე მეტი ქართველი, მსოფლიო მასშტაბით, უკრაინაში ცხოვრობს. აი, ამიტომ ხდება ეს. ვიმეორებ, ეს არის წინა ხელისუფლების მიერ შეკვეთილი სტატია, სხვანაირად არ შეიძლება, რომ იყოს. სხვათა შორის, საპასუხო წერილის გამოქვეყნების შემდეგ არაერთი ქართველი გამომეხმაურა იმავე, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და პოლონეთიდან, ზოგმა მადლობაც კი გადამიხადა პასუხის გაცემისთვის.

_ სხვათა შორის, სააკაშვილმა ამას წინათ ერთერთ უკრაინელ მაღალჩინოსანთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოც, უკრაინის მსგავსად, იზოლაციისკენ მიდისო

_ ნორმალურია ახლა ეს? ეს არის ტყუილი. ვისაც სჯერა, რომ საქართველო იზოლაციისკენ მიდის, სამკურნალოა… დღეს ქვეყანაში მონოპოლიები აღარ არსებობს, ბიზნესი თავისუფალია, რა იზოლაცია, რის იზოლაცია. მე, მაგალითად, წინა წლებში სურვილი მქონდა, საქართველოში შემომეტანა შაქარი, ფქვილი, სხვადასხვა პროდუქცია (მოგეხსენებათ, პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვედი) და ვერ შევძელი, რადგან მონოპოლია იყო. ფოთის საბაჟო არ შემოგატანინებდა პროდუქტს, თუ არ გყავდა ე.წ. კრიშა. დღეს კი თავისუფლად შეიძლება იმავე უკრაინიდან შემოიტანო ეს პროდუქცია. შემოდგომიდან დავიწყებთ გარკვეული პროდუქციის შემოტანას და შესაბამისად, გაცვლით ოპერაციებსაც გავაკეთებთ ხოლმე.

_ გამოდის, საკუთარ ქვეყანას ჩირქს სცხებენ, რათა ივანიშვილის ხელისუფლებას ქვეყნის გარეთ იმიჯი შეელახოს და უკრაინის მხარდაჭერა შეუსუსტდეს?

_ დიახ, ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. ძალიან კარგად იციან, რომ მათი რეიტინგი ნულის ტოლია და აღარ იციან, რა სიბოროტე ჩაიდინონ. იცით, კომისიის წევრებსაც კი ვერ ნახულობენ, რომ ოლქებში დანიშნონ საარჩევნოდ. და ახლა მეორე გზას დაადგნენ _ ქვეყნის გარეთ ხელისუფლების იმიჯის გაფუჭების, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომელზეც ჩვენ პირდაპირ ვართ დამოკიდებულნი. საქართველოში პროდუქციის დაახლოებით 72-73% უკრაინიდან შემოდის და თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი სტატიების წაკითხვის შემდეგ რომელი უკრაინელი ბიზნესმენი ჩადებს აქ ფულს?! ხომ ხედავთ, მეც შემექმნა პრობლემა სპონსორის მოძებნის დროს, რადგან ერთ-ერთი სტატია წაიკითხეს და პირდაპირ მითხრეს კიდეც, ფული რომ ჩავდოთ, ხვალ შეიძლება ვიღაცამ წაგვართვასო. მილიარდზე მეტს ხარჯავენ პიარზე. სააკაშვილს უკრაინის ტელეეთერებში დღესაც აქებენ, აცხადებენ, რომ დემოკრატი პრეზიდენტია.

ლანჩხუთი პატარა რაიონია და მის მაგალითზე გეტყვით –  იგი გაჩანაგებული, დანგრეული და გაღატაკებული დამხვდა. ბიუჯეტი ნულის ტოლი იყო… არც ერთი საწარმო არ მუშაობს, მეტიც, ყველა დანგრეულია. ერთი სტადიონი იყო, რომელიც კომუნისტების დროს აშენდა და გასულ წელს ეს სტადიონიც დაანგრიეს. 9 წელიწადში 9 საწარმო არ აშენებულა და 9 გზა არ გაკეთებულა 10-მეტრიანი.

_ ამის მიუხედავად, პრეზიდენტს იმავე კალანდობაზე ზარზეიმით ხვდებოდნენ გურულები, რა იყო ეს: ეშინოდათ თუ რეალურად უჭერდნენ მხარს?

_ კალანდობას რაც ხდებოდა, ყველამ კარგად იცის. ხალხი ყვითელი ავტობუსებით გადაჰყავ-გადმოჰყავდათ. გურულები «ნაციონალების» მომხრენი არასდროს ყოფილან. 9 წლის განმავლობაში, გარდა გაფუჭებისა, არაფერი გაკეთებულა. სოფლები დაცლილია, ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია. ვცდილობთ, ელემენტალური პირობები მაინც შევუქმნათ, რომ ზამთარი რამენაირად მშვიდობიანად გადაიტანონ. პრეზიდენტს რაც შეეხება, გურიაში ჩამოსასვლელი პირი აღარ აქვს.

_ სხვადასხვა დროს ბევრმა მკითხა, რა ბედი ეწია «აჯანყებული გურულის» ძეგლს, დააბრუნეთ თავის ადგილას?

_ ლანჩხუთის ცენტრში იდგა ე. წ. აჯანყებული გურულის ძეგლი, რომელიც ღამის საათებში მოხსნეს, ფაქტობრივად, გაიტაცეს. მერაბიშვილს გამოუვლია და რომ დაუნახავს ახალი პოლიციის შენობის სიახლოვეს მდგარი ძეგლი, გაუცია განკარგულება, მოეხსნათ და სანაგვეზე გადაეგდოთ. გამგებლად სანამ დავინიშნებოდი, მეკითხებოდა, დაგვიბრუნებ თუ არა აჯანყებული გურულის ძეგლსო, მამაკაცებს კი აინტერსებდათ, მოხვდებოდა თუ არა ლანჩხუთის «გურია» უმაღლეს ლიგაში. ორივე დაპირება შევასრულეთ _ ძეგლიც დავაბრუნეთ და ლანჩხუთის «გურიაც» გადავიყვანეთ უმაღლეს ლიგაში. ამ ძეგლის უკან დაბრუნება 78 ათას ლარზე მეტი დაჯდა, მთლიანად ჩვენმა მეგობრებმა (სპონსორებმა) დაგვაფინანსეს.

_ ვულოცავ გურულებს

_ გმადლობთ.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here