Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილი და საბოტაჟის ნაციონალური თავისებურებანი

მიხეილ სააკაშვილი და საბოტაჟის ნაციონალური თავისებურებანი

593

მიხეილ სააკაშვილის ეპიკური რეპლიკები პოლიტიკისა და ფსიქიატრიის ზღვარზე, დიდი ხანია, არავის აკვირვებს და არც არავის აინტერესებს, თუმცა ერთერთ მათგანზე შეჩერება ნამდვილად ღირს, რადგან მის უკან დგას არა მხოლოდ ფიგურანტის წარსული და აწმყო, თავისი ფსიქოლოგიური პორტრეტით, არამედ მისი მომავალიც.

სააკაშვილის ახალი ისტორია ჩვეულებისამებრ გამოირჩევა სიღრმისეული დრამატიზმითა და საქართველოს საშინაო (გნებავთ, საგარეო) საქმეებივით ჩახლართული არქიტექტონიკით: «ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა, მინისტრმა აიღო სიტყვა და თქვა: ის, რაც მოხდა ამ დაჭერებთან დაკავშირებით, იყო საბოტაჟი გარე ძალების, ვიღაცამ ეს სპეციალურად გააკეთა, ჩვენ ბოდიშს გიხდით და ყველას, ვინც ეს ჩაიდინა, მოვთხოვთ პასუხსო, ნატოს მიმართა. იქვე მომიბრუნდა ნატოს ერთერთი მაღალი რანგის დიპლომატი და მითხრა, რომ სიტყვა «საბოტაჟი» არის შეუცდომლად საბჭოთა სიტყვაო, ამ სიტყვას საბჭოთა კავშირში ახსენებდნენ, ეს არ არის დემოკრატიული სამყაროს ტერმინიო. მართლაც, «საბოტაჟი» რა არის, რომ ვიღაც შემოგზავნილი, ჩანერგილი რაღაცას აკეთებს ზურგს უკან» (ჯი-ეიჩ-ენი). და ისევ, როგორც ყოველთვის, სააკაშვილის გამოსვლის ანალიზი იმის გარკვევით უნდა დავიწყოთ, თუ ვინ ტყუის ამ შემთხვევაში: მთხრობელი, მის მიერ აღწერილი (ან გამოგონილი) პერსონაჟი თუ ორივე ერთად.

დემოკრატიული სამყაროს ტერმინები… ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსი, ტიტული 18, ნაწილი I, მუხლი 105 _ საბოტაჟი. როგორც ვხედავთ, ეს ტერმინი იკავებს სავსებით ლეგიტიმურ ადგილს აშშ-ის კანონმდებლობაში და, თუ ვინმე (სიტყვაზე) პერლ ჰარბორის ბაზაზე მავთულების გადაჭრას დაიწყებს, მას, დიდი ალბათობით, სწორედ ამ მუხლით გაასამართლებენ. ეს სიტყვა შტატებში არცთუ იშვიათად გადატანითი მნიშვნელობით, მეტაფორის სახით გამოიყენება; «რესპუბლიკელები ცდილობენ, ობამას პოლიტიკას საბოტაჟი მოუწყონ» _ ამ ტიპის სათაურები ამერიკულ მედიაში საკმარისზე მეტია.

საბჭოთა კავშირში ტერმინი «საბოტაჟი» სისხლის სამართლის კოდექსიდან 1960 წელს გაქრა (ჩვენ, ამ შემთხვევაში, დავეყრდნობით რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სს კოდექსს, მითუმეტეს რომ სსრკ და რუსეთი მისი ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე სააკაშვილისთვის ერთი და იგივეა). სტალინის დროინდელი «კონტრრევოლუციური საბოტაჟი» (და «საბოტაჟი მრეწველობაში») წარსულს ჩაბარდა. დაახლოებით ამ დროიდან ეს სიტყვა, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, აღარ გამოიყენება მედიაში, რადგან ის ძველი კოდექსის 58-ე მუხლთან და 30-იანი წლების რეპრესიებთან ასოცირდებოდა. «საბოტაჟი» არ არის ნახსენები თანამედროვე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსშიც, რაც შეეხება იმ ტიპის დანაშაულს, რომელიც აღწერილია ზემონახსენებ ამერიკულ 105- მუხლში, მისთვის 1960 წლიდან საბჭოთა კავშირში, როგორც წესი, «დივერსიის» და «მავნებლობის» (რსფსრის სს კოდექსის 68- და 69-) მუხლებზე დაყრდნობით სჯიდნენ.   

პასაჟი «დემოკრატიული სამყაროს ტერმინების» შესახებ აშკარა სიცრუეს შეიცავს. ჩვენ, ცხადია, ვერ გამოვრიცხავთ, რომ სააკაშვილის მიერ ნახსენები დიპლომატი მართლაც არსებობს და ის, უბრალოდ, უვიცია ან თანამოსაუბრე შეცდომაში შეჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების გამოცდილებამ შეიძლება ტრადიციული დასკვნისკენ გვიბიძგოს _ «სააკაშვილი ისევ იტყუება». მაგრამ ტერმინები ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია, მთავარია ფიგურანტის რეაქცია დიპლომატის რეპლიკაზე და მისი დამოკიდებულება საბოტაჟის მიმართ.

საინტერესოა, იცის თუ არა მაღალი რანგის დიპლომატმა (დავუშვათ, რომ ის რეალურად არსებობს), რომ 2006 წლის 28 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა კანონს «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» და (სხვა ყველაფერთან ერთად) გაამკაცრა სასჯელი საბოტაჟისთვის (საქართველოს სს კოდექსი, მუხლი 318-ე, საბოტაჟი). თუ ეს «შეუცდომლად საბჭოთა სიტყვაა», რატომ დატოვა ის კოდექსში საერთოდ? თუმცა საქმე ამ ნიუანსით როდი შემოიფარგლება. ჩვენ გვახსოვს, თუ როგორ აღშფოთდნენ უფლებადამცველები, როდესაც სააკაშვილმა ერთ-ერთ ახალგაზრდას ხულიგანი უწოდა. მათი რეაქცია დროული და სწორი იყო, რადგან «ხულიგნობა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, ხოლო პირის დამნაშავედ ცნობის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სასამართლოს» (საია-ს განცხადება). მაგრამ რა ვუყოთ იმ შემთხვევებს, როდესაც სააკაშვილი საჯაროდ ბრალს სდებდა ათობით, თუ არა ათასობით, ადამიანს საბოტაჟში, რომელიც, აგრეთვე, წარმოადგენს ამავე კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს? რამდენიმე ციტატა სააკაშვილის ოფიციალური საიტიდან: «გარკვეულ მომენტში გამომცემლობებმა საბოტაჟი მოაწყვეს» (გამოსვლა სოფელ ვაზიანში, 16.05.11), «ზოგიერთები მუშაობაში ხელს გიშლიდნენ _ მათ გაფიცვებისა და საბოტაჟის ორგანიზებაც სცადეს» (გამოსვლა რუსთავში, 21.01.12) და ბოლოს, ყველაზე ცნობილი 2011 წლის 26 მაისის განცხადება, რამდენიმე საათში ოპოზიციის მიტინგის სადისტური დარბევის შემდეგ: «საქართველოს ფარგლებს გარეთ დაწერილი სცენარით ცდილობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩაშლას, დღევანდელი აღლუმის ჩაშლას, საბოტაჟს და მასობრივი არეულობების გამოწვევას». კომენტარი, ალბათ, ზედმეტია, ასეთ სტილში XXI საუკუნეში არა მხოლოდ დემოკრატი, არამედ ზომიერად ავტორიტარული ლიდერებიც აღარ საუბრობენ.

ეპიზოდში ნატოს დიპლომატთან (თუ მას ადგილი ჰქონდა, რაშიც ბევრს შეიძლება სერიოზული ეჭვი შეეპაროს) არ ჩანს სააკაშვილის საპასუხო რეპლიკა, თუმცა თანმდევი კომენტარიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ სააკაშვილი, ერთის მხრივ, არ არის მზად, სრულად უარყოს ტერმინი «საბოტაჟი», როგორც საბჭოთა გადმონაშთი და, მეორე მხრივ, უკავშირებს მას «ვიღაც შემოგზავნილებს და ჩანერგილებს», რომელთა შორის საკუთარ თავს და «ნაცმოძრაობის» წევრებს ნამდვილად არ მოიაზრებს.

საბოტაჟის ხსენება 2012 წლის არჩევნების შემდეგ გახშირდა, ეს სიტყვა გამოიყენებოდა პრობლემების მუდმივი შექმნის პოლიტიკის აღსაწერად, რომელსაც ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ატარებდნენ. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს, რა თქმა უნდა, კორექტული არ იყო და სასურველია, რომ პოლიტიკოსები თავის გამოსვლებში ამ სიტყვის გამოყენებას მოერიდონ, თუმცა, ალბათ, ისიც ფაქტია, რომ ამ პოლიტიკის არსი არც ისე შორია სს კოდექსის 318-ე მუხლის ფორმულირებისგან «საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა». ცხადია, სასამართლოში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება იმის დამტკიცება, რომ გასული 9 თვის რომელიმე ეპიზოდი (ახალი ელჩების არდანიშვნა იქნებოდა და უამრავი სხვა წინაღობის აღმართვა) საბოტაჟის აქტს წარმოადგენდა; ეს ტექნიკურად ძალზე რთულია, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი დარწმუნებულია, ეს სწორედ რომ საბოტაჟი იყო. ეს საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას; სააკაშვილს და მის გარემოცვას ურთიერთობა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, სავარაუდოდ, სულ სხვა ეპიზოდებთან და სს კოდექსის მუხლებთან დაკავშირებით მოუწევს. მაგრამ ჩვენ, ალბათ, შეგვიძლია ვისაუბროთ საბოტაჟსა და მავნებლობაზე არა როგორც სისხლის სამართლის დანაშაულზე, არამედ როგორც შინაგან მოთხოვნაზე, ფსიქიკის უცნაურ მდგომარეობაზე, რომელიც არაერთი ადამიანისთვის საქართველოში, სავარაუდოდ, მეტად აქტუალური გახდა.

ყველაზე კარგად ამ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ალბათ, ერთ-ერთი ნაცაქტივისტის რეპლიკა გადმოსცემს: «ბიუჯეტი ვერ შეივსება, უნდა გითხრათ და ეხლა ჩემ მეგობარ პენსიონერებს ვეუბნები, რომ ძალიან მალე პენსიას ვერ მიიღებთ და ძალიან მიხარია». ამ ფრაზას დარბაზში მყოფი მისი თანაპარტიელები მქუხარე ტაშით შეეგებნენ («ნაცმოძრაობის» სათაო ოფისში 11 თებერვლის შეხვედრის ვიდეოჩანაწერი). თუ თვალს სოცქსელებს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ მათ გულწრფელად უხარიათ, როდესაც სირთულეები იქმნება, ოცნებობენ იმაზე, რომ მაღალი რანგის დასავლელმა პოლიტიკოსებმა ივანიშვილს თითი დაუქნიონ და აკეთებენ ყველაფერს, რათა (არა იმდენად მთავრობას, რამდენადაც ქვეყანას) რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეექმნას. 

ახალი ხელისუფლება უშეცდომო ნამდვილად არ არის და მისი გაკრიტიკებისთვის საკმარისზე მეტი საბაბი არსებობს, მაგრამ სააკაშვილი და მისი მომხრეები ცდილობენ, მას რაც შეიძლება სწრაფად მაქსიმალური ზიანი მიაყენონ და, როგორც წესი, სიმართლეს ტყუილს უმატებენ, რითაც, სხვათა შორის, პრობლემებს უქმნიან თავის მოკავშირეებს დასავლეთში და მათ ახალი ხელისუფლების დასაბუთებული კრიტიკის შესაძლებლობას ართმევენ. ასე თუ გაგრძელდა, სააკაშვილი მალე, ალბათ, გამოვა სადმე ევროპაში და იტყვის, რომ ივანიშვილს რუსეთიდან დათვები ჩამოჰყავს, რომლებიც ქუჩებში დადიან და «ნაციონალ» ბავშვებს ჭამენ. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ეს ძალზე უხეში შეცდომაა. ნეგატივის მაქსიმალური კონცენტრაცია, აშკარა სიცრუის მინარევებით, გამოიყენება არასასურველ ხელისუფლებასთან საინფორმაციო დაპირისპირების მხოლოდ მესამე ეტაპზე (და, სხვათა შორის, ის არ არის უკანასკნელი), თუმცა, როგორც ჩანს, ფსიქოლოგიური მდგომარეობა ფიგურანტს და მის მომხრეებს ანბანური ჭეშმარიტებების უგულვებელყოფისკენ უბიძგებს.

პრობლემა, შესაძლოა, ისაა, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორი შეიძლება იყოს «სხვა ცხოვრება», რომელიც პოლიტიკაში ჩართულობას, უფრო სწორად კი ხელისუფლებაში ყოფნას არ გულისხმობს; მთელი არსით ეწინააღმდეგებიან მას, ბუნდოვანსა და ამოუცნობს და, ვინაიდან ძველი კაცთმოძულე რეჟიმის გაცოცხლება აბსოლუტურად გამორიცხულია, ტოტალური დესტრუქციის მორევში ეშვებიან. მადლობა ღმერთს, ლათინოამერიკელი «კოლეგებისგან» განსხვავებით, მათ არ აქვთ იმის შნო, რომ ეს ავტომატით ხელში გააკეთონ და, როგორც წესი, მხოლოდ კლავიატურაზე კაკუნი ძალუძთ.

ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა; არ არსებობს უფრო მძიმე სასჯელი, ვიდრე სიძულვილში ცხოვრებაა. თავი დავანებოთ სააკაშვილს, რომელიც მომავალში, დიდი ალბათობით, გააკეთებს ყველაფერს, რათა შური იძიოს ერზე, რომელმაც მისი რეჟიმი უარყო. ციხეში თუ არ მოხვდება, დასავლეთის დედაქალაქებში ივლის, იტყვის ყველაფერს, რაც ენაზე მოადგება და, მარტივად რომ ვთქვათ, შეეცდება, დაუმტკიცოს ყველას, რომ საზიზღარი ივანიშვილი უნდა მოხსნან და ისევ სააკაშვილი დანიშნონ. ეს გზა «მესამე სამყაროს» არაერთმა დიქტატორმა გაიარა, პირველი 3-4 წლის განმავლობაში მათ ჯერ კიდევ ხვდებოდნენ «ჭ-კლასის» ჩინოვნიკები, ხოლო შემდგომ ურთიერთობა, როგორც წესი, ამა თუ იმ უწყების შვეიცარებთან უწევდათ. მაგრამ მთავარი პრობლემა სულ სხვაა _ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ადამიანებს, რომელთა ფსიქოლოლოგიური  მდგომარეობა რეალობის ტოტალურ უარყოფას და მუდმივი საბოტაჟის წყურვილს შეიცავს? ზოგიერთ ლათინოამერიკულ ქვეყანაში ყოფილი ზონდერებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამები მოქმედებდა, სადაც მათ ასწავლიდნენ, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ დემოკრატიის პირობებში, თუმცა, ცხადია, ვერავინ ვერავის აიძულებს, მსგავს კურსებზე იაროს, თუ ამას თვითონ არ მოისურვებს.

რა თქმა უნდა, საზოგადოებას შეუძლია, საერთოდ არ მიაქციაოს ყურადღება ამ პრობლემას, ადამიანებს, რომლებიც მალე გაქრებიან პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ავანსცენიდან და სოციალურ (ამასთანავე, ფსიქოლოგიურ) ფსკერზე დაეშვებიან. თუმცა დახმარების აღმოჩენა ნებისმიერი პიროვნებისთვის, მისი წარსულის მიუხედავად, მაშინ, როდესაც ამის გაკეთება ჯერ კიდევ შესაძლებელია, ალბათ, მაინც აუცილებელი და ჰუმანურია.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here