Home რუბრიკები საზოგადოება ფარდობითურობის თეორია, ანუ აკადემიკოსი გისოსებს მიღმა

ფარდობითურობის თეორია, ანუ აკადემიკოსი გისოსებს მიღმა

568

სააკაშვილის ვარაუდი, რომ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას საზოგადოების მხრიდან ჩემი გაქილიკება მოჰყვებოდა, არ გამართლდა. მიუხედავად ზეწოლისა, ცნობადი «სახეები» ვერ დაითანხმეს ხელისუფლებისთვის სასურველ კომენტარზე. მოხდა პირიქითსაზოგადოებამ მე დამიჭირა მხარი და ასეთმა განწყობამ პროკურატურა შეაშფოთა კიდეც.

მორიგი შეხვედრისას სააკაშვილმა მკაცრად მოითხოვა ჩემი დაპატიმრება. ენა  დაებათ ადეიშვილსა და მერაბიშვილს: ვერ  გაუბედეს შეფს იმის თქმა, რომ დანაშაული არ მქონდა ჩადენილი.

«რამდენიმე დღე კიდევ დაგვჭირდებაო», _ უთხრეს. ერთობლივ თათბირზე კი, რომელიც მათ იმავე საღამოს ჩაატარეს, «გამოსავალი» პროკურატურის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვინმე ჯანყარაშვილმა იპოვა:

_ ეჭვმიტანილის სტატუსით დავაპატიმროთ, შემდეგ ქონება დავუყადაღოთ და, თუ სხვა რამ ხელჩასაჭიდი ვერ მოვიძიეთ, ქონების წარმომავლობის დასაბუთება მოვითხოვოთ… ამით დავაბნევთ და შევაშინებთ.

_ რამდენადაც ვიცით, იგი დიდი ქონების პატრონი არ უნდა იყოს, ამიტომ შეძლებს ქონების წარმომავლობის დასაბუთებას, _ უპასუხეს გამომძიებლებმა.

_ ამის საშუალება სასამართლოზე არ უნდა მივცეთ.

ეშველათ. ჯანყარაშვილი, რომელიც ქონების წარმომავლობის დასაბუთების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ამ საქმის პროფესიონალი იყო.

ივლისი იწურებოდა, როდესაც ჩემს კაბინეტში სამთავრობო ტელეფონმა დარეკა.

_ ბატონო ნაპოლეონ, გენერალური პროკურატურიდან გამომძიებელი წერეთელი გაწუხებთ, ხომ ვერ შეძლებთ შაბათს, დღის 12 საათზე ჩვენთან მოსვლას? _ ხაზგასმული პატივისცემით მითხრა მან და მისამართიც ჩამაწერინა.

დარჩენილი დრო ფიქრისა და განსჯისთვის გამოვიყენე. ჩემს მეგობრებთან ერთად, რომელთა შორის, რამდენიმე ძალიან მაღალი რანგის იურისტიც იყო, სიტუაცია რამდენიმეჯერ გავაანალიზეთ.

_ სააკაშვილის დავალების გარეშე, პროკურატურა შენ წინააღმდეგ საქმეს ვერ აღძრავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შენი დასჯა მის ინტერესებშია, _ ასეთი იყო მათი დასკვნა.

დანიშნულ დღეს ადვოკატთან ერთად გამოვცხადდი პროკურატურაში.

_ გამომძიებელი კახა წერეთელი, _ ფეხზე ადგომით გამეცნო სიმპათიური ახალგაზრდა კაცი და ხელი ჩამომართვა.

_ კარგია, რომ დამიძახეთ. ჩემთვის შეურაცხმყოფელია ის, რაც გაზეთ «ქრონიკაში» დაიბეჭდა. იმედია, სიმართლის დადგენა არ გაგიჭირდებათ, _ ვთქვი მე.

_ ზოგიერთი რამ დასაზუსტებელი იყო და დრო ამან წაიღო. ჩვენ გვაინტერესებს დიღმის სასწავლოსაცდელი მეურნეობისღვინის მინიქარხნის რეალიზაციის საკითხები, კერძოდ, თუ რატომ გაიყიდა იგი აუქციონის გვერდის ავლით?

_ მას ქარხანა არც ეთქმის. როგორც მარანი, ისე იყო რეგისტრირებული. დროთა განმავლობაში, თავისი ფუნქცია, როგორც სასწავლო-სამეცნიერო ობიექტმა, დაკარგა. გარდა ამისა, იგი საჭიროებდა კაპიტალურ რემონტს. მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი თხოვნისა, სახელმწიფომ ვერ გამოყო სახსრები რემონტისთვის. ამიტომ ჩვენი თხოვნით ქარხანა სახელმწიფომ დაიბრუნა და იგი ქონების დაცვის სამინისტროს ბალანსზე აიყვანა.

_ რატომ მიეცით სახელმწიფოს?

_ კი არ მივეცით, დავუბრუნეთ, უნივერსიტეტიც და მასზე დამაგრებული ქონებაც, სახელმწიფო საკუთრებაა და ჩვენ გადმოცემული გვქონდა დროებითი სარგებლობისთვის. მარანმა დაკარგა თავისი ფუნქცია და დაუბრუნდა სახელმწიფოს.

_ თქვენ იცოდით, რომ ქარხანა იყიდებოდა?

_ სახელმწიფო მარანს, ალბათ, გაყიდდა, თუმცა მე ამ საკითხით არ დავინტერესებულვარ.

_ მაშინ რატომ მისწერეთ წერილი პრეზიდენტ შევარდნაძეს?

_ მოგვიანებით უნივერსიტეტს თხოვნით მოგვმართა მოსკოვში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, თ. ქარჩავამ და გვთხოვა, აღგვეძრა შუამდგომლობა პრეზიდენტთან, რათა მას გამოეყენებინა თავისი უფლება და აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის წესით მიეყიდა იგი ქარჩავასთვის.

_ .. თქვენ დაინტერესებული იყავით ქარხნის ასეთი წესით რეალიზაციით?..

_ რასაკვირველია, ქარჩავამ ჩვენ თანამშრომლობისა და სპონსორობის წინადადება შემოგვთავაზა, ამიტომ, ცხადია, დაინტერესებული ვიყავით.

_ რა თანამშრომლობაზეა საუბარი?

_ იმ შემთხვევაში, თუ ქარხანას პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძენდა, იგი უნივერსიტეტთან დადებდა გრძელვადიან ხელშეკრულებას, შეგვიძენდა კომპიუტერებს და სხვა ტექნიკურ საშუალებებს, დანიშნავდა სახელობით სტიპენდიებს, დააფინანსებდა საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებებს, გამოცემდა სახელმძღვანელოებს, რემონტის შემდეგ ქარხანას დაუბრუნებდა საუნივერსიტეტო ფუნქციებს და ა.შ.

_ როგორი იყო თქვენი რეაგირება მის წინადადებებზე?

_ ჩვენთვის, რასაკვირველია, წინადადება მისაღები იყო. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გავიარეთ განათლების სამინისტროს იურისტებთან და შემდეგ საკითხი გავიტანეთ უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზეც.

_ საბჭომ მოგცათ თანხმობა?

_ დიახ, საბჭომ მოგვცა თანხმობა, რომ წერილით მიგვემართა შევარდნაძისთვის.

_ ქარჩავამ შეასრულა დანაპირები?

_ ჩემი რექტორობის დროს მან უნივერსიტეტს შეუძინა 26 კომპიუტერი, მინი-სტამბა, დანიშნა სახელობითი სტიპენდიები და დააფინანსა რამდენიმე მივლინება საზღვარგარეთ… იყო კიდევ სხვა სახის დახმარებაც, თქვენ შესაბამისი მონაცემები უნდა გქონდეთ.

_ იცით თუ არა, რომ ქარხნის პირდაპირი მიყიდვით სახელმწიფო ბიუჯეტმა 30 ათასი ლარი იზარალა?

_ მე ისიც კი არ ვიცი, თუ რამდენად შეაფასა იგი აუდიტმა, არ დავინტერესებულვარ.

_ პროკურატურა თვლის, რომ თქვენი წერილით შეცდომაში შეიყვანეთ ქვეყნის პრეზიდენტი და აზარალეთ სახელმწიფო.

_ ჰკითხეთ შევარდნაძეს, მე მგონი, ის არ თვლის, რომ შეცდომაშია შეყვანილი. მე უნივერსიტეტის რექტორი ვიყავი და, ცხადია, უნივერსიტეტის ინტერესებს ვიცავდი. ქვეყანაზე პრეზიდენტი უნდა ფიქრობდეს და არა მე!..

_ პროკურატურა მაინც თვლის, რომ თქვენმა წერილმა პრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანა.

_ სასაცილოა, რასაც ამბობთ. ჩემი წერილი განკარგულება კი არ იყო, არამედ პრეზიდენტისადმი თხოვნა, რომელსაც იგი ან გაითვალისწინებდა ან _ არა… მადლობა მას, რომ გაითვალისწინა. რაც შეეხება ბიუჯეტის ზარალს, ასეთი შეკითხვა მაქვს: თუ იცით, რა ღირს 26 კომპიუტერი, რომელიც ხელშეკრულებით მიიღო სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფმა უნივერსიტეტმა? როგორც ვხედავ, არ იცით… თუ თქვენი ლოგიკით ვიმსჯელებთ, სახელმწიფომ კი არ იზარალა, არამედ მოიგო 12 ათასი ლარი, ვინაიდან 26 კომპიუტერის ღირებულება 42 ათასი ლარია, რომ არაფერი ვთქვათ მინისტამბაზე და ა.შ.

გამომძიებელი დაიბნა

_ კარგით, დროს ტყუილად ვკარგავთ. გთხოვთ, რაც იცით ქარხნის შესახებ ჩვენების სახით გააფორმოთ, _ თქვა და მაგიდის უჯრიდან დანომრილი ფურცლები მომაწოდა.

_ ამის გაკეთება არაა ძნელი, თუმცა აუცილებლობას ვერ ვხედავ, _ ხმადაბლა ჩავილაპარაკე და წერას შევუდექი. 40-ოდე წუთში ფურცლები გადავეცი.

_ გმადლობთ, ბატონო ნაპოლეონ, დღეს მეტი შეკითხვა არ მაქვს, _ ცხვირსახოცით შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და რაღაც ქაღალდი გადმომაწოდა. _ გთხოვთ, გაეცნოთ და ხელი მოაწეროთ.

_ რა არის ეს?! _ ვიკითხე მე.

_ მაპატიეთ, ეს თქვენი დაკავების ორდერია, _ ჩაილაპარაკა მან.

_ თქვენ მაპატიმრებთ?!

_ დიახ, ასეა, _ თქვა და ხელები გაასავსავა.

_ ყმაწვილო, თუ აცნობიერებთ, რაც ახლა თქვით?

_ ეს ჩემი გადაწყვეტილება არაა. წუხელ გვიან მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომელზეც დღეს ნებართვა მოსამართლემაც გასცა.

_ იქნებ ჯერ ბრალი წამიყენოთ და შემდეგ მოითხოვოთ ჩემი დაპატიმრება?!

_ აქ წერია, რომ თქვენ ბრალი სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობის გადამეტებაში გედებათ…

_ ჩემი საქმიანობიდან რომელი გეჩვენებათ უფლებამოვალეობის გადამეტებად? იქნებ ფაქტები დაასახელოთ?

წერეთელმა თავი დახარა და ხელები გაასავსავა, იგი დაბნეული იყო.

_ ეს გადაწყვეტილება «მათ» მიიღეს, _ თქვა ხმადაბლა და თავი ზევითკენ აიქნია.

_ კონკრეტულად ვინ მიიღო ასეთი უგუნური გადაწყვეტილება, იქნებ მათი გვარები მითხრათ? _ უკვე ვყვიროდი მე.

_ გვარების დასახელება ჩემს კომპეტენციას სცილდება

_ თქვენ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს აპატიმრებთ და იმ პიგმეების გვარების დასახელების გეშინიათ, რომლებმაც ასეთი უკანონობა დაგავალათ?! თქვენ რა, დოქსოპულოსაც გადააჭარბეთ?

_ ისინი პიგმეები არ არიან… ვწუხვარ, მაგრამ ვერაფერს შევცვლი, მაპატიეთ, ახლა ასეა საჭირო…

_ რას ნიშნავს «ასეა საჭირო»?! მე ნივთი ხომ არა ვარ? ვისაც როგორ მოესურვება, ისე მომექცეს?

_ ბატონო ნაპოლეონ, ბატონო ნაპოლეონ, ყველაფერი გაირკვევა, მე ამჯერად ვერაფერს შევცვლი, _ მუდარით თქვა მან.

_ ჯერ გაგერკვიათ და გადაწყვეტილება შემდეგ მიგეღოთ! _ თუმცა მივხვდი, რომ უძლური ვიყავი. მე გამომძიებელი კი არა, პრეზიდენტი მაპატიმრებდა, მოწოდებული ფურცელი გამომძიებელს მაგიდაზე დავუგდე, _ ღმერთი განგსჯით, თუ მე არ დავასწარი უფალს… _ ვთქვი და ადვოკატს გადავხედე, რომელმაც ძლივს ამოღერღა რამდენიმე უღიმღამო ფრაზა.

კაბინეტში ოთხი ბრგე ახალგაზრდა შემოვიდა.

_ წამობრძანდით, ბატონო ნაპოლეონ, _ მითხრა ბადრაგის უფროსმა და ჩვენ ოთახიდან გავედით.

დანგრეულ «ჟიგულს», რომელშიც ჩამსვეს, უკან აკადემიის პრეზიდენტის «მერსედესი» მოჰყვებოდა, რომელსაც ჩემი თვალცრემლიანი მძღოლი მართავდა.

საღამოს «მოდულში», წინასწარი დაკავების საკანში, ტელეჟურნალისტები მოვიდნენ. «თავს როგორ გრძნობთო» _ მორიდებით მკითხეს. საღამოს ეთერით კი მთელმა საქართველომ გაიგო, რომ დააპატიმრეს აგრარული უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, რუსეთისა და სხვა საერთაშორისო აკადემიების ნამდვილი წევრი _ ნაპოლეონ ქარქაშაძე.

საქართველო უკვე მიჩვეული იყო ასეთი ხასიათის სატელევიზიო სპექტაკლებს და არც ჩემი დაპატიმრება გაჰკვირვებია ვინმეს. ერთ ხანს, მასმედია ვრცლად აშუქებდა ჩემს «საქმეს», ბოლოს ესეც მინავლდა იმიტომ, რომ სხვა უფრო დიდმა სენსაციებმა გადაფარა იგი.

მეორე დღეს, «მოდულში» გამომძიებელმა წერეთელმა «მომინახულა». დაკითხვას ორი ადვოკატი ესწრებოდა. ძალიან გაუჭირდა ახალგაზრდა კაცს, თვითონვე გრძნობდა დასმული კითხვების უაზრობას, აკვარიუმში უწყლოდ დარჩენილი თევზივით ეხეთქებოდა აქეთ-იქით. ხვდებოდა, რომ ჩემთან და ადვოკატებთან დიალოგში მარცხდებოდა. ბოლოს ისე საცოდავად გვითხრა: «ჩემთან რა გინდათო», რომ საქმეში ჩაუხედავ კაცს მართლა შეეცოდებოდა _ «ამ პატიოსან კაცს რას ერჩითო»… არადა, გამობრძმედილი და დახვეწილი შემსრულებელი იყო.

მისმა არტისტობამ ჩემს მდგომარეობაში მყოფი კაციც კი ხუმრობის ხასიათზე დააყენა:

_ კახა, შვილო, სიმღერა იცი?

_ სიმღერა რა შუაშია, ბატონო, ნაპოლეონ?

_ ფილმ «მონანიებაში» დოქსოპულოებმა, სიმღერა მაინც იცოდნენ, გახსოვს, ალბათ, ბარათელის სახლში რა ხმაშეწყობილად იმღერეს არავიძესთან, შენ კი დაკითხვის ოქმის შედგენა გიჭირს.

იმ მომენტში შურისძიების სხვა იარაღი, გარდა იუმორისა, მე არ მქონდა, თუმცა იუმორიც ხომ იარაღია…

ეტყობოდა, რომ გამომძიებელი ხვდებოდა საკუთარ უსუსურობას, როგორც შემდეგ გავიგე, ჩემი საქმის შემდეგ იგი დაუწინაურებიათ… «გაუმართლა».

გამომძიებლის წასვლის შემდეგ ჩემთან ადვოკატები დარჩნენ:

_ ბატონო ნაპოლეონ, რამდენიმე დღეში თქვენსა და თქვენი ქალიშვილის ქონებას დააყადაღებენ. მოგთხოვენ მათი წარმომავლობის დასაბუთებას, _ მითხრეს მათ.

_ არც მე და არც ჩემს ქალიშვილს დიდი ქონება არა გვაქვს, იქნებ, საერთოდ ყველა ქარქაშაძის ქონება დააყადაღონ, ეს ხომ სისულელეა! ჩემი ქალიშვილი მედიცინის დოქტორია და მას სამი შვილი ჰყავს. ალბათ, გაუკვირდებათ, რომ მე, რომელსაც 1964 წლიდან უმაღლესი ხელფასი მაქვს და ეს ხელფასი დინამიკაში იზრდებოდა, ასეთი მწირი ქონება გამაჩნია.

_ ბატონო ნაპოლეონ, მათ კარგად იციან, რომ თქვენ მდიდარი კაცი არა ხართ, ქონების ჩამორთმევა კი თქვენი დასჯის მეთოდია, ვინაიდან ძირითად ბრალდებაში ვერაფერს იპოვიან. ქონების ჩამორთმევით კი საზოგადოებასაც აჩვენებენ, რომ თქვენ დამნაშავე ხართ… საზოგადოების ნაწილი ამას დაიჯერებს.

ვუსმენდი ადვოკატებს და ვფიქრობდი: ნუთუ ადამიანი იმდენად უძლურია, რომ მასზე ბოროტება ყოველთვის იმარჯვებს? ყველა ჩვენგანს მთელი ცხოვრების მანძილზე აჩრდილივით თან დაჰყვება და თავის დროს ელოდება. ცხოვრებასთან ჭიდილში ყოველთვის გამარჯვებული გამოვდიოდი და ჩემი გზაც მხოლოდ აღმასვლით მიდიოდა. როდესაც ვიფიქრე, რომ უხინჯოდ განვლე სავალი, სწორედ მაშინ მომივლინა განგებამ 70 წლის კაცს განსაცდელი, რომელსაც უნდა შევრკინებოდი. მეყოფა კი დარჩენილი დრო ან ენერგია ბრძოლისთვის?! მეორე მხარეს ხომ, ქვეყნის ახალგაზრდა, ენერგიული პრეზიდენტია, თავისი სადამსჯელო სტრუქტურებით, თუ დამჯაბნა მაშინ?! არა, არ უნდა დავმარცხდე, ეს ბოროტებასთან ბრძოლაა და ამ ბრძოლაში სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს.

ვერ გავიმარჯვე! დამამარცხა, დამამცირა და დამცინა კიდეც… 8 წელიწადი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მოვესწრებოდი იმ დროს, როდესაც ჩემს სიმართლეს დავამტკიცებდი, 2012 წლის 1 ოქტომბერს, მგონი, დადგა ასეთი დრო… ვნახოთ, აღდგება თუ არა სიმართლე.

საპყრობილეში

სამი დღე მამყოფეს მოდულის შენობის წინასწარი დაკავების საკანში, შემდეგ მოსამართლე . სონღულაშვილმა დაუსწრებლად სამთვიანი პატიმრობა მომისაჯა იმ მოტივით, რომ 70 წლის კაცი არ გავქცეულიყავი (!!!) და საგამოძიებო პროცესი არ შემეფერხებინა. ბარემ აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ციხეში 108-დღიანი ყოფნის დროს გამომძიებლები «ძირითად» საქმეზე ორჯერ თუ სამჯერ იყვნენ მოსულები უფრო იმისთვის, რომ ეთქვათ «ჩვენ არაფერ შუაში ვართო» (!).

სამი დღის შემდეგ, სპეცმანქანით და ბადრაგის თანხლებით, როგორც «საზოგადოებისთვის საშიში ელემენტი», გადამიყვანეს სომხების მიერ აშენებულ ორთაჭალის საპყრობილეში.

_ პატიმარი მოგიყვანეთ, _ უთხრა ბადრაგის უფროსმა ციხის თანამშრომლებს და საბუთებთან ერთად, ჯართივით ჩააბარეს ჩემი თავი.

ოთახში, რომელშიც შემიყვანეს, ძველებურ მაგიდას სათვალეებიანი კაცი უჯდა. ექიმი აღმოჩნდა.

_ პატიმარო, უჩივით რამეს? დაზიანებები ან სისხლჩაქცევები ხომ არა გაქვთ? აბა, გაიხადეთ, _ თქვა მან და ჩემს დოკუმენტებში ჩაიხედა, _ ო…, ბატონო ნაპოლეონ! მაპატიეთ, უხერხულად გამომივიდა. სამწუხაროდ, აქ ასეა მიღებული, _ შემდეგ დოკუმენტებში რაღაც ჩანაწერი გააკეთა და ვიღაცას გასძახა _ ჟორა, შეგიძლია პატიმარი წაიყვანო.

მაშ, ასე… მხოლოდ ერთი წოდება მაკლდა და ისიც «მომანიჭეს». სიტყვა «პატიმარმა», ჩემი ყველა ხარისხი და წოდება გაანეიტრალა, დღეიდან მე პატიმარი ქარქაშაძე ვარ.

_ პატიმარო, შემოდით! _ ბრძანების კილოთი დაიძახეს მეორე ოთახიდან.

_ ჟორა, ეს ქარქაშაძეა, _ მიანიშნა ექიმმა.

კარში წვერგაუპარსავი, შავი კაცი გამოჩნდა.

_ მაპატიეთ, ბატონო ნაპოლეონ, პატარა პროცედურა გვაქვს ჩასატარებელი, თუ შეიძლება, აქეთ მობრძანდით, _ თქვა მან და ოთახში შემიძღვა, სადაც თითების ანაბეჭდები ამიღო, პროფილსა და ანფასში სურათები გადამიღო და მთავრობასაც შეუკურთხა, შემდეგ ექიმს გასძახა: «პატიმარი წაიყვანეთო» და მე კვლავ ექიმის ოთახში აღმოვჩნდი.

_ გატყობთ, რომ ციხეში პირველად ხართ, არაუშავს, შეეჩვევით, _ დამაიმედა ექიმმა.

ორიოდე საათის შემდეგ ოთახში ციხის უფროსის მოადგილე რამდენიმე თანამშრომელთან ერთად შემოვიდა, ერთ-ერთ მათგანს ხელში გასაღებების აცმა ეჭირა.

_ პატიმარო, გამომყევით, _ ისე თქვა დირექტორის მოადგილემ, რომ ჩემთვის არც კი შემოუხედავს.

ბნელ, ჭუჭყიან დერეფანში ჩავედით, სინესტისა და სიმყრალის მძაფრმა სუნმა მაგრძნობინა, რომ იმ სამყაროში მხოლოდ ღირსებააყრილი ადამიანების ადგილია და მეც მათნაირი უნდა გავმხდარიყავი.

საკმაო მანძილის გავლის შემდეგ, ერთ-ერთ საკანთან შევჩერდით, რომლის რკინის კარზე ეწერა _ «მკაცრი». მეციხოვნემ საკანი გააღო, ოდნავ მიბიძგა და მითხრა: «ეს თქვენი საკანიაო» და ჩემს უკან ჟღრიალით მიხურა კარები. ბნელ, ნესტიან ოთახში აღმოვჩნდი, რომელსაც ფანჯრები არ ჰქონდა. კუთხეში ერთი ნათურა ბჟუტავდა. როდესაც თვალი სიბნელეს შეეჩვია, მხოლოდ მაშინ დავინახე, ჩემს წინ მდგარი, წელსზევით შიშველი ადამიანები, რომლებიც ცნობისმოყვარედ მომჩერებოდნენ.

_ ჩვენთან ნამდვილად არ გელოდით, ბატონო ნაპოლეონ. აქ თქვენნაირ კაცს რა უნდა? ეს მკვლელებისა და ბანდიტების საკანია, _ მითხრა ძალიან გამხდარმა პატიმარმა და თავის ლოგინთან მიმიწვია, _ საკანში მხოლოდ სამი საწოლია, ეს ჩემია, მე მაინც არ მძინავს, სულ დავდივარ, შეგიძლიათ მოისვენოთ, _ თქვა და ლოგინი დაალაგა. გამხდარს მთელი სხეული სვირინგით ჰქონდა დაფარული და, როგორც მოგვიანებით გავიგე, «სვირინგას» ეძახდნენ.

_ ციხემ უკვე იცის თქვენი შემოსვლის ამბავი, მე ახლავე ჩაის მოგიმზადებთ, _ მითხრა და ლოგინთან ფუსფუსი დაიწყო. პატიმრების ნაწილი ჩემ წინ, ბეტონის იატაკზე, რკალად დაჯდა.

_ აქ ჩაი მქონდა, დააჩიფირეთ?.. უუ თქვენი, _ შეუტია მან პატიმრებს და ვიღაცას თავშიც წაუთაქა.

_ მე რა? ჩემთან რა გინდა? _ ჩაიბუზღუნა მან და სხვაგან გადაჯდა.

_ ესენი, არც ადამიანები და არც ცხოველები არ არიან… აი ამან, ამ იდიოტმა, _ თქვა და დიდთავა პატიმარს, რომელიც დროდადრო ზმუოდა და თანაც თავში მუშტებს ირტყამდა, მუჯლუგუნი უთავაზა, _ ამ დეგენერატმა ერთ ღამეში სიდედრი და ცოლი ნაჯახით აკუწა. ახლა მთელი ღამე ღმუის, ცოლის მოკვლა არ მინდოდა, შემომაკვდაო… მთელი ცხოვრება ციხეში გავატარე და ასეთი რამე არ გამიგია… ამ იდიოტმა შუაღამეს სახლში ვიღაც გალეშილი ბომჟი მიიყვანა, «ღვინო სახლში არ გვაქვსო», უთხრეს, ამან კი… უ, შენი… ახლა აქ გდია და არავინ იცის, კიდევ რა სისულელეს ჩაიდენს! საშიში კაცია, ყველა ერიდება, _ ჩურჩულით დააბოლოვა გამხდარმა.

არაფერი მითქვამს, ლოგინზე ჩამომჯდარი იმ ადამიანებს ვათვალიერებდი, რომლებთანაც, ვინ იცის, რამდენ ხანს მომიწევდა ყოფნა!..

_ კაცი, პირველად შემოვიდა ციხეში, თქვენსავით მათხოვარი კი არაა… და ჩაი ვერ უნდა დავალევინო? _ ბობოქრობდა «სვირინგა» და ბოლთას სცემდა.

_ მე არ მინდა, ჩაი მგონი ჩემს ჩანთაშია, თქვენ თუ გინდათ, აიღეთ, _ ვთქვი ხმადაბლა.

სვირინამ ჩანთა მომაწოდა.

_ თქვენს ნივთებს აქ ვერავინ შეეხება. თქვენ თვითონ… ცხელი ჩაი აქ დიდად ფასობს.

ჩაისთან ერთად სიგარეტიც ამოვიღე და ლოგინზე დავდე.

_ თუ  გინდათ, აიღეთ, ნუ გერიდებათ, _ ვუთხარი პატიმრებს, რომლებიც «სვირინგას» მიაჩერდნენ. მან კოლოფი შეათვალიერა და პატიმრებს ორი ღერი სიგარეტი მიაწოდა, «რიგ-რიგობით მოწევთო», _ უთხრა, თვითონ ერთი პირში გაირჭო, ხოლო მეორე ყურზე ჩამოიდო და კოლოფი ფრთხილად დადო ლოგინზე, შემდეგ ახალგაზრდა პატიმარს წყლის მოტანა დაავალა.

_ ამ ლაწირაკმა, _ დაიწყო მან და ახალგაზრდა პატიმრისკენ გაიხედა, _ ქურდობა ყაჩაღობით დაიწყო. ბანდაში მოხვდა, თურქეთის ავტობუსი ტრასიდან გადაიყვანეს და «გაასუფთავეს». ჩამოსვლისას, ერთმა მოხუცმა ქალმა ხელი სტაცა, ამან კი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და სამი ადამიანი საიქიოში გაისტუმრა, ახლა მთელ ცხოვრებას ციხეში გაატარებს და მიხვდება, რომ ქურდობა ცოდვიანი საქმე არაა.

_ ცუდად მოქცეულა, ძალიან ცუდად, _ ვთქვი მე.

_ შემთხვევით მომივიდა, ძია, პირველად ვიყავი «საქმეზე», შემეშინდა, ხელი რომ მომკიდა, _ თქვა ბიჭმა, რომელსაც ხელში, წყლით სავსე შავი ჩაიდანი ეჭირა, _ ვაი, ეს რა ცოდვა ჩავიდინე! ეს რა ვქენი! რატომ არ მოვკვდი! ყველაფერს ვიტყვი სასამართლოზე, ნეტავი დამხვრიტონ… აქვითინდა და ოთახის ბნელი კუთხისკენ წავიდა.

_ ოცი წლისაა, ბებიამ გაზარდა, _ მითხრა გამხდარმა.

_ ძია, შენნაირ კაცს ჩვენთან დიდხანს არ გააჩერებენ. გთხოვთ, გარეთ რომ გახვალთ, ამ ტელეფონზე დარეკოთ და ჩემებს უთხრათ, რომ აქა ვარ! _ ზლუქუნით თქვა თმებაბურძგნულმა პატიმარმა და ხელში ქაღალდის ნაგლეჯი შემომაჩეჩა.

_ ნუ აწუხებ ამ ადამიანს! _ შეუღრინა გამხდარმა, _ ამ ტუტუცმა «პრასტიტუტკას» ფული არ გადაუხადა, იმან კი უჩივლა _ გამაუპატიურაო, ახლა კი წუწუნებს. შეგრთავენ იმ ბოზს და ამით დამთავრდება შენი საქმე, წესიერი ქალი შენ მაინც არ წამოგყვება.

შემდეგ საწოლზე ჩამოჯდა და თითქმის ჩურჩულით მკითხა:

_ თქვენ, ალბათ, ფული და ტელეფონი აქ შემოყვანის დროს ჩამოგართვეს. ასე იციან, არ ინერვიულოთ, ხვალ დილით შემოგიტანთ. ისე, რომ იცოდეთ, აქ ფული საჭიროა, თუ საიდუმლო არაა, რამდენი გქონდათ?

_ ზუსტად არ მახსოვს, ალბათ, 10 ლარამდე, _ მივუგე მე.

_ ასე ცოტა? _ თუმცა თქვენისთანა კაცებს ფული ნაკლებად გეხარჯებათ. საღამოს ჩემს მობილურს შემომიტანენ და თქვენებს უთხარით, რაც შეიძლება წვრილი ფული გამოგიგზავნონ.

_ ჩაი გამზადებულია, _ დაიძახა ვიღაცამ. _ მერე დავლევო, _ უთხრა «სვირინგამ» და საუბარი გააგრძელა.

_ ბატონო ნაპოლეონ! თქვენ წესიერი კაცი ბრძანდებით და, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ნებისმიერ სიგლახის ჩადენა შეუძლიათ

_ რას გულისხმობ? _ შევეკითხე.

_ თქვენნაირი კაცების ციხეში ჩასმა. ვიღაცების ინტერესებშია. დაფიქრდით, ვის აწყენინეთ ან ვის შურს თქვენი. ზოგი შეიძლება თანამდებობას დახარბდა!  ერთი სიტყვით, თქვენი ციხეში ყოფნა ვიღაცების ინტერესებშია. აქ ბევრი დრო გექნებათ ფიქრისთვის და მიხვდებით, თუ ვის აძლევს ხელს თქვენი აქ ყოფნა.

«სვირინგა», ძალიან მონდომებული მარიგებდა. შეიძლება, დავალებაც ჰქონდა ასეთი?

_ მე გეტყვით, როგორ წავა თქვანი საქმე, _ გააგრძელა მან. _ თქვენნაირები აქ ბევრი მინახავს… მთლად თქვენნაირები, ალბათ, არა, მაგრამ მაინც. ციხეში 3-4 თვეს გაყურყუტებენ, საქმეს გაბერავენ, ქონებასა და ფულს წაგართმევენ და მერე გაგიშვებენ. ამით, სხვებს დააშინებენ და გაატყავებენ. თქვენ ამათი კოზირი ხართ! _ კიდევ რაღაც წაილაპარაკა, მაგრამ ყურადღება აღარ მომიქცევია.

მისი ნათქვამი ძალიან წააგავდა ჩემს ვარაუდებს…

_ ძია, ძია! იმ ქალს ფული მივეცი და იცოტავა, «მათხოვარი ხარო», _ მითხრა, მეც ამიტომ დავარტყი, ყვირილზე პოლიცია მოვიდა და დამიჭირეს, ის ქალი კი იცინოდა. დარეკეთ რა ამ ნომერზე, ჩემი ბიძაშვილი პარლამენტის დეპუტატიამიშველის. მე აქ ვერ გავძლებ, _ მეხვეწებოდა «პროსტიტუტკისგან» ჩაშვებული ახალგაზრდა.

_ ხომ გითხარი, ნუ აწუხებ-მეთქი, წადი ახლა და ტუალეტი გაწმინდე, იქნებ, ამ ადამიანს შესვლა უნდა… _ შეუბღვირა «სვირინგამ».

_ ფრთხილად იყავით გამომძიებლებთან და განსაკუთრებით ადვოკატებთან, ესენი შეკრულები არიან, ერთ საქმეს აკეთებენ. კამერაშიც არავინ წამოგიკიდოს სალაპარაკოდ, ამათი ნახევარი «ნასედკაა», ეგრევე ჩაგიშვებენ, _ აგრძელებდა ჩემს დამოძღვრას «სვირინგა», _ ახლა დაისვენეთ, ხვალ ყველაფერში გაგარკვევთ, _ დამაიმედა და ბანქოს მოთამაშე პატიმრებისკენ წავიდა.

გაგრძელება იქნება

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here