გასულ ზაფხულს, არჩევნების წინ ყველას გვახსოვს რამდენიმე პრესკონფერენცია და ფართოდ გახმაურებული ინფორმაცია სამეგრელოში ზონდერჯგუფებისა და ნახევრადგასამხედროებული ბაზების არსებობის შესახებ. მაშინ ეს წინასაარჩევნო პროპაგანდად მოინათლა, თუმცა, როგორც ამბობენ, სამეგრელო დღესაც იმ ხალხის გავლენის ქვეშ იმყოფება, რომლებმაც არჩევნები მოიგეს არც ისე დიდი ხნის წინ… «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა «დაიცავი საქართველოს» წევრი კახა მიქაია.
_ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში საკმაოდ მიუვალ, სამხედრო თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობის არმქონე ადგილას სამხედრო ტომრებით შემორაგული სახლი აღმოვაჩინე. ამ კონსპირაციული სახლის ირგვლივ ტყე იყო. სახლში ჯემპრები, ქურთუკები, შარვლები და საცვლები აღმოვაჩინეთ. ერთ-ერთი შარვალი პიკანტურ ადგილას იყო გახვრეტილი… კედელზე გარკვევით ეწერა რამდენიმე სახელი: ბალუ, ლაშა, ზაზა… ვფიქრობ, ეს არის კონსპირაციული სახლი, რომელშიც ნებაყოფლობითი რეზერვის საფარქვეშ მყოფი ადამიანები იკრიბებოდნენ. ეს გუნავას, ახალაიებისა და ქარდავას მიერ მიხეილ სააკაშვილის დავალებით შექმნილი ჯგუფი იყო, რომელსაც როლანდ ახალაია ხელმძღვანელობდა. ჩვენ ამ სახლის ადგილმდებარეობა არ გავამხილეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ტერიტორია საჭიროებს დამუშავებას, იქ შეიძლება იარაღიც იყოს. გადაღებული ვიდეომასალა შსს-ს გადავეცით. ვფიქრობ, ზონდერჯგუფებმა ეს სახლი არჩევნების შემდეგ დატოვეს.
_ ბალუ ვინ არის, თუ იცით?
_ რა თქმა უნდა, ვიცი. ისინი არიან ის ცნობილი ადამიანები, რომლებიც ზონდერ ჯგუფებში იყვნენ, მაგრამ მეტს არაფერს ვიტყვი – გამოძიებას არ დავასწრებ, გამოიძიოს, ვინ არიან, როგორ არიან და რანაირად არიან. იცით, ლევან ქარდავა ვინ არის? _ მეგის ქარდავას ძმაა. ახლა ლევან ქარდავას რომ აბრალებს პრეზიდენტი, მან ჩაუშვა ესენიო, ძმა ჩაუშვა ძმამ? ფაქტია, პრეზიდენტი ტყუის. ქარდავები, გუნავები და ახალაიები არაფერს წარმოადგენდნენ. ისინი ხალხად, თუ შეიძლება მათ ხალხი ეწოდოს, სააკაშვილმა აქცია. მანამდე მათ საზოგადოება არც იცნობდა. როლანდ ახალაია ერთი უბრალო გამომძიებელი იყო, რაც შეეხება მეგის ქარდავას, ის საბურავის ქურდი იყო. დიახ, საბურავის ქურდი, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მეგის ქარდავა სერგო ჩაჩიბაიას დაჭერილი ჰყავს საბურავის ქურდობაზე. ლევან ქარდავა კი, გითხარით, ვინც არის, მეგის ქარდავას ძმაა, ისიც ისეთივე ნაძირალაა. სააკაშვილმა, აი, ეს ნაძირალები მოიყვანა ხელისუფლებაში. ვინც დასვამს კითხვას, _ არის ეს სისტემური დანაშაული თუ არა, ის ან პროვოკატორია, ან ბრიყვი. რა თქმა უნდა, ეს სისტემური დანაშაულია, ეს მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემაა, რომელიც ძალადობაზე, ადამიანის წამებაზე, გაუპატიურებასა და გატაცებაზეა დაყრდნობილი. ამის თავი და თავი მიხეილ სააკაშვილია.
_ «ნაციონალები» კი აცხადებენ, რომ არაფერი იცოდნენ, თურმე მერაბიშვილიც არ ყოფილა საქმის კურსში…
_ რომელი საუკუნეა, რა არ იცოდნენ?! სააკაშვილმაც, მერაბიშვილმაც, ახალაიებმაც და მეგის ქარდავამაც ყველაფერი კარგად იცოდნენ. ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ: დაბალი რანგის პოლიციელები სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ახალაიების სანქციის გარეშე ვერაფერს გაბედავდნენ. ვიმეორებ, ეს მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი სისტემაა. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ვფიქრობ, უსამართლობაა მხოლოდ შემსრულებლების დაჭერა, მაშინ, როცა სააკაშვილი პრეზიდენტია, გუნავა _ გუბერნატორი, ახალაია _ დეპუტატი და ვანო მერაბიშვილი კი თითქმის პოლიტპატიმრადაა გამოცხადებული; პირველ რიგში, სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი და მისი ე. წ. ვერხუშკა: მერაბიშვილი, ახალაიები, ადეიშვილი, გუნავა და ბოკერია უნდა დაისაჯონ.
_ რისთვის სჭირდებოდათ ეს ჩანაწერები და იარაღის ის არსენალი, რომელიც ვნახეთ?
_ ჩანაწერები _ შანტაჟისთვის. ჩვენ გვქონდა საქმე არამხოლოდ მოძალადეებთან, არამედ ავადმყოფებთანაც, ადამიანებთან, რომლებიც ხალხის წამებას იღებენ და შემდეგ უყურებენ, დიახ, სააკაშვილი ამ კადრებს თავის კაბინეტში უყურებდა.
_ კიდევ ხომ არ არის ასეთი სამალავები, თქვენც ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას ინფორმაცია ახალაიამ მიაწოდა?
_ დარწმუნებული ვარ, ბევრი სამალავი იქნება და არამხოლოდ სამეგრელოში. ამ ზონდერჯგუფებს ახალაია მარტო სამეგრელოში არ ქმნიდა. იყო ასეთი ვარიანტი – თუ «ნაცები» გაყალბებით მოიგებდნენ არჩევნებს, ხალხი გამოვიდოდა ქუჩაში და ამ ზონდერჯგუფებს დაუპირისპირებდა. ეს მხოლოდ ერთი მიზნისთვის იქმნებოდა _ ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. აი, ეს არის მთავარი მოტივი ამ ზონდერჯგუფების შექმნისა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელისუფლებას დათა ახალაიამ მიაწოდა სამალავის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია. მე ამას გამოვრიცხავ.
«საქართველო და მსოფლიო» «ქართული ოცნების» წევრს _ ბეჟან გუნავასაც ესაუბრა.
_ «ნაციონალურ მოძრაობას» უნდა, დაამტკიცოს, რომ ეს არ იყო სისტემური დანაშაული. არადა, სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე. სისტემა თავიდან ბოლომდე ასეთ ქმედებებზე იდგა. სააკაშვილის რეჟიმი უნდა გასამართლდეს. რაც შეეხება იარაღის არსენალს, დიდი ფანტაზიის უნარი აქვს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, მან საქართველოში 9 წლის განმავლობაში უამრავი პროვოკაცია მოაწყო და ეს იარაღის არსენალიც, ალბათ, მორიგი პროვოკაციისთვის სჭირდებოდა.
როგორც ვიცი, არამარტო ოპონენტებზე ჰქონდათ ჩანაწერები, არამედ თავიანთ თანაგუნდელებსა და სასულიერო პირებზეც. ბევრი შემზარავი მასალა გააჩნია შსს-ს. ვფიქრობ, ეს არის სრული ლუსტრაცია იმისა, თუ ვისთან ჰქონდა ქართველ ერს საქმე. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მიაწოდა ხელისუფლებას ინფორმაცია ამ სამალავის თაობაზე, არა მგონია, რომ ეს ინფორმაცია ახალაიას მიეწოდებინა, ის იმ ტოტს არ მოჭრიდა, რომელზეც ზის. ახალაიას გარეშე, ბუნებრივია, ასეთი ქმედებები ვერ განხორციელდებოდა.
_ როგორ ფიქრობთ, ვინ გასცა ინფორმაცია?
_ ჩემი აზრით, ლევან ქარდავამ _ მეგის ქარდავას ძმამ. დიახ, ეს ინფორმაციები, ალბათ, უფრო აქედან მოდის. ქარდავა საკუთარი თავის გადასარჩენად ამას ნამდვილად გააკეთებდა, მაგრამ ამავე დროს ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ შსს-მ საკმაოდ კარგად იმუშავა. დარწმუნებული ვარ, ის თითო-ოროლა ადამიანი, რომელიც «ნაციონალური მოძრაობის» მომხრე იყო (ილუზიებში იმყოფებოდნენ), განუდგება მათ. «ნაციონალური მოძრაობის» სრული ლუსტრაცია მოხდა. ვფიქრობ, ეს არის ისეთი სკანდალი, რომელიც მსოფლიო პოლიტიკის ყურადღების ცენტრში იქნება. ამ ადამიანებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ატყუებდნენ ერს, შექმნეს ისეთი რეჟიმი, როგორიც უახლეს ისტორიაში, ალბათ, არ ყოფილა, რაღაც ქართული, ასე ვიტყოდი, ფაშისტურ-პროვინციული რეჟიმი, რომელმაც ბევრი ადამიანი გაამწარა და ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ გამოაშკარავდა. აქვე გეტყვით, რომ მე პირადად, წინააღმდეგი ვარ ამ ფირების განადგურების, მანამ, სანამ ყველა ის ადამიანი, რომელმაც ამ ფირების შექმნაში მიიღო მონაწილეობა, არ აგებს პასუხს კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით.
აი, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განადგურდეს ეს ფირები. როგორც ჰიტლერი და მისი ნაცბანდა გასამართლდა, ზუსტად ისე უნდა გასამართლდეს სააკაშვილი და მისი ნაცბანდა.
_ ის ადამიანები, რომლებმაც 2007 წელს სამეგრელოში სასტიკად გცემეს, თუ დაისაჯნენ? არ ითხოვთ მათ პასუხისგებაში მიცემას?
_ რა თქმა უნდა, ვითხოვ… არა იმიტომ, რომ მე ვიღაცის დასჯის სურვილი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ სამართლიანობა აღდგეს, რათა მომავალში მსგავსი რამ არავინ გაბედოს. და თქვენი გაზეთის საშუალებით კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას – გამოიძიონ ეს საქმე და დასაჯონ დამნაშავეები. მაშინ აშკარად მოხდა პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა და ამ კვალიფიკაციით ეს საქმე არ წასულა, რაც, ბუნებრივია, არ მიკვირს. ყველა ის ადამიანი, რომლებიც ამ თავდასხმაში მონაწილეობდნენ, დააწინაურეს, ზოგი საპარლამენტო სიაში მოხვდა, ზოგი კი გამგებლად დაინიშნა. იმედია, სამართლიანობა ახლა მაინც აღდგება.
ესაუბრა
ქეთი ხომერიკი
მიშამ თქვა ჩემი ბრძანებით მოეწყო ეს სამალავებიო. სადაა დანერჩენი?
სად ბეჟან გუნავა და სად სამართალი? ეს ადამიანი ახლოს არ უნდა გაიკაროს დღევანდელმა ხელისუფლებამ. ამაზე საშიში, მხდალი, ორპირი და მექრთამე ადამიანი არ ყავს სამეგრელოს. მეორე ადგილს ამ კრიტერიუმით თენგო ჯგუშიას და მესამეს ლალი ანთიას მივცემდი. დეპორტი მათ პოლიტიკიდან!!!