Home რუბრიკები საზოგადოება «შავი პოლკოვნიკები» და «ვარდისფერი ეფრეიტორი»

«შავი პოლკოვნიკები» და «ვარდისფერი ეფრეიტორი»

1021

უკვე დიდი ხანია, ქართულ საზოგადოებაში  მომწიფდა აზრი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები ხელახლა უნდა იქნეს შესწავლილი და სამართლიანად გამოძიებული. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების აუცილებლობა მდგომარეობს იმაშიც, რომ თავის დროზე ეს გამოძიება ჩატარდა სამხედრო სპეციალისტების გარეშე და დიდი პრინციპულობით არ გამოირჩეოდა.

კომისიას ჩვენების მისაცემად არ გამოუძახებია სამხედრო და შეიარაღებული ძალების ისეთი საკვანძო თანამდებობის პირები, როგორებიც არიან: სამხედრო ძალების გენერალური შტაბის უფროსი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ჯარების სახეობების სარდლები, დაზვერვისა და სხვა თანამდებობების პასუხისმგებელი პირები.

საგამოძიებო კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ პაატა დავითაიას დღესაც ჰგონია, რომ მან ჩვენება ჩამოართვა გენერალური შტაბის უფროსს, მაგრამ თვითონაც არ იცის, რომელი სტრუქტურის, ვინაიდან კონსტიტუციით გათვალისწინებული სამხედრო ძალების გენერალური შტაბის უფროსი საერთოდ არ დანიშნულა (რითაც პრეზიდენტმა დაარღვია ძირითადი კანონის 73-ე მუხლის მე-4 პუნქტი), ხოლო ზაზა გოგავა გახლდათ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი.

2008 წელს და დღესაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა აკისრია სამხედრო ძალებს (მ. 98, პ. 2), 1995 წლიდან პრაქტიკულად არარსებულ სტუქტურას, რითაც ისევ ირღვევა კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.

2008 წლის 8 აგვისტოს პრეზიდენტმა განაცხადა: «საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია» (გაზეთი «საქართველოს რესპუბლიკა», 9 აგვისტო), ხოლო ამავე გაზეთის ცნობით: «9 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა» (10 აგვისტო). ამავე დღეს პარლამენტმა დაამტკიცა 2008 წლის 9 აგვისტოს #402 პრეზიდენტის ბრძანებულება: «საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ». პარლამენტარებს დაავიწყდათ, რომ კანონით «მობილიზაციის შესახებ» ცხადდება არა სრული, არამედ «საერთო მობილიზაცია» (მ. 2).

რატომ დასჭირდა პრეზიდენტს 1 დღე სიტუაციის გასარკვევად?

რა იყო მისთვის გაუგებარი?

საომარი მდგომარეობის გამოცხადების დაგვიანებით ხომ არ დაირღვა ძირითადი კანონის 73-ე მუხლის 1-ლი ზ) ქვეპუნქტის მოთხოვნა:

«ზ) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას…»

ცნობისათვის: აგრესია (ლათ) _ შეიარაღებული თავდასხმა სხვა ქვეყანაზე (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, მთ. რედაქტორი არნ. ჩიქობავა).

როგორც ომის მსვლელობამ გვიჩვენა, ქართული ჯარი არ მზადდებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და მისთვის მეორეხარისხოვანი ამოცანის _ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება გადაიქცა მთავარ ამოცანად. ან როგორ უნდა შეესრულებინა მას საბრძოლო ამოცანა, როდესაც შეიარაღებულ ძალებს საერთოდ არ გააჩნდა მომზადებული რეზერვი და ვითომ მის მომზადებაში ყოველწლიურად ათეულ მილინობით ლარი იხარჯებოდა.

განა კანონი «სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ» არ იყო დანაშაულებრივი? ამ კანონმა გასცა სრულიად საიდუმლო ინფორმაცია _ ქართულ ჯარს 2008 წელს ბრძოლისუნარიანი რეზერვი არ გააჩნდა, ან რამდენად შეესაბამებოდნენ დაკავებულ თანამდებობებს თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვები? ესეც ხომ სადაზვერვო ინფორმაციაა. მათ არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს პრეზიდენტის მიერ 8 აგვისტოს გაკეთებული განცხადებაც:

«ჩვენ რუსეთისგან ასეთ რეაქციას არ მოველოდით»-ო.

აბა რას მოელოდით?

სად იყვნენ მაშინ ამდენი დაზვერვები, ანალიტიკური ცენტრები, სტრატეგიული თუ გეოსტრატეგიული კვლევითი და სხვა ინსტიტუტები? სად გამოჩნდა იმ დროს მათი შემოქმედებითი ინტელექტუალური აზროვნება?

ბევრს ადრეც და დღესაც ჰგონია, რომ სამხედრო საქმე იმდენად მარტივი და იოლია, რომ მის ასათვისებლად მაინც და მაინც დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო და რომ ბავშვობაში «ომობანას თამაშში» მიღებული «გამოცდილება» საკმარისია ჯარში მაღალი თანამდებობის დაკავებისთვის და ექსპერტობისთვისაც.

2008 წელს ზოგიერთ მაღალჩინოსანსაც ასე ეგონა და ამიტომ მათ, იოლი წარმატების მოლოდინში, რომ არ გამორჩენილიყვნენ ჯილდოებს, წინასწარ «მკერდი გაისუფთავეს» ორდენებისა და მედლებისთვის, ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად მიაშურეს ფრონტის ხაზს ბრძანებების გასაცემად. მაგრამ, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, არც ერთ მათგანს მეთაურის თვისებები და მხედართმთავრის ნიჭი არ აღმოაჩნდა.

როგორც ყოფილი მზვერავი, შეჩვეული ვარ ვითარების ანალიზს. 2008 წლის 8 აგვისტომდე ვერც სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებებში და ვერც გაზეთ «საქართველოს რესპუბლიკაში» რუსეთის ჯარების არსებობა (სამშვიდობოების გარდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში) სხვაგან ვერსად აღმოვაჩინე.

შევაფასოთ გაზეთ «საქართველოს რესპუბლიკაში» გამოქვეყნებული სტატიები:

2008 წლის 9 აგვისტო:

«სამხრეთ ოსეთის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შეიარაღებული თავდასხმების აღსაკვეთად, საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, მიეღო ადეკვატური ზომები _ განაცხადა გუშინწინ ღამით საქართველოს მთავრობამ» _ .. 7 აგვისტოს ღამით;

თემურ იაკობაშვილი: «საქართველოს მიზანია, არა დაიპყროს უღიარებელი რესპუბლიკა, არამედ ბოლო მოუღოს კრიმინალურ რეჟიმს»;

მამუკა ყურაშვილი: «დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა».

სად ჩანს აქ რუსის ჯარი?

რუსის ჯარი გამოჩნდა მხოლოდ 8 აგვისტოს 12 საათისთვის.

იმისათვის, რომ ნათელი გახდეს, თუ ვინ დაიწყო საომარი მოქმედებები სამხრეთ ოსეთში, სხვა მტკიცებულებების გარდა, საკმარისია, მოვიყვანო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის _ ჯორჯ ბუშის სიტყვები:

«მე გამოვთქვი სერიოზული შეშფოთება არაპროპორციული პასუხის გამო და ვთქვი, რომ ჩვენ ვგმობთ სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ დაბომბვას…» («საქართველოს რესპუბლიკა», 2008 წლის 12 აგვისტო).

რა არის აქ გაუგებარი?

ნუთუ გამოძიების მოწინააღმდეგეები ვერ ამჩნევენ, თუ როგორ შემცირდა ქვეყანა 2008 წლის აგვისტოში ხელისუფლების გაუაზრებელი ქმედებების შედეგად? დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, რათა სხვებისთვის მაგალითი იყოს. ამაზე მეტი რაღა უნდა დაკარგოს ქვეყანამ?

თუ როგორ ექცეოდნენ თანამდებობის პირებს სხვა ქვეყნებში სამსახურეობრივი გულგრილობისთვის, დოყლაპიობისთვის და დანაშაულებრივი ქმედებისთვის, მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:

1973 წელს, ოქტომბრის თვეში ეგვიპტის ჯარმა ისრაელისთვის მოულოდნელად გადალახა სუეცის არხი და გარკვეული ტერიტორია დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა სწრაფად აღადგინა წონასწორობა, თავმოყვარე პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი გადადგნენ, გენერალური შტაბის უფროსი გადააყენეს, ხოლო უშუალო პასუხისმგებელი პირები გაასამართლეს;

1980 წელს არგენტინის პრეზიდენტმა გალტიერიმ, შელახული ავტორიტეტის ასამაღლებლად, დაამყარა კონტროლი ინგლისთან სადავო ტერიტორიაზე ფოლკლენდის კუნძულებზე. დიდმა ბრიტანეთმა გაათავისუფლა ეს კუნძული არგენტინელებისგან, მაგრამ იმისათვის, რომ ეს ოპერაცია უშედეგო აღმოჩნდა, პრეზიდენტი გალტიერი გადააყენეს და პასუხისგებაში მისცეს;

1986 წელს მოყვარულმა გერმანელმა მფრინავმა 9 მაისს სპორტული თვითმფრინავი წითელ მოედანზე დასვა. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის დოყლაპიობისთვის საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი გადააყენეს, ხოლო უშუალო პასუხისმგებელი პირები გაასამართლეს.

ჩვენთან ვინ დაისაჯა ან ვის ეყო თავმოყვარეობა და გადადგა? არავინ!

კიდევ ერთი მაგალითი.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში, ჩინეთმა გადაწყვიტა შეიარაღებული გზით კუნძულ ტაივანის შემოერთება. ამის საწინააღმდეგოდ აშშმა ტაივანის სრუტეში ჩააყენა თავისი სამხედროსაზღვაო ძალები და ჩინეთს არ მისცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უფლება ძალისმიერი მეთოდებით.

თუ ახსოვდა ამის შესახებ ჩვენს მთავრობას 2008 წელს?

2013 წლის მარტში თავდაცვის სამინისტროში მიიღეს გადაწყვეტილება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ოპერატიული დაჯგუფებების შექმნის შესახებ. ამოცანა: «დასავლეთ საქართველოს» და «აღმოსავლეთ საქართველოს» დაცვა მოწინააღმდეგის აგრესიისგან.

ძალიან ძნელია, დაეთანხმო ასეთი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, როდესაც კარგად გახსოვს, თუ როგორ ყალიბდებოდნენ და შემდგომში როგორ უქმდებოდნენ ოპერატიული გაერთიანებები, შენაერთები, სამხედრო ნაწილები, სამმართველოები, დაწესებულებები და სხვა ორგანიზაციები ქართულ ჯარში.

და ასეთი სტრუქტურული ცვლილებების ძირითადი მიზეზი იყო თავდაცვის მინისტრის სუბიექტური მიდგომა შეიარაღებული ძალებისადმი.

მარტო  1993-2000 წლებში სამჯერ შეიქმნა და მერე ისევ გაუქმდა სახმელეთო ჯარები და ერთხელ დასავლეთის და აღმოსავლეთის ოპერატიული დაჯგუფებები. სხვა სუბიექტებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

პირველად სახმელეთო ჯარები ჩამოყალიბდა 1993 წლის ნოემბერში გენერალ ყარყარაშვილის მინისტრობის დროს სრულიად კონკრეტული ამოცანით. მას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაევალა. გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა გენერალი ნიკოლაიშვილი, სახმელეთო ჯარების სარდლად _ გენერალი გუჯარ ყურაშვილი. შტაბი და ბრიგადების ხელმძღვანელობა დაკომპლექტდა გამოცდილი კადრებით. დაიწყო გეგმიური და მიზანმიმართული საბრძოლო მომზადება, გამყარდა დისციპლინა, ამაღლდა სულისკვეთება, გაუმჯობესდა მომარაგება.

ეს იყო ქართული ჯარის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი.

შემდგომში თავდაცვის მინისტრების ცვლასთან ერთად იცვლებოდა მათი მიდგომაც სახმელეთო ჯარებისადმი და, როგორც წესი, სარდლის თავიდან მოცილების მიზნით, აუქმებდნენ ჯარების სახეობას. ამ პერიოდში ბრიგადები რჩებოდნენ უპატრონოდ, ამოცანების გარეშე. გამოჩნდებოდნენ ჰორიზონტზე «სასურველი პიროვნებები» და მათთვის ისევ იქმნებოდა სახმელეთო ჯარები, ოპერატიული დაჯგუფებები და ყველაფერი თავიდან იწყებოდა, ძველი, თუნდაც, დადებითი, მივიწყებას ეძლეოდა.

აბა, ვინ გააჩერებდა თანამდებობაზე გუჯარ ყურაშვილს, რომელიც გამუდმებით ღიად იბრძოდა უვიცების, მლიქვნელების და კორუპციის წინააღმდეგ, აკრიტიკებდა ხელმძღვანელობას მოძველებული ტექნიკის შესყიდვებისათვის.

1999 წელს, როდესაც რუსეთმა წამოიწყო მეორე საომარი კომპანია ჩეჩნეთის წინააღმდეგ ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მაშინ ჩვენი ჯარი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ასეთივე ამოცანის შესასრულებლად. როგორც ყოველთვის, რაიმე ახალი სტრუქტურის შექმნის აუცილებლობას თან ახლდა «ძალიან მყარი არგუმენტები» და «ზუსტად გათვლილი გეგმა». და თუ როგორ იყო ყველაფერი «ზუსტად გათვლილი», დავინახეთ 2008 წლის აგვისტოში.

როგორ შეიძლებოდა, ჯარში ჩამოყალიბებულიყო ქართული სამხედრო ინტელიგენცია, ჯანსაღი ტრადიციები, ოპერატიულად მოაზროვნე პიროვნება, როდესაც მათ თავდაცვის მინისტრებად უნიშნავდნენ ყოფილ პროკურორს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სასჯელაღსრულების ორგანოების ყოფილ ხელმძღვანელებს, საფინანსო პოლიციის ყოფილ უფროსს? ვინ გააჩერებდა მაშინ იქ მათზე უფრო ჭკვიან სამხედრო მოსამსახურეებს?

ამიტომაც ვთვლი, რომ ოპერატიული სარდლობების შექმნაც წინდაუხედავი ნაბიჯია. ასეთი სერიოზული სტრუქტურების ჩამოყალიბება მოუმზადებელი კადრებით, მწირი რესურსებით და ზუსტად გათვლილი გეგმის გარეშე შეუძლებელია.

იმისათვის, რომ ზუსტად განვსაზღვროთ, თუ როგორი ჯარი გვჭირდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, საჭიროა, ზედმიწევნით დავადგინოთ, თუ როგორ მოწინააღმდეგესთან გვექნება საქმე, ვიცოდეთ მისი სუსტი და ძლიერი მხარეები, შესაძლებლობები, მოქმედებების გეგმები. და ეს რომ დავადგინოთ, საჭიროა, შეიქმნას მძლავრი დაზვერვა, და პირველ რიგში ელექტრონული დეშიფრირების ცენტრით, რომელსაც შეუძლია წინასწარ დაადგინოს მოსალოდნელი საფრთხე და ამით დიპლომატიური თუ სხვა გზების მეშვეობით შევძლოთ ამ საფრთხის თავიდან აცილება.

მე ჩემს თავს იმიტომ ვაძლევ ქართული ჯარის მდგომარეობის შეფასების ამდენ უფლებას, რომ კარგად მაქვს წარმოდგენილი, თუ როგორ ყალიბდებიან და გამოიყურებიან ბრძოლისუნარიანი და დისციპლინირებული მოტივირებული სამხედრო ნაწილები და შენაერთები, როგორ მუშაობდნენ და გეგმავდნენ ოპერაციებს თუ სხვა ღონისძიებებს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სამმართველოები და მმართველობის სხვა ორგანოები როგორც მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან, ასევე საველე სწავლებების პოზიციებიდან.

1979-1988 წლებში ვმსახურობდი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის დაზვერვის სამმართველოში (მებარა დაზვერვის ნაწილების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის მიმართულება) და სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ხშირად მიხდებოდა მივლინებებით ყოფნა ოპერატიული გაერთიანებების და ტაქტიკური შენაერთების შტაბებში, საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფის ნაწილებში, და იქ ჩვენი თანამემამულენი იშვიათად შემხვედრია, ხოლო დამგეგმავ და მაორგანიზებელ ორგანოებში (სამი პიროვნების გარდა) არ მსახურობდნენ.

და ამ დარგის სპეციალისტების ნაკლებობა დღესაც ამჩნევია ქართულ ჯარს.

1974 წელს საბერძნეთში ქვეყნის სათავეში 1967 წელს ძალადობრივი გზით მოსულმა სამხედრო ხუნტამ მოახდინა სამხედრო გადატრიალება კვიპროსზე. ამის საპასუხოდ თურქეთმა კუნძულზე გადასხა მე-11 საარმიო კორპუსი და თურქული მოსახლეობის 18%-მა ტერიტორიის 40% დაიკავა. 1975 წელს ამ ტერიტორიაზე შეიქმნა კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელიც მაშინვე ცნო თურქეთმა, მოგვიანებით კი _ აზერბაიჯანმაც.

მიუხედავად იმისა, რომ «შავმა პოლკოვნიკებმა» (მათ ასე უწოდებდნენ) კარგად იცოდნენ, რომ კვიპროსის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საკონსტიტუციო წყობილების გარანტად ითვლებოდნენ დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი და თურქეთი, და, რომ საბერძნეთსა და თურქეთს კუნძულზე მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში უფლება ჰქონდათ თავისი ჯარების განლაგებისა, სამხედრო ხუნტა მაინც წავიდა ავანტიურაზე და შედეგად კუნძულ კვიპროსზე მიიღო ორი სახელმწიფო _ ბერძნული და თურქული, რომლებიც დღესაც განცალკევებულად ცხოვრობენ.

და მე არ მახსოვს, რომ საბერძნეთის რომელიმე პოლიტიკურ მოღვაწეს დაეცვას «შავი პოლკოვნიკები», ან წინააღმდეგი გამოსულიყო მათი გასამართლებისა.

არც ერთ მათგანს არც კი წამოსცდენია ის, რომ საქმის გამოძიებით და დამნაშავეების დასჯით ავტორიტეტი შეელახებოდა ქვეყანას და ამ ქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა კვიპროსზე ორი რესპუბლიკის ცნობა სხვა სახელმწიფოებისგან.

დღეს კვიპროსზე თურქულ რესპუბლიკას ცნობს მხოლოდ ორად-ორი სახელმწიფო: თურქეთი და აზერბაიჯანი.

2013 წლის 26 მაისს 172 ახალწვეულმა დადო სამხედრო ფიცი და ამ აქტით ისინი (სამოქალაქო პირები) გახდნენ სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ეს შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდებით არის გათვალისწინებული.

ამით დასრულდა სამხედრო ფიცის მიღების მლიქვნელური პერიოდი, როდესაც სამხედროებს ფიცს ადებინებდნენ არა საქართველოს წინაშე, როგორც ეს ფიცის ტექსტით არის გათვალისწინებული, არამედ ხან უმაღლესი მთავარსარდლის, ხან ახალარჩეული პრეზიდენტის წინაშე, ხან პარლამენტის მიერ დაუმტკიცებელ ტექსტზე.

ფიცის დადების დამახინჯებული რიტუალის წინააღმდეგ არაერთხელ დაწერილა გაზეთ «საქართველო და მსოფლიოში», მათ შორის #6 (2012 წლის 15-21 თებერვალი, გვ. 29). მისასალმებელია, რომ სამხედრო უწყებამ გაზეთის რეკომენდაციები გაითვალისწინა.

ახლა უკვე დროა, რომ პრეზიდენტმაც განცხადების გაკეთების მაგივრად, ფიცის დადებისას წარმოთქვას სიტყვა «ვფიცავ», იგივე უნდა გააკეთოს პრემიერ-მინისტრმაც და ამით პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყნის მართვაზე.

პარლამენტარებმაც ფიცი უნდა დადონ არა განცხადების ტექსტზე, არამედ მათივე მიერ დამტკიცებულ ფიცის ტექსტზე, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია წესად მიღებული.

სახელმწიფო დღესასწაული, 26 მაისი, აღინიშნა ქვეყნის 26 ქალაქში. ჩატარებული ღონისძიებები კარგად იყო ჩაფიქრებული და მშვენივრად ორგანიზებული. მაგრამ მაინც, ჩემი აზრით, მას აკლდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი _ აღლუმზე არ გაისმა სამხედრო ქვედანაყოფების მიერ შესრულებული ქართული სიმღერა.

არადა, ასეთი სანახაობა ნამდვილად აღაფრთოვანებდა მოსახლეობას, პატრიოტულ სულისკვეთებას აუმაღლებდა, მომავლის იმედს ჩაუსახავდა მას, ტრადიციებს შეახსენებდა.

ცნობილია, რომ სიმღერა ჯარისკაცს განწყობას უმაღლებს, დაღლილობას ავიწყებს და გადაადგილებას უადვილებს.

ქართული სიმღერით მიმავალი სამხედრო ქვედანაყოფების დანახვაზე ცოტას მაინც დაამშვიდებდა 17 მაისის მოვლენებით აღშფოთებული მოსახლეობის დიდ უმრავლესობა, ხოლო ამ მოვლენებით უკმაყოფილო იმ ჯგუფს, რომელიც არ იზიარებს უმრავლესობის მოსაზრებებს, მინდა შევახსენო, რომ ქართულ ტრადიციებში და ზნე-ჩვეულებებში უკვე ჩადებულია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აგრეთვე, მოვალეობები.

უფლება პასუხისმგებლობის გარეშე შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს. გავიხსენოთ 2008 და გასული საუკუნის 90-იანი წლები.

სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღე ავღანეთში განლაგებულ ქართული ჯარის კონტიგენტს პირადად მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა.

მე გამაკვირვა მისი გამოსვლის და განსაკუთრებით იმ საუბრის შინაარსმა მაგიდასთან მჯდომ იმ სამხედრო მოსამსახურესთან, რომელმაც მოიგერია და შემდგომში გაანადგურა თავდასხმელები 13 მაისს. ამ საუბარში პრეზიდენტმა რამდენიმეჯერ გაიმეორა სიტყვა «მოკალი».

დაავიწყდა, ალბათ, ბატონ პრეზიდენტს, რომ მოწინააღმდეგეს (ავღანელები მოწინააღმდეგეები არიან და არა მკვლელები თავიანთ სამშობლოში) კი არ კლავენ, არამედ ანადგურებენ ან მწყობრიდან გამოჰყავთ, ხოლო, თუ საჭიროა, დახმარებას აღმოუჩენენ დაჭრილებსა და უგონოდ ჩავარდნილებს.

თავისი გამოსვლიდან და სამხედროსთან საუბრისას მან დაამტკიცა თავისი ხასიათის არადემოკრატიულობა და კიდევ ბევრი სხვა რამ. მას დაავიწყდა, თუ სად იმყოფებოდა და რომელი ქვეყნის პრეზიდენტია.

სიტყვას «მოკალი», «მოვკალი» ადამიანების მიმართ გამოიყენებენ ბანდიტები, მაფიოზები, მკვლელები.

კარგი იქნება, თუ სამხედროების წინაშე გამოსასვლელ ტექსტს ის წინასწარ მოამზადებს ან მოუმზადებენ. დაუმთავრებელი და ლოგიკას მოკლებული წინადადებებით ჯართან საუბარი შეურაცხყოფას აყენებს მათ. მას ნუ ჰგონია, რომ სამხედროები (მათ ასაკში?) ვერ აზროვნებენ და მეხსიერება დაკარგული აქვთ.

ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სამხედრო მოსამსახურეები პატივს სცემენ ქვეყნისადმი თავდადებულ, საქმის მცოდნე, სამართლიან, მომთხოვნ და ქვეშევრდომებზე მზრუნველ მეთაურს.

ასეთ უფროსს ხელქვეითები ენდობიან და უყოყმანოდ ემორჩილებიან. მას არ გაუჭირდება ქვედანაყოფის მართვა რთულ პირობებშიც.

პატივისცემით,

ალექსანდრე ტოლსტოი

 

1 COMMENT

  1. ბევრ რამეში ვეთანხმები სტატიის ავტორს თუმცა რაღაც მაინც აკლია ასევ ვფიქრობ. ის რომ რუსეთი არ უხსენებიათ ეს იმას არ ნიშნავს რომ ის იქ არ ყოფილა ეს ჩვენი მთავრობის დილეტანტიზმის ბრალი იყო აბა კარგად გაიხსენეთ 6–7 აგვისტო ბაღაფშის განცხადება როგორ თქვა ღიათ რომ მე ვესაუბრე კოკოითს და მან მითხრა რომ სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა იქ შესულია ჩრდილო კავკასიის ერთი ბატალიონი? გარდა ასეთი განცხადებებისა სავსე დაზვერვის მონაცემებით ჯავასთასნ სოფელი უგარდანტა სადაც ყოველგვარი სტატუსის გარეშე იდგა რუსული ჯარი ანდა სოფელი მსხლები სადაც ასევე ყოველგვარი სტატუსის გარეშე იდგა რუსული ჯარი და ტექნიკა ის რაც დაგვემართა ჩვენი დილეტანტიზმის უცოდინრობის გამყიდველობის და საკუთარი კუჭის პატრიოტიზმის ბრალია. ის რომ დღეს დღეობითაც არ არსებობს თავდაცვის სამინისტროში ღირსეული კდარები ის რომ ჯარისკაცის და ოფიცრების დამოკიდებულება გულის ამრევად ცუდია და ათასი სხვა რატომ არ შეიქმნა გენერალთა მიერ დაკომპლექტებული სამხედრო საბჭო რომლებიც რეკომენდაციებს გაუწევდა მინისტრს სადაც უნდა შესულიყვნენ ყარაყარაშვილი თევზაძე ცხეიძე კობალაძე და სხვები კიდე ისევ ნაც ოფიცრებითაა სავსე ჯარი და ამაშია მთელი უბედურებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here