Home რუბრიკები საზოგადოება ელიზბარ ჯაველიძე: იწყება ევროპის სიკვდილი!

ელიზბარ ჯაველიძე: იწყება ევროპის სიკვდილი!

864

ქართულ ზნეჩვეულებებთან და მართლმადიდებლობასთან ბრძოლამ უკვე გამოკვეთილი სახე მიიღო და ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნულად მოაზროვნე მეცნიერთა და მოღვაწეთა ნააზრევის გაცნობა და გაცნობიერება. ამიტომაც გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ ფრაგმენტები აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის 2007 წელს გამოცემული წიგნიდან «ავაჰმე, ჩემო მამულო!..»

მთავარი დარტყმის ობიექტი მაინც არის ოჯახი, რომელიც ოდითგანვე იყო ადამიანის ზნეობრივი სრულქმნისა და ტრადიციების შენარჩუნების ძირითადი წყარო. უკვე 1954 წელს გამოცემულ ალისა ბელის ნაშრომში «ახალი საუკუნის განათლება» ხაზგასმულია, რომ ოჯახის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს და მისი არსი და დანიშნულება სხვაგვარად უნდა მოვიაზროთ… უპირველეს ყოვლისა, მეუღლეთა ურთიერთღალატი გამოცხადებულია, როგორც «ბუნებრივი შედეგი თანამედროვე ქორწინებისა». მეტიც, ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიაში გათვითცნობიერებულმა ქალებმა არ უნდა გაკიცხონ თავიანთი მეუღლეები, თუკი მათ «მონოგამიის ბილიკს» გადაუხვიეს და, პირიქით, უნდა წაახალისონ ისინი. ამასთანავე, მათ უნდა იცოდნენ, რომ «დიდი ოჯახი თავისთავად საშიშია, რადგანაც ყოველი მომდევნო შვილი ოჯახის ცხოვრების დონეს დაბლა წევს». ფემინისტები უფრო შორს მიდიან. ისინი ქორწინებას მიიჩნევენ, როგორც ძალადობისა და ჩაგვრის შედეგს, როგორც მონათმფლობელობის ინსტიტუტს, რომელიც უნდა გაუქმდეს. ისინი ფიქრობენ, რომ ქორწინება მრუშობის ერთგვარი სახეობაა, ხოლო ოჯახი _ დრომოჭმული საზოგადოებრივი ინსტიტუტი, რომელიც ციხესა და კატორღას აგონებს მათ და ვიდრე ის იარსებებს, ქალი თავისუფლებას ვერ მოიპოვებს. ერთი სიტყვით, ყოველმხრივ უტევენ ოჯახის ინსტიტუტს, რომლის სიკვდილთან ერთად იწყება ევროპის სიკვდილიც. ალბათ, ამის გამოა, რომ დღეს ინგლისში ყოველ მეხუთე ქალს არ სურს ბავშვის ყოლა, ხოლო შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი 1997 წელს სიამაყით გამოაცხადეს, როგორც «პირველი პოსტოჯახური ქალაქი», რადგანაც მისი მოსახლეობის ორი მესამედი, «თავისუფალი სიყვარულის» იდეით შეპყრობილი, არც როდის ყოფილა დაოჯახებული და არც აპირებდა ოჯახის შექმნას. «თავისუფალი სიყვარულის» იდეოლოგები კი უპირველესად მოითხოვენ, რომ სექსუალური განათლება დაინერგოს ბავშვებში, მათ არ უნდა შთავუნერგოთ ზნეობრივი უბიწოების აზრი, ისინი თავისუფლად უნდა მიეცნენ სექსს, რადგანაც ეს მათი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ოღონდაც, საზოგადოებამ მათ უნდა დაუწესოს კონტროლი, რათა არ შობონ ბავშვები. ახალგაზრდებს უნდა გავაგებინოთ, «სექსი არის სიყვარულის კულმინაცია, იგი აძლიერებს ინტუიციას, აჯანსაღებს ფიზიკურად და სულიერად ადამიანს… ასევე გავაგებინოთ, რომ სექსის ყველა სახეობა ბუნებრივია და გარყვნილებად არ აღიქმება, თუ ძალადობასთან არ გვაქვს საქმე. გარყვნილება ეს არის _ მრავალშვილიანობა…»

ასე «ანათლებენ» დღეს მარგარეტ ზანგერის მიმდევარი «სექსოლოგები» ახალგაზრდობას. თავის დროზე კი უკვე ხანდაზმული მარგარეტი საკუთარ თექვსმეტი წლის შვილიშვილს ასე აწონებდა თავს: «რაც შეეხება სექსუალურ კავშირებს, უნდა გითხრა, რომ პირადად ჩემთვის დღეში სამი აქტი ზედგამოჭრილი იყო».

ახლა ჩვენ ვერ შევუდგებით იმის გარკვევას, თუ რომელ ქალბატონს დღიურად რამდენი აქტი აკმაყოფილებს, ეს სექსოპათოლოგიის მკურნალთათვის მიგვინდვია. მაგრამ ფაქტი ერთია, ამდაგვარმა ე.წ. თავისუფალმა თვალსაზრისებმა წარყვნეს და ამორალობის აბლაბუდაში გაახვიეს თანამედროვე ახალგაზრდობა, რაც უმთავრესი მიზანი იყო და არის ლიბერალ-გლობალისტებისა…

მორალი თანდათან კარგავს უმთავრეს ფუნქციას _ ადამიანის გაკეთილშობილების და ღირსების შეძენას რომ აპირობებს. აი, სწორედ ესაა ლიბერალ-»კაცთმოყვარე» ძირითადი ამოცანა და სწორედ ამიტომაც ყოველნაირად ცდილობენ ადამიანი გააცხოველონ. თუმცაღა ამას იქმიან სწორედაც დამალვის, შეფარვის მეთოდით და სურთ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ეს მათი ქვებუდანობა ხალხზე ზრუნვით და მომავალზე ფიქრით არის მხოლოდ ნასაზრდოები.

ჰუმანიტარული მანიფესტები

ამ მხრივ უფრო საყურადღებოა ის «ჰუმანიტარული მანიფესტები», რომელსაც გლობალისტები გვთავაზობენ. ისინი განსხვავებულ დროსა და ვითარებაში შექმნეს: ერთი 1933 წელს დაიწერა დასავლეთელი ჰუმანისტების მიერ. სხვათა შორის, მის შემქმნელთა შორის იყო ჯონ დიუი, რომელმაც დაანგრია ამერიკის კლასიკური განათლების სისტემა და, საერთოდ, საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა შემდგომში მიმდინარე სასკოლო რეფორმებზე. მეორე 1973 წელს შეიქმნა ასევე დასავლეთელი «მეგობრების» და «ცნობილი მოღვაწეების» შემწეობით. მაგრამ ამ დოკუმენტს უკვე აკად. . სახაროვის ხელმოწერაც ამშვენებდა. მესამე კი დაიწერა რუსი გლობალისტების განსაკუთრებული აქტიურობით და მას ხელს აწერდა რუსეთის 32 ცნობილი მეცნიერი და კულტურის მოღვაწე.

ამჯერად ჩვენ მოკლედ შევეხებით ბოლო «ჰუმანიტარულ მანიფესტს», რადგანაც მასში, ბუნებრივია, ასახულია დღევანდელი «ჰუმანიზმის მქადაგებელთა» მორალურ-პოლიტიკური თვალთახედვანი, უფრო სწორედ, სამომავლო მიზნები. ამას ხაზს ვუსვამთ ერთი გარემოების გამო: მანიფესტის ავტორები თუ ხელისმომწერნი ამტკიცებენ, რომ ეს დოკუმენტები ასახავს იმ დროს არსებულ რეალურ მოთხოვნილებებს. მაგრამ სინამდვილეში ისინი წარმოადგენენ ერთგვარად შეფარულ სამოქმედო პროგრამას კულისებს მიღმა არსებული ხელისუფლებისა, რომელსაც ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება და მსოფლიო იმპერიის შექმნა განუზრახავს. ამავე დროს, ეს სამივე დოკუმენტი ერთი მეთოდით არის შექმნილი: ჯერ საუბარია საყოველთაო ჭეშმარიტებებზე, ყველასათვის რომ არის მისაღები, მერე კი შემოპარებულია ლიბერალ-გლობალისტებისთვის სასურველი, ვერაგული თვალსაზრისი, რომელსაც უკვე შემზადებული თუ ერთგვარად დაბნეული მკითხველი ბუნებრივად აღიქვამს. ასე, მაგალითად, დღეს რომ ბუნებას აბინძურებენ და სპობენ, ეს ჭეშმარიტებაა. ისიც ყველასათვის მისაღებია, რომ ამგვარი მიდგომა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს და საფრთხეს უქმნის კაცობრიობის მომავალს. მაგრამ ამ მისაღებ ჭეშმარიტებას მოჰყვება დასკვნა, რომ კაცობრიობის მომავლის გადასარჩენად აუცილებელია მსოფლიოს დემოგრაფიული სურათი შეიცვალოს და მისი მოსახლეობა შემცირდეს. ასე და ამგვარად, მათ «კაცთმოყვარეობას» მივყავართ ადამის მოდგმის და ღმერთის სიძულვილამდე.

მაგრამ თავი დავანებოთ ახლა «მანიფესტის» აგების პრინციპის განხილვას და მის დედააზრს დავუბრუნდეთ. პირობითად შეიძლება ის წარმოვაჩინოთ ორ _ პოლიტიკურ და მორალურ პლანში, რომლებიც ურთიერთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული და ერთ მიზანს ემსახურებიან. კერძოდ, პოლიტიკურად რას გვთავაზობს «მანიფესტი-2000”:

უპირველეს ყოვლისა, ადამიანს უნდა უყვარდეს თავისი ოჯახი, მოყვასი, მეგობრები, მამული და ა.შ., რაც სავსებით ბუნებრივია. მაგრამ ის ამით ვერ შემოიფარგლება და ურთიერთობას ამყარებს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებლებთან, რომელთაც ასევე პატივი უნდა მიაგოს. ესეც სავსებით ბუნებრივია, თუმცა ამგვარი დამოკიდებულება სულაც არ მოითხოვს სახელმწიფოს პოლიტიკური საზღვრების მოშლას, არადა, მანიფესტში თეთრზე შავით წერია: «მსოფლიოს დე-ფაქტო პოლიტიკური საზღვრები თვითნებურია, ჩვენ არ შეგვიძლია მას ანგარიში გავუწიოთ».

მეორე, თუ ჩვენ ვისწრაფვით მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ «ახლა ჩვენ, როგორც არასდროს, უფრო მეტად გვესაჭიროება მსოფლიო ორგანიზაციები, რომლებიც მსოფლიო ხალხის ინტერესებს დაიცავენ და არა სახელმწიფოსი». ამას ლოგიკურად მოჰყვება მეორე თეზისი: «თუ გვსურს ჩვენი გლობალური პრობლემები მოვაგვაროთ, ცალკეული სახელმწიფოები ვალდებულნი არიან თავიანთი სუვერენიტეტის ნაწილი გადასცენ ტრანსნაციონალური ხელისუფლების გარკვეულ სისტემას. მსოფლიოს ესაჭიროება, რომ განსაზღვრულ მომენტში, მომავალში შეიქმნას მოსახლეობის მიერ არჩეული მსოფლიო პარლამენტი, რომელიც ხალხთა ინტერესს დაიცავს და არა მათ ხელისუფალთ… მსოფლიო საჭიროებს ეფექტურ პოლიციურ ძალებს, რათა აილაგმოს რეგიონული კონფლიქტები და მოხერხდეს მათი მშვიდობიანი მოწესრიგება».

ეს ხომ უკვე მსოფლიო იმპერიის საფუძვლების ჩაყრაა, საკუთარი პარლამენტითა და სამხედრო ძალებით. პირველი ეტაპი ევროპარლამენტის და ნატო- სახით უკვე განხორციელებულია. ახლა საჭიროა საქმის ბოლომდე მიყვანა, თანაც რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპით. ამიტომაც «უნდა ვერიდოთ ნაციონალური და კულტურული თავისებურებების უსაზღვრო ხაზგასმას, რომლებმაც შეიძლება განაპირობონ ურთიერთგაუცხოება და, ამგვარად, მოგვევლინონ, როგორც დესტრუქციული ელემენტები»…

გამოდის, რომ უნდა უკუვაგდოთ ერისა და ქვეყნის ერთგულება და პლანეტარულ სიყვარულს მივეცეთ მთლიანად. ამიტომაც უნდა გავუფრთხილდეთ, უპირველეს ყოვლისა, პლანეტას და შევქმნათ «საერთაშორისო დონის პლანეტარული ორგანიზაცია, რომელიც კონტროლს გაუწევს გარემოს დაცვას»… დიდი უფლებები უნდა მივანიჭოთ ამ სფეროში გაეროს და მისი პროგრამების განხორციელებას…

მთავარი მაინც ის არის, რომ მანიფესტი აქტიურად ქადაგებს მოსახლეობის შემცირების იდეას, ის მხარს უჭერს 1994 წელს მიღებულ «ქაიროს მოქმედების პროგრამას», რომელიც სხვადასხვა მეთოდების (კონტრაცეფცია, სტერილიზაცია, აბორტი, სქესობრივი გარყვნილება და სხვა) გამოყენებით ცდილობს გამოიწვიოს დემოგრაფიული კატასტროფა, ანუ მსოფლიო მოსახლეობის სწრაფი შემცირება. ამიტომაც პირდაპირ მოუწოდებენ განვითარებულ ქვეყნებს, რომ მათ წლიური შემოსავლის 7% გამოყონ ღარიბი ქვეყნების თანადგომისთვის, ხოლო ამ გამოყოფილი თანხიდან 20% უნდა მოხმარდეს სოციალურ განვითარებას, რომლის 20% უნდა გაიხარჯოს «მოსახლეობის პრობლემის» გადასაჭრელად (ე.ი. მოსახლეობის შემცირების აგიტაცია და კონტრაცეფციის დამკვიდრება-განვითარებას უნდა მოხმარდეს).

ერთი სიტყვით, «მანიფესტში» წარმოჩენილი თვალსაზრისები სავსებით ესადაგება ახალი მსოფლიოს წესრიგის, უფრო სწორედ, გლობალური იმპერიის შექმნის გენერალურ გეგმას. მაგრამ ერთი რამ უდავოა: თუ ადრეულ პერიოდში მსოფლიოს არქიტექტორები ერთგვარად ერიდებოდნენ თავიანთი სამომავლო გეგმების სააშკარაოზე გამოტანას, დღეს უკვე მათ მანიფესტის ფორმას ანიჭებენ და მსოფლიო მოსახლეობას აუცილებელ სამოქმედო პროგრამად უსახავენ.

მსოფლიოს მორალიზაცია თუ ამორალიზაცია

ასეთივე კატეგორიული ტონით საუბრობენ ისინი ადამიანის ქცევის ნორმებსა და წესებზე. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ეთიკური ნორმების შესახებ მათი პლანეტარული კანონპროექტი _ ეს გახლავთ ამორალობის ქადაგება, მეტიც, ამ ამორალობის მსოფლიოში ძალისძალად გავრცელება.

უპირველესად, ისინი მოითხოვენ, ადამიანი გათავისუფლდეს მორალური წნეხისგან, რომელსაც ქმნიან საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ინსტიტუტები. უფრო მართებულად, გლობალისტებს სურთ შექმნან ახალი მორალური სისტემა (ამ თვალსაზრისითაც ისინი ნიცშეს მემკვიდრეებად გვევლინებიან), ამისათვის კი საჭიროა იმ ტრადიციების და რელიგიურ ფასეულობათა გადაფასება, რასაც მშობლები ბავშვებს უნერგავენ ოჯახებში. ამიტომაც ურჩევენ მშობლებს, თავი შეიკავონ ბავშვის ჩამოყალიბების პროცესში აქტიური ჩარევისგან, «ურჩი» მშობლები კი, რომლებიც ჯიუტად განაგრძობენ ბავშვების ძველი ტრადიციებით აღზრდას, უნდა დაისაჯონ. ყოველ შემთხვევაში, ამას გვაფიქრებინებს «პლანეტარული კანონპროექტი», «მანიფესტის» ავტორები რომ გვთავაზობენ.

«ჰუმანისტები» ცდილობენ ბავშვობის ასაკიდანვე შეუცვალონ ცნობიერება მოზარდებს და ამას, რა თქმა უნდა, მათზე ზრუნვითა და კაცობრიობის მომავალზე ფიქრით ამართლებენ. აბა, როგორ უნდა დაცდეს საყვედური ადამიანს, როცა მათ ასეთ შთაგონებას ისმენს: «ბავშვებს, მოზარდებსა და ახალგაზრდა ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ სხვადასხვა თვალთახედვას და ისინი დამოუკიდებელი აზროვნებისკენ უნდა წავაქეზოთ». ამასთანავე, «ბავშვს უნდა შეეძლოს თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრები”… მაგრამ, სამწუხაროდ, მათი ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება შემდგომში გამრუდებულ ფორმებს იძენს; კერძოდ, ეს გახლავთ: ადრეული ასაკიდანვე სექსუალური განათლების მიღება, «სექსუალური ორიენტაციის» თავისუფალი არჩევა, ჰომოსექსუალიზმის აღიარება და ა.შ.

საერთოდ, «მანიფესტი-2000» მოგვიწოდებს შემდეგს:

) უნდა ვაღიაროთ ჰომოსექსუალების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების უფლებები და ერთსქესიან «მიჯნურებს» ისეთივე უფლებები მივანიჭოთ, როგორიც ჰეტეროსექსუალურ წყვილებს აქვთ.

) სექსუალური ცხოვრების სხვადასხვა ხერხები და მეთოდები დასაშვებია.

) საზოგადოებამ ჩვეულებრივად უნდა აღიქვას პრომისკუიტები.

) დასაშვები უნდა იყოს შერეული (თეთრკანიანსა და შავკანიანს), ასევე ნათესავთა შორის ქორწინება. ამასთანავე, არ არის მითითებული, როგორი ნათესაობის ფარგლებშია დასაშვები ეს ქორწინება. ასე რომ, ეს ნათესაური ქორწინება შეიძლება გავიგოთ, როგორც ბიძაშვილებს შორის დაშვებული, ასევე დაძმას, მამაშვილსა და დედაშვილს შორის მისაღები. სამწუხაროდ, ასეთივე ყოვლად საძაგელი ფაქტები მრავლად მოიპოვება, გნებავთ, ამერიკასა და, გნებავთ, ევროპაში. სწორედ ამით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ გერმანიაში თითქმის ყოველი მეათე ქალი ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, თანაც ამას სჩადიოდნენ ახლობლები: მამები, ძმები, ბაბუები და ..

) ისინი ნორმად მიიჩნევენ «თავისუფალ სიყვარულს», ოღონდაც იმასაც აღნიშნავენ, რომ სექსის დროს უნდა გამორიცხული იყოს ძალადობა და იგი «დაფუძნებული უნდა იყოს ურთიერთთანხმობის პრინციპზე”.

) «ჰუმანისტები» მაინც ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ ოჯახის განვითარებას და მას მტკიცედ განსაზღვრულ ჩარჩოებში სვამენ, რომელსაც მკაცრად აკონტროლებს «გეგმიური ოჯახის» ქსელი, თითქმის მთელი მსოფლიო რომ მოუცავს. ამ ორგანიზაციათა მთავარი მიზანია კონტრაცეფციის და სტერილიზაციის ქადაგება და ამ გზით მსოფლიო მოსახლეობის შემცირება.

ერთი სიტყვით, დღევანდელ «ლიბერალიზმის მამათა» უმთავრესი ამოცანაა ოჯახის ინსტიტუტის ჯანსაღი საფუძვლების დანგრევა და საყოველთაო გარყვნილების დანერგვა, რაც იწვევს, უპირველეს ყოვლისა, მსოფლიო დემოგრაფიული მდგომარეობის ძირეულ შეცვლას, ეს კი, მათი აზრით, კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი გზა. ასეთია ამ ე.წ. ჰუმანიზმის დედააზრი, რომელიც საბოლოოდ ადამიანთა ფიზიკურ განადგურებას ემსახურება.

გარდა ამისა, «პლანეტარული ეთიკის» მთელ მსოფლიოში დამკვიდრების მათი მცდელობა ნაწილია იმ გეგმისა, რომელიც მსოფლიო სახელმწიფოს შექმნას და მსოფლიო მოქალაქის სტატუსის შემოღებას ისახავს მიზნად. სწორედ ამ გეგმის მიხედვით გაუქმდა დაბადების მოწმობასა და პასპორტში ეროვნულობის გრაფა, რაც მთელი რიგ «ცივილიზებულ» ქვეყნებში და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც განხორციელდა. ეს ყოვლად საშიში და ამორალური ღონისძიება ადამიანთა მოდგმის «სიყვარულისა და ზრუნვის» საბურველით ხორციელდება _ როცა ადამიანს თავს ახვევენ მსოფლიო, პლანეტარულ მოქალაქეობას. ვის დაჰკარგვია მისი ეროვნება, მისი ქართველობა?! მსოფლიოს მაღალ პედესტალზე აცოცებული ადამიანის კოსმიური მზერა ვეღარ ამჩნევს სადღაც კუნჭულში მიყუჟულ სამშობლოს!.. არც გაემტყუნება!.. ის ხომ კაცობრიობის ჭირ-ვარამზე ზრუნვით არის დაკავებული, აბა, როგორღა მოიცალოს იმის გასარკვევად, რა ტკივათ და რა აწუხებთ თავის თანამემამულეებს, მსოფლიო ორომტრიალში ჭიანჭველებივით რომ ფაციფუცობენ?!

ასე რომ, მსოფლიო მოქალაქეს არ ეგების ნაციონალურ ტრადიციებსა და უკვე დრომოჭმული მორალური ნორმების შესრულებაზე ფიქრი. უნდა შევქმნათ ახალი ტრანსნაციონალური სისტემა და მივაღწოთ «პლანეტარულ-ეთიკურ კონსენსუსს». ამისათვის კი, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ქვეყნად გაბატონდეს საყოველთაო ტოლერანტიზმი და ჰუმანიზმი…

მერე რა არის ამაში საძრახიო _ იკითხავს გულუბრყვილო მკითხველი. ერთი შეხედვით, არაფერი! მაგრამ, თუ ღრმად ჩავუკვირდებით მოვლენის არსს, ერთობ საშიშ ტენდენციებს და მზაკვრულ მიზნებს აღმოვაჩენთ.

ესეც შენი ტოლერანტობა

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს ეთიკურ სფეროში განსაკუთრებით ხშირად მიმართავენ «ტოლერანტობის» ცნებას, რომელიც ზოგადად ახსნილია, როგორც სხვისი აზრების, რწმენის მოთმენა და შემწყნარებლობა. ბუნებრივია, ასეთი თვალთახედვა და ამ პრინციპით ცხოვრება როდია საძრახი. ჯერ კიდევ ვოლტერი თავის დეკლარაციაში აცხადებდა: «მძაგს, რასაც ამბობ, მაგრამ საფლავის კარამდე დავიცავ შენ უფლებას, თქვა შენი სათქმელი». მოგვიანებით ეს პრინციპი მორალურსოციალურ ხასიათს იძენს და, ერთი მხრივ, იცავს ადამიანის დამოუკიდებლობას, მის ავტონომიას და, მეორე მხრივ კი, ადამიანთა შორის ურთიერთობას, ანუ საზოგადოებრივ ცხოვრებას აწესრიგებს. ლიბერალების აზრით, ეს თავისუფლება ყველა სფეროში უნდა გავრცელდეს _ იქნება ეს რელიგია თუ ზნეობა, ამასთანავე, თუ ჩვენ ინდივიდის ავტონომიას ვცნობთ, მაშინ მას ვაძლევთ უფლებას, აღიაროს ის აღმსარებლობაც, რაც სწამს და აკეთოს ის, რაც მართებულად მიაჩნია. ლიბერალთა გაგებით, ინდივიდის ავტონომია არის უპირველესი საფუძველი ზნეობრივი თვითგანვითარებისა. მაგრამ, ამავე დროს, შემწყნარებლობა (ტოლერანტობა) ასევე აუცილებელი პირობაა საზოგადოების მართებული განვითარებისთვის. . მილის მოსაზრებით, მხოლოდ იდეათა თავისუფალი ბაზრის პირობებში, იქ, სადაც კარგი იდეები ცუდ იდეებს ენაცვლება, ნიადაგი ეცლება უმეცრებას და აღმოცენდება «ჭეშმარიტება». სწორედ სხვათა აზრის შემწყნარებლობა, აზრთა სხვადასხვაობა, კამათი იწვევს აზრის პროგრესულ განვითარებას. იმავე . მილის რწმენით, ყველაზე დიდი სიბრიყვეა იმის მტკიცება, რომ «სიმართლე ყოველთვის უმრავლესობის მხარეს არის». მეტიც, მთელი კაცობრიობა ერთი აზრის რომ იყოს და მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდეს საპირისპირო თვალთახედვა, ამ უკანასკნელის აზრის უგულებელყოფა კაცობრიობის მიერ ისევე გაუმართლებელია, როგორც ინდივიდის მიერ მთელი საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლობა და უარყოფა.

კეთილი და პატიოსანი!.. არაფერი გვაქვს სადავო, თუ ამ დადებითი მიმართულებით განვითარდება ინდივიდისა და საზოგადოების სრულყოფა. მაგრამ ეს «თუ» ხომ ერთობ სათუოს ხდის ზემომოხმობილ ნათელ პერსპექტივას და ეჭვის ქვეშ აყენებს ლიბერალთა ოპტიმიზმს: ჯერ ერთი, ინდივიდის ავტონომიის დაუსაზღვრელობა და სრული გაბატონება, სწორედაც რომ, დასაწყისია ამორალობის დამკვიდრებისა. მეორეც, «იდეათა თავისუფალი ბაზრის პირობებში» კარგი აზრები ყოველთვის როდი იმარჯვებენ. პირუკუ, დღევანდელ ბაზარს თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ უმეტეს შემთხვევაში აუგი ზრახვანი, ადამიანთა მოდგმის საზიანო თვალთახედვანი ზეიმობენ გამარჯვებას და მესამეც, რაც მთავარია, ტოლერანტობამ, როგორც მორალურ-პოლიტიკურმა კატეგორიამ, დღეს, ლაგამაწყვეტილი გლობალიზაციისა და პლანეტარული იმპერიის შექმნის ჟამს, უფრო სხვა შინაარსი და დატვირთვა შეიძინა და იგი იქცა კიდევ ერთ «უჩინარ» მექანიზმად, რომელსაც ახალი მსოფლიოს ახლებურად გამნაწილებელი ძალები თავიანთი აუგი მიზნებისთვის ჩვეული მეთოდით იყენებენ. ამასთანავე, ის იქცა პლანეტარული ეთიკური მოძღვრების აუცილებელ ნორმად და მან იმპერატიული ხასიათი შეიძინა. ეს გახლავთ პირობა, რომლის შესრულებასაც მოითხოვს მსოფლიო პოლიტიკური იდეოლოგია. უფრო მეტიც, ეს არის უალტერნატივო მოთხოვნა, რომლის შეუსრულებლობა, არც მეტი, არც ნაკლები, ნიშნავს იმას, რომ ამა თუ იმ ხალხს თუ საზოგადოებას ცივილიზებულ სამყაროში შესასვლელი კარიბჭე ეხშობა!

მაინც რა აზრით და რა მიზნით მიმართავენ დღეს ამ კატეგორიას ნეოლიბერალები?!

უკეთ წარმოსადგენად უნდა გავიხსენოთ ამ ტერმინის სამედიცინო-ბიოლოგიური მნიშვნელობაც. ამ თვალთახედვით ტოლერანტობა ნიშნავს ანტიგენების მომრავლების პირობებში იმუნოლოგიური პასუხის უქონლობას. უფრო გასაგებად, მედიცინის თვალსაზრისით, ყველაზე ტოლერანტულია ის ორგანიზმი, რომელიც მთლიანად დაფარულია მავნე, მომაკვდინებელი მეტასტაზებით, მაგრამ შემგუებლობის უნარით მაინც ინარჩუნებს სიცოცხლეს. მოკლედ, ზოგადად, «ტოლერანტობა არის ორგანიზმის უნარი გადაიტანოს გარემოს ამა თუ იმ ფაქტორთა არახელსაყრელი გავლენა».

ჩვენ თუ ამ გაგებას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ ასპექტში განვაზოგადებთ, მაშინ შესაძლებელია, რომ ჯანსაღ ორგანიზმად აღვიქვათ ტრადიციული საზოგადოებრივი ცხოვრება, ხოლო ანტიგენებად ის რეციდივები (მაგ., პედოფილია, ჰომოსექსუალიზმი, ლესბოსი, გარყვნილება და სხვ.), რომლებიც ამ საზოგადოების ნორმალური ნაწილისათვის მიუღებელი იყო. ამ თვალსაზრისს მხარს უჭერს დღეს კონსერვატულად მონათლული შეხედულება, რომ საზოგადოებრივი სიმყარე ბევრწილად დამოკიდებულია იმაზე, იზიარებენ თუ არა ადამიანები ერთსა და იმავე ფასეულობებს და აქვთ თუ არა მათ საერთო კულტურა. ამის თაობაზე გვესაუბრება პატრიკ დელვინი თავის ნაშრომში «მორალის იძულება» (Принуждение к морали, 1968 წ.) სადაც ხაზგასმულია, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, დაიცვას «საზოგადოებრივი მორალი» კანონების მეშვეობით. ასე რომ, დელვინის თვალთახედვით, ის, რაც მიიჩნეოდა «ქცევის არატრადიციულ წესად» (ვთქვათ, ჰომოსექსუალიზმი თუ ნარკომანია), უნდა სამართლებრივად დაგმობილიყო და ამ გზით დაცულიყო «ტრადიციული მორალი» და «საოჯახო ფასეულობანი».

ამ პოზიციას, რომელსაც მტკიცედ იზიარებს ნაშრომის ავტორი, რა თქმა უნდა, მხარს არ უჭერენ ლიბერალები და სწორედ «ტოლერანტობის» წინ წამოწევით საპირისპიროს ქადაგებენ. ისინი გვარწმუნებენ, რომ სოდომიზმი საზოგადოებრივი განვითარების ბუნებრივი ნაყოფია და ის უნდა აღვიქვათ, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა და არა როგორც ნორმალური ქცევიდან გადახრა. იმავდროულად, უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს სავსებით შეცვლილია მორალურ-ფსიქოლოგიური და პოლიტიკური გარემო და ჩვენც ვალდებული ვართ გავითავისოთ ტოლერანტობა და აღფრთოვანებით შევხვდეთ ადამის შთამომავლის მორალური სახის გარდაქმნას.

ამასთანავენ, ამ თვალსაზრისს არა ოდენ გვთავაზობენ, არა მხოლოდ გვირჩევენ, არამედ იძულებით თავს გვახვევენ და, თუკი მათ ნებას არ დავყვებით, ფიზიკური გადაშენებით და მოსპობითაც გვემუქრებიან. ეს უკვე არის ანტიტოლერანტობა, როცა მსოფლიო მმართველ ძალას შენი აზრის გაგონებაც არ სურს. გამოდის, რომ, გვსურს თუ არ გვსურს, ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ მათ თვალთახედვას, უნდა შევეგუოთ ჩვენი ტრადიციების, მორალის, რწმენის, ცნობიერების ნგრევას, რაც, მათი გაგებით, «ტოლერანტობის» უმაღლესი გამოხატულებაა; ჩვენ უნდა შევეგუოთ, ავიტანოთ და მოვიწონოთ კაცთა მოდგმის გარყვნილება, გადაგვარება, ადამიანის გაცხოველება, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩამორჩენილ პროვინციელებად, მეტიც, მსოფლიო ცივილიზაციის მტრებად გამოგვაცხადებენ. ხოლო ის ფაქტი, რომ ისინი ჩვენ აზრს ანგარიშს არ უწევენ, არად აგდებენ ჩვენ ადათსა და რწმენას და ისე გვექცევიან, როგორც პირუტყვებს, თურმე მეტყველებს მათ ტოლერანტობაზე, რადგანაც პროგრესული იდეების მქადაგებელნი არიან. ისინი კარგად ხვდებიან, რომ ცალ კარში თამაშობენ, მაგრამ დღეს პოლიტიკური თამაშის ასეთი წესია დამკვიდრებული, ასეთი გახლავთ დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის და მის წარმომადგენელთა მორალური სახე და ნება და მას, სამწუხაროდ, მორჩილად მიჰყვება ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი. მეტიც, მათ არ სურთ სიმართლეს თვალებში შეხედონ და გააცნობიერონ, თუ საით მიექანება კაცობრიობა. მეტად საგანგაშო კი ის არის, რომ, თუ საპირისპირო აზრი გამოვთქვი, ვთქვათ, ნატოში შესვლა დაგმე და არ მოიწონე, ერის და ქვეყნის მტრად გამოგაცხადებენ და ჩაქოლვას დაგიპირებენ. აი, მათეული გაგება ტოლერანტობისა. აი, დღევანდელი პოლიტიკის ერთი გამოხატული ნიშან-თვისება!

 

1 COMMENT

  1. ელიზბარისნაირმა სულგაყიდულმა ინტელიგენციამ მიიყვანა საქართველო დღევანდელ გამოუვალ მდგომარეობამდე,ქალმა რომელმაცდასავლეთის დავალებით ეროვნება დაუკარგა ქართველ ერს ჭკვიანი კაცი და ისიც აკადემიკოსი გვერდში დაუდგებოდა ასეთ პოლიტიკოსს?,საქართველო გვიდევს სასიკვდილო სარეცელზე და ერმა დროზე თუ არ გავიღვიძეთ გავქრებით,დასავლეთისკენ და ჩრდილოეთისკენ ყურებას თავი ვანებოთ,ილუზიებში ყოფნა გვეყოფა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here