ადვოკატმა დიმიტრი ალექსიძემ ციხეში სამი წელი გაატარა, რასაც ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაპირისპირებას უკავშირებს და ამასთან, ამბობს, რომ ზურაბ ადეიშვილის პირადი პატიმარი იყო. დიმიტრი ალექსიძე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება.
_ ჩემი დაპატიმრება ხელისუფლების მაღალჩინოსნების ინტერესებთან დაპირისპირებამ გამოიწვია. 1997 წელს პირველი კერძო არბიტრაჟი დავაფუძნე, 2009 წელს კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება-თაღლითობის ბრალდებით დამაპატიმრეს. თითქოს მევახშეების უფლებები შევლახე და დავარღვიე კანონი «კერძო არბიტრაჟის შესახებ», როდესაც ერთ-ერთ მევახშეს არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება ავუკრძალე. გამომძიებელმა საქმიდან ჩემი დაკითხვის ოქმი მოიპარა და ისე მომისაჯეს სასჯელი, საქმეში ჩემი დაკითხვის ოქმიც არ არსებობდა.
ჯერ კიდევ 2007 წელს, ვანო მერაბიშვილის ცოლი _ თაკო სალაყაია ჩამოვსვი მანქანიდან, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეებს მხოლოდ იმიტომ წაართვეს, რომ სალაყაიას მოეწონა. ჯერ კიდევ მაშინ გამაფრთხილეს, რომ ეს ამბავი უკვალოდ არ ჩაივლიდა.
ამას გარდა, მქონდა რამდენიმე საქმე, რომლებიც ხელისუფლებასთან ჩემი დაპირისპირების მიზეზი გახდა. ქალბატონ ანა სანდომისაშვილის უფლებებს ვიცავდი, რომლის ბინის ხელში ჩაგდებაც მევახშეებს სურდათ. ლელა ხარატის საშუამავლო ფირმაში ამ ქალბატონს მოტყუებით გააფორმებინეს ხელშეკრულება და თანხაც არ გადაუხადეს. მევახშეებს მფარველობდა მადონა ჭეიშვილი, რომელიც დავით საყვარელიძის დედა გახლავთ. მევახშეები შემდეგი სქემით მოქმედებდნენ: სამი-ოთხი კაცი აფორმებდა გირავნობის ხელშეკრულებას, გასესხებდნენ გარკვეულ თანხას, შემდეგ ერთ-ერთი მიდიოდა ბარისტერში, რომელიც კახეთის ვიცე-გუბერნატორ გიორგი სიბაშვილს ეკუთვნოდა, და იქ ხდებოდა ვადაზე ადრე ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის დაანგარიშება. მე, როგორც არბიტრაჟის თავმჯდომარე, მათი უკანონო გეგმების განხორციელებაში ხელს ვუშლიდი.
ასევე ვიცავდი ტოპიც ყურბანოვის უფლებებს, რომელსაც თემურ ჟღენტმა საბუთების გაყალბების გზით წაართვა საცხოვრებელი ფართი. თემურ ჟღენტი არის მიხეილ მაჭავარიანის სიმამრის _ რამაზ ჟღენტის ძმა, რომელიც გახლდათ გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. სწორედ ამიტომ ყველაფერი გასდიოდათ, რასაც მოისურვებდნენ. თემურ ჟღენტმა ჯერ პატარა მიწის ნაკვეთი იყიდა ყურბანოვისგან, შემდეგ კი მთლიანი ფართის ხელში ჩაგდება მოინდომა. ყურბანოვს ემუქრებოდნენ შვილის დაჭერით, მერე იძულებული გახდები საერთოდ წახვიდე აქედანო, ეუბნებოდნენ. ამა წლის 19 აპრილს აღმასრულებლებმა სახლის გაყოფა კანონდარღვევით ჩაატარეს, შუაზე გაუყვეს სახლი და ამოუშენეს კედლები. როცა მათ მხოლოდ ღობის დემონტაჟი უნდა მოეხდინათ. ფანჯრები ამოუშენეს ხალხს. ციხეში არ უზამენ ამას ადამიანს, რომ ერთადერთი სინათლის წყარო დაუხშონ.
_ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას როგორ აპირებთ?
_ იურისტი ვარ და ყველა ჩემს სიტყვას დოკუმენტურად ვადასტურებ. საქმიდან მტკიცებულებები მოიპარეს. გამომძიებელი ხელს აწერს, რომ ჩაიბარა 4 სააღსრულებლო წარმოება და აქედან ერთ-ერთი საქმიდან გაქრა, რომელიც დაამტკიცებდა, რომ მე ყველაფერში მართალი ვარ. გამომძიებელმა დავით ზედელაშვილმა პირდაპირ მითხრა, შენზე ექსპერიმენტს ვატარებთ, შენ თუ მოგარჯულებთ, მერე სხვა არბიტრებსაც იოლად მოვარჯულებთო. მართლაც, ჩემ შემდეგ, უკვე 2009 წელსვე, ათი არბიტრი დააპატიმრეს. შემომთავაზეს, თავისუფლების სანაცვლოდ ორი პროკურორისთვის დამედო ხელი. როცა უარი განვაცხადე, მითხრეს, ჩვენი არ გესმის და იჯექი მაშინ ციხეშიო. ერთ ქალბატონს მიაცემინეს ჩემ წინააღმდეგ ცრუ ჩვენება, თითქოს მის მეუღლეს ყალბი საბუთები დავუმზადე 22 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ხელში ჩასაგდებად და, რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ქალბატონს მხოლოდ ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.
_ თუმცა თქვენ ბრალი მაინც აღიარეთ…
_ მემუქრებოდნენ, თუ არ აღიარებ, შენს შვილს დავიჭერთო. 9 თვე გავუძელი ზეწოლას და, როცა მივხვდი, რომ ჩემს სიმართლეს ვერ დავამტკიცებდი, აღიარებითი ჩვენების მიცემა გადავწყვიტე. საპროცესო შეთანხმება გამიფორმეს და ვაღიარე ის, რაც არ ჩამიდენია. მოსამართლე ლელა ნოზაძე თავად იყო გაკვირვებული ჩემი აღიარებით, მაგრამ მე ვუთხარი, 23 წელს მისჯიან და მირჩევნია, ვაღიარო არარსებული დანაშაული, სამაგიეროდ მეცოდინება, რომ სამ წელიწადში ოჯახს დავუბრუნდები-მეთქი. სიმართლის პოვნის ყველანაირი იმედი დაკარგული მქონდა.
_ დღეს რას ითხოვთ?
_ ვითხოვ, საქმეში ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო განაჩენის გადახედვას და, როცა დამტკიცდება, რომ სამივე ეპიზოდში მართალი ვარ, ვითხოვ პოლიტპატიმრის სტატუსს, რადგან ჩემი დაპატიმრების მოტივი სწორედ პოლიტიკა გახდა. ადეიშვილის დანიშნული, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის თავმჯდომარე გიორგი გორაძე ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის ყველა შუამდგომლობაზე უარს აცხადებდა.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი