Home რუბრიკები სამართალი ადეიშვილი, ებრაელი ბიზნესმენების მსგავსად, შვეიცარიელი ბიზნესმენის საქართველოში ჩამოტყუებასა და დაპატიმრებას გეგმავდა

ადეიშვილი, ებრაელი ბიზნესმენების მსგავსად, შვეიცარიელი ბიზნესმენის საქართველოში ჩამოტყუებასა და დაპატიმრებას გეგმავდა

2011 წელს ებრაელ ბიზნესმენთა დაკავების ფაქტს საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. ბევრად დიდ სკანდალს გადაურჩა საქართველო 5 წლით  ადრე, როდესაც, ადეიშვილის მითითებით, იგივე სქემა უნდა განხორცილებულიყო შვეიცარიელი ბიზნესმენის, კონცერნ «სიერა ოილ ინტერპრაიზის» პრეზიდენტის _ თომას ექსელის წინააღმდეგ.


ამერიკული ფირმა «დავ ბიზნესი» დაფუძნებულია ქართველი ბიზნესმენების _ ძმებ ანდრო და დევი ჩხიკვიშვილების მიერ. შვეიცარიული კომპანია «სიერა ოილ ენტერპრაიზი» დაფუძნებულია ამერიკულ ფირმა «დავ ბიზნესისა» და შვეიცარიულ კონცერნ «მეისფილდის» მიერ. შვეიცარიულ კომპანია «სიერა ოილ ენტერპრაიზს», თავის მხრივ, დაფუძნებული ჰქონდა ამავე სახელწოდების მქონე ფილიალი თბილისში. «სიერას» საქართველოში შემოჰქონდა ნავთობპროდუქტები, კერძოდ, მაზუთი «თბილსრესისთვის», თბილისის ოფისი კი აკონტროლებდა სახელმწიფოსა და შვეიცარიის კერძო კომპანიას შორის არსებული ვალდებულებების შესრულებას.

პროგრამა თავიდან წარმატებით ხორციელდებოდა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ მეოთხე  კონტრაქტის შემდეგ შეწყვიტა «სიერასთვის» ხელშეკრულებით ნაკისრი მაზუთის ღირებულების გადახდა. დავალიანებამ 750 ათასი დოლარი შეადგინა და, მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, ქართულმა მხარემ დავალიანება არ დაფარა. 2000 წელს თბილისის  ოფისი დაიხურა და მთელი აქტივები გადაეცა «სიერას» სათაო ოფისს შვეიცარიაში. კერძოდ, მის ხელმძღვანელსა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს _ თომას ექსელს. ეს უკანასკნელი იძულებული გახდა, მიემართა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოსთვის (მას შემდეგ, რაც დარიცხული პროცენტების ჩათვლით საქართველოს ვალმა მილიონ-ნახევარ დოლარს მიაღწა) და მოიგო იგი. ამ დროისთვის საქართველოში მაზუთის შემოტანის პროგრამასთან ძმებ ჩხიკვიშვილებს არანაირი შეხება აღარ ჰქონიათ _ მთელ პროცესს წარმართავდა შვეიცარული მხარე.

ძმები ჩხიკვიშვილები ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდნენ. ერთ-ერთ ასეთ სეგმენტს წარმოადგენდა 90-იან წლებში მათ მიერ ჩამოყალიბებული  სს «კედარი». 1999 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მთავრობას, ეკონომიკური სიძნელეების გადალახვის მიზნით, ჩინური ხის საშრობი მანქანა-დანადგარების შესაძენად გამოუყო სამი მილიონი იუანი (დაახლ. 700 ათასი ლარი). ვინაიდან საქართველოდან ძირითადად ხორციელდებოდა დაუმუშავებელი (მათ შორის, გაუშრობელი) ხის მორის ექსპორტი, რაც უკარგავდა ქვეყანას უფრო მაღალი შემოსავლის მიღების შანსს, ჩინური გრანტის მიმღებად დამტკიცდა ეკონომიკის სამინისტრო. სწორედ მას უნდა გამოეცხადებინა ტენდერი და გრანტის ფარგლებში შეძენილი პროდუქცია ლიზინგით გადაეცა გამარჯვებულისთვის. ეს ნიშნავდა იმას, რომ პროდუქციაზე მესაკუთრის უფლებას იტოვებდა მმართველი ორგანო მისი ღირებულების სრულ ჩარიცხვამდე. გამარჯვებულს წინასწარ 10% ეძლეოდა, დანარჩენი თანხის გადახდა კი უნდა მომხდარიყო 7 წლის განმავლობაში (ყოველკვარტალურად თანაბარ ნაწილებად უნდა გადაეხადა).

ხსენებულ ტენდერში გაიმარჯვა სს «კედარმა» და 2001 წლის სექტემბერში გაფორმდა #1 ლიზინგის ხელშეკრულება ეკონომიკის სამინისტროსთან, რის შემდეგაც სს «კედარს» გადაეცა 748 ათას 477 ლარის ღირებულების დანადგარები _ 100 კუბომეტრ ხის მასალაზე გათვლილი ოთხი საშრობი კამერა. ამუშავების პროცესში გაირკვა, რომ 100 კუბომეტრ ნედლეულს საშრობი არ აშრობდა. ანდრო ჩხიკვიშვილმა მიმართა ეკონომიკის სამინისტროს ნაკლულობის შესამოწმებლად, მაგრამ, იქიდან პასუხი რომ ვერ მიიღო, დანადგარებს ექსპერტიზა ჩაუტარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერტიზის ცენტრში. საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ჩინური გრანტის ფარგლებში გამოგზავნილი 100 კუბომეტრი საშრობები, სინამდვილეში 60 კუბომეტრ ხის მასალაზე მეტს ვერ აშრობდა, ანუ თითქმის ორჯერ ნაკლებზე იყო გათვლილი. არადა, სს «კედარს» უკვე გადახდილი ჰქონდა 748 ათას 477 ლარის 10% და ხელშეკრულებაც გაფორმებული  დარჩენილი ღირებულების 7 წლის განმავლობაში დაფარვაზე. «კედარმა» დაიწყო დავა ეკონომიკის სამინისტროსთან და მალევე ამ დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. 2004 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სს «კედარმა» მოიგო პროცესი და  განთავისუფლდა 748 ათას 477 ლარის გადახდისგან. მრავაწლიანმა სასამართლო დავამ სერიოზულად აზარალა ბიზნესი, ამიტომ ჩხიკვიშვილებმა «კედარი» იმავე წელს გაყიდეს მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით. ასე დასრულდა სს «კედარის» საქმე.

2006 წელს კედარის საქმე ზურაბ ადეიშვილმა «გააცოცხლა». გთავაზობთ ამონაწერს ანდრო ჩხიკვიშვილის საბრალდებო დასკვნიდან:

«ეკონომიკის სამინისტროსგან აღებული ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, ანდრო ჩხიკვიშვილმა და მისმა პარტნიორებმა განიზრახეს თაღლითური გზით ქონებრივი უფლების მიღება ისე, რომ არ გადაეხადათ მიღებული მანქანადანადგარების საზღაური. ამ მიზნით, მათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერტიზის ცენტრიდან მოიპოვეს ყალბი დასკვნა, თითქოსდა საქართველოს მთავრობის მიერ «კედარზე» გაცემული საშრობები აშრობდა 60 კმ, ნაცვლად 100 კმისა. ამ დასკვნით მათ მოიგეს სასამართლო პროცესი. 2006 წლის სექტემბერში იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ხელახლა ჩაატარა ექსპერტიზა და დაადგინა, რომ ხის საშრობი დანადგარების ტევადობა შეესაბამებოდა მის საპასპორტო მონაცემებს, რითაც გამოიკვეთა ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გაცემული ექსპრტიზის დასკვნის სიყალბე და 2004 წლის სასამართლოს გადაწყვეტილების მცდელობა. აღნიშნული ქმედებით ანდრო ჩხიკვიშვილმა სახელმწიფოს მიაყენა 748 ათას 477 ლარის ზიანი».

გიორგი აბაშიძე, ანდრო ჩხიკვიშვილის ადვოკატი:

_ სს «კედარის» გაყიდვიდან 2 წლის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ სხვა მეპატრონის ხელში გადასულ დანადგარებზე ხელახლა დაუკვეთა ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში. ახალ საექსპერტო დასკვნაში ჩაწერეს, რომ ხის საშრობი იტევდა 100 კუბომეტრს. დასკვნას ხელი მოაწერა სამხარაულის ექსპერტმა ნუგზარ ბელქანიამ. ანდრო ჩხიკვიშვილს წაუყენეს ბრალდება, რომ მან ეკონომიკის სამინისტრო და სასამართლო მოატყუა გაყალბებული საექსპერტო დასკვნით და რომ დანადგარები 100 კუბომეტრ ხის მასალაზე იყო გათვლილი და არა 60 კუბომეტრზე. ჩვენ სასწრაფოდ მივმართეთ შვეიცარიის საწარმოთა ინსპექციის დამოუკიდებელ ექსპერტთა საერთაშორისო კომისიას (შGშ-ს), რომლის დასკვნა მსოფლიოს ყველა სასამართლოსთვის უცილობელია. ასევე, უკრაინის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის ხის დამუშავების ტექნოლოგიების კათედრის გამგეს და მერქნის საერთაშორისო აკადემიასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს. ყველგან დაფიქსირდა, რომ 60 კუბომეტრზე მეტს არ აშრობდნენ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გადმოცემული დანადგარები. არც ერთი ეს დასკვნა საქართველოს პროკურატურამ არ გაიზიარა და სასამართლოზე წარადგინა სამხარაულის ექსპერტ ნუგზარ ბელქანიას, ფიზიკის ყოფილი მასწავლებლის, მიერ ხელმოწერილი დასკვნა. ბელქანიას დასკვნამ გადაფარა საერთაშორისო კლასის ექსპერტთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები, რის საფუძველზეც ანდრო ჩხიკვიშვილი დააკავეს.

ანდრო ჩხიკვიშვილი, დაზარალებული ბიზნესმენი:

_ პირველი, ვინც ვნახე ქალაქის პროკურატურაში, იმდროინდელი ქალაქის პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი გახლდათ: «შენ ხარ ანდრო ჩხიკვიშვილი? გადაიხადე მილიონები, თორემ დაგალპობ ციხეშიო».

_ რა მილიონებზე იყო საუბარი?

_ «კედარის» საქმე არავის აინტერესებდა. ღვინიაშვილი საქმის კურსშიც არ იყო ჩინურ საშრობ-დანადგარებთან დაკავშირებით. მათი ინტერესის ერთადერთ სფეროს წარმოადგენდა «სიერა ოილ ენტერპრაიზი». მე ჩამსვეს ციხეში, ჩემი ძმა კი გენერალური პროკურატურის უდიდეს საქმეთა გამომძიებელმა კახა ჭუმბაძემ დაპატიჟა რესტორანში «მეტეხის ჩრდილი». ჭუმბაძეს თან ახლდა საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილე კახა მაჭავარიანი. ჭუმბაძემ ჩემს ძმას აუხსნა, რომ, წლებია, საქართველოს მთავრობას აქვს «სიერასთან» დავა და საქართველომ სრულად გადაიხადა მასზე დაკისრებული თანხა. მაგრამ თაღლითური გზებით ეს ფული დანიშნულების ადგილას არ მოხვდა.

_ რას გულისხმობდა?

_ საქართველოს მთავრობას «სიერასთან» ჰქონდა რამდენიმე ეტაპიანი ხელშეკრულება. რომელსაც თავიდან პატიოსნად იხდიდა. შემდეგ შეწყვიტა გადახდა და 800 ათას დოლარამდე დარჩა გადასახდელი. სწორედ ამ თანხას დაედო პროცენტები და ავიდა მილიონ ნახევრამდე. 2000 წელს ჩვენ გავეყარეთ შვეიცარიელებს და ამის შემდეგ მათთან კავშირი არ გვქონია. გავიდა ექვსი წელი და უცებ ადეიშვილის კანტორა გამოხტა _ აბა, ჩქარა ფულიო. რა ფული, ვფიქრობთ, ვისი ფული! ჰოპ და «კედარი». მე ვიყავი ადეიშვილის პირადი ტყვე. იგი ჩემს საქმეს პირადად კურირებდა როგორც გამოძიების დროს, ისე სასამართლო პროცესის მსვლელობისას. ყველა ეტაპზე სრულდებოდა უშუალოდ მისი მითითებები და განკარგულებები.

დევი ჩხიკვიშვილი, ანდრო ჩხიკვიშვილის ძმა:

_ რესტორან «მეტეხის ჩრდილში» კახა ჭუმბაძემ გამომიცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ გადაურიცხა «სიერას» ფული, მაგრამ ეს ფული თბილისის ფილიალმა თაღლითურად მიითვისა და ახლა შვეიცარიელები იმიტომ ჩივიანო. მე ვუთხარი, მსგავსი საბუთები არ მაქვს მეთქი და, საბუთები მე მაქვსო. მომცა 850 ათასი დოლარის პირდაპირი გადარიცხვის ქვითრები შვეიცარიაში. გარდა ამისა, გადმომცა სია სხვადასხვა დროს განხორციელებული გადარიცხვებისა: აი, ჩვენ გადავრიცხეთ, თქვენ კი თაღლითები ხართ და მიითვისეთო. ამ გადარიცხვებს ვხედავდით პირველად. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, შვეიცარიის «სიერას» ოფისიც ამ სიას პირველად ხედავდა.

_ ანუ გადარიცხვების ყალბი ნუსხა გადმოგცეს?

_ გაყალბებული. მაგრამ, მაშინ პირველად რომ მანახეს, შვეიცარიელებთან გადავამოწმებ-მეთქი. მოკლედ, ჭუმბაძე მეუბნება, _ თუ გინდა, შენი ძმა გამოვიდეს, აიღე ეს საბუთები, წაბრძანდი შვეიცარიაში და ეს საკითხი დაარეგულირეო. «კედარი» საერთოდ არ უხსენებია.

_ რას ნიშნავდა დარეგულირება?

_ «სიერას» ვალი 7 მილიონ დოლარამდე იყო ასული  და ამ ვალზე უარი უნდა მეთქმევინებინა. თავის დროზე ტომას ექსელთან ძალიან ახლოს ვიყავი. საქართველოში ჩამომყავდა და ყოველთვე დავდიოდა ლონდონში დირექტორთა საბჭოს შეხვედრებზე. ჩავედი ციურიხში და ვაჩვენე ჭუმბაძისგან გამოტანილი გადარიცხვების სია. ექსელი კინაღამ გაგიჟდა, ამას თქვენი პროკურატურა როგორ გატანთ, ეს გადარიცხვები ხომ არ არსებობსო?! დააჯინა თავისი ფინანსისტები, ამოიღეს საარქივო დოკუმენტაცია და გაირკვა შემდეგი: კახა ჭუმბაძემ მე რაც გამატანა, რომ თითქოსდა საქართველოს მთავრობას «სიერა ოილისთვის» ფული ჰქონდა გადახდილი, ეს იყო 1997 წლის 83-ე კონტრაქტით გადარიცხული თანხა და არანაირი კავშირი მას არ ჰქონდა შემდგომ გადარიცხვებთან და დარიცხულ პროცენტებთან, ანუ ადეიშვილის კანტორამ ანგარიშის ნომრები იგივე დატოვა და გადარიცხვის თარიღები შეცვალა. ეგონათ, რომ ამდენი ხნის გასვლის შემდეგ ამას ვერავინ გაშიფრავდა. გაგიჟდა ექსელი, ეს თქვენმა პროკურატურამ გააკეთაო? ვუთხარი, ტომას, მოდი ამას ნუ გავამწვავებთ, ძმა მყავს ციხეში-მეთქი. საბოლოოდ მოვილაპარაკეთ, რომ საქართველოს მთავრობას უნდა გადაეხადა 800 ათასი დოლარი ძირი თანხისა და პლიუს ადვოკატების მომსახურება რაც დაუჯდა «სიერას» _ სულ მილიონ 400 ათასი დოლარი. დანარჩენ 5 მილიონ-ნახევარ დოლარზე კონცერნი უარს ამბობდა.

ჩამოვედი საქართველოში, მივედი პროკურატურაში კახა ჭუმბაძესთან და ეგრევე მომახალა _ თქვენ ვინ მოგცათ უფლება საქართველოს სახელით ლაპარაკისო. «მე გითხარით, რომ ეს საქმე უნდა დაარეგულიროთ, აქ ჩამოვიდეს ექსელიო, _ ყვიროდა და შენობით მელაპარაკებოდა. _ ჩამოიყვანეთ ტომას ექსელი და აქ ჩვენ მივხედავთო». ამასობაში მე მომიწია ჩემი ბიზნესის საქმეზე ამერიკაში წასვლა. იქ მომაკითხეს ამერიკელმა იურისტებმა კალიფორნიის სასამართლოს ორდერით, მომიტანეს საქმე და ამიხსნეს, რომ იუსტიციის სამინისტრომ დაიქირავა. ორი დღის განმავლობაში მიდიოდა ჩემი დაკითხვა კალიფორნიაში და პარალელურად ორი ამერიკელი იურისტი თბილისში ჩამოვიდა და ჩემი ძმა დაჰკითხეს საკანში. იმ საადვოკატო ბიუროს ადეიშვილმა გადაუხადა მილიონ-ნახევრამდე დოლარი. ფანატიკურად იყვნენ განწყობილნი, ოღონდ «სიერა ოილისთვის» არ მიეცათ მილიონ ოთხასი ათასი და ამათ მისცეს.

საბოლოო ჯამში, ამერიკელმა ადვოკატებმა ვერაფერს მიაღწიეს. საქართველოს მთავრობას მოუწია 7 მილიონი დოლარის სრულად დაფარვა. ჩემს ძმას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, მაგრამ, ვინაიდან ჩემს ძმას არ მიუძღოდა ბრალი ამ საქმეში, პასუხისგებაში არ მიუციათ, სამაგიეროდ, გაასამართლეს სს «კედარის» საქმესთან დაკავშირებით და 800 ათას ლარამდე გადაგვახდევინეს (ვითომდა ჩინური მანქანა-დანადგარების საფასური). ანდრო ხუთი წელი იჯდა ციხეში და ამ ხნის განმავლობაში უარს ამბობდა საპროცესო შეთანხმებაზე. ბოლოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა დათანხმებულიყო და არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე გამოვიდა.

ადეიშვილს უნდოდა, ჩვენს ოჯახს გადაეხადა «ენტერპრაიზის» დავალიანება. ჩემი ძმის დაჭერის მიზანიც ეს იყო. ადეიშვილის ბრძანების უშუალო შემსრულებელი იყო მისი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე, ხოლო ლაცაბიძის დავალებებს კახა ჭუმბაძე ასრულებდა.

კახა ჭუმბაძე, ყოფილი უდიდეს საქმეთა გამომძიებელი, ამჟამად _ პროკურორი:

_ ბატონო კახა, დევი ჩხიკვიშველის განცხადებით, თქვენ ადეიშვილის უშუალო მითითებით მოქმედებდით, როდესაც იგი შვეიცარიაში გააგზავნეთ, «სიერა ოილ ენტერპრაიზ»-თან მოსალაპარაკებლად?

_ ეს საქმე ჩემს წარმოებაში იყო დაახლოებით 7-8 წლის წინ. ახლა მე აღარც ეს საქმე მაქვს წარმოებაში, აღარც ის მახსოვს, რა მოხდა და როგორ მოხდა. ასე რომ, ვერაფერს გეტყვით «ენტერპრაიზთან» დაკავშირებით.

ნუგზარ ბელქანია, სამხარაულის ბიუროს ყოფილი ექსპერტი

 _ ბატონო ნუგზარ, სს «კედარის» საშრობდანადგარების თქვენ მიერ გაცემულ დასკვნაში გიწერიათ, რომ ისინი გათვლილია 100 კუბომეტრ ხის მასალაზე. ამ დროს, საერთაშორისო აკრედიტირების მქონე ექსპერტიზის ცენტრებს 60 კუბომეტრი აქვთ მითითებული… 

_ ჩემ მიერ გაცემულ დასკვნაში შრობაზე არ არის საუბარი. ეს უნდა გაეკეთებინა შესაბამის სპეციალისტს, მაგრამ არ მოიძებნა საქართველოში ასეთი. ჩვენ წამოვაყენეთ მოთხოვნა, რომ მოწვეულიყო ტექნოლოგი შრობის სფეროში. სპეციალისტი ვერ მოიძებნა და მერე მოხდა იქ ჩარევა, ძალიან გვაჩქარებდნენ, როგორმე ის მაინც დაწერეთ, რამდენი ჩაეტევა ამ დანადგარებშიო, მაგრამ ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა შრობასთან.

_ მაშინ რატომ ჩასვეს ანდრო ჩხიკვიშვილი ციხეში?

_ არ ვიცი. 2-3 წლის შემდეგ გავიგე, რომ ციხეში იყო. ამაზე არც მიდიოდა დასაწყისში საუბარი და არც მეგონა, ამ კაცს თუ ციხეში ჩასვამდნენ.

_ კი მაგრამ, «კედარის» წინასაექსპერტო დასკვნებს არ გაეცანით, სადაც ეწერა რომ დანადგარები სინამდვილეში 60 კუბომეტრს აშრობდა?

_ ჩემთვის არ წარმოუდგენიათ არანაირი წინასაექსპერტო დასკვნა და დოკუმენტაცია. იქ შედგა ცხრილი და ის ცხრილის შეკვეცილი სახით მოხვდა დასკვნაში.

_ რას ნიშნავს შეკვეცილი?

_ შეიძლება დანადგარში ჩაეტიოს 100, 200 და მეტი კუბომეტრი, მაგრამ სინამდვილეში 60-ზე მეტს არ აშრობდეს. ტევადობა სხვა არის, შრობა _ სხვა. შრობაზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა იმიტომ, რომ ვერ მოიძებნა სპეციალისტი. მე კიდევ არ ვარ სპეციალისტი. იყო ბიუროში საუბარი იმაზე, რომ აუცილებლად უნდა მოეძებნათ ტექნოლოგი შრობაზე და რატომ არ მოიძებნა და რატომ არ ჩატარდა ექსპერტიზა, არ ვიცი. 

დღესდღეობით ანდრო ჩხიკვიშვილის საქმეს პროკურატურა იძიებს. ამ საქმეში მონაწილე პირები კი დღესაც მაღალ თანამდებობებს იკავებენ. კერძოდ, კახა ჭუმბაძე, გენერალური პროკურატურის ყოფილი საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელი, დღეს პროკურორი გახლავთ. კახა მაჭავარიანი, გენერალური პროკურატურის ყოფილი საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, დღეს მოსამართლეა. გიორგი ღვინიაშვილი, ქალაქის ყოფილი პროკურორი, დღეს პარლამენტარია. გიორგი ლაცაბიძე, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, დღეს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეა.

თამარ ნაზღაიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here