Home რუბრიკები საზოგადოება კახა ბენდუქიძის, გიული ალასანიას, გიგი თევზაძის… მოკლედ, მთელი ნაცმოს კონტროლქვეშ რომ მოექცა...

კახა ბენდუქიძის, გიული ალასანიას, გიგი თევზაძის… მოკლედ, მთელი ნაცმოს კონტროლქვეშ რომ მოექცა განათლება, მაშინ რატომ არ ამოიღეთ ხმა?

667

როგორც ცნობილია, სტუდენტთა საპროტესტო აქციები, აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის აღდგენასთან  დაკავშირებით, ბენდუქიძის  სასარგებლოდ დასრულდა.  ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია კვლავ მიენიჭა, მას შეუძლია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს ფუნქციონირება.

 

აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციასთან დაკავშირებით  ინტერნეტფორუმზე ძალიან საინტერესო მოსაზრებები დააფიქსირეს სტუდენტებმა. ერთ-ერთი მათგანი წერდა:

«აგრარული უნივერისტეტის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ უნივერსიტეტში არ უნდა იყვნენ «წვერიანი» (ასაკოვანი) პროფესორები, მათ ნაცვლად პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას უნდა ეწეოდნენ გენიოსი (ზუსტად ასეთი ტერმინოლოგია იყო გამოყენებული) ბაკალავრები, რამდენიმე ბაკალავრი გამოვიდა კიდეც სხდომაზე განცხადებით, რომ მათ გარდატეხა შეიტანეს სწავლებაში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს განათლების ხარისხი. მთელი მიმართულებები (მაგ., სამართლის) ფუნქციონირებს მხოლოდ მოწვეული მასწავლებლების ხარჯზე (რაც კანონით აკრძალულია)…

უნივერისტეტის ადმინისტრაციამ მოიწვია ახალგაზრდა ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ ხელმძღვანელობს მიმართულებას და ვერ თქვა, რა თანამდებობა უკავია. თავიდან განაცხადა, ასისტენტ-პროფესორი ვარო, შემდეგ სხდომის საბჭოს უთხრა, რომ თსუ-ს დოქტორანტია, საიტის ნახვისას კი აღმოჩნდა, რომ მას დოქტორანტის სტატუსი შეჩერებული ჰქონია…»

ინფორმაცია აკადემიური პერსონალის კონკურსის ჩატარების შესახებ, რომელიც, კანონის თანახმად, გამოქვეყნებული უნდა ყოფილიყო პრესაში, საოცრება ვნახე: «24საათის» ელექტრონულ ვერსიაში კონკურსი გამოცხადებული იყო, ხოლო იმავე თარიღის ნაბეჭდ ვერსიაში _ ეს კონკურსი გამოცხადებული არ იყო. დასკვნა თქვენთვის მომინდვია…

უნივერსიტეტის ვებგვერდზე არ იყო განთავსებული ფაკულტეტების სრული ნუსხა. როცა ერთ-ერთმა საბჭოს წევრმა ამის მიზეზი იკითხა, მას ცინიკურად უპასუხეს, უნივერსიტეტის ვებგვერდი ვიკიპედია კი არ არის, ყველაფერი რომ იყოსო. ამ დროს უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ავტორიზაციის ერთ-ერთი სტანდარტის უპირობო მოთხოვნაა.

განათლების მინისტრს ხშირად ეკითხებიან, რატომ იყო მობილიზებული პოლიცია აკრედიტაციის ცენტრის შენობის ირგვლივ, ამასაც მოგახსენებთ: სხდომის დამთავრების შემდეგ იქ მყოფ გულშემატკივართა ერთი ჯგუფი თავს დაესხა ერთ-ერთ დამსწრეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიცია რომ არა, შედეგი ბევრად მძიმე იქნებოდა.

ერთ-ერთი სტუდენტი ასევე წერდა: «ტექნიკურ უნივერსიტეტს რომ გაუუქმეს ავტორიცაზია, მაშინ სად იყავით, თუ მიშიზმის სუნი არ დგას ამ თემაში? ბენდუქიძის, გიული ალასანიას, თევზაძის… მოკლედ, მთელი ნაცმოს კონტროლქვეშ რომ მოექცა საგანმანათლებლო სისტემა, მაშინ რატომ არ ამოიღეთ ხმა? სკოლის დირექტორების «ნაჩალნიკად» თუთბერიძე რომ დაგინიშნეს _ მაშინ? მანდატურებს რომ ადირექტორებდნენ მაშინ? ყალბია ეს პროტესტი, მეტი არაფერი!»

ეს შეკითხვები დღემდე აქტუალურია და მათზე პასუხი არავის გაუცია, თუმცა, მათი რიტორიკული ხასიათიდან გამომდინარე, პასუხი გასაგებია.

უნდა ითქვას, რომ ფორუმზე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი მიმართავდა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს: «რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, აგრარულში სიარული თუ ცოდნის მიღება?  რაც შეეხება იმას, არის თუ არა ჩასაბარებელი «გასიებულისთვის» ამდენი ახალგაზრდა, ვიტყვი, რომ მაგ კაცს ერთი ბავშვიც არ უნდა ჩააბარო აღსაზრდელად, იმიტომ, რომ საოცრად მიკერძოებულად ზრდის! გადახედეთ თავისუფალ უნივერსიტეტს და მათ სტუდენტებს, ლამისაა «ნაციონალთა» სკოლად ჩამოყალიბდეს ეგ უნივერსიტეტი».

დასანანია, რომ სტუდენტებს, რომლებიც (შესაძლოა, ძალაუნებურადაც) აღმოჩნდნენ პოლიტიკური პროცესის ეპიცენტრში, გაცილებით მეტად იზიდავდათ სხვის პოლიტიკურ ინტრიგებში ბრმა იარაღად გამოყენების ხვედრი, ვიდრე სავსებით ლოგიკური და ლეგიტიმური შეკითხვა _ რა უფრო მნიშვნელოვანია _ კონკრეტული პოლიტიკური პოზიციის, იდეოლოგიის მატარებელი და კონკრეტული პარტიის სატელიტი ჯგუფის მერკანტილური, ხარბი ინტერესების დასაცავად ნაყალბევი პროტესტის გამოთქმა თუ ცოდნის მიიღება, რაც საკუთრივ არის კიდეც სტუდენტობის ძირითადი ამოცანა, რომელსაც, მომიტევონ ძვირფასმა სტუდენტებმა, მაგრამ თავისუფალი უნივერსიტეტის სახელდახელოდ «გაპროფესორებული» მაგისტრანტებისგან ისინი ვერ მიიღებენ!

ასე რომ, ამ პროტესტის მიზანი არა უკეთესი განათლების მიღება, არამედ ბენდუქიძის «მადლის მოსხმა» უფრო იყო…

მოამზადა

ლიზი გუდიაშვილმა

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here