Home რუბრიკები სამართალი ნიკოლოზ მჟავანაძე: «ნატო-ნატოს» ძახილი უფრო და უფრო გვაშორებს სოხუმსა და ცხინვალს

ნიკოლოზ მჟავანაძე: «ნატო-ნატოს» ძახილი უფრო და უფრო გვაშორებს სოხუმსა და ცხინვალს

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის დიალოგის დაწყება, თურქიმესხების ჩამოსახლება და მეჩეთის აშენება, ჩერქეზების გენოციდის აღიარება და ბიძინა ივანიშვილის გუნდის არასაიმედოობა _ ამ საკითხებზე «უფლებადამცველთა გაერთიანების» თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გვესაუბრება. მისი თქმით, წინა და მოქმედი ხელისუფლებების კონკრეტული გადაწყვეტილებები მომავალში საქართველოს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.


_ საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია «საქართველოს ძირითადი პოლიტიკის მიმართულების შესახებ». დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანოებში ინტეგრაცია. რამდენად საჭირო იყო აღნიშნული რეზოლუციის მიღება?

_ ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ პროდასავლური ორიენტაციით მივდივართ. ყოველ წუთს «ნატო-ნატოს» ძახილი უფრო და უფრო გვაშორებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ჩვენი კავშირი ნატოსთან შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ვახორციელებთ ყველაზე მეტი კონტინგენტის გაგზავნას ცხელ წერტილებში. შემხვედრ წინადადებებს კი ნატოსგან ვერ ვიღებთ. აქედან გამომდინარე, ყველა პოზიცია და დამოკიდებულება უნდა იყოს დაბალანსებული. ბიძინა ივანიშვილმა ეს თქვა კიდეც, მაგრამ იგი პარლამენტშიც ვერ წარმართავს თავის შეხედულებისამებრ პროცესებს. რეალურად ეს არის არა ივანიშვილის თანაგუნდელები არმედ გარდამავალი მთავრობა და პარლამენტი. დარწმუნებული იყავით, რომ ამ პარლამენტსა და მთავრობაში გარკვეული პერიოდის შემდეგ ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება. სახეს იცვლის ყველა. ეს ხალხი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შემოიკრიბა, იმ პერიოდში იყო საჭირო. დღეს ამ ადამიანებმა იმის მაგივრად, რომ სამართლინობის აღდგენასა და პოზიტიურ გადაწყვეტილებებზე იფიქრონ, ბოდიში და პრეზერვატივებზე, ჩოხა-ახალუხსა და რაღაც სისულელეებზე საუბრობენ. ხალხი გამწარებულია, პროტესტს არ გამოთქვამს იმ მიზეზით, რომ შიდა მტერი არ არის მოცილებული. ერთი რამ იცოდეთ: როგორც კი სააკაშვილი აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ხალხი მათ დასჯას კატეგორიულად მოითხოვს. თუ ასე გაგრძელდა, ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პრობლემები შეექმნება. უკანონოდ გასამართლებულ 15 ათასზე მეტი ადამიანის განცხადება განუხილველი რჩება. ხალხის სოციალური მდგომარეობაც მძიმეა. რუსეთთან ნელი ტემპით დაიწყო ურთიერთობების დალაგება და ვიღაცები ხელს უშლიან ამ სიტუაციის დათბობას. არ გვჭირდება კიჟინი «ევროპა და ნატო»! მათი მიმართულებით დაბალანსებული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. სამწუხაროდ, ასეთი ბედი გვერგო, გარკვეულ ბეწვის ხიდზე სულ უნდა ვიაროთ. ასეთი განცხადებებით ვშორდებით ჩემთვის და ყველა ქართველისთვის რეალურ ოცნებას _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს არის ქართველი ხალხის სანუკვარი ნატვრა და არა ნატო! პროდუქციის გასაღება, ანუ ეკონომიკური კეთილდღეობა, ვფიქრობ, რუსეთთან კავშირის გზით არის შესაძლებელი. პროდუქცია, რომელსაც ვაწარმოებთ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ბაზარზე არის ორიენტირებული. ევროპაში შეიძლება გავიტანოთ, მაგრამ ყველა ექსპერტი აღიარებს, რომ ვერ მივაღწევთ რაღაც ეკონომიკურ გარდატეხას. მესმის, მაგრამ, როდესაც წამგებიან პოზიციაში ხარ, რაღაცეები უნდა დათმო. ეს განცხადებები და რეზოლუცია კი, ვფიქრობ, ნამდვილად არ იყო სწორი.

 სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი არის რთულ მდგომარეობაში. მან თუ დაიწყო ამ მიმართულებით რუსეთისკენ რაღაც ძვრები, სააკაშვილს აქვს იმხელა საცეცები, რომ ამას სხვანაირად გამოიყენებს. სამწუხაროდ, კოალიციაში არის ისეთი ხალხი, რომელიც ამას ცუდად გამოიყენებს. ბიძინა ივანიშვილის გუნდი არ არის კონტროლირებადი მისი მხრიდან. ამ კუთხით გარკვეულწილად გამოუვალი სიტუაციაც არის.

ზოგიერთ პარლამენტარს ჰგონია, რომ ხალხმა აირჩია. ბიძინა ივანიშვილს იმხელა ავტორიტეტი აქვს, ჯოხიც რომ დაეყენებინა კანდიდატად, ხალხი დაუჯერებდა. ამ გუნდის  მოქმედებით, სამწუხაროდ, ივანიშვილის რეიტინგი არათუ მაღლა იწევს, არამედ ეცემა.

_ ერთერთ ინტერვიუში განმიცხადეთ, რომ, შესაძლოა, «ნაციონალური მოძრაობა» ხელისუფლებაში დაბრუნდეს, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები სააშკარაოზე გამოვიდა, მათ ხელახლა ვინღა აირჩევს?

_ დიახ, გითხარით, რომ ამერიკის ინტერესებში შედის «ნაციონალური მოძრაობის» დაბრუნება, ოღონდ არა ამ სახით, არამედ ტრანსფორმირებულად, მაგრამ იგივე იდეოლოგიით. ამერიკული ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ «ნაციონალური მოძრაობა» წინასაარჩევნო რეიტინგებში ლიდერობდა, მაგრამ ციხის სკანდალმა აიძულა, რეალური ციფრები გამოექვეყნებინა. «ნაცებს» ბოლომდე ჰქონდათ ამერიკელების თანადგომა. ახლა ამბობენ, რომ მათი უფლებები ირღვევა. ამერიკის ადმინისტრაციიდან ადრე გაგიგიათ უფლებების დარღვევაზე მკაცრი რეაგირება? დასავლეთი იძულებული იყო, გაეთვალისწინებინა ქართველი ხალხის არჩევანი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ დასავლეთის მცდელობა, რეანიმირებული «ნაციონალური მოძრაობა» დაბრუნდეს, მაშინვე შედეგს გამოიღებს, როგორც კი მოქმედი ხელისუფლება რაღაც სისულელეს გააკეთებს და ივანიშვილის რეიტინგი დაეცემა. სისულელეებს კი ვხედავთ: დამნაშავე პროკურორები და პოლიციელები თანამდებობებზე არიან მოკალათებულნი. არ ხდება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება. სააკაშვილმაც მიუთითა, რომ არავინ იჭერს, რადგან არ არიან დამნაშავეებიო. მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, დროზე დაიწყოს წმენდა გუნდში, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე იმაზე მეტია, ვიდრე ეს შეიძლება ზედაპირულად ჩანდეს.

ესაუბრა

ანა ქევხიშვილი

 

1 COMMENT

  1. რა ჯანდაბა გვინდა ამ ნატოში,ეს ორგანიზაცია სიონისტურ-თალმუდისტური მასონური კლანის მსახური ორგანიზაციაა ქვეყნების დასამორჩილებლად მსოფლიო მმართველებისადმი, რა საქართველო ნეიტრალურ ქვეყნად ვერ წარმოგიდგენიათ? თუ არ გინდათ?

  2. აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მანამდე ვერ დავიბრუნებთ სანამ არ მივაღწევთ ნეიტრალიტეტის პირობებში სისტემის შეცვლას,ამას გზას გაუხსნის მეორედ მოსული ქრისტეს-სიტყვის აღიარება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here