Home რუბრიკები საზოგადოება ტარიელ სიხარულიძე: სააკაშვილის ჯიბის პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის ცნობა «პანდორას ყუთის» გახსნის...

ტარიელ სიხარულიძე: სააკაშვილის ჯიბის პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის ცნობა «პანდორას ყუთის» გახსნის ტოლფასია!

1151

ჩვენი გაზეთის სტუმარია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (რუსული სექტორის ხელმძღვანელი 1995-2005 ..), კავკასიურ ენათა კათედრის გამგე (2000-2006 ..), ამჟამად ერზერუმის ათათურქის უნივერსიტეტის პროფესორი ტარიელ სიხარულიძე.


_ ბატონო ტარიელ, რატომ დატოვეთ მშობლიური უნივერსიტეტი?

_ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წასვლის ერთადერთი მიზეზი «ნაციონალი რეფორმატორების» შემოჭრა და განათლების სფეროში მათი აუტანელი დიქტატის დანერგვა იყო. მაშინ ბევრმა უნივერსიტეტის ჭეშმარიტმა გულშემატკივარმა, განვითარებული კოშმარული მოვლენების გამო, კონკურსში მონაწილეობა არ მიიღო. კავკასიურ ენათა კათედრაზე აშკარა ოპოზიციაში მხოლოდ ორნი აღმოვჩნდით მე და დოცენტი ნ. იოსავა.

პირველ ეტაპზე სააკაშვილი-ლომაია-ხუბუას სამეულმა განათლების სფეროში დამკვიდრებული ტრადიციებისა და ადამიანური ურთიერთობების მოსპობა გადაწყვიტა ე.წ. ოპტიმიზაციის მოშველიებით (ეტყობა, ლათინური სიტყვა ოპტიმა-ს მნიშვნელობა არ იციან), რაც კვალიფიციური, მაგრამ ურჩი პედაგოგების ნაცვლად, ნაკლებად პროფესიული, სამაგიეროდ, მორჩილი კოლექტივის დასაქმებას გულისხმობდა.

განათლების სისტემის უკიდურესმა ცენტრალიზაციამ, საყოველთაო კონტროლმა სრულიად ბუნებრივად შიშის სინდრომი წარმოშვა. საშუალო და უმაღლესი სკოლა პირფერობის, აღმოსავლური ქლესაობის, დასმენის და უმეცრების (რა თქმა უნდა, დარჩენილი მცირე ოდენობის ძველი კადრების გამოკლებით) პარპაშის ასპარეზი გახდა. თანამდებობაზე კონკურსის წესით არჩევა, ხშირ შემთხვევაში, არააკადემიურ კრიტერიუმს ეყრდნობოდა და, აქედან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის ტენდენციური გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრების საშუალებას იძლეოდა.

უნივერსიტეტში მოკალათებული ინტრიგანები (ასაკოვანი და ახალგაზრდა), ცნობილი მეცნიერების სახელების ჟონგლირებით, შანტაჟითა და პროვოკაციებით თათხავდნენ უნივერსიტეტის ღირსებას. საკონკურსო «ბატალიებში» დაპირისპირებული მხარეები სტუდენტებისა და მაგისტრანტების ჩათრევას არ ერიდებოდნენ, რაც ახალგაზრდების სულიერი გახრწნის ტოლფასი იყო! სამწუხაროდ, ასეთი ვითარება დღეს კავკასიური ენათა კათედრაზე (ამჟამად ინსტიტუტია) არის!

_ თქვენ ექვსი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდით კავკასიურ ენათა კათედრას. მოგვიყევით მის მნიშვნელობაზე.

     _ კავკასიურ ენათა კათედრა ჩამოაყალიბა აკადემიკოსმა არნოლდ ჩიქობავამ 1938 წელს. მან საუკეთესო ძალებს მოუყარა თავი: აკადემიკოსები ვარლამ თოფურია და სიმონ ჯანაშია, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ქეთევან ლომთათიძე, პროფესორები გიორგი როგავა, ილია ცერცვაძე, ალექსანდრე მაჰომედოვი, ევგენი ჯეირანაშვილი… კათედრაზე გაიხსნა ქართული და რუსული სექტორები. რუსული სექტორის პროგრამა სრულიად შეესაბამებოდა რუსეთის უმაღლესი სკოლის ფილოლოგიის ფაკულტეტის სასწავლო გეგმას, რაც ხელს უწყობდა ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსული სტუდენტების მობილობას და მათ უმტკივნეულო ადაპტაციას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (კანდიდატი, დოქტორი) თითქმის ყველა კურსდამთავრებული ისევ თბილისში ბრუნდებოდა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოეთ კავკასიის კავკასიური სკოლა საქართველოში ჩამოყალიბდა!

 _ ბატონო ტარიელ, როგორ შეაფასებთ 2011 წლის 21 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას

_ ჩერქეზთა გენოციდთან დაკავშირებით რუსული და თურქული მხარეების მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა და ეს საკითხი უდავოდ დამატებით შესწავლას საჭიროებს, თუმცა უტყუარია, რომ ჩერქეზები სხვებზე მეტად დაზარალდნენ იმის გამო, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლში ცხოვრობდნენ.

ჩემი რწმენით, ასეთი ტრაგიკული მოვლენა არ უნდა იყოს მდაბიო ანგარიშსწორების მოტივი! ეს «აღიარება» ერთი გაუწონასწორებული ადამიანის  ავადმყოფური ახირებაა! სააკაშვილისა და მისი მორჩილი პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის ცნობა  «პანდორას ყუთის» გახსნის ტოლფასია, რასაც, შესაძლოა, მძიმე შედეგი მოჰყვეს!

_ რას გულისხმობთ «მძიმე შედეგებში»?

_ როდესაც ასეთ დელიკატურ საკითხს ეხები, უნდა გაითვალისწინო, «ბუმერანგი» რა სახით დაგიბრუნდება. საქართველოში კომპაქტურად ცხოვრობენ სომხებიც და აზერბაიჯანელებიც, რომელთა ამოქმედება ჩვენ საწინააღმდეგოდ  სავსებით შესაძლებელია! მერე როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ სააკაშვილს ადარდებს ჩერქეზი ხალხის ტრაგედია, როდესაც მათი გენოციდის აღიარებიდან ზუსტად ხუთი დღის შემდეგ, 26 მაისს, იგი არნახული სისასტიკით საკუთარ მოსახლეობას გაუსწორდა?! ჩერქეზთა გენოციდის აღიარება, ჩემი აზრით, სამართლებრივი ნონსენსია. ვის უნდა მოსთხოვო პასუხი? რუსეთის იმპერიას, რომელიც 1917 წლიდან არ არსებობს? ის ხომ შეცვალა საბჭოთა კავშირმა, რომელიც, ასევე, არ არსებობს! ან როგორ უნდა წაუყენოს რუსეთმა გერმანიას პრეტენზიები იმ მრავალმილიონიანი მშვიდობიანი მოსახლეობის ამოწყვეტის გამო, რაც მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც «მესამე რაიხი» 1945 წლის მაისში გაცამტვერდა?! საერთოდ ვთვლი, რომ ასეთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას (და ეს სავსებით დასაშვებია) მოჰყვეს «გენოციდების აღლუმი». მაგალითად, ჩვენ მოგვმართავენ ჩეჩნები, ინგუშები, დაღესტნელები ან, თუ გნებავთ, ყირიმელი თათრები და მრავალი სხვა თხოვნით, ვაღიაროთ მათი გენოციდი; თავის მხრივ, ასეთივე თხოვნით აფხაზები და ოსები მიმართავენ რუსეთს, აღიაროს მათი გენოციდი ქართველების მიერ. შედეგად, სიტყვა «გენოციდი» გაიცვითება, მისი არსი კი გაუფასურდება, მეტიც, გამასხარავდება!

_ თქვენი აზრით, რატომ ცნობს სააკაშვილი ჩერქეზთა გენოციდს და აინუნში არ აგდებს სომხების თხოვნას, აღიაროს მათი გენოციდი?

_ უთუოდ აღიარებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთაშორისო ურთიერთობის ურთულესი პრობლემაა; მაგრამ, ეს სააკაშვილს არ აძლევს ხელს პოლიტიკურად და, წარმოიდგინეთ, მატერიალურადაც!..

რაც მოგვიტანა რუსეთთან გაუწონასწორებელმა პოლიტიკამ, ეს ყველამ ვიცით. დამოუკიდებელი საქართველოს სამივე პრეზიდენტმა ქვეყნის დაქუცმაცებაში საკუთარი «წვლილი» შეიტანა. თავის მართლება იმ მოტივით, რომ ჩვენ ორასი წლის წინ დავკარგეთ სახელმწიფოებრიობა და «გვაცალეთ, ჩამოვყალიბდებითო» დამღუპველია!

თანამედროვე სამყარო ურთიერთობების ახალ წესებს გვასწავლის და ეს უნდა გავითვალისწინოთ. უმძიმესი ისტორიული მოვლენების მიუხედავად, ცივილიზებული ურთიერთობები აკავშირებს დღეს გერმანიასა და ისრაელს!

სააკაშვილი, როგორც მეტისმეტად ემოციური პიროვნება და ექსტრავაგანტული ქცევის მოქალაქე, შეიძლება სხვადასხვა გრძნობას აღძრავდეს, მაგრამ სახელმწიფოს სათავეში მოქცეული ასეთი არაადეკვატური პიროვნება მეტად სახიფათოა! ეს მისი პირადი ტრაგედიაა, რომ «დიდმა დასავლელმა სელექციონერმა» ბოლომდე ვერ ამოიცნო მისი ბუნება და შესაძლებლობები… და მასთან ერთად ქვეყანაც გაწირა!

სააკაშვილის, როგორც მოვლენის, კარგი მაგალითია დავით აღმაშენებლის გამზირი: უცხო თვალის გასახარად მოჩუქურთმებული ფასადების უკან იმალება ძველი, ამორტიზებული, ნახევრად დაშლილი სახლები და ამ სახლებში მცხოვრები ჩვენი გაუბედურებული, იმედგაცრუებული და მიტოვებული თანამემამულეები… ვგონებ, არც ერთ ქართველს არ უნდა, ვირტუალური საქართველოს მოქალაქეობა! 

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

7 COMMENTS

  1. ძალიან დასანანია,რომ ტარიელ სიხარულიძის ნაირი მაღალი დონის პროფესიონალები უცხოეთში არიან გადახვეწილნი!რამდენ სარგებლობას მოუტანდნენ ჩვენს ახალგაზრდობას!

  2. ბოკერია-ლომაიას დანაშაულებრივმა "მოღვაწეობამ" მიწასთან გაასწორა ჩვენი განათლება. ამ ნაძირალებმა პასუხი უნდა აგონ ერის წინაშე! სააკაშვილის შედარება დავით აღმაშენებლის გამზირთან ბრწყინვალეა! ქართველმა არ უნდა იცხოვროს ვირტუალურ საქართველოში!

  3. ბატონო ტარიელ! სიამოვნებით წავიკითხე ეს ინტერვიუ. ყველა კითხზე იძლევით ლოგიკურ პასუხს,რაც ჩვენ დროს დიდი იშვიათობაა. 🙂 მაგრამ,სასურველი იქნებოდა, კონკრეტულად დაგესახელებიათ ის ხალხი, რომლებმაც დაუშვეს ე.წ. რექტორის – ხუბუას პარპაში უნივერსიტეტში. ქვეყანამ უნდა იცოდეს თავისი "გმირები".

  4. მართალია! როგორ შეიძლება, რომ სააკაშვილი განიცდიდეს ჩერქეზების ტრაგედიას, როდესაც საკუთარი ხალხი არ დაინდო!კარგია, რომ თქვენი გაზეთი ასეთ საინტერესო ადამიანებს გვაცნობს. მართლაც, რატომ უნდა კითხულობდეს ბატონი ტარიელი ლექციებს თურქეთში?

  5. გეთანხმებით, ბატონო ტარიელ! სააკაშვილი თურქული პურით იკვებება და, რა საკვირველია, ცოცხალი თავით არ აღიარებს სომხების გენოციდს, მიუხედავად იმისა, რომ თავად სომეხია!

  6. სააკაშვილი ნაძირალაა, მავშვობაში გადატანილმა ყოველდღიურმა დამცირებან -შედეგი გამოიღო, ეს ადამიანი დღეს პათოლოგიური პიროვნებაა.

  7. არ ხართ მართალი ტარიელ-ბატონო, კარგად მოგეხსენებათ თქვენი თურქეთში გადახვეწის მიზეზი დიდი ხელფასია, თურქეთიდან ძნელია გააკონტროლოთ თსუ და მით უმეტეს კათედრა, რომლის ე. წ გამგეც თქვენ ბრძანდებოდით! დრვანდელ ახალგაზრდობას ასე მარტივად " სულიერად ვერ გახრწნი"!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here