Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოში ბიზნესის უმთავრეს ნაწილს კვლავ «ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს

საქართველოში ბიზნესის უმთავრეს ნაწილს კვლავ «ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს

1038

საქართველოში ბიზნესის უმთავრეს ნაწილს კვლავ «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლები აკონტროლებენ. პოლიტიკური დამღა აზის კომპანია «ყაზტრანსგაზთბილისსაც», რომელსაც 2008 წლამდე მისივე მფლობელი, ყაზახური კომპანია «ყაზტრანსგაზი» მართავდა. შემდეგ კი, 70-მილიონიანი საბიუჯეტო დავალიანების საბაბით, ქართულმა მხარემ ყაზახები დროებით გაუშვა და კომპანიის მმართველობაში დღემდე ისევ ქართველები არიან. არადა, თავის დროზე «ყაზტრანსგაზისთვის» დიდი ზარზეიმით თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის, «თბილგაზის» მიყიდვის მთავარი მოტივი სწორედ ის იყო, რომ ქართველებს მისი მართვა არ შეეძლოთ და უცხოელები უფრო ეფექტურად მართავდნენ მას.


ყაზახების შემდეგ კომპანიის პირველი ქართველი მმართველი ირაკლი კოპალეიშვილი გახლდათ, მაგრამ ის დიდხანს არ გააჩერეს პოსტზე. მალევე «ყაზტრანსგაზ-თბილისის» მმართველად «ნაციონალური მოძრაობის» ყოფილი პრესსპიკერის, ამჟამად დეპუტატისა და მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბის თანადამფუძნებლის, ჩიორა თაქთაქიშვილის, ბიძაშვილი _ ანა თაქთაქიშვილი დანიშნეს. კომპანიაში სწორედ ჩიორას ბიძაშვილის მმართველად მოსვლის შემდეგ წაუვიდათ შავად საქმე რიგით თანამშრომლებს _ დაიწყო პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა დევნა. გარდა ამისა, კომპანიაში სხვა უკანონობებიც მრავლად ხდება. ამის შესახებ «საქართველო და მსოფლიოს» «ყაზტრანსგაზ-თბილისის» თანამშრომლებმა უამბეს, რომელთაც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელას თავი უბრალო მიზეზის გამო აარიდეს _ ამ ფაქტების გახმაურებისთვის მათ სამსახურიდან დაითხოვენ.

ჩვენი წყაროს ცნობით, პირველი, რაც ანა თაქთაქიშვილმა დირექტორად მოსვლის შემდეგ გააკეთა, რიგითი თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების გაუარესება იყო. მათ დიდ ნაწილს ხელფასები შეუმცირეს (1000-დან 500-700 ლარამდე), ყაზახების მიერ დაწესებული ე. წ. მეცამეტე ხელფასი გააუქმა და საერთოდ, რიგითი თანამშრომლების პრემიალურ წახალისებაზე უარი განაცხადა, კომპანიაში ერთპიროვნული დიქტატურა დაამყარა და სამსახურიდან ათამდე პროფესიონალი კადრი მხოლოდ იმიტომ გაუშვა, რომ ისინი, მისივე ინფორმაციით, ერთხელ მაინც იყვნენ ოპოზიციის მიტინგებზე ნამყოფი. სამაგიეროდ, მუშების, შემდუღებლებისა და ზეინკლების ხარჯზე თაქთაქიშვილმა ხელფასები გაუზარდა ცენტრალური ოფისის ისედაც მაღალხელფასიან თანამშრომლებსა და სერვის-ცენტრების ხელმძღვანელებს, თავად კი ხელფასი გაიორმაგა. «ყაზტრანსგაზში», თითქმის ყველა წამყვან პოსტზე «ნაციონალური მოძრაობის» პოლიტიკური ლიდერების ნათესავმეგობრები და ოჯახის წევრები მუშაობენ.   თაქთაქიშვილი მათ ხშირად უწერს პრემიებს, როცა რიგით თანამშრომლებს ნორმალური ხელფასიც კი ენატრებათ. ამ პოლიტიკის გამო უმძიმეს დღეში აღმოჩნდნენ ის ბრიგადები, რომელთაც გაზის გაყვანა, გაზის სახლებში შეყვანა, მრიცხველების დამონტაჟება ევალებათ, ანუ ის ხალხი, რომელიც ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებს. ამავე დღეში არიან საავარიო ბრიგადებიც.

«ყაზტრანსგაზ-თბილისის» სამონტაჟო ბრიგადები, დავალების შესასრულებლად საკუთარი ტექნიკური საშუალებებით გადიან _ ქანჩი რომ ქანჩია, ისიც საკუთარი აქვთ. ყველა ხელსაწყოს თვითონ ყიდულობენ და საკუთარი ავტომობილებით ემსახურებიან კომპანიის კლიენტებს. კომპანია მათ მხოლოდ იმ მასალებს აძლევს, რომელთა საფასურსაც აბონენტი იხდის. 4 წელია, მათთვის კომპანიას უნიფორმაც კი არ მიუცია.  თითო სამონტაჟო ბრიგადას კვირაში 20-30 ლიტრიან ბენზინის ტალონს აძლევენ, რაც, დამეთანხმებით, ძალზე ცოტაა. ცხადია, მანქანის შენახვისა და სარემონტო ხარჯებიც ბრიგადის წევრთა კისერზეა. მათი ისედაც მინიმალური ხელფასის პირობებში, ეს ხარჯი მძიმე ტვირთად აწევთ მუშებსა და ხელოსნებს, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ _ სამსახურის დაკარგვის შიშით, იძულებულნი არიან, ამ კაბალურ პირობებს დაემორჩილონ. იყო შემთხვევები, როცა უბენზინობის გამო ბრიგადები დავალებაზე არ გავიდნენ, ბრიგადის წევრებს იმედი ჰქონდათ, მეორე დღეს მათ ბენზინს მისცემდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად, დავალების შეუსრულებლობისთვის საჯარიმო სანქცია დააკისრეს _ ხელფასიდან 10% დაუქვითეს. იმის მიუხედავად, რომ მათ კვირაში მხოლოდ 5 დღე უნდა იმუშაონ, ხშირად შაბათობითაც ამუშავებენ და ცხადია, ამისთვის დამატებით გასამრჯელოს მათ არავინ უხდის. ნორმალურ ქვეყანაში, «ყაზტრანსგაზ-თბილისის» ხელმძღვანელებს თრეფიკინგის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემდნენ, მაგრამ ეს ხომ საქართველოა, სადაც ჩიორა თაქთაქიშვილის ბიძაშვილისთვის ყველაფერი «მოსულა»! 2008 წელს კომპანიის ყაზახმა მმართველებმა სპეციალურად ბრიგადებისთვის «ტოიოტას» პიკაპები და «ნივის» მარკის ავტომობილები შეიძინეს. მაგრამ ანა თაქთაქიშვილის დირექტორად მოსვლის შემდეგ ამ ავტომობილთა დიდი ნაწილი გაქრა, რაც დარჩა, იმას კომპანიის სხვადასხვა დონის მენეჯერები მოიხმარენ.

«ყაზტრანსგაზთბილისის» რიგით თანამშრომლებს კონტრაქტებზე ისე აწერინებენ ხელს, რომ მათი წაკითხვის საშუალებასაც კი არ აძლევენ. ესეც ანა თაქთაქიშვილის «ნოვაციაა». ხალხს, 10-10 კაციან ჯგუფებად ერთ ოთახში შეყრიან, მზა კონტრაქტებს დაურიგებენ და აჩქარებენ, რომ სასწრაფოდ მოაწერონ ხელი. ერთადერთი, რისთვის თვალის შევლებას ახერხებენ, კონტრაქტის ის პუნქტია, რომელშიც დაქირავებულის ანაზღაურებაზეა ლაპარაკი. იყო შემთხვევა, რომ ერთმა ზეინკალმა მოითხოვა, კონტრაქტს შინ წავიღებ, იურისტს გავაცნობ და ხელს მერე მოვაწერო. კი, ბატონოო, _ უთხრეს. კონტრაქტი გაატანეს ამ კაცს, იმან იურისტსაც გააცნო, თავისი პრეტენზიები მოახსენა ხელმძღვანელებს, მაგრამ 1 კვირაში, ვიდრე კონტრაქტს ხელს მოაწერდა, სამსახურიდან დაითხოვეს _ კვალიფიკაცია დაუწუნეს. წესით, კონტრაქტის 1 ეგზემპლარი დაქირავებულს უნდა მისცენ, მაგრამ აქაც კომპანიას თავისი წესები აქვს _ არც კი აკითხებენ და სახლში გაატანენ ხელშეკრულების ეგზემპლარს?

«ყაზტრანსგაზ-თბილისის» თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ ბოლო პერიოდში მრავალი გამოცდილი თანამშრომელი გაუშვეს სამსახურიდან და საპასუხისმგებლო პოსტებზე ისეთი ხალხი დანიშნეს, რომელთაც გაზიფიკაციის სფეროში მუშაობის უმცირესი გამოცდილება აქვთ. ძველების გაშვების ინიციატორი ანა თაქთაქიშვილი ყოფილა, იმ მიზეზით, რომ ისინი პოლიტიკურად მთლად სანდონი არ ყოფილან და ზოგიერთები გულში ოპოზიციასაც კი ქომაგობდნენ. პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა დევნა დღესაც მიმდინარეობს კომპანიაში, აკრძალულია სიტყვა «ოცნების» ხმარება, ბერა ივანიშვილის გამო რეპის მოსმენა და, თუ ვინმეს ბიძინა ჰქვია, მას ალმაცერად უყურებენ. თანამშრომელთა პოლიტიკურ და სხვა სახის დევნაში ანა თაქთაქიშვილს დიდ დახმარებას უწევენ მთავარი ინჟინრის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე და სამონტაჟო სამსახურის უფროსი ედიშერ ხორავა. თანამშრომლები აცხადებენ, რომ ეს ადამიანები არიან გარეულნი ყველა იმ მაქინაციასა და უკანონობაში, რომელთაც ანა თაქთაქიშვილი კომპანიაში ახორციელებს. სხვათა შორის, ედიშერ ხორავა იმდენად მიუღებელი პიროვნებაა თანამშრომლებისთვის, რომ შარშანი ერთმა ნაწილმა  მისი მოხსნა მოითხოვა.

ანა თაქთაქიშვილის «ყაზტრანსგაზ-თბილისში» ზეობის პერიოდს უკავშირდება «ნაციონალური მოძრაობის» კოორდინატორების «ბითუმად» დასაქმებაც. შარშან, საპარლამენტო არჩევნებამდე 5-6 თვით ადრე, დაახლოებით 100 მგზნებარე «ნაციონალი» გაუფორმებიათ კომპანიის როგორც ცენტრალურ ოფისში, ასევე თბილისის სერვის-ცენტრებში. ეს ხალხი, მშობლიური პარტიის ერთგული სამსახურისთვის სწორედ თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიიდან იღებდა ხელფასს, ვიდრე 1 ოქტომბერს მათ დედა-პარტიას დედა არ ეტირა. კომპანიის თანამშრომლები ამბობენ, რომ «ყაზტრანსგაზ-თბილისში» დღემდე გაფორმებულნი არიან და ხელფასებს იღებენ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სხვადასხვა ჯურის «ზონდერები» _ გლდანის ციხიდან გამოყრილი პატიმართა მწამებლები, შსს-ს სადამსჯელო სამსახურებიდან (კუდი, სოდი) დათხოვნილი ის თანამშრომლები, რომლებიც ოპოზიციასთან უკანონო ბრძოლას აწარმოებდნენ და ხალხს აწიოკებდნენ, ამავე სამინისტროს რამდენიმე სპეცრაზმელი, რომლებიც 2011 წლის 26 მაისის დარბევაში მონაწილეობდა, ვანო მერაბიშვილმა სამსახურიდან კი გაუშვა ხალხის თვალის ასახვევად, მაგრამ მისივე მითითებით ეს ხალხი ყაზახურ კომპანიას შეაფარეს, თანაც, მათ ძალზე სოლიდურად უხდიან, _ გვითხრეს კომპანიის თანამშრომლებმა. აბა, ამის შემდეგ შეიძლება სერიოზულად იმაზე მსჯელობა, რომ თბილიშში გაზის ტარიფის გაიაფება სუბიექტურ ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული? ამ ადამიანებს ხელფასს ხომ თბილისელების მიერ  მოხმარებული გაზის საფასურის გადასახადიდან აძლევენ ხელფასებს?

კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ «ყაზტრანსგაზთბილისი» ატყავებს მოსახლეობას და გაუმართლებლად მაღალი ტარიფები აქვს დაწესებული. მაგალითად, მრიცხველის ჩვეულებრივი დამონტაჟება (როცა მრიცხველი ისეთ სახლშია დასამონტაჟებელი, სადაც ოდესმე ყოფილა გაზი და სხვა სამუშაოები არ არის ჩასატარებელი) 300 ლარი ღირს. აქედან 125 ლარია მრიცხველის საფასური, თანამშრომელთა თქმით, მაქსიმუმ 50 ლარია მასალებისა და სამონტაჟო ბრიგადისთვის გადასახდელი თანხა, დანარჩენი 125 ლარი კი კომპანიის მოგებაა. ამგვარ ზემოგებაზე მუშაობს კომპანია მაშინაც, როცა მრიცხველი ერთი ადგილიდან მეორეზეა გადასატანი, ანუ მრიცხველი კლიენტისაა. ეს სამუშაო კლიენტს 150 ლარი უჯდება. არადა, კომპანიის ხარჯი, მაქსიმუმ, 50 ლარია. ამ მომსახურებაშიც კომპანია სოლიდურად იგებს 100 ლარს. თანამშრომლები ამბობენ, რომ ის მასალები, რომელთაც მრიცხველთა მონტაჟისას ან სხვა სამუშაოებისას იყენებენ, უხარისხოა, ძირითადად, თურქეთისა და ჩინეთის საეჭვო რეპუტაციის ქარხნებშია დამზადებული ან თავად «ყაზტრანსგაზის» საამქროებში წარმოებილი.

ბოლო ხანებში, «ყაზტრანსგაზ-თბილისი» პოლონურ ფირმა «მეტრიქსის» მრიცხველებს ამონტაჟებს. კომპანიის თანამშრომლებს აქვთ ინფორმაცია, რომ «ყაზტრანსგაზ-თბილისის» მესვეურნი პოლონეთში დაზიანებულ, ქარხნული წუნით ჩამოწერილ მრიცხველებს ძალზე იაფად ყიდულობენ, თბილისში მათ ხსნიან, არემონტებენ, ხელახლა აყადაღაბენ და ახალი მრიცხველიც მზადაა. კომპანიის თანამშრომლები ამბობენ, რომ მრიცხველები გიგი უგულავასა და ანა თაქთაქიშვილის პირადი ბიზნესია.

შარშან, წინასაარჩევნო პერიოდში, თბილისის მერიამ «ყაზგაზტრანს-თბილისთან» ერთად სპეცპროექტი განახორციელა _ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მრიცხველები უფასოდ დაუმონტაჟა და ბევრს გაზიც უფასოდ შეუყვანა სახლებში. აბა, «ნაციონალები» ისე როგორ მოითმენდნენ, რომ ამ სოციალური პროექტიდან თავადაც არ ეხეირათ და თბილისის მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ჩაზიარებოდნენ? სოციალურად დაუცველთა სიაში, მერიამ «ნაციონალთა» კოორდინატორები და აქტივისტები ჩასვა და მათაც უფასოდ შეუყვანეს გაზი ან მრიცხველი დაუმონტაჟეს ასევე უსასყიდლოდ. ეს კოორდინატორ-რწმუნებულები კიდევ ჯანდაბას, მაგრამ თბილისში, წყნეთში, კიკეთში, წავკისსა და კოჯორში, «ნაციონალ» ბობოლათა ახლადაშენებულ სახლებსა და აგარაკებში გაზი ამ პროექტის ფარგლებში შეიყვანეს და საფასურიც მერიამ დაფარა. კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, დაახლოებით, 200 «ნაციონალის» ფეშენებელურ სახლსა და აგარაკზე მაინც დაიხარჯა ხალხის ფული _ მილიონერ «ნაციონალებსაც» უმწეოთა პროგრამით შეუყვანეს გაზი. «ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო,» _ ამაზეა ნათქვამი და ამ პრინციპით ეპყრობოდა კიდეც ქვეყნის ბიუჯეტს სააკაშვილი და მისი ბანდა. მეტიც! ზოგიერთი ისე გათავხედდა, რომ წაღვერსა და ლიკანში ახლადაშენებულ აგარაკებშიც მერიის სახსრებით შეიყვანეს გაზი და მუქთა მრიცხველებიც დაიყენეს. არადა, წესით და კანონით, თბილისის გარეთ ეს საქმე «სოკარის» კომპეტენციაა და «ყაზტრანსგაზ-თბილისს» არც წაღვერსა და არც ლიკანში არაფერი ესაქმება.

ამჟამად, «ყაზტრანსგაზთბილისში» ფინანსური პოლიციაა შესული და, როგორც ამბობენ, გამოსვლას არც ჩქარობენ. ამის მიზეზი კი ის ყოფილა, რომ მაკონტროლებლებს უკვე მოუპოვებიათ ისეთი სამხილები, რომ ანა თაქთაქიშვილის, კომპანიის სხვა მესვეურთა, აგრეთვე, გიგი უგულავასა და მერიის რამდენიმე მოქმედი ჩინოსნის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა უპრობლემოდ შეიძლება. თუ ჩიორა თაქთაქიშვილის ბიძაშვილიც დაიბარეს დასაკითხად პროკურატურაში, მერე ნახეთ თქვენ მორიგი «ნაციონალური» წივილკივილი, რომ ჩიორაზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება და მის ბიძაშვილს იმიტომ იბარებს პროკურატურაო. გიგი უგულავასთვის კი ეს ყველაფერი რამდენიმეჯერ ნანახი ფილმივითაა.

ლევან ჯავახიშვილი

 

 

1 COMMENT

  1. პინგვინების შემოსევა საქართველოში

    “ ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობამ, ერთხმად, აჩქარებული ტემპით მიიღო ‘ივანიშვილთან დაკავშირებული’ საკონსტიტუციო ცვლილება. (პირველი მოსმენით მიღებულია ქალაქ თბილისში 2012 წლის 8 მაისს). ამ ყოვლად გაუმართლებელმა აქციამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში პინგვინების შემოსევას! “
    მემატიანე 2012 წელი.

    პინგვინები შეესია
    საქართველს მთებს და ველებს!
    მათ ტყუილის დამჯერნები
    უკვე იკვნიტავენ ხელებს!

    ტარიფების შესაცვლელად
    მათ გააღეს ციხის კარი,
    განა ამას მოელოდა
    ეს ტვინდაბნეული ხალხი?

    თანაც ურცხვად გვეუბნევით
    ცინიკური გაღიმებით,
    კრიმინალის გაზრდას უნდა,
    მოვეკიდოთ ჩვენ გაგებით!

    “სამართალის აღსადგენად”
    დაერიენ ფეხმძიმ ქალებს!
    არ დაინდეთ ვირტუოზიც,
    დაემუქრეთ საწყალ ბავშვებს!

    კმარა, ყველა კარგად ვხედავთ,
    რას დაგვპირდით რა სრულდება,
    ჩვენ თავს აღარ მოვიტყუებთ,
    ვითხოვთ უკან დაბრუნებას.

    მოუთბენლად ველით იმ დროს,
    რომ ვიყავით ჩვენ ამაყი,
    ვამაყობდით პოლიციით,
    კორუფციით, სამართალით!

    განათლებით, პატრულებით,
    წესრიგით და თავის დაცვით!
    ყველაფერი აურიეთ!
    აამღვრიეთ სუფთა წყალი!

    დალაგებულ ქვეყანაში,
    მოატყუეთ ბევრი ხალხი!
    თქვენი ჭარბი დაპირება,
    გამოჩნდა რომ ფუჭი არის!

    დაუფიქრდით ყველამ ერთად,
    განათლებულ, ჭკვიან თავით,
    ლობიოთი გამოზრდილმა,
    სად იშოვა მილიარდი?

    მოიგონა “ვუინდოვუს”-ი?,
    “ფეისბუკ”-ი? “აიფონ”-ი?
    ბნელ რუსეთში, მღვრია წყალში,
    არ დაინდო მან არავინ!

    ფულის შოვნაც ასე უნდა,
    ვისაც არ აქვს სხვა მორალი,
    მალე ნახავს დამჯერები,
    ბიუჯეტი სადეთ გადის!

    პინგვინებო სანამ დროა
    შეაჩერეთ ეგ ახვარი,
    გადაეცით: ქვეყანაზე
    ყველაფერს აქვს თავის ზღვარი!

    ამას არვინ გაპატიებთ,
    არ გეგონოთ მომავალში,
    დაიმალოს, არ გამოჩნდეს,
    გულმავიწყი არვინ არის!

    ***
    P.S. ორი აზრი:
    1. “იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთვის ხორციელდება. „ამის შემდეგ აღარავის ექნება შესაძლებლობა სპეკულაციები დაიწყოს იმასთან დაკავშირებით, თითქოს რომელიმე ადამიანს რაღაც უფლებები ეზღუდება." მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული რედაქცია საბოლოო იქნება.”
    2. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო სპიკერის თქმით, ერთი ადამიანის თუ ერთი მოვლენის გამო კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა მიუღებელია!”

  2. ლევან ჯავახიშვილი-ო თქვენისთანა ვაი ჟურნალისტები რომ აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას ამიტომ ვართ დღემდე ასეთ ქაოსში და უბედურებაში. რა უნდა ითქვას თქვენს პროფესიონალიზმზე როცა ორიოდე ადამიანის ნაბოდვარს გადაუმოწმებლად აქვეყნებთ?! იმედია ამაში რამეს მაინც გიხდიან, რადგან დარწმუნებული ვარ ყოველთვის, როცა ასეთ აბსურდული სტატიას გამოამზეურებთ კომენტარებში თქვენი და თქვენი რესპოდენტების მიმართ "კარგს" ვერაფერს წაიკითხავთ. ამ შემთხვევაში მე პირადად ვეცადე მაქსიმალურად კორექტული ვყოფილიყავი.:)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here