Home რუბრიკები სამართალი გვანცა ყუფარაძე: ნარკოტიკების რეალიზაცია, ზეწოლა, სქესობრივი კონტაქტის იძულება ჩვეულებრივი რამ იყო ქალთა...

გვანცა ყუფარაძე: ნარკოტიკების რეალიზაცია, ზეწოლა, სქესობრივი კონტაქტის იძულება ჩვეულებრივი რამ იყო ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

გვანცა ყუფარაძის ისტორია საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი, როცა უსამართლობის მსხვერპლი გოგონა 14 წლის ასაკში პატიმრად იქცა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას 10 წელი მიუსაჯა (აქედან 5 წელი _ პირობითი სასჯელი). მან ცრუ ჩვენების მიცემასა და არარსებული ბრალის აღიარებაზე უარი განაცხადა და 5-წლიანი სასჯელი ღირსეულად მოიხადა. რაც მთავარია, არ გაბოროტებულა, სულით არ დაცემულა, პირიქით, საპატიმროში ყოფნის პერიოდში იურისტობა გადაწყვიტა და უსამართლობასთან ბრძოლა თავის მთავარ მიზნად დაისახა. დღეს გვანცა ყუფარაძე «საქართველო და მსოფლიოსთან» ციხეში გატარებულ წლებსა და დაპატიმრების მიზეზებზე საუბრობს.


_ მიუხედავად იმისა, რომ რეალური სამხილები თქვენ წინააღმდეგ საქმეში არ არსებობდა, 5 წელი გაატარეთ ციხეში. რა მტკიცებულებები წარმოადგინა პროკურატურამ, რაც შემდგომში თქვენი დაპატიმრების მიზეზად იქცა?

_ თავდაპირველად მოწმის სტატუსით დამკითხეს, ვინაიდან სკოლაში თანაკლასელის, თორნიკე ტყემალაძის, დაჭრის ფაქტის მოწმე გავხდი. ჩემი ინიციატივითა და სურვილით მივეცი ჩვენება გამომძიებელს და დეტალებში აღვწერე მომხდარი შემთხვევა. როდესაც თორნიკე ტყემალაძემ თავი უკეთ იგრძნო და შესაძლებელი გახდა მასთან გასაუბრება, პირველად მან თქვა, რომ არ ახსოვდა, რა მოხდა. შემდეგ განაცხადა, თითქოს სკოლის ფანჯრიდან გადახტა და დაზიანებებიც მაშინ მიიღო. მაგრამ მალე ეს ჩვენებაც შეცვალა და განაცხადა, რომ ნამდვილად მიაყენეს ჭრილობები, მაგრამ არ ახსოვს ეს სად და რა ვითარებაში მოხდა. ამის შემდეგ თორნიკემ კიდევ ერთხელ შეცვალა ჩვენება და თქვა, რომ თითქოს მე მივაყენე მას დაზიანებები. თუ რატომ, რა ვითარებაში, რა მოტივით, რა ტრაექტორიით, ყველა კითხვაზე ჰქონდა იდენტური პასუხი _ არ იცის და არაფერი ახსოვს.

_ თქვენ უარი გეთქვათ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდით. როგორ ფიქრობთ, რატომ გაგწირეს 14 წლის გოგონა, ვის ინტერესებში შედიოდა თქვენი პატიმრობა?

_ ყველაფერი დაიწყო თორნიკე ტყემელაძის პოზიციიდან. რატომ მოიქცა  ასე? ჩემი აზრით, ეს გააკეთა იმიტომ, რომ ჩემ მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია მისთვის არახელსაყრელი იყო. ტყემალაძეს არ სურდა  მისი დაჭრის მიზეზის გახმაურება! მიზეზის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ თორნიკე ტყემელაძის გადარჩენა დიდწილად ჩემი დამსახურებაა, ვინაიდან სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია მე გამოვაძახებინე ჩემს პედაგოგს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაშიც  მითითებულია, რომ, 5 წუთითაც რომ დაგვიანებოდა ტყელამაძეს სამედიცინო დახმარების ჩატარება, ცოცხალი ვერ გადარჩებოდა.

_ იუსტიციის მინისტრმა ახლახან თქვენ შესახებ განაცხადა, რომ ეს განაჩენი არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა, «ეს ქვეყნის პრობლემაა და ყველა მომავალი 15 წლის გოგონას პრობლემა». როგორ შეიძლება ამ საქმის გამოსწორება დღეს, რა აგინაზღაურებთ იმ დაკარგულ წლებს, რომლებიც ციხეში გაატარეთ?

_ ქალბატონი თეა შეუპოვრად იბრძვის სამართლიანობის აღსადგენად ამ მეტად რთულ გარემოში. მე გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და, თქვენი ნებართვით, დიდ მადლობას გადავუხდი მას ამ განცხადებისთვის, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მითუმეტეს, მან ჩემი საქმე სანდრო გირგვლიანის საქმესთან ერთად მოიხსენია და დიდი მადლობა მას, რომ არ ავიწყდება თითოეული ჩვენგანის ტკივილი, რასაც წლების განმავლობაში ვატარებდით. ჩემი მიზანია, ჩემი საქმე განიხილოს სასამართლომ, ყველამ იმ მტკიცებულების საფუძველზე, რაც საქმეში არსებობს. მოსამართლე დალი მეტრეველს რომ გაეთვალისწინებინა საქმეში არსებული მტკიცებულებები, დაზარალებულის ჩვენების ალოგიკურობა და არათანამიმდევრულობა, მისი შესაბამისობა ექსპერტიზის დასკვნასთან, თუნდაც მარტო ექსპერტიზის დასკვნა გახდებოდა მთავარი მაპროვოცირებელი იმისა, რომ სასამართლოს ჩემთვის გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა.

_ ქალთა კოლონიაში რა ვითარება იყო, როგორ ექცეოდნენ პატიმრებს?

_ რაც საზოგადოებამ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრებზე ნახა, მხოლოდ ზღვაში წვეთი იყო იმასთან შედარებით, რაც ციხეში ხდებოდა. საშინელი ვითარება იყო: ნარკოტიკების რეალიზაცია, კორუფცია, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა, შეურაცხყოფა, სქესობრივი კონტაქტის იძულება… სამედიცინო დახმარება ქალებისთვის, ფაქტორივად, არ არსებობდა. ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანი გარდაცვლილა იმის გამო, რომ სამედიცინო დახმარება დროულად არ აღმოუჩენიათ.

_ თავად ციხის თანამშრომელი ქალები ახორციელებდნენ ძალადობას პატიმრების მიმართ?

_ დიახ, მამაკაცები სამაგალითონი იყვნენ ჯალათობის უნარ-ჩვევების გამომჟღავნებაში და მათ არც ქალები ჩამორჩებოდნენ. თუმცა იყვნენ კარგი ადამიანებიც. მაგალითად, ცვლის უფროსი ნანა გონაშვილი, ასევე ძალიან კარგი ქალბატონი იყო ფსიქოლოგი ქეთევან იმერლიშვილი.

ციხის თანამშრომლები იყოფოდნენ ორ ნაწილად: ერთნი ზვიად კვარაცხელიას,  მეორენი მედეა ალანიას ინტერესებს იცავდნენ. ამ ორ ფლანგს შორის ყოველთვის იყო დაპირისპირება. გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც სამსახურიდან გაათავისუფლეს მედეა ალანია და ზვიად კვარაცხელია. პირადად არ მინახავს მედეა ალანიას მიერ ნაცემი ადამიანი, მაგრამ რა უფრო უარესია პატიმრისთვის _ ცემა თუ სრულიად უმიზეზოდ ფსიქიატირულ საავადმყოფოში გაგზავნა? 19 წლის პატიმარ გოგონას, ლიკა ნატრიაშვილს, სისტემატურად სცემდნენ და აყენებდნენ შეურაცხყოფას, რადგან მას კონფლიქტი ჰქონდა ციხის თანამშრომელთან, რომელიც მედეა ალანიას სიძე გახლდათ. ქალბატონმა მედეამ, სკანდალი რომ აეცილებინა სიძისთვის, გოგონა ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტა, სადაც ლიკა ნატრიაშვილმა თავი ჩამოიხრჩო.

_ თქვენი საქმე რომ არ ყოფილიყო ასეთი გახმაურებული, როგორ ფიქრობთ, სხვა პატიმრების ბედს გაიზიარებდით?

_ რასაკვირველია. ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ანგარიშს მიწევდნენ. ჩემი მშობლები ყოველდღე იქ იყვნენ და იცოდნენ, რომ ჩემ მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება საზოგადოებისთვის გახდებოდა ცნობილი და ჩემი ოჯახი უკან არ დაიხევდა.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

6 COMMENTS

  1. ყოჩაღ, გვანცა! ძალიან პატივსაცემი ადამიანი ხარ, დიდი პიროვნება!

  2. ღმერთო ჩემო რა ჯოჯოხეთი გამოიარა ამ პატარა გოგომ,ეტყობა კიდევაც რა სევდიანია.მარტო გვანცას ეს ერთი ამბავი ეყოფა ნაცმოძრაობას,რომ გაასამართლო.გვანცას კი ვუსუსრვებ წარმატებებს.

  3. რა ცილისმწამებლები ხართ. ბაჩო ცოტნე დადიანია, მიშა – დავით აღმაშენებელი. გშურთ და ჭორებ უგონებთ. ნუ მერე რა დორბლიანია, ხო ააშენა პლეხანოვი გიბსოკარდონით თქვე დაუნახავებო…

  4. ძალიან სამწუხარო არის გვანცას ისტორია. 14 წლის გოგოს რომ უსამართლოდ დააპატიმრებ და ცხოვრებას დასაწყისშივე გაუნადგურებ, ამაზე მეტი დანაშაული სახელმწიფომ რა შეიძლება ჩაიდინოს?! ძალიან მრცხვენია თორნიკე ტყემალაძის მაგივრად! სამარცვინო და ლაჩარი კლიენტი ყოფილა ეს თორნიკე ტყემალაძე! გვანცას რომ არ გადაერჩინა მოკვდებოდა! და რა მიიღო გვანცამ ამ არაკაცის გადარჩენის სანაცვლოდ?! 5 წელი ჯოჯოხეთში! მოდი ახლა და დაეხმარე მომაკვდავ ადამიანს საქართველოში! გამოჯანმრთელდება და გადამრჩენს დააბრალებს ამან დამჭრაო! ეს გაუგონარი აბსურდი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ როგორ გაატარა?! პასუხისმგებელი არავინ არის ამ საზარელ ცილისწამებაზე? თორნიკე ტყემალაძე ციხეში უნდა დალპეს! და მისი დამჭრელიც მასთან ერთად უნდა დალპეს საკანში! და ის მოსამართლე ვინც გვანცა დამნაშავედ ცნო შეუერთდეს ამ ორ არაკაცს! რადგან არცერთი მათგანი და მათი ოჯახის წევრი გვანცას ფრჩხილის ფასი არ ხართ!

  5. არ ვიცი როგორ განვუცდი ახლაც ტირილის გარეშე ვერ წავიკითხე თავის დროზეც ძალიან ვბალიშჩიკობდი გვანცას მაგრამ ბოლომდე გაწირეს ღმერთს ვთხოვ მიუზღოთ გვანცას ცოდვა რაც ამ ბავშვმა და მის ოჯახმა გამოიარა გვანცა შენ კი შვილო დიდ წარმატებას გისურვებ ამ დაწყვეტილი ნერვებით ლიკას ამბავსაც დღემდე მაგრად გავუცდი ღმერთმა გაანათლოს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here