სამხარაძეების ოჯახის ტრაგედია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ სჯიდა საქართველოს ყოფილი ხელისუფლება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს. მამა-შვილს ჯერ სამსახურები დაატოვებინეს, შემდეგ კი ციხეში გამოამწყვდიეს. 20 წლის ნიკა სამხარაძე 26 მაისის ღამეს დაუნდობელი ცემის შემდეგ სიმსივნით დაავადდა. ჯანმრთელობა შერყეული აქვს მამასაც _ ავღანეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის ომის ვეტერან ზაზა სამხარაძეს, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. საქმის დეტალებში გასარკვევად «საქართველო და მსოფლიო» ზაზა და ნიკა სამხარაძეებს რუსთავში ესტუმრა.
_ თქვენი შემთხვევა გამორჩეულია, ფაქტობრივად, მთელი ოჯახი დაგაპატიმრეს. რა გახდა თქვენი დაპატიმრების მიზეზი?
ზაზა სამხარაძე:
_ როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ძალიან მიხაროდა, მაგრამ დაიწყეს რა ტელედაჭერები, ვიღაცებს ბიზნესი წაართვეს, ეკლესის კარი შეანგრიეს და სასულიერო პირებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მივხვდი, რომ უსამართლოდ იქცეოდნენ. სამხედრო კაცი ვიყავი და პარტიულობას ყოველთვის ვერიდებოდი. ვიმყოფებოდი ავღანეთში, ვიბრძოდი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მაგრამ, როცა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბეს, საკუთარ შეხედულებებს უკვე ღიად ვაფიქსირებდი. ამის გამო სამსახურში პრობლემები შემექმნა. სახელმწიფო დაცვის პოლიციაში ვმუშაობდი, ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო, 2008 წლის 16 დეკემბერს სამსახურიდან გამათავისუფლეს. უფროსმა დათო ალადაშვილმა დამიბარა და პირდაპირ მითხრა, ახლა წადი და ერთ თვეში უკან დაგაბრუნებო. დამაწერინეს განცხადება. მან პირობა შეასრულა და ერთ თვეში ისევ აღმადგინა სამსახურში, რის გამოც დაისაჯა _ დააქვეითეს და სხვაგან გადაიყვანეს. მაშინ შევპირდი, მაგარი კაცი ხარ და ამისთვის, რაც გამიკეთე, გაგწირავენ, მაგრამ სულ ესენი ხომ არ იქნებიან, მოვა ახალი ხელისუფლება და აუცილებლად დაგიფასდება-მეთქი.
სამსახურში აღდგენის შემდეგ უფრო ფრთხილად ვიქცეოდი, თუმცა დაფარული არაფერი რჩება და 2010 წელს დამიბარეს პროკურატურაში; ცდილობდნენ, შარი მოედოთ, თითქოს ჩემს სამხედრო ბილეთში რაღაც უზუსტობები იყო. 8 თვე მარბენინეს დაკითხვებზე. ვფიქრობ, თავიდან სურდათ, საბუთების გაყალბების მუხლი წაეყენებინათ და ამის საფუძველზე დავეპატიმრებინე, მაგრამ არ გამოუვიდათ. 2011 წლის 26 აპრილს ისევ გამათავისუფლეს სამსახურიდან და ჩემ გამო მთელი ჯგუფი _ 6 კაცი დაითხოვეს.
პარტიაში 2010 წელს გავწევრიანდი. მე «შეფიცულების» უფროსი ვიყავი, ჩემი შვილი _ ნიკა «დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს» პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრი იყო. ჩვენი დასჯის მიზეზიც ეს გახდა.
ნიკა სამხარაძე:
_ პირველად 7 მაისს დამიჭირეს, როცა რუსთავის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის, ვალერი დუღაშვილის, სახლის წინ ახალგაზრდებმა აქცია მოვაწყვეთ _ «ამხილე ჯალათი». ცნობილია, რომ რუსთავში ყველა უკანონო საქმეში ეს ადამიანი მონაწილეობდა. თუ ვინმეს იარაღი ან ნარკოტიკი ჩაუდეს, დუღაშვილია ყველაფრის თანამონაწილე. მაშინ 400-ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს და გამომიშვეს, მაგრამ გამათავისუფლეს სამსახურიდან. რუსთავში, ავტობაზრობაზე დაცვის სამსახურში ვმუშაობდი და სამსახურის უფროსმა დათო ჯამაგიძემ პირდაპირ მითხრა, _ სჯობს, სამსახურიდან წახვიდე, პრობლემები რომ არ შეგექმნასო.
_ მამა-შვილი 26 მაისის ღამესაც დაგაპატიმრეს. მაშინ სად წაგიყვანეს?
ზაზა სამხარაძე: _ 26 მაისს, როდესაც დარბევა დაიწყო, კონოთეატრ «რუსთაველში» შემაგდო ხალხის ტალღამ. იქ საშინელი ცემა-ტყეპა მიმდინარეობდა. ხალხს პირდაპირ დერეფნებში სცემდნენ, თუმცა ზოგიერთი ცალკე ოთახებშიც შეჰყავდათ და იქ, არ ვიცი, რა ხდებოდა.
ხალხს ერთი გასასვლელიც არ დაუტოვეს გასაქცევად. ავღანეთშიც კი, როცა მოჯაჰედებით სავსე აულში შევდიოდით, მშვიდობიან მოსახლეობას კორიდორს ვუტოვებდით, რადგან, რაც მეტი კაცი გაიქცეოდა, მით ნაკლები მსხვერპლი იქნებოდა, ამათ კი საკუთარი ხალხი გაწირეს.
კინოთეატრის დარბაზში შევედი და დავჯექი, როგორც მაყურებელი. მოულოდნელად შემოცვივდვნენ სპეცრაზმელები და ბილეთები მოგვთხოვეს. ფოტოებით ეძებდნენ ხალხს. უამრავი ხალხი ჰყავდათ დაჭერილი. ყველანი იატაკზე დაგვყარეს და ზემოდან გადარბოდნენ ჩვენზე. იქიდან წაგვიყვანეს დიღმის პოლიციის მთავარ სამმართველოში. ხუთივე სართული სავსე იყო დაპატიმრებულებით. მათ სასტიკად სცემდნენ. ღამის განმავლობაში, პერიოდულად შემოვარდებოდნენ პოლიციელები, ნინო ბურჯანაძეს აგინებდნენ, გვირტყამდნენ და გადიოდნენ. ერთი ბიჭი იყო 16 წლის, საშინლად ნაცემი და არც ყურადღებას აქცევდა ვინმე. დილით ჯერ 50-დან 60 წლამდე ასაკის ხალხი გაიყვანეს დაკითხვაზე, მერე ჩვენ 40-50 წლამდე ასაკის კაცები გამოგვიძახეს. ჩამოგვართვეს ტელეფონები, ჩაგვსხეს ავტობუსში, გვაგინეს და ქალაქგარეთ ჩამოგვყარეს. მაშინ მე გადავრჩი, მაგრამ ჩემი შვილი სასტიკად სცემეს, ნიკა სასიკვდილოდ გაიმეტეს.
არადა, უკვე სამშვიდობოს გასული ყოფილა, როცა ორჯერ აქციაზე შებრუნებულა. ჯერ უცნობ ქალს და ბავშვს დახმარებია, და მეორედ ჩემს საძებნელად დაბრუნებულა. დაიჭირეს და მთელი ღამე სცემდნენ. მხოლოდ თავში უტყამდნენ. ამის გამო სიმსივნე გაუჩნდა. სასტიკი ცემის შემდეგ ხუთი დღე უგონოდ იყო. ვეძებდით და არავინ იცოდა, სად იყო. ბოლოს «წითელი ჯვრისა» და «საიას» დახმარებით ვიპოვეთ.
ჩემი შვილი რომ დააპატიმრეს, ვალერი დუღაშვილი და ლევან ტყეშელაშვილი ასე ეუბნებოდნენ, სად არის ახლა მამაშენი, მიგატოვა, ყველამ გაგწირაო.
ნიკა სამხარაძე: _ 26 მაისს გუდიაშვილის ქუჩაზე დამიჭირეს და წამიყვანეს პოლიციის მთავარ სამმართველოში. პოლიციის ეზო აქციაზე დაჭერილი ხალხით იყო სავსე. როცა ვუთხარი, ვინც ვიყავი, დამიწყეს უმოწყალოდ ცემა. მერე ისე გათავხედდნენ, ნიღბებიც მოიხსნეს. ოცი კაცი მირტყამდა, თან აგენტს და მოღალატეს მეძახდნენ. რადგან თავში მირტყამდნენ, პერიოდულად გონებას ვკარგავდი. 20 კაცი მცემდა, აქედან სამი ვიცანი _ რუსთავის კუდის ყოფილი უფროსი ლევან ტყეშელაშვილი, მისი თანამშრომელი ვასო ბესელაშვილი და რუსთავის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი ვალერი დუღაშვილი. ისინი განსაკუთრებით აქტიურობდნენ. ახალი ნაყიდი ტელეფონი მქონდა, რომელიც თავისი ხელით ამოიღო ჩემი ჯიბიდან ტყეშელაშვილმა და დღემდე არ დაუბრუნებია. ირგვლივ სისხლის გუბეები იდგა. მახსოვს, თითქმის გონწასულს დუღაშვილმა სახეში შემაფურთხა. მხედველობა დავკარგე. ითხოვდნენ, მეთქვა ჩვენი აქტივისტების ადგილსამყოფელი, ჩაუშვი, მაინც ყველამ მიგატოვაო, მეუბნებოდნენ.
დილით სასამართლოში გადაგვიყვანეს, შემდეგ კი გარდაბანში წაგვიყვანეს. საკანში რომ შემიყვანეს, 5 დღე გათიშული ვიყავი, არაფერი მახსოვს. როგორც მერე საკანში ჩემთან ერთად მყოფი პატიმრები მიყვებოდნენ, თურმე ექიმი შემოდიოდა, მაკვირდებოდა _ ვსუნთქავდი თუ არა, და გაიხურავდა კარს. ასეთი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ჩემთვის არანაირი მკურნალობა არ ჩაუტარებიათ.
ზაზა სამხარაძე: _ «საიასა» და «წითელი ჯვრის» დახმარებით, 5-დღიანი ძებნის შემდეგ, გარდაბნის «კაპეზეში» ვიპოვეთ. «საიას» წარმომადგენელმა მითხრა, სახეზე არც ერთი ნაკვთი არ უჩანს, ისეა დასისხლიანებული და ნაცემიო. ხუთი დღის შემდეგ მოვიდა მხოლოდ გონზე. ერთი თვის შემდეგ გამოუშვეს. სრულიად შეცვლილი იყო. შეექმნა მხედველობის პრობლემები. თბილისში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად თავში სიმსივნური წარმონაქმნი აღმოაჩნდა.
_ ამჟამად თუ მკურნალობთ?
_ ვერ ვმკურნალობთ, რადგან ამის არანარი საშუალება არ გვაქვს. ნიკას დედა 1992 წელს, კონფლიქტის დროს, ძმასთან ერთად ოსებმა მოკლეს. ნიკა მაშინ ორი წლის იყო და ობლად გავზარდე. შემდეგ მოვიყვანე მეორე მეუღლე, რომელმაც ციხიდან ჩემი გათავისუფლების შემდეგ განქორწინება მოისურვა. ოჯახიც დამენგრა და შვილიც დამიავადმყოფდა. ბინაც გავყიდეთ, რადგან ქვეყნიდან წასვლას ვაპირებდით, თუმცა ვეღარ მოვასწარით, დამაპატიმრეს.
_ ამჯერად რა გახდა თქვენი დაპატიმრების მიზეზი?
_ 26 მაისის მოვლენების შემდეგ, გამუდმებით გვითვალთვალებდნენ და ჩემი დაპატიმრების მიზეზს ეძებდნენ. 6 ივლისის ღამეს, 12 საათზე მოდის კაცი ყვავილებით ხელში და მეუბნება, თითქოს ყვავილები ჩემს მეუღლეს საყვარელმა გამოუგზავნა. მაშინვე მივხვდი, რომ პროვოკაციას მიწყობდნენ. გამოვართვი ყვავილები, რეაქცია არ მქონია. მაგრამ ეს კაცი არც მიდის, არც სახლში შემოდის. მერე თქვა, დაბლა მელოდება ეს კაციო. გავყევით მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქ არავინ იყო. როგორც შემდეგ გავიგე, პოლიციელები ყოფილან ჩასაფრებულები, საკმარისი იყო ერთი დამერტყა, მაშინვე დამიჭერდნენ. იმ ღამეს ჩემს სახლთან განაწილებულები იყვნენ პოლიციელები: ჭყონია, სართანია, დუღაშვილი. შემსრულებელი იყო პრობაციონერი რუპენ ნაზარიანი, რომელიც ცნობილი «ნასედკაა». პატრულში ვაპირებდით დარეკვას, მაგრამ ეს კაცი გაიქცა. აღმოჩნდა, რომ იმ ღამეს თავად პოლიციელებმა სცემეს და საავადმყოფოში წაიყვანეს, ვითომ მე ვცემე. ისიც ვიცი, რომ ნაზარიანს პოლიციელმა მაიზერ ხვარეშიამ სცემა.
10 ივლისს, სახლიდან გამოსვლისთანავე დამაპატიმრეს. მათ არც ფორმა ეცვათ და არც საბუთები წარმოუდგენიათ. ჩხრეკასაც არავინ დასწრებია. ადვოკატიც არ მომიყვანეს. წამიყვანეს რუსთავის პოლიციის პირველ განყოფილებაში, სადაც ვალერი დუღაშვილი ჯერ დარბაზში გამესაუბრა; მითხრა, ხომ დაგიჭირე, როგორც იქნა, ჩემს სახლთან რომ მოაწყვე აქცია 7 მაისსო; 26 მაისს ვერ დაგიჭირეთ, მაგრამ შენს შვილს ხომ დედა ვუტირეთო. თან ჩემს შვილს მკვდარ დედას აგინებდა. მეც შევაგინე, დედა მკვდარი ჰყავს და როგორ ბედავ და აგინებ-მეთქი. შემდეგ შემომთავაზა, თქვი, რომ რუსეთიდან ჯარს ელოდებოდით, ნინო ბურჯანაძეც რუსეთის აგენტია და ახლავე გაგიშვებთო.
შემიყვანა თავის ოთახში, სადაც ასევე პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა. იარაღი დამიდეს მაგიდაზე და ხელები გამიხსნეს. წამებში მივხვდი, რაც ხდებოდა. საკმარისი იყო იარაღისთვის ხელი მეხლო და მაშინვე მესროდა. მერე წყლის დალევას მაიძულებდნენ. სავარაუდოდ, ნარკოტიკს ჩაყრიდნენ.
_ ანუ, საბოლოოდ, რუპენ ნაზარიანის ცემა დაგდეს ბრალად?
_ დიახ. ბრალი წამიყენეს 118-ე მუხლის 1 ნაწილით, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. მაბრალებდნენ, თითქოს ის კაცი ვცემე, ყვავილების მომტანი. წინასწარი ორთვიანი პატიმრობა გლდანში გავატარე. სასჯელს თბილისის სასჯელაღსრულების ყოფილ მე-9 დაწესებულებაში ვიხდიდი…
_ რამდენი ხანი გაატარეთ ციხეში და როგორ ექცეოდნენ პატიმრებს?
_ წელიწად-ნახევარი გავატარე ციხეში და 13 იანვარს პოლიტიკური ამნისტიის შედეგად გამათავისუფლეს. ციხეში საშინლად გვექცეოდნენ. პატიმრებს სილით ან წყლით სავსე ბოთლებს და ხელკეტებს ურტყამდნენ. განსაკუთრებული სისასტიკე კარანტინის დაშლის დროს ხდებოდა. ამ დროს ე. წ. «პოდპისკას» აწარმოებდნენ, გაჰყავდათ პატიმარი და თანამშრომლობას სთავაზობდნენ, ვინც უარს ეუბნებოდა, საშინელ დღეში აგდებდნენ _ მუხლებს, ნეკნებს უმტვრევდნენ. მთელ ციხეში პატიმრების განწირული ხმა ისმოდა. ციხის დირექტორი მუხაძე და მთავარი ექიმიც ესწრებოდნენ პატიმრების წამებას, მეტიც, თავადაც სცემდნენ. ერთ პატიმარს მინიმუმ 7-8 კაცი ურტყამდა ხოლმე. თავისთვის ისხდნენ პატიმრები, შეუვარდებოდნენ ველურებივით და ურტყამდნენ ასე, სრულიად უმიზეზოდ.
გულთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა, ინსულტი გადავიტანე. ჩემი 20 წლის შვილი დაავადდა, ოჯახი დამენგრა. მინდა, რომ ბოლოს და ბოლოს სამართლიანობამ იზეიმოს და, ვინც ურევია ამ საქმეში, ყველამ პასუხი აგოს. როგორც მე ვიცი, ჩემი დაპატიმრება დაიგეგმა დათა ახალაიას მოადგილის, ვაჟა ლელუაშვილის, კაბინეტში. ამის შემდეგ ჩემი დაპატიმრება დაევალათ ქვემო ქართლის კუდის უფროს ზაზა ტატიკიშვილს, ქვემო ქართლის პოლიციის უფროს გიორგი ბუჯიაშვილს, რუსთავის კუდის უფროს ლევან ტყეშელაშვილს, მის მოადგილე გიორგი ჭყონიასა და გოჩა გოჩალეიშვილს.
ლევან ტყეშელაშვილი და ზაზა ტატიკიშვილი დღესაც თანამდებობებზე მუშაობენ და თავს ძალიან კარგად გრძნობენ. ვალერი დუღაშვილი, მართალია, გაათავისუფლეს სამსახურიდან, მაგრამ თავისუფლად დასეირნობს. ამ ადამიანებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ იმაზე, რაც ჩაიდინეს, მითუფრო ჩვენ ვაგეთ პასუხი იმაზე, რაც არ ჩაგვიდენია.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი
ხელები გაუხმეს, ვინც ასე გამეტებით ცემდა…