Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი, ბაჩანა და არტილერია, ანუ უპიარობის 4 თვე

ირაკლი, ბაჩანა და არტილერია, ანუ უპიარობის 4 თვე

766

ირაკლი ღარიბაშვილი 18 მარტს საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრი არასოდეს შეხვედრია ოპოზიციას და მით უფრო მის შეკითხვებზე არ გაუცია პასუხი. დემოკრატიის დამკვიდრება იმ პირებთან, რომლებმაც წარმატებით დაასაფლავეს დემოკრატია, სულ ცოტა, მიამიტობაა, მაგრამ იქნებ პიარის თვალსაზრისით არის ეს მომგებიანი?

შეხვედრაზე უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილიც შევიდა, რომელსაც მინისტრი ეხუმრა: «უმცირესობაში გადმოხვედი ზაქარია? შენ არავის დაუპატიჟებიხარ, მე მგონი». ღარიბაშვილმა ქუცნაშვილს სთხოვა, დაეტოვებინა დარბაზი,  დაამშვიდა, ვერ დამჩაგრავენო და «ნაციონალური მოძრაობის» წევრებს გაუმეორა: «რომც სცადოთ, მაინც ვერ დამჩაგრავთ».

«ვერ დამჩაგრავთ», პიარის თვალსაზრისით, ერთობ წამგებიანია; წესით, შინაგან საქმეთა მინისტრი ამას აზრადაც არ უნდა უშვებდეს, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. შეხვედრის დაწყებამდე «მე-9 არხის» საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილი უმცირესობამ დაიბარა. «დაბარებულზე» სიარული რომ ასევე წამგებიანია, პიარში სრულიად გაუთვითცნობიერებელმა ქუჩის ბიჭმაც იცის. ეს რომ ჟურნალისტს წამოსცდენოდა პირდაპირი ჩართვისას, პატარა შეცდომად ჩავთვლიდით, მაგრამ, როცა წამყვანი წინასწარ დაწერილი ტექსტით აცხადებს «დაიბარესო», თანაც თავად პრემიერმინისტრის მეუღლის კუთვნილი ტელეკომპანიის ეთერში, ეს, სულ ცოტა, გაოცებას იწვევს.

ასეთივე, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობა იყო, როცა «მე-9 არხმა» ირაკლი ალასანიას ბრიუსელის ფორუმში მონაწილეობას ციხიდან ბაჩო ახალაიას მიერ ქართველი არტილერისტებისთვის მათი დღის მილოცვა მოაყოლა. თუ ვინმე ვერ ხვდება, ბრალდებული ახალაიას მილოცვა რომ ნამდვილად არ არის დღის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, თანაც ალასანიასთან დაპარალელებული, ის ვერ ხვდება, რომ მისი პრობლემა ჩვენი, ყველას პრობლემად იქცევა.

«ქართული ოცნების» პიარზე, უფრო სწორად, სრულ უპიარობაზე, უკვე ოთხი თვეა, მსჯელობენ. ინტერნეტ-ფორუმებში ყველაზე მეტად მიღებული არგუმენტი ასეთია: «ქართველებს გვეღირსა ლიდერი, რომელიც არ იტყუება, რომელსაც არ სჭირდება ტყუილი… ქართველებს არ გვჭირდება ადოლფ ჰიტლერი, ქართველებს გვჭირდება ჩუმი, საქმის მკეთებელი კონრად ადენაუერი, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა გერმანია. ჩვენ გვჭირდება ლიდერი, რომელიც სიმართლეს ეტყვის ერს, ტყუილში არ აცხოვრებს ხალხს».

ის, რომ სიმართლის ხალხამდე მიტანა უნდა შეძლო, ანბანური ჭეშმარიტებაა. სწორედ ეს არის პიარი და არა ის ვირტუალური სამყარო, რომელშიც სააკაშვილი ამყოფებდა ტელემაყურებელს. ამბობენ, რომ «ოცნებამ» უკვე დაიქირავა ლობისტური კომპანია, რომელიც უცხოეთში საქართველოს ინტერესებისთვის იმუშავებს, მაგრამ «ოცნებას» შიგნით, საქართველოშიც უჭირს ამ თვალსაზრისით.

როგორ მოქმედებს მოწინააღმდეგე მხარე? იგი საკუთარი სიცრუის სიმართლედ შემოსაღებას ახერხებს, როცა ახალ მთავრობას სიმართლის დამტკიცებაც უჭირს. სულ ახლახან აგრარული უნივერსიტეტის ირგვლივ ატეხილი ხმაური ამის თვალსაჩინო ნიმუშია. ვიკიპედიის გვერდზე, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტს ეძღვნება, ინფორმაცია ერთობ მწირია. ფაქტობრივად, იგი 2003 წლის ინფორმაციით სრულდება, რომელშიც ნათქვამია: «2003 წლიდან მას დაერქვა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტი. საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედიოდა ბათუმის სასოფლო-სამეურნეო და ქვემო ქართლის რეგიონული მრავალპროფილიანი (ქ. მარნეული) ინსტიტუტები, აგრეთვე, თელავის, ახალციხის, მარნეულის, ლანჩხუთის ფილიალები. უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ბაზა განლაგებულია თბილისში _ დიღომსა (დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ) და კრწანისში (სასწავლო-ექსპერიმენტული მეურნეობა «კრწანისი»).

სამაგიეროდ, სქოლიოში ოპერატიულად არის ჩამატებული ბმული სათაურით: «როცა მე-6 ადგილზე მყოფ უნივერსიტეტს ავტორიზაცია უჩერდება, კითხვები ჩნდება». ბმულზე კი ფილიპ დიმიტროვის კომენტარია. ინტერნეტის გამოყენება საკუთარი მიზნებით და, რაც მთავარია, საკუთარი ტყუილების «გასაპრავებლად» იმ გუნდის მოგონილია, რომელიც 9 წელი აბოლებდა ქვეყანასაც და უცხოეთსაც. ბენდუქიძის თემა თითქოს ამოწურულია, მაგრამ სინამდვილეში მის მაქინაციებს არაერთი პუბლიკაცია და ტომეული შეიძლება დაეთმოს. იგი ისე ახერხებს სახელმწიფო ქონების მითვისებას და მთელი სტრუქტურების განადგურებას, რომ თვითონ არსად ჩანს.

ასე მაგალითად, «გურია ნიუსის» მიერ მომზადებულ მასალაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში მდებარე ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში კადრების შემცირების შესახებ ინსტიტუტის დირექტორი თემურ რევიშვილი ასეთ ინტერვიუს აძლევს: «მოხდა 14 სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შეერთება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან, ანუ მიმდინარეობს რეფორმის, ოპტიმიზაციის პროცესი. ბუნებრივია, ამან გამოიწვია კადრების შემცირება.

_ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს კახა ბენდუქიძესთან? ამბობენ, რომ ეს ინსტიტუტი სწორედ მან შეისყიდა.

_ არა, თქვენ ვიღაც თითიდან გამოწოვილ ინფორმაციას გაწვდით. რა შუაშია კახა ბენდუქიძე? აგრარულმა უნივერსიტეტმა ყველა ინსტიტუტში ჩაატარა ოპტიმიზაციის პროცესი, დანარჩენი არის ჭორი და სხვა არაფერი.

_ გასაგებია, ანუ კახა ბენდუქიძე არაფერ შუაშია ინსტიტუტთან?

_ შეიძლება არის კიდეც შუაში, მაგრამ ეს დოკუმენტში არსად წერია.»

აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ-წამყვანად მომუშავე ნაციონალი დავით პაიჭაძე სამაგალითოდ აბურთავა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც სკანდალი აიწია და გაპიარდა. არადა, განათლების სამინისტროს წინსწრებით შეეძლო იმ ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ გახდა ცნობილი.

კერძოდ, ირკვევა, რომ 2011 წლის მარტში «აგრარული განათლებისა და მეცნიერების» ფონდმა აგრარული უნივერსიტეტის ხელში ჩაგდება განიზრახა. 30 მარტს სახელმწიფო მთლიანად გამოვიდა უნივერსიტეტის დამფუძნებლობიდან. ამ ფონდის დამფუძნებელი, თავის მხრივ,  კახა ბენდუქიძის «ცოდნის ფონდია».  კერძო ფონდის ხელში უნივერსიტეტის გადასვლისთანავე, აპრილში სახელმწიფომ შექმნა შპს «აგრომეტი», რომლის კაპიტალი თავდაპირველად 400 ლარი იყო. თუმცა საწარმოთა მართვის სააგენტომ «აგრომეტის» კაპიტალში ცვლილება 18-ჯერ შეიტანა და, საბოლოოდ, ის უზარმაზარი ქონების პატრონი აღმოჩნდა. მას გადაეცა ათასობით ჰექტარი მიწა და შენობა-ნაგებობა. მის კაპიტალში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც ფლობდა ყოფილი სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი და მისი კვლევითი ინსტიტუტები _ ქარსაცავი ზოლებით დაწყებული, მარნებითა თუ ლაბორატორიებით დამთავრებული.

ეს პროცესი 7-8 თვეს გაგრძელდა. პრივატიზაციის დეპარტამენტმა «აგრომეტის» პრივატიზების საწყისი ფასი 100 მილიონ ლარად განსაზღვრა. 2011 წლის დეკემბერში აგრარულმა უნივერსიტეტმა, რომლის დამფუძნებელიც უკვე ბენდუქიძე იყო, მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, პირდაპირი წესით 5 მილიონ დოლარად მიეყიდა შპს «აგრომეტის» 100%-იანი წილი. 2012 წლის 15 თებერვლის პრეზიდენტის განკარგულებით, «აგრომეტის» ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით 4 მილიონ 150 ათას დოლარად გადაეცა აგრარულ უნივერსიტეტს.

ბენდუქიძემ, რომელიც ახლა აგრარულ უნივერსიტეტში განხორციელებული ინვესტიციების ზღაპრებით გვიმასპინძლდება, დადგენილ ვადაში საპრივატიზაციო თანხა ვერ გადაიხადა. სააკაშვილი «გაგებით მოეკიდა» მის გასაჭირს და 2012 წლის 24 ოქტომბრის (არჩევნებიდან თითქმის ერთ თვეში) განკარგულებით, მყიდველს 24 თვით გაუგრძელა აღებული ვალდებულებების შესრულება.

ასე და ამგვარად, ბენდუქიძემ 100 მილიონად შეფასებული ქონება 4 მილიონად შეიტყაპუნა და დღეს პოლიტიკური მოტივით ავტორიზაციის შეჩერებაზე გველაპარაკება. რას აკეთებს ამ დროს ახალი მთავრობა? იმის მაგივრად სახელმწიფო ქონების მითვისებასა და განიავებაზე ედავოს სააკაშვილსა და ბენდუქიძეს, აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციაზე ალაყბებს «თავისუფალ უნივერსიტეტში» ბენდუს ხელში გამოჭყლეტილ ბაკალავრებს!

თუმცა 9-წლიანი დანაშაულებრივი მმართველობის შემდეგ ციხეში მხოლოდ ბაჩო ახალაია ზის და ისიც თავდაცვის მინისტრ ალასანიას პარალელურად «მეცხრე არხისავე» ეთერით არტილერისტის დღეს ულოცავს იქიდან სამხედროებს. შაშკინიც ჩამოვიდა და გუნავაც გუბერნატორია. გუშინდელი ოპოზიციური ტელეარხები ისევ იმ «ნაციონალებსა» და მათი კარის ექსპერტებს გვაყურებინებენ, დღევანდელ ოპოზიციას ეფერებიან, თავზე ხელს უსვამენ და საკუთარი «დაბალანსებულობით» ტკბებიან! იმასაც აღარ კადრულობენ, არქივიდან საკუთარი ცინიკური განცხადებები ამოუღონ და პასუხი დღეს მაინც მოსთხოვონ! კვესიტაძე და პაიჭაძე კი ისევ საზმაუს ეთერიდან გვწამლავენ და ტყუილს სიმართლედ ნათლავენ.

ამასობაში ყოფილი მმართველი პარტია შეთანხმებულ სლოგანებს ისვრის და ისედაც დაზაფრულ მოსახლეობას საკუთარი უტიფრობით კიდევ უფრო ამწარებს. «ოცნება» დანაპირებს არ ასრულებს! შეძახილით ხე გახმაო, ნათქვამია. ჯანდაცვის სამინისტრომ, როგორც ჩანს, შეისმინა, რომ მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მიაწოდოს და 18 მარტს ყოველკვირეული გაზეთებთან ერთად «საყოველთაო ჯანმრელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა» დაარიგა. მასში ნათქვამია, რომ პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდება. თქვე კაი ოჯახისშვილებო, 18 მარტს ის მაინც დაწერეთ, რომ პროგრამა უკვე ამოქმედებულია!

ვწერ ახლა ამას და ვფიქრობ: _ რა მრჯის, უფასო პიარრჩევებს რომ ვიძლევი, ახალი მთავრობა ხომ მიიჩნევს, რომ მისი მთავარი იარაღი სიმართლეა! თუმცა იარაღი მაშინ წაგადგება, როცა მისი მოხმარება იცი, თორემ ქარქაშში ჩაგებული ხმლით ომი ჯერ არავის მოუგია, თუ არადა, ჰკითხეთ გუბაზ სანიკიძეს, მამამისმა «უქარქაშო ხმლები» დაწერა და ისიც იცოდა, რომ ოდენ სიმართლე ომებს არ იგებს!

ოდესღაც, რევოლუციამდე, ხალხი რომ ბნელი იყო, იმ ეპოქაში საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე გადაცემა გადიოდა სახელწოდებით «რა ხდება»? მისი წამყვანი კოკა ყანდიაშვილი ხანგრძლივი ემიგრაციიდან დაბრუნდა და სულ ახლახან პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ჩაუდგა სათავეში. აგერ გწერთ, კოკა ბატონო, რაც ხდება და მიხედეთ, თორემ გაივსო ლოგინი ფეხებით!

თამარ დავითულიანი

P.S. ანეგდოტი იყო ასეთი: ქმარმა გაიღვიძა და საკუთარ ლოგინში დამატებით სხვისი ტერფები დაინახა. ცოლი ერთი აშარი ქალი ჰყავდა, რომელიც სიტყვას არ ათქმევინებდა. ჩაიჩურჩულა იმ საწყალმა კაცმა: _ იტყვი რამეს და ინტრიგანი ხარო, არადა, გაივსო ლოგინი ფეხებით! ახლა თავად განსაჯეთ, ჩვენს სინამდვილეში ვინ არის ქმარი, ვინ _ აშარი ცოლი და კიდევ ვისი ფეხებია ლოგინში!

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here