Home რუბრიკები პოლიტიკა მერაბ შათირიშვილი: «ნაცმოძრაობა» პოლიტიკური ველიდან უნდა გაძევდეს

მერაბ შათირიშვილი: «ნაცმოძრაობა» პოლიტიკური ველიდან უნდა გაძევდეს

1045

«ნაცმოძრაობა» გამალებულ წინასამიტინგო სამზადისშია. ექსპერტები უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ოპოზიცია 19 აპრილს ხელისუფლებისთვის გადამწყვეტი დარტყმის მიყენებას გეგმავს. როგორც ჩანს, სააკაშვილი ძალაუფლების მადამ შეაწუხა და რევოლუციის მოზღვავებულმა ნოსტალგიამაც შეიპყრო, მით უფრო მას ამისთვის ჯერ კიდევ საკმარისი ეკონომიკური ბერკეტები გააჩნია; ნაწილობრივ _ პოლიტიკურიც. 19 აპრილამდე უმცირესობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სავარაუდოდ, რამდენიმე მცირე აქციას გამართავს. აქცენტი კი, ძირითადად, სოციალურ საკითხებზე გაკეთდება. გზავნილი, როგორც ოპონენტების, ისე საზოგადოებისადმი, ერთია _ «ნაციონალური მოძრაობა» დამარცხებას არ ურიგდებარა საფრთხეები არსებობს რეალურად და მოსალოდნელია თუ არა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია, 8 თებერვლის მსგავსად, პროვოკაციაზე წავიდეს _ ამის თაობაზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება მწერალი მერაბ შათირიშვილი.

_ ბატონო მერაბ, «ნაცმოძრაობის» პათოსიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, 19 აპრილს, შესაძლოა, სააკაშვილის მეორედ მოსვლა ვიხილოთ. არ ვიცი, ეს რამდენად რეალურია, მაგრამ, 8 თებერვალს ნამდვილად პროვოკაციის მოწმენი ვიყავით. ამჯერად რა მოლოდინი გაქვთ? რა შეიძლება მოხდეს?

_ არა მგონია, ქართველი ხალხი ისეთი გულუბრყვილო და გულმავიწყი იყოს, რომ, რაც უნდა უკმაყოფილო იყოს ახალი ხელისუფლებისა, «ნაციონალური მოძრაობის» დაძახილზე გამოვიდეს. არ მოხდება ეს. სააკაშვილს არ მიეცემა კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის საშუალება, როგორც 2003-ში მოხდა. არადა, მას ამის სურვილი აქვს ნამდვილად. ღმერთმა ნუ ქნას!

_ რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა დაცვა მოიხსნა და ახლა ის საკუთარი მანქანით გადაადგილდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება ეს მივიჩნიოთ პროვოკაციის წინაპირობად?

_ სააკაშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი. პროვოკაცია მას სისხლში აქვს. ეს დაცვის მოხსნაც პროვოკაციაა. მათ აქვთ ერთადერთი გეგმა, რომ ჩაშალონ ხელისუფლების ყველა მცდელობა, რასაც შეიძლება, რამე დადებითი შედეგი მოჰყვეს ქვეყნისთვის. 19 აპრილს ესენი შეეცდებიან ორი კურდღლის დაჭერას: ერთი _ მოსინჯონ, რამდენად შეძლეს არჩევნების შემდეგ რეიტინგის ამაღლება, და მეორე _ რამდენად ეფექტიანია მათ მიერ არჩეული გზა. მე ვგულისხმობ დესტრუქციასა და იმ გაუთავებელ პროვოკაციებს, რომლებსაც ესენი მუდმივად აწყობენ. ამ თვალსაზრისით, 19 აპრილი არის გადამწყვეტი და ჩვენ, ფაქტობრივად, ბეწვის ხიდზე გავდივართ…

«ქართული ოცნების» კრედოა, ყველა პარტიამ თავისი როლი შეასრულოს ქვეყნის პოლიტიკურ ველზე. ცხადია, ჭეშმარიტი დემოკრატია სწორედ ამას გულისხმობს, მაგრამ, ჩემის აზრით, და ამას ხმამაღლა ვამბობ, პოლიტიკური ველიდან «ნაციონალური მოძრაობა» უნდა გაძევდს. ამ პარტიის დანაშაულის ტოლფასია…

_ წინა კვირას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი ქავთარაძემ განაცხადა, რომ იზიარებს საზოგადოებაში არსებულ შეხედულებას «ნაციონალური მოძრაობის» კანონგარეშე გამოცხადებასთან დაკავშირებით. რა აზრის ხართ ამაზე?

_ «ნაციონალური მოძრაობა», დამერწმუნეთ, საკუთარი თავის ლიკვიდაციას თვითონვე მოახდენს. ეს დრო შორს არაა, მაგრამ, თუკი ხელისუფლება საზოგადოებას მიუშვებს, ამას უკვე მათი ფიზიკური ლიკვიდაცია მოჰყვება. ახლა მთავრობის ამოცანა უნდა იყოს და არის მოჯადოებული წრიდან გამოსვლა, თუმცა, რა თქმა უნდა, კრიზისს ქმნიან «ნაციონალები» და ამ კრიზისს თავი უნდა დავაღწიოთ, თორემ შედეგი იქნება იმაზე ბევრად მძიმე, ვიდრე სააკაშვილმა ცხრა წლის მანძილზე მოასწრო.

_ წინა კვირას სასამართლომ უგულავასთან დაკავშირებით პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორ ფიქრობთ, რამდენად ობიექტური იყო ეს გადაწყვეტილება?

_ რასაც სააკაშვილის «ნაციონალური სასამართლო» ეწევა, ესაა ვირეშმაკობა და ადრე თუ გვიან მათ ამის გამო მოუწევთ კითხვებზე პასუხების გაცემა. უგულავასთვის მილიონი იმდენს ნიშნავს, რამდენსაც ჩვენთვის, ვთქვათ, ათი თეთრი…

_ ვარძელაშვილისთვის შეფარდებულ ღონისძიებაზე რა აზრის ხართ?

_ ამ ვარძელაშვილზე საერთოდ შეგვიძლია ცალკე ვილაპარაკოთ… ამასწინათ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ამსახველი უმძიმესი კადრები გავრცელდა და ეს ნაძირლები იძახიან, იარაღი ჰქონდათო. ვთქვათ, ასე იყო, თუ კი პოლიციელს ეს კანონიერ უფლებას აძლევს, ცეცხლი გახსნას და მოქალაქეები დახოცოს, მაშინ დაეხვრიტათ ვარძელაშვილიც, მასაც ხომ ჰქონდა უკანონოდ იარაღი?! თანაც ამ იარაღით კაცი მოკვდა… ამით რის თქმა მინდა: ცხადია, აქ არის შერჩევითი სამართალი, ისევ ამათი მოსამართლეებია და მათ ხელშია მთლიანად ეს სისტემა, მაგრამ მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, ვერც გიგი უგულავა, ვერც კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვები სამართლის რისხვას ვერ გაექცევიან. რა გადაწყვეტილებაც ახლა მიიღო მართლმსაჯულებამ, დროებითია.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here