პოლიტპატიმარი, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი, ავთო (ფოტი) ზუმბაძე, ტელეკომპანია «კავკასიაში» მომხდარი ინციდენტის დროს დააპატიმრეს. მიუხედავად იმისა, რომ ის ვიდეოკამერით იღებდა ყველაფერს და ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია, დანარჩენების მსგავსად, მასაც ბრალი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლასა და ხულიგნობაში დასდეს.
_ თქვენ პირდაპირ ტელეკომპანიის სტუდიიდან წაგიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. რა გახდა თქვენი დაპატიმრების მიზეზი?
_ ჩვენი დაკავების მიზეზი იყო არა რაღაც კონკრეტული შემთხვევა, არამედ, ზოგადად, ჩვენი საქმიანობა. ვინაიდან არსებობდა ეკლესიის დისკრედიტაციის გეგმა და ჩვენი დაპატიმრებაც მათი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ვინაიდან ჩვენ, აქტიური მრევლის გარკვეული ნაწილი, ასევე ის მამაოები, რომლებსაც მართლაც შესტკივათ გული ეკლესიის საკითხზე, ვეწინააღმდეგებოდით გლობალიზაციას, რომელიც თავის თავში მოიცავს ეკლესიის დისკრედიტაციას და განადგურებას. ის დამოუკიდებლობა, რომელსაც ეს ადამიანები გვთავაზობენ, არის ჩვენი თვითმყოფადობისა და ეროვნულობის დაკარგვა. მათ მიერ შემოთავაზებული და აღქმული დამოუკიდებლობა არის დამოკიდებულება სხვა ე. წ. ზესახელმწიფოებზე, რომელთაც გარკვეული წარმატებები გააჩნიათ ცივილიზებულ სამყაროში, მაგრამ მანკიერებები და გარყვნილება, რომელთაც თავს გვახვევენ, არაფერში გვჭირდება. გლობალიზაციის და დასავლეთის მამები წარმოადგენენ იმ ძალას, რომელთან ჭიდილიც საკმაოდ რთულია.
_ როგორ ფიქრობთ, რა საფრთხე დაინახა თქვენში ყოფილმა ხელისუფლებამ?
_ მათ სურდათ რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა ჩვენი უფლებების ხარჯზე. მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკურად ქართველები, მართლმადიდებლები შეადგენენ, გრანტებზე დამოკიდებული და სულგაყიდული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები კი, მაგალითად, როგორიცაა ჰაინრიხ ბიოლის ფონდი და სხვები, ხელოვნურად ახდენენ ასეთი თემების წინა პლანზე წამოწევას, როცა ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს. იმ დღეებშიც გაიმართა ერთ-ერთი წიგნის _ «საიდუმლო სირობის» პრეზენტაცია, რაც საშინელი ღვთის გმობა იყო. ჩვენ ეს ფაქტი გავაპროტესტეთ და მოვითხოვეთ იმ ადამიანების დასჯა, რომლებმაც ამ პროექტს საფუძველი ჩაუყარეს. მით უფრო, რომ ისინი საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე იყვნენ და ზოგიერთი მათგანი დღესაც თანამდებობაზე რჩება. მათ შორისაა გიგი თევზაძე _ ილიას უნივერსიტეტის რექტორი. როდესაც გიგი თევზაძეს სთხოვეს, უნივერსიტეტში მართლმადიდებელი სტუდენტებისთვის სამლოცველო კუთხე გამოეყო, მისგან საკმაოდ შეურაცხმყოფელი პასუხი მიიღეს. თევზაძემ უპასუხა, რომ სალოცავ კუთხეს საპირფარეშოში გამოყოფდა.
ნებისმიერი პროექტი, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის დისკრედიტაციისკენ, ჩვენს პროტესტს იწვევდა. ჩვენი პროტესტი კი მათ ხელს უშლიდა და სერიოზულად აყოვნებდა, ვეღარ ახერხებდნენ თავიანთი პროექტების განხორციელებას.
_ კონკრეტულად ვის გულისხმობთ, ვის ინტერესებში შედიოდა თქვენი დაპატიმრება?
_ ამ ტერორის ორგანიზატორები იყვნენ გიგა ბოკერია, რომელიც გამოირჩევა თავისი ანტიეკლესიური ცნობიერებით და მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი. ჩვენი დაპატიმრებით დაინტერესებული იყო ასევე სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, რომელიც არაპროფესიონალურად მოიქცა. მან დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და ძალიან დაბალი დონის განცხადება გააკეთა ჩვენთან დაკავშირებით. თავის მოხსენებაში, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მიაწოდა, დამნაშავეებად მოგვიხსენია. როდესაც ვკითხეთ, ასე რატომ მოიქცა, მან გვიპასუხა, ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილის ინტერვიუდან გამოვიტანე ეს დასკვნა, რომ თქვენ დამნაშავეები ხართ, და მე მას ვენდობიო. ასე ცალმხრივად დასკვნის გამოტანა როგორ შეიძლებოდა?! სახალხო დამცველი უშუალოდ იყო დაინტერესებული ჩვენი დაპატიმრებით. სამწუხაროა და სირცხვილია, როცა ყველაზე ჰუმანური ინსტიტუტის წარმომადგენელი ასე იქცევა. მეტიც, ბექა მინდიაშვილი, რომელიც ანტიეკლესიური ქმედებებით გამოირჩევა, სახალხო დამცველის აპარატში რელიგიის განყოფილებას განაგებს. აღნიშნულ მოვლენებამდე ორი კვირით ადრე ბექა მინდიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც შესაბამისი დირექტივები მიიღო.
_ თუმცა, «მართლმადიდებელ მშობელთა კავშირსაც» ხშირად აგრესიასა და ფანატიზმში სდებენ ბრალს. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვენ ფანატიკოსებიც გიწოდათ…
_ ადრექრისტიანულ ხანაში წარმართებს ახასიათებდათ ასეთი მეთოდები ქრისტიანების წინააღმდეგ. როდესაც ხედავდნენ, რომ ხალხი მასობრივად ინათლებოდა, ხედავდნენ ამდენ მოწამესა და მორწმუნეს, ისინი ქრისტიანებს კაციჭამიობაში სდებდნენ ბრალს, რადგან თურმე ზიარების დროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით. დღესაც ანალოგიური ხდება. არ გეგონოთ, რომ იმ წარმართებისგან ეს ადამიანები რაიმეთი განსხვავდებოდნენ. ცნობილი მეთოდია, ვიღაცას ჩირქი მოსცხო, გაუვრცელო ხმები. რეალურად არ არსებობს ჩვენი ძალადობის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი.
რაც შეეხება სააკაშვილს, მგონი, ადამიანი არ არის, რომელსაც მასთან დაკავშირებით რაიმე კითხვები დარჩა, იმდენად გაუწონასწორებელი ადამიანია. ფანატიზმი თავისი შინაარსით ნიშნავს არასწორ ხედვას ან აზრს, რომელსაც ადამიანი ჯიუტად ადგას და არანაირ შეგონებას არ იღებს. მაშინ, როდესაც ჩვენ გვყავს წმინდა დიდმოწამე გიორგი, რომელმაც უამრავი სატანჯველი აიტანა, ფანატიკოსი შეიძლება ვუწოდოთ მას? თუმცა სააკაშვილი იმდენად უღმერთოა, მისთვის, ალბათ, ასეთი საქციელი ფანატიზმია ან, უბრალოდ, არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა. ფანატიკოსები თავად არიან, რადგან არ სურთ საკუთარი შეცდომების აღიარება, თუმცა ჩვენ მაინც სიყვარულით ვუყურებთ მათ, გვინდა, შეინანონ, რადგან ჩვენ ჯოჯოხეთისთვის არავინ გვემეტება, მათ შორის არც სააკაშვილი.
_ სად არის ვიდეოფირი, რომელზეც ტელეკომპანია «კავკასიაში» მიმდინარე გადაცემას იღებდით და გამოიყენა თუ არა ის სასამართლომ?
_ ფირი სასამართლომ არ გამოიყენა, ვინაიდან ის მათთვის არასახარბიელო სიტუაციას წარმოშობდა. ჯერ ხომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დაგვაპატიმრეს და ეს ფირი ჩვენი უსაფუძვლო დაპატიმრების კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იქნებოდა. თან ფირზე კარგად ჩანდნენ ის ადამიანები, რომლებიც მართლაც ხულიგნობდნენ, მაგრამ ისინი არც კი დაუპატიმრებიათ.
მე გადაცემაში არ ვმონაწილეობდი. როცა ტელევიზიით ვუყურებდი გადაცემას, იქ მიმდინარე მოვლენებმა ჩემი უკმაყოფილება გამოიწვია, არ მომეწონა ნინო ჯანგირაშვილის საქციელი, ავიღე ვიდეოკამერა და წავედი ტელეკომპანიაში. მივედი, რათა რეალობა გადამეღო და ხალხს რეალურად სცოდნოდა, რა ხდებოდა. ამას გარდა, იქ იმყოფებოდა ჩემი სულიერი ძმა ლევან ჩაჩუა, აუდიტორიაში იყო გიორგი გურჩიანი, რომელიც სცემეს, თუმცა მაინც ის დაიჭირეს ხულიგნობის ბრალდებით. აშკარა იყო პროვოკაცია. მე კითხვებს ვუსვამდი მათ. აღსანიშნავია, რომ, როდესაც მივედი ტელეკომპანიაში, კარი დაკეტილი იყო და არ შევსულვარ, როცა შესვენება გამოცხადდა გადაცემის დროს, მხოლოდ მას შემდეგ შევედი. ასევე რატიანს, მინდიაშვილსა და ხატიაშვილს, როდესაც მათ დატოვეს გადაცემა, ვკითხე, რატომ იქცეოდნენ ასე.
_ მას შემდეგ, რაც დაგაპატიმრეს, როგორ გექცეოდნენ და რა ვითარება დაგხვდათ ციხეში?
_ პოლიციაში აბსოლუტურ გაურკვევლობაში იყვნენ, არ იცოდნენ გამომძიებლებმა და პროკურორებმა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. თავიდან მოწმის სტატუსით წაგვიყვანეს და შემდეგ შეთითხნეს ბრალდება. ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რაც ვერ განახორციელეს. მინდა ვთქვა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, პროვოკაცია არ შედგა და ღვთის შეწევნით ჩვენ აქაც გავიმარჯვეთ. ქართველი ხალხი მაშინაც და ახლაც ცხადად ხედავდა, რომ დამნაშავეები არ ვიყავით. პროკურორმა გიორგი მიქაიამ ისიც მითხრა, მორალურად თქვენ მართლები ხართ, მაგრამ რა ვქნათ, გვავალებენო. შინაგანად წუხდნენ ზოგიერთები და აწუხებდათ ის უსამართლობა, რაც ხდებოდა. დაზარალებულები სასამართლოზე თავს იმართლებდნენ, ჩვენი ნებით არ მოვსულვართ პროკურატურაში, გამოგვიძახესო.
თავიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წაგვიყვანეს. ვინაიდან აღქმული ვიყავით, როგორც ეკლესიის შვილები და მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ადამიანები, პატრიარქიც მობრძანდა. მათ დაინახეს საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩვენ წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებას. ამიტომ ჩემ მიმართ არ ყოფილან ისე თამამები და სასტიკები, როგორც სხვა პატიმრების მიმართ იყვნენ. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული სირთულეები, როდესაც შენს კამერაში შემოდიან და სცემენ სხვებს, შეურაცხყოფას აყენებენ, ვერ აიტუზები კედელთან და ვერ გაჩუმდები. მე არ მირტყამდნენ, მაგრამ სხვებს სცემდნენ, რასაც, რა თქმა უნდა, ვაპროტესტებდი. იქ რომ პატიმრების ცემა და წამება ხდებოდა, მთელ საპატიმროში პატიმრების ყვირილისა და გოდების ხმაც ადასტურებდა.
ახლა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას ვაპირებთ. პოლიტპატიმრის სტატუსს არ დავჯერდებით. აუცილებელია, ჩვენი სახელის რეაბილიტაცია მოხდეს სასამართლოს გზით, რათა ხალხმა რეალურად დაინახოს, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი საქციელით საფრთხე შეუქმნეს არა ავთანდილ ზუმბაძეს ან იმ დაპატიმრებულ ბიჭებს, არამედ ღია ბრძოლა გამოუცხადეს მთლიანად ეკლესიას.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი