Home რუბრიკები პოლიტიკა რა გველის «შავი გველის წელიწადში»?

რა გველის «შავი გველის წელიწადში»?

669

2013 «გველის წელიწადი», როგორც ჩანს, არა მხოლოდ ასტროლოგიური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც იქნება. სისინი და გესლი ქართულ პოლიტიკას, პრინციპში, არც არასოდეს აკლდა, თუმცა, მოსალოდნელი ზეინტენსიური პოლიტიკური ბრძოლიდან გამომდინარე, «შავი გველის წელიწადი» ამ მხრივ საქართველოს უახლესი ისტორიის მატიანეში, ალბათ, მაინც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. რა გველოდება 2013-ში? მიუახლოვდება თუ არა ქვეყანა გამთლიანებას, დემოკრატიასა და კეთილდღეობას თუ პირიქით _ დაშორდება მათ?

გადამწყვეტი რაუნდი

ისევე, როგორც შარშან, 2013-ში მთავარი თემა «ქართული ოცნებისა» და «ნაციონალური მოძრაობის» დაპირისპირება იქნება და ეს, როგორც მინიმუმი, გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი თანამდებობას არ დატოვებს. ამ ბრძოლაში დიდი დრო და ენერგია დაიხარჯება, რომლის გამოყენება, იდეაში, უფრო ამბიციური მიზნების მიღწევისთვის შეიძლებოდა. მაგალითად, დღეს დეპუტატები მსჯელობენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე (მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის პროცედურებთან დაკავშირებით), რომელთა მეშვეობით სააკაშვილის «საკანონმდებლო განიარაღებას» მოახდენენ. ამ ახალ ნორმებს არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება ოქტომბერში, როდესაც ძალაში 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები შევა, ხოლო სააკაშვილი სავარძელს დაემშვიდობება (იმ შემთხვევაში, თუ პოსტზე შემოდგომამდე დარჩება, რაც სათუოა). «ქართული ოცნების» წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ცვლილებების შეტანა ძირითად კანონში აუცილებელია იმ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის პრევენციისთვის, რომლის პროვოცირება შეიძლება სააკაშვილის ჯგუფმა მოახდინოს. ცხადია, უმჯობესი იქნებოდა, რომ პარლამენტარებს მრავალტანჯულ კონსტიტუციაში, სხვა, პრინციპული ხასიათის ცვლილებების შეტანაზე ემუშავათ, რომლებიც ქვეყნის სტაბილურობას და დემოკრატიულ განვითარებას სტრატეგიულ პერსპექტივაში უზრუნველყოფდნენ, თუმცა დღეს მათ, მარტივად რომ ვთქვათ, «ამისთვის არ სცალიათ», რადგან ტაქტიკურ, ბრძოლის ლოგიკით ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს იღებენ; იმავეს თქმა მთელ რიგ სხვა საკანონმდებლო ცვლილებებთან, ბრძანებულებებთან თუ დადგენილებებთან დაკავშირებითაც შეიძლება. ასე გაგრძელდება მთელი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, რომელიც შარშან, 1 ოქტომბერს დაიწყო და სააკაშვილის პოსტიდან წასვლამდე არ დასრულდება. მართალია, ამის შემდეგ «ოცნება», სავარაუდოდ, მიიტანს იერიშს «ნაციონალების» უკანასკნელ ციტადელზე, თბილისის მერიაზე, მაგრამ ამ ბრძოლას, ალბათ, მაინც ლოკალური ხასიათი ექნება და ის, სავარაუდოდ, სწრაფად დასრულდება, თბილისელების მკვეთრად «ანტინაციონალური» განწყობის გამო.

ამ დაპირისპირების ტრანსფორმირება ცივილურ პოლიტიკურ ბრძოლად ორპარტიული მოდელის ფარგლებში პრაქტიკულად წამოუდგენელი ჩანს. მხარეები, 99%-იანი ალბათობით, ვერ მიაღწევენ გრძელვადიან შეთანხმებას თამაშის წესების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რას ურჩევენ უცხოელი პარტნიორები, და შეეცდებიან, მოწინააღმდეგის სრულ განადგურებას მიაღწიონ. ეს პროცესი, ძალთა ბალანსის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და «ქართული ოცნების» გამარჯვებით დასრულდება. 2013 წელი კი, როგორც ჩანს, უპირველეს ყოვლისა, მიხეილ სააკაშვილისა და «ნაციონალური მოძრაობის» პოლიტიკური აგონიისა და საბოლოო «ჩამოშლის» წელი გახდება.

ყოველივე ეს საინტერესო საყურებელი კი იქნება, თუმცა საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ისაა, რომ ამ პერიოდში «ბრძოლის ლოგიკა» ერთგვარ პოლიტიკურ ინდულგენციად არ იქცეს და მისი გამოყენებით ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამართლება არ მოხდეს.

დღეს არაერთი კომენტატორი ცდილობს, დაადგინოს, ვიხილავთ თუ არა 2013-ში სააკაშვილის ჯგუფის უკანასკნელ გაბრძოლებას და გადატრიალების მცდელობას. ერთი შეხედვით, ობიექტური წინაპირობები ამისთვის არ არსებობს; მის ხელთ არსებული რესურსი და «ნაციონალების» რეიტინგი შარშანდელი თოვლივით დნება. მართალია, ხშირად გამოითქმის მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილი, მენტალური მდგომარეობის თავისებურებებიდან გამომდინარე, ამ რეალობას ადეკვატურად არ აღიქვამს და შეიძლება ესკალაციაზე წავიდეს, თუმცა, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ის არ მოქმედებს ვაკუუმში და მის გარშემო იმყოფებიან მეტ-ნაკლებად პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები «ნაციონალების» ზედა და საშუალო რგოლიდან, რომელთა ნაწილმა (დაუზუსტებელი ინფორმაციით) 1 ოქტომბრის შემდეგ ახალი ხელისუფლების ინფორმატორის როლი შეითავსა. ასე რომ, ცნობები სააკაშვილის რადიკალური გეგმების შესახებ, დიდი ალბათობით, მათ რეალიზებამდე გაცილებით ადრე გაჟონავს, თანაც მას, სავარაუდოდ, გაუჭირდება საკმარისი რაოდენობის «ერთიანი ნაციონალური კამიკაძეების» მობილიზება, რომელთაც დასაკარგი არაფერი აქვთ და «ბოლომდე გაჰყვებიან».

2013-ში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ეს თითქოსდა მეტად დრამატული შეჯიბრი უნდა იქნეს, თუმცა ძალთა თანაფარდობის  გათვალისწინებით «ქართული ოცნების» საშუალო კანდიდატიც კი, სავარაუდოდ, უპრობლემოდ დაამარცხებს «ნაციონალების» ნებისმიერ, მათ შორის საუკეთესო, კანდიდატს, რადგან არჩევნების ჩატარების მომენტისთვის «ოცნების» მხარდამჭერთა უმრავლესობა, სავარაუდოდ, ივანიშვილის გუნდს ზურგს არ შეაქცევს და მათ დაემატებიან ის ამომრჩევლებიც, რომლებიც ხმას ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებას აძლევენ. ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ სპეცეფექტებით დატვირთულ შოუს ვიხილავთ, რეალური ბრძოლა საპრეზიდენტო პოსტისთვის, სავარაუდოდ, არ გაიმართება და «ოცნების» კანდიდატი თითქმის უპრობლემოდ გაიმარჯვებს. ეს არჩევნები საინტერესო იმ შემთხვევაში გახდება, თუ ასპარეზზე მესამე ძლიერი კანდიდატი გამოჩნდება, ეს კამპანიას უფრო სახალისოს გახდის და ამავე დროს ახალი ოპოზიციის ახალი ლიდერის ერთგვარ პრეზენტაციას მოახდენს.

თუმცა ის, რომ «ქართული ოცნება»  ამ არჩევნებს, ძალიან დიდი ალბათობით, მოიგებს, სულაც არ ნიშნავს, რომ ურთიერთობა მასა და მის ამომრჩევლებს შორის «შავი გველის წელიწადში» უპრობლემო იქნება. ეს თემა საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია და მასზე საუბარს, ალბათ, გარკვეული დრო უნდა დავუთმოთ.

დაშლასა და არმოშლას შორის

«ნაციონალები» დღემდე თვლიან, რომ «ოცნების» ამომრჩეველთა დიდი ნაწილი სოციალურ დაპირებებს დახარბდა და პრაქტიკულად არ საუბრობენ მათზე, ვისთვისაც მთავარი საარჩევნო უბანზე მისვლის მომენტში სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა და სამართლიანობის აღდგენა იყო. ყველაზე მეტად, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სავარაუდოდ, სწორედ ეს ადამიანები სძულთ, რადგან თავის დროზე ვერც მათი ნების გატეხა, ვერც მოტყუება მოახერხეს. მომავალ წელს «ქართულ ოცნებას» მოუწევს იმაზე ზრუნვა, რომ მათი ნდობა არ დაკარგოს, ისევე, როგორც იმ მხარდამჭერებთან მუშაობა, რომელთა არჩევანის უკან მეტწილად მერკანტილური გათვლები იდგა.

საბოლოო ჯამში, არც ისე ბევრმა ამომრჩეველმა მისცა ხმა «მხოლოდ კეთილდღეობას» ან «მხოლოდ სამართლიანობას»; როგორც წესი, საარჩევნო უბანზე მიღებული გადაწყვეტილების უკან ამ მოტივების კომბინაცია იდგა. მათ დიდ ნაწილს სჭირდება ერთიც და მეორეც, თანაც, ქართული ხასიათის თავისებურებებიდან გამომდინარე, სწრაფად და მაქსიმალური დოზით.

«ნაციონალების» იმედი, რომ «ქართული ოცნების» ამომრჩეველთა ნაწილი უკვე გაზაფხულზე დაუპირისპირდება მთავრობას სოციალურ-ეკონომიკური დაპირებების შეუსრულებლობის გამო, ერთობ გულუბრყვილო ჩანს. ჯერ ერთი, უკმაყოფილების აკუმულირება ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოში გაცილებით ნელა ხდება, თანაც ნდობის ლიმიტი, რომელიც ივანიშვილის მთავრობას ამოწურული არ აქვს და ის მცირე, მაგრამ სასიამოვნო შეღავათები (ბენზინის გაიაფება, ტარიფის თუნდაც სიმბოლური დაწევა) «ქართული ოცნებისთვის» ერთგვარ «უსაფრთხოების ბალიშს» ქმნის და ნაკლებად მოსალოდნელია მას მომავალი 1,5-2 წლის განმავლობაში ამ მხრივ რამდენადმე საგრძნობი სირთულეები შეექმნას. გაცილებით პრობლემური მისთვის ამომრჩევლების მეორე, სამართლიანობის აღდგენაზე ორიენტირებული ნაწილი იქნება.

ეს ადამიანები უხერხულ კითხვებს სვამენ. დაახლოებით ასეთს: თუ სააკაშვილს ორასამდე პოლიტპატიმარი ჰყავდა, რატომ არ ისჯება ის ხალხი, რომლებმაც ისინი ციხეში ჩასვეს? რატომ მუშაობენ შსს-ში ის პოლიციელები, რომლებიც 7 ნოემბრისა და 26 მაისის დარბევებში მონაწილეობდნენ, სცემდნენ და აშინებდნენ ოპოზიციონერებს? რატომ… ასეთი «რატომ» ძალიან ბევრია და მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ფაქტია, რომ ამ ადამიანების გაღიზიანება იზრდება და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამას გრძნობენ. ეს ცნობილი პოსტრევოლუციური სინდრომია; რეჟიმთან მებრძოლები ეკრანზე ხედავენ ყოფილი მოწინააღმდეგეების კმაყოფილ და ერთობ ცინიკურ სახეებს და კითხულობენ: «რისთვის ვიბრძოდით?». მათ ნაკლებად აინტერესებთ ის, რომ გამოძიების პროცესში აუცილებელია ყველა პროცედურის დაცვა, ხოლო ამისთვის საჭიროა დრო (თანაც საკმაოდ ბევრი), რომ უცხოელი პარტნიორები კოაბიტაციისკენ მოგვიწოდებენ (ეს სიტყვა ამომრჩველების ამ კატეგორიას, უბრალოდ, სძულს) და ა.შ. ფარული კონფლიქტი ამ ამომრჩევლებსა და  «ქართულ ოცნებას» შორის 2013-ში, სავარაუდოდ, ღია ხასიათს მიიღებს და ისინი ახალ, უფრო რადიკალურად განწყობილ ლიდერებს იპოვიან, რომლებიც «რევოლუციის ბოლომდე მიყვანას» დაჰპირდებიან. მსგავსი რამ სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში არაერთგზის მომხდარა და ძალიან საინტერესოა, რომელი პოლიტიკოსი მოიგებს საზოგადოების ამ, სამართლიანობაზე (ხანდახან კი რევანშზე) ორიენტირებული რადიკალურად განწყობილი ნაწილის გულს.

2013-ში, სავარაუდოდ, დაიწყება იმ ერთიანი ფრონტის დაშლა, რომელიც ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ შეკრა, ეს პროცესი «ნაციონალების» დასუსტების პარალელურად გაძლიერდება და საბოლოოდ გაფორმდება მაშინ, როდესაც ცხადი გახდება, რომ სააკაშვილის ჯგუფი განიარაღებულია და რეალურ საფრთხეს ქვეყნის სტაბილურობას ვეღარ შეუქმნის. ამ მომენტიდან ერთიანი ფრონტის ხელოვნური შენარჩუნება მიზანშეწონილი აღარ იქნება, რადგან ის ფრიად განსხვავებული შეხედულებებისა და მისწრაფებების ადამიანებს აერთიანებს, რომელთა ერთად ყოფნა «ნაციონალების» ჩამოშლის შემდეგ ერთობ არაბუნებრივი იქნება. პოლიტიკური სივრცის ეს ახალი გადაფორმატება 2013 წლის ერთერთ მთავარ თემად იქცევა.

არწივები და მშვიდობის მტრედი

იმაზე, რომ 2013 რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის წელი იქნება, დღეს პრაქტიკულად არავინ დავობს. მოვლენათა განვითარების დინამიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამორიცხული არაა, რომ წელიწადის პირველ ნახევარში მოხდება პირველი, სავარაუდოდ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ორი ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს შორის, ხოლო მთელი რიგი (უპირველეს ყოვლისა, სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული) პრობლემები, სავარაუდოდ, უმტკივნეულოდ მოგვარდება.   

ამავე დროს, 2013-ში აშშ და საქართველო, სავარაუდოდ, მოახერხებენ ორმხრივი ურთიერთობების გაწმენდას იმ არაჯანსაღი სულისკვეთებისგან, რომელიც მასში სააკაშვილმა შეიტანა. განსაკუთრებით საგულისხმო ამ მხრივ მისი მმართველობის ბოლო პერიოდი იყო, როდესაც ის პრაქტიკულად თეთრი სახლის დაშანტაჟების გზას დაადგა (და რაც მოიმკო, ყველამ ერთად ვნახეთ).

2013-ში საქართველოში, სავარაუდოდ, დაიწყება სააკაშვილის მმართველობის წლებში, ფაქტობრივად, აკრძალული დისკუსია თემაზე «ნატოში არ გვიღებენ და რა ვქნათ?». ერთმანეთს ხმაურიანად დაუპირისპირდება ორი მხარე, რომელთაგან ერთის პოზიცია დაახლოებით ასეთი იქნება «ნატო _ ნებისმიერ ფასად», ხოლო მეორის _ «რუსეთის მოკავშირეები უნდა გავხდეთ». ხოლო მაქსიმალურ ამონაგებს ამ ორი მხარის დაპირისპირებისგან, სავარაუდოდ, მესამე მხარე მიიღებს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებში ფინური პოლიტიკიდან გადმოღებული და კავკასიური რეალიების მიმართ პაასიკივი-კეკონენის ხაზის გატარების მომხრეა, რომელიც (ამ ეტაპზე ნატოში შესვლისა და რუსეთთან კავშირის პრაქტიკული შეუძლებლობიდან გამომდინარე) «იძულებით ნეიტრალიტეტს» და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ფრთხილ და შეძლებისდაგვარად ღიმილიან ლავირებას ითვალისწინებს.

2013 წელს, რა თქმა უნდა, იქნება ბევრი საინტერესო ეპიზოდი, რომელიც ცალკეული პოლიტიკოსების კარიერის მელოდრამატულ დასასრულს დაუკავშირდება, სავარაუდოდ, ჩვენ ვიხილავთ ბევრ ხმაურიან დაპატიმრებას და სასამართლო პროცესს, თუმცა ისტორიისა და დიდი პოლიტიკის გადასახედიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანამ 2013 წელს ხანგრძლივი მშვიდობისკენ და სტაბილური განვითარებისკენ პირველი, თუნდაც მოკრძალებული ნაბიჯები გადადგას. მოხდება თუ არა ეს, არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე, არამედ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, კერძოდ კი იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად გააკონტროლებს საზოგადოება პოლიტიკურ ელიტას.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here