წინა საარჩევნოდ “ნაციონალური მოძრაობის‘‘მხრიდან მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების მასშტაბებზე ქართულ მედიაში მრავალჯერ დაიწერა. ერთ–ერთი ასეთი გახმაურებული ფაქტი ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ “ახალი ტალღის‘‘ დირექტორის მოადგილის თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლებას ეხება. ოფიციალურ მიზეზად სასწავლო პროცესში დაშვებული შეცდომები სახელდებოდა. თუმცა ბათუმის სასამართლომ თამარ კაიკაციშვილი გაამართლა. მისი ძმა ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი კი ამ საქმეში მონაწილე ქობულეთის ერთ–ერთი რგოლის _ საკრებულოს წევრის თემურ ჯინჭარაძის პასუხისმგებლობის საკითხს გამოყობს. მისი თქმით “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დღემდე აგრძელებენ ძალაუფლების გამოყენებას და გარემოებების საკუთარ ინტერესებზე მორგებას.
არჩილ კაიკაციშვილი:
_ უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. რადგანაც კაიკაციშვილების ოჯახის ახლო ნათესავი, ვაჟა ბერიძე, მოადგილის გათავისუფლების მომენტისთვის, ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო. პირადად კი სამინისტროს სისტემაში არსებული კანონდარღვევის ფაქტებზე არაერთი ხმაურიანი საჯარო განცხადება მქონდა გაკეთებული. ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ “ახალი ტალღის‘‘ დირექტორის მოადგილე თამარ კაიკაციშვილის საქმეში მოსარჩელე მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17 ივლისს მიმართა. კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოში საქმის განხილვაში მონაწილეობა კახა ბოლქვაძემ, ციური გოგიტიძემ, თემურ ჯინჭარაძემ, თამარ ნიჟარაძემ და ახლადარჩეულმა წევრმა, რაულ გაბაიძემ მიიღეს. აღსანიშნავია, რომ გაბაიძე არც ერთ რიგგარეშე სხდომას არ დასწრებია. უცნობია ისიც, თუ რა დამსახურების გამო იქნა არჩეული ბიზნესმენი გაბაიძე საპასუხისმგებლო პოზიციაზე, რომელიც კოლეჯის მოქმედი დირექტორის მეგობარი და ბათუმში, ერთ–ერთი სამშენებლო კომპანიის მფლობელიცაა. დავით მჭედლიშვილმა თამარ კაიკაციშვილი ჯერ კიდევ 2011 წლის დეკემბერში დაიბარა, თუმცა მაშინ თამარ კაიკაციშვილმა დირექტორს განუცხადა, რომ პასუხს არ აგებდა რომელიმე ნათესავის საჯარო შეხედულებებზე. მჭედლიშვილმა კაიკაციშვილს უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოადგილე დირექტორის თანამდებობას დაიკავებდა, რაზედაც თამარ კაიკაციშვილმა უპასუხა, რომ ის არ აპირებდა კოლეჯის დირექტორი გამხდარიყო. დავით მჭედლიშვილმა 2012 წლის 19 ივნისის ადმინისტრაციულ თათბირზე, რომელზედაც მოადგილის თანამდებობიდან დათხოვნა ოფიციალურად გაფორმდა, მოადგილეს პირდაპირ უთხრა, რომ მისი დათხოვნის მთავარი მოტივაცია იყო ისიც, რომ მასში ხედავდა კონკურენტს და თავიდან იცილებდა. მეტიც, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ დავით მჭედლიშვილი გაღიზიანებული ტონით დათხოვნილ მოადგილეს სამჯერ ეუბნება, რომ „აბა, თუ შეეძლო, მისულიყო და დაეკავებინა დირექტორის სკამი“ რასაც მოსდევს მუქარა, რომ კაიკაციშვილი მისი დირექტორობის პერიოდში, კოლეჯში თანამშრომლის სტატუსსაც კი ვერ დაიკავებდა. ჩვენ საქმის შესწავლის მიზნით უკვე მივმართეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, სადაც სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხსაც მოვითხოვთ.
_თქვენ ქობულეთის საკრებულოს წევრის თემურ ჯინჭარაძის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებთ…
_ ამის შესახებ „საქართველოს და მსოფლიოს“ ექსკლუზიურად ვუყვები. აღნიშნულ საქმეში ბევრი უკანონო ნაბიჯი და გადაწყვეტილებაა მიღებული, რომელიც, ნაწილობრივ სასამართლომ დაადასტურა, საზოგადოებას კი სხვა დეტალებიც დროდადრო გაეცნობა. თუმცა თავიდანვე შევისწავლეთ კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოში ქობულეთის საკრებულოს წევრის, თემურ ჯინჭარაძის მოქმედებების მართლზომიერების საკითხი, რომელიც უკიდურესად მიკერძოებული და ანგაჟირებულია. ვფლობ საზოგადოებრივ კოლეჯში მიღებულ იმ ოქმებს, სადაც მოადგილის გათავისუფლების კანონიერების საკითხებს, განსხვავებული აზრის გარეშე, ხელს საკრებულოს დეპუტატიც აწერს. საკრებულოს წევრის დისციპლინარული საკითხის დაყენება თავად საკრებულოს მხრიდან არაერთხელ მოვითხოვე, თუმცა 1 ოქტომბრამდე საკრებულოს ყოფილი ხელმძღვანელი მპასუხობდა, რომ დეპუტატის მოქმედებებში უკანონოს ვერაფერს ხედავდა. ქობულეთის საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ელგუჯა ბაგრატიონს 2012 წლის 21 ნოემბერს განმეორებით მივმართე და დეპუტატ თემურ ჯინჭარაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოვითხოვე. კანონით, საზოგადოებრივ კოლეჯში სამეთვალყურეო საბჭო უმაღლესი მმართველობითი ორგანოა, რომლის ერთ–ერთი წევრი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი უნდა იყოს. მოადგილის გათავისუფლების შემდგომ, ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ საბჭოს თავმჯდომარეს კახა ბოლქვაძეს, რომელიც მოწმის სახით უკვე წარსდგა სასამართლოს წინაშე და დაადასტურა, რომ თამარ კაიკაციშვილის სამუშაო კომპიუტერს გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე, დირექტორის დავალებით, პაროლი შეუცვალა. ჩვენ მას მივმართავდით, რომ დირექტორის მოადგილის მიმართ ჯერ დისციპლინარული სახდელი – გაფრთხილება, მეორე დღეს კი გათავისუფლების ბრძანება შეეფასებინა. ბოლქვაძემ გვიპასუხა, რომ ასეთი შეფასება არ შედიოდა სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციებში და როგორც მისთვის იყო ცნობილი, დირექტორის გადაწყვეტილებები კანონიერი იყო იმის გამო, რომ ადმინისტრაციულ თათბირზე დამსწრე ყველა წევრი ეთანხმებოდა მას. თუმცა ჩვენ დავასაბუთეთ და მოვითხოვეთ, რომ საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოეწვია და კვალიფიციურად მისდგომოდა სასწავლებელში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას.
_კოლეჯში საბჭოს სხდომა გაიმართა?
_გამოუვალ სამართლებრივ მდგომარეობაში აღმოჩენილმა საბჭომ შემატყობინა, რომ მოთხოვნილი სხდომა კოლეჯში თითქოსდა იმის გამო ვერ გაიმართა, რომ ერთ–ერთ წევრს უფლებამოსილება შეუწყდა, ხოლო საბჭო 2 ივლისს შეიკრიბა, ახალი წევრიც დაამტკიცა, განიხილა აღნიშნული გათავისუფლების საკითხი და გარემოებებში მეტი სიცხადისთვის, დამატებითი არგუმენტაციების წარმოდგენის მიზნით, რიგგარეშე სხდომა მოიწვია 4 ივლისსაც. სწორედ წარმოდგენილი სხდომის ოქმებში ჩანს, რომ ერთ–ერთი აქტიური წევრია საკრებულოს წევრი თემურ ჯინჭარაძე. 5–წევრიან საბჭოში, ისე, რომ განსხვავებული აზრიც კი არ ფიქსირდება, ყველა გადაწვეტილება დირექტორის სასარგებლოდ წყდება, მაშინ, როდესაც საკრებულოს წევრს კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საკრებულოს რეგლამენტისა და თავად კოლეჯის წესდების თანახმად, ევალებოდა დაეცვა მიუკერძოებლობა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაფუძნებოდა ფაქტობრივ გარემოებებს. უნდა მოესმინათ ყოფილი თანამშრომლის შეხედულებები არაორგანიზებულად ჩატარებული გამოცდების ბრალდებასთან დაკავშირებით და საკითხი გადაეწყვიტათ არა 2 დღეში, არამედ საბჭოს ემსჯელა ყველა ფაქტობრივი მასალის და საქმეში არსებული ყველა მხარის არგუმენტაციის საფუძველზე.
თუმცა საკრებულოს წევრი თემურ ჯინჭარაძე „ნაციონალური მოძრაობიდანაა“, რომელმაც ჩათვალა, რომ ხელშეუხებელი იქნებოდა, არადა მას უნდა ემოქმედა მაღალი პასუხისმგებლობიდან, დაკისრებული კანონისმიერი უფლებების მიუკერძოებლად განხორციელების პრინციპებიდან. საპირისპირო ქმედების გამო, ჯერ საკრებულოს წევრს წერილით 18 ივლისს მივმართე და მოვითხოვდი ახსნა–განმარტებას, მაგრამ დეპუტატი ჩემს ყველა კითხვას დაემალა და პასუხი არ მომწერა. ამ წერილში ყურადღებას კიდევ ერთ გარემოებაზე ვამახვილებდი, რომელიც ჯინჭარაძის საქმისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა. კერძოდ, საუბარია დეპუტატის გამოცდილების, განათლებისა და კომპეტენტურობის შესახებ, რადგანაც თემურ ჯინჭარაძეს დღემდე არავითარი შეხება არ ჰქონია განათლების სფეროსთან. ის ტექნიკური მუშაკია, საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ თემურ ჯინჭარაძე სატრანსპორტო დარგის სპეციალისტია. გახლდათ საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ქობულეთის რაიონის საგზაო საწარმო – გზის ოსტატი, საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ქობულეთის რაიონის საგზაო სამმართველო – სამუშაოთა მწარმოებელი, საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ქობულეთის რაიონის საგზაო სამმართველო – მთავარი ინჟინერი, შ.პ.ს. „ავტოგაზის“ მთავარი ინჟინერი, 2010 წლიდან კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს – საფინანსო–საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის წევრი. შესაბამისად მიმაჩნია, რომ მის მიერ კოლეჯის დირექტორის უკანონო გადაწყვეტილებების მხარდაჭერებიც იქნებოდა არაკვალიფიციური და საფუძვლებს მოკლებული. რადგანაც საკრებულოს წევრმა ჩემთან, როგორც მოქალაქესთან, ამომრჩეველთან და დაზარალებულთან კომუნიკაციას თავი შეგნებულად აარიდა, მე გამოვიყენე უფლება და მის უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით, რეაგირებისთვის, 3 აგვისტოს თავად ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს მივმართე. ჩემი მოთხოვნა ისევ ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი იყო: საკრებულოს რეაგირება მოეხდინა მისი წევრის კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოში დეპუტატის სტატუსით განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჯარო ყოფილიყო საკრებულოს წინაშე, მისცემოდა მას წერილობითი შეფასება და საკრებულოს ემსჯელა დეპუტატის პასუხისმგებლობის, უფლებამოსილების გადამეტებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის თაობაზე, თუმცა წერილი, რომელიც საკრებულომ მომწერა, არამარტო იურიდიული ნონსენსია, არამედ კაზუისტიკისთვისაც საინტერესო შინაარსი. კერძოდ, საკრებულომ აღნიშნა, რომ თემურ ჯინჭარაძის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგებოდა და წერილი არ განიხილებოდა ანუ წერილის გაცნობის და განხილვის გარეშე თქვა საკრებულომ, რომ დეპუტატი ჯინჭარაძე მართალი იყო.
_ამის შემდეგ რას აპირებთ?
_ რადგანაც „ნაციონალურ“ საკრებულოს არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება დეპუტატის მოქმედებების სამართლიანობა დაედგინა, მივმართე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, რომლისგანაც მივიღე დადასტურებული წერილობითი პასუხი, რომ ომბუდსმენის აპარატი საკრებულოს წევრის საკითხს შეისწავლის. ცნობისთვის, სახალხო დამცველის აპარატმა თამარ კაიკაციშვილის სასამართლო პროცესის მონიტორინგი განახორციელა და მალე დასკვნასაც წარმოადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ ქობულეთის საკრებულოში თავმჯდომარე შეიცვალა, თუმცა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მაინც მივიღე გადაწყვეტილება საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს თემურ ჯინჭარაძის საკითხზე ემსჯელა. წერილით მოვითხოვე, საკრებულომ მოისმინოს თემურ ჯინჭარაძის მოხსენებითი ბარათი სასწავლებლის სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომებში მონაწილეობისა და მხარდაჭერილი ბრძანებების მოტივაციის შესახებ, იმსჯელოს დეპუტატის უფლებამოსილების გადამეტების საკითხზე, საკრებულომ უფლებამოსილება შეუჩეროს თემურ ჯინჭარაძეს ან/და გამოიყენოს დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი ხელფასის სამი თვით დაქვითვის პირობით. აგრეთვე, საკრებულოს თავმდჯომარეს მივმართავ, რომ გადაწყვეტილებების დროს იხელმძღვანელოს ბათუმის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, თუმცა, ჯერ–ჯერობით, საკრებულოს გადაწყვეტილება და გამოხმაურება არ ჩანს.
ანა ქევხიშვილი