ხანგრძლივი მსჯელობისა და კონსულტაციების შემდეგ ხელისუფლებამ, როგორც იქნა, სახალხო დამცველის არჩევა შეძლო. პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაცია «ადამიანის უფლებათა ცენტრის» აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი დაინიშნა. საპარლამენტო უმცირესობამ 82 ხმით 18-ის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მაშინვე გააკრიტიკა და ახალ ომბუდსმენს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მმართველი გუნდი კი მას სრულ ნდობასა და მხარდაჭერას უცხადებს. რა პრორიტეტები ექნება მთავარ უფლებადამცველს და რატომ აღმოჩნდა იგი დანიშვნის პირველივე დღეს უმცირესობის მხრიდან კრიტიკის ობიექტი, ამის შესახებ «საქართველო და მსოფლიოს» უჩა ნანუაშვილი თავად ესაუბრება.
_ ბატონო უჩა, წლების მანძილზე ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდით და უფლებადარღვევის თითოეული ფაქტი თქვენს ანგარიშებში აისახებოდა. მახსოვს, როგორ აფასებდით თუნდაც იმავე თქვენი წინამორბედის, გიორგი ტუღუშის, საპარლამენტო მოხსენებებს… რა იქნება თქვენი მთავარი პრიორიტეტი? რაზე გაამახვილებთ ყველაზე მეტ ყურადღებას?
_ პირველ რიგში, ჩვენ სტრუქტურის გადახალისებაზე ვფიქრობთ. არის გარკვეული საკითხები და მიმართულებები, რომლებიც მნიშვნელოვან ცვლილებას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც მოადგილეებს დავნიშნავთ, ამაზე დაიწყება აქტიური მსჯელობა და იმედი მაქვს, ყველა გადაწყვეტილებას გონივრულ ვადებში მივიღებთ. რაც შეეხება ცვლილებების საჭიროებას, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ უფრო სწრაფად და ადეკვატურად მოვახდინოთ რეაგირება იმ პრობლემებზე, რომლებიც რეალურად არსებობს. ამისთვის ასევე საჭიროა, შეიქმნას თუნდაც რეგიონებთან დაკავშირებით ცალკე სამსახური. ესაა გეგმა, რომელზეც მე ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ვსაუბრობდი. ცხადია, თითოეული ცვლილება, რომელსაც განვახორციელებთ, მოხდება კანონის შესაბამისად, თუმცა ეს ჯერ კიდევ დისკუსიის საგანია და რამე გადაწყვეტილებაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ძალიან ადრეა. ამჟამად მე ძირითადად დაკავებული ვარ შიდა, ასე ვთქვათ, გაცნობითი სამუშაოებით, არის უამრავი საქმე და მიმდინარეობს ამ საქმეების შესწავლა.
_ რეგიონული სამსახურების შექმნა ახსენეთ და უფრო კონკრეტულად რომ განმარტოთ, რატომ მიგაჩნიათ ეს პრიორიტეტულ საკითხად?
_ ამჟამად სახალხო დამცველის აპარატში არის რამდენიმე დეპარტამენტი, რეგიონები კი სტრუქტურულად შეერთებულია მართლმსაჯულების დეპარტამენტთან. ვფიქრობ, რომ საჭიროა და აუცილებელიც, მათი სამსახურები იყოს ცალკე, რომ გაიზარდოს რეგიონის როლი, უფლებამოსილება და რესურსი. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით უფლებადარღვევის ფაქტებზე ცენტრებში, გნებავთ, თბილისში, ქუთაისში ან სხვა რომელიმე დიდ ქალაქში. ამ დროს, ფაქტობრივად, ყურადღების მიღმა რჩებოდა შედარებით პერიფერიული ზონები. ეს იყო ყველაზე პრობლემური საკითხი თუნდაც იმავე წინასაარჩევნო პერიოდში და გახსოვთ თქვენ, რა ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდა ხალხი იქ, სადაც კომუნიკაციის საშუალებები, აქაურთან შედარებით, ნაკლებია. აი, ზუსტად ესაა მთავარი ამოცანა, რომ არც ჩვენ ვიყოთ მოწყვეტილი ინფორმაციულად რეგიონებს და მათაც იცოდნენ, აქ რა პროცესები მიმდინარეობს. ამის გაკეთება, ცხადია, მარტივი არ არის, ამისთვის მათ სჭირდებათ მეტი ადამიანური რესურსი, ფინანსურიც და ა. შ., ამიტომ სამუშაო, რა თქმა უნდა, რთულია, ჩვენ ამას ვაცნობიერებთ.
_ მიგაჩნიათ თუ არა, რომ აქამდე სახალხო დამცველის აპარატი იყო პოლიტიზებული და ცვლილებები ამ მიმართულებითაც საჭიროა?
_ თუ გადავხედავთ წინა სახალხო დამცველის ანგარიშებს, ბევრი მათგანი იყო პროფესიულ დონეზე შესრულებული, მაგრამ არსებობდა რამდენიმე საკითხი, რომლებთან დაკავშირებითაც ჩვენ გვქონდა განსხვავებული პოზიცია. მაგალითად, როგორიცაა ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა, რომლის ფაქტებიც განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში გახშირდა. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ეს ოფისი პასიურობდა და არ ახდენდა ადეკვატურ რეაგირებას. ასევე, მეორე საკითხი, რომელზეც განსხვავებული შეხედულებები გაგვაჩნდა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებია. ჩემი აზრით, ის, რაც საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხდებოდა, არ იყო მხოლოდ არაჰუმანური დამოკიდებულება პატიმრების მიმართ, ეს იყო დანაშაული, რომლის შესახებაც სახალხო დამცველს მწვავედ უნდა ესაუბრა. რაც შეეხება დეპოლიტიზებას, დღეს ნამდვილად გამიჭირდება საუბარი იმაზე, არსებობს თუ არა ამ სტრუქტურაში რაიმე კონკრეტული ნიშნები პოლიტიკური წნეხისა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს შევისწავლით, ყველაფერს გავეცნობით და, თუ კი რამ დარღვევა აღმოჩნდება, მყისიერად აღმოვფხვრით და გამოვასწორებთ.
_ თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლება სანდრო გირგვლიანის საქმის ჩაფარცხვაში დაადანაშაულეთ. არჩევნებზე კი დარღვევის 70-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირეთ. მესმის, რომ ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ადრეა, მაგრამ, სავარაუდოდ, მაინც რომ გვითხრათ, მოხვდება ეს ყველაფერი თქვენს სამომავლო ანგარიშებში?
_ უახლოეს დღეებში გვექნება საუბარი 2012 წლის ანგარიშზე. მომზადება უკვე დავიწყეთ და მალე გამოიკვეთება ის პრიორიტეტული საკითხები, რომლებზეც ვიმსჯელებთ. მე, ჩემი მხრიდან, მაქსიმალურად შევეცდები, რომ ეს ყველაფერი აისახოს დოკუმენტში და ანგარიში იყოს მაქსიმალურად ობიექტური. სავარაუდოდ, ყურადღება, ძირითადად, გამახვილდება არჩევნებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, იმავე კონტროლის პალატის, აუდიტის სამსახურის საქმიანობაზე, დაკავებებზე, სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და ა. შ. იმის მიუხედავად, რომ 2012 წლის განმავლობაში მხოლოდ 20 დღე მიწევს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნა, ყველაფერს გავაკეთებ, რათა აქამდე მომხდარი არც ერთი დარღვევა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა და საბოლოდ დოკუმენტი, რომელსაც წარმოვადგენთ, იყოს სრულყოფილი.
_ რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის პოზიციას თქვენს დანიშვნასთან დაკავშირებით, მათ პარლამენტის დარბაზშივე გაგაკრიტიკეს და პოლიტიკურად მიკერძოებულობაში დაგადანაშაულეს. რის საფუძველზე გაკეთდა ეს განცხადებები?
_ მე მათ იქვე ვთხოვე, წარმოედგინათ რაიმე მტკიცებულება, საბუთი, რომელიც დაადასტურებდა ჩემს კავშირს პოლიტიკურ პარტიასთან. მსგავსი რამ ვერ წარმოადგინეს, ამიტომ ჩემი თხოვნაა, რომ ან დაასაბუთონ ის, რასაც ამბობენ, ან, უბრალოდ, შეწყვიტონ ასეთი განცხადებების კეთება დისკრედიტების მიზნით. ურთიერთობა შეიძლება მქონდეს ძალიან ბევრ პარტიასთან, მაგრამ ეს არა მხოლოდ უფლებაა ჩემი, როგორც უფლებადამცველის, არამედ მოვალეობაც. ასე რომ, არანაირი საფუძველი იმ ეჭვებისა, რომლებიც ზოგიერთებს უჩნდებათ ჩემ მიმართ, არ არსებობს და კიდევ ვიმეორებ, ამგვარი რიტორიკით მათ, არა მგონია, რაიმე დადებით შედეგს მიაღწიონ. თუ კი ვინმეს დავეხმარები, მზად ვარ, ყველასთან ვისაუბრო და ვიმუშაო. 2011 წლის ნოემბერში თუ დეკემბერში მე იმავე «ნაციონალურ მოძრაობასაც» შევთავაზე თანამშრომლობა… დღეს სახალხო დამცველის აპარატის კარი ყველასთვის ღიაა. ვისაც ჩვენთან ურთიერთობა უნდა, მოვიდეს, ვილაპარაკოთ, ვიმსჯელოთ; თუ შესაძლებელია, დავეხმარები და გავუწევ რეკომენდაციებს, მივცემ რჩევებს აბსოლუტურად უსასყიდლოდ, ოღონდ ვინმემ რამე გააკეთოს ადამიანის უფლებების კუთხით. დანარჩენი ბრალდებები, ვიმეორებ, თითიდან გამოწოვილია, არანაირი რეალური მტკიცებულებები არ არსებობს, თუ არსებობს, კი, ბატონო, ველოდები.
_ მთავრობის დამტკიცების შემდეგ თითქმის ყველა უწყებაში ახალმა ხელმძღვანელობამ აუდიტის ჩატარებით დაიწყო მუშაობა. თქვენ თუ ხედავთ ომბუდსმენის აპარატში მსგავს აუცილებლობას?
_ ჯერჯერობით არ მქონია აპარატის ფინანსურ ხელმძღვანელობასთან საუბარი და ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, აქ დეტალურად რა მდგომარეობაა. როგორც ვიცი, რეგულარულად უნდა ტარდებოდეს აუდიტი, მაგრამ როგორ ხდებოდა ეს ან საერთოდ, ტარდებოდა თუ არა, ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, მე დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ყველაფერი წესრიგშია და არ უნდა დარჩეს რაღაც კითხვის ნიშნები, ამიტომ ამას ყველაფერს გავარკვევ და უახლოეს დღეებში შევისწავლი.
_ იყო საუბარი შიდა აუდიტის სამსახურის შექმნაზეც.
_ დიახ, ეს ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა. მოგეხსენებათ, სამინისტროებს აქვთ გენინსპექცია. სახალხო დამცველის აპარატში მსგავსი სტრუქტურა არ არის და მე ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში რეორგანიზაციის ჩატარება მოგვიწევს.
_ საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ თქვენ იქნებით მათ მიმართ კრიტიკული, თუ ამის საჭიროებას დაინახავთ. რამდენად გაამახვილებთ ყურადღებას თუნდაც მიმდინარე დაკავებებზე, რომლებიც უკვე რამდენიმეჯერ გახდა დასავლეთის მხრიდან ნეგატიური შეფასებების საფუძველი?
_ არა თუ ყურადღებას გავამახვილებ, მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უახლოეს პერიოდში. ასევე ვაპირებ, გამოვითხოვო ის მასალები, რომლებიც გააჩნია პროკურატურას და მათი შესწავლის შემდეგ შეფასებაც გაკეთდება. ბუნებრივია, საზოგადოებას აინტერესებს, რა შემთხვევაში ხდება გირაოს შეფარდება, თავისუფლების აღკვეთა, რამდენად დასაბუთებულია ესა თუ ის ბრალდება და ა. შ. ამიტომ ყველა კითხვას, ცხადია, პასუხი უნდა გაეცეს. ვერავინ დამარწმუნებს, რომ დარღვევები არ იქნება, დარღვევები ხდება ნებისმიერი ხელისუფლების დროს, მაგრამ მთავარია, თითოეულ ამ ფაქტზე მოხდეს რეაგირება და პროცესი იყოს გამჭვირვალე. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მხრიდან შესაბამისი გამოხმაურების გარეშე არ დარჩება არც ერთი შემთხვევა და, თუ კი რამე უფლებადარღვევის ფაქტს ექნება ადგილი, საზოგადოება ამაზე მიიღებს სრულ, ამომწურავ ინფორმაციას.
ჯაბა ჟვანია