Home რუბრიკები სამართალი შვილმოკლული მშობლები სამართალს ჯერაც ვერ პოულობენ!

შვილმოკლული მშობლები სამართალს ჯერაც ვერ პოულობენ!

გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, ზურაბ მიქაძეს, აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. მიმდინარე დაპატიმრებების ფონზე, ბრალდებულის მიმართ განხორციელებული ამგვარი სამართლებრივი ქმედება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამ ფაქტმა განსაკუთრებით ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრები აღაშფოთა; მიქაძის დროებითი თავისუფლების საზღაური 16 ათასი ლარი აღმოჩნდა… «ისე ნუ გააკეთებენ, რომ ჩვენი შვილების გამო შური ვიძიოთ», _ ეს განცხადება სოსო რობაქიძემ სასამართლოს შენობასთან გააკეთა და განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში «დიდი პროტესტის გამოხატვას» აპირებს. კონკრეტულად რა გეგმები აქვს 2004 წლის 24 ნოემბერს სამართალდამცავების მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამას და როგორ წარმოუდგენია ბრძოლა სამართლიანობის მისაღწევად, ამ საკითხებზე სასაუბროდ «საქართველო და მსოფლიო» სოსო რობაქიძეს დაუკავშირდა.

_ ბატონო სოსო, თქვენი აზრით, ზურაბ მიქაძის მიმართ სასამართლოს რა გადაწყვეტილება იქნებოდა ადეკვატური?

_ ადეკვატურობაზე აქ საერთოდ ზედმეტია საუბარი. მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევიტანო სარჩელი მოსამართლე ნატო ხუნდაძის წინააღმდეგ და ვიბრძოლებ ბოლომდე, სანამ სამართალს არ ვიპოვი. ამ ადამიანის მიერ გამოტანილ განაჩენს, მიქაძისთვის შეფარდებულ გირაოს ვგულისხმობ, ასევე უჩივის პროკურატურაც, მაგრამ ეს სხვა თემაა… არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ვიდრე სააკაშვილი იქნება ქვეყნის პრეზიდენტი და კუბლაშვილი სასამართლოს თავმჯდომარე, მართლმსაჯულება ყოველთვის მიიღებს არასწორ გადაწყვეტილებებს. პირობას ვდებ, ზურაბ მიქაძე, რომელიც თავიდან ბოლომდე სისხლშია გასვრილი და რომელსაც ამ ცხრა წლის განმავლობაში ყველანაირ გაყალბებებში აქვს მონაწილეობა მიღებული, ძალიან მალე ისევ ციხეში დაბრუნდება. მისი ადვოკატი რომ რაღაც «დურაკობებს» ლაპარაკობს, მათ ეს არ გაუვათ…

_ სასამართლოს მიერ მიქაძისთვის გირაოს შეფარდების შემდეგ თქვენ განაცხადეთ: «ისე ნუ გააკეთებენ, რომ ჩვენი შვილების გამო შური ვიძიოთ». რას გულისხმობდით?

_ ცხრა წელიწადია, სამართლიანობისთვის ვიბრძვი და არასდროს მიფიქრია ვინმეს მოკვლა ან რამე სხვა ფორმით პირადი შურისძიება, მაგრამ, თუ ეს ხალხი არ დაისჯება, სხვა გზა არ დამრჩენია. უთავმოყვარეო კაცი არ ვარ და ასე ვერ ვივლი, ერთადერთი შვილი ჩამიდეს მიწაში. ამიტომ თუ ვერ მივაღწევ კანონის აღსრულებას, მაგათი კანონი ვიქნები მე და, ალბათ, გადადებულიც მექნება თავი.

_ მიქაძის სასამართლო პროცესის დღეს ასევე განაცხადეთ, რომ აპირებთ პროტესტის გამოხატვას. კონკრეტულად რა ფორმით მიგაჩნიათ ეს შესაძლებელი?

_ შესაძლებლობა ბევრნაირია, მაგრამ მხოლოდ კანონიერი გზით ვაპირებ ბრძოლას, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც. გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, გავივლი თითოეულ ინსტანციას და დანარჩენს შემდეგ საქმის მსვლელობა აჩვენებს. მე დასაწყისში სარჩელი ვახსენე, მაგრამ მარტო ერთი კონკრეტული მოსამართლის წინააღმდეგ კი არ ვაპირებ ჩივილს, არამედ საერთოდ სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ პროკურატურამ რეალურად გაათავისუფლა ეს სტრუქტურა და, ამის მიუხედავად, მაინც ვერ ხერხდება სამართლიანი, მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღება. პრობლემას წარმოადგენენ ძველი მოსამართლეები, რომლებიც თავის დროზე იმავე ნიშნით იქნენ შერჩეულნი, რა ნიშნითაც პროკურორების შერჩევა ხდებოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სანამ ეს ჯალათები და მათი ხელმძღვანელი კოტე კუბლაშვილი ადგილზე რჩებიან, ამ სტრუქტურას არაფერი ეშველება. ამიტომ, პირველ რიგში, ესენი უნდა მოშორდნენ დაკავებულ თანამდებობებს და მერე შეიძლება ვისაუბროთ სამართლის მიღწევაზე.

_ სამართლებრივად მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება რთული პროცედურაა. თქვენ რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ეს ყველაფერი?

_ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ცივილიზებულ ქვეყნებში მოსამართლეებს, რომლებიც არასწორ, არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებენ, მანტიებს ხსნიან და სამსახურს ატოვებინებენ.

_ მიქაძე არ იყო ერთადერთი დაკავებული, რომელსაც გირაო შეეფარდა, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ თენგიზ გუნავასთან დაკავშირებითაც. განსხვავება მხოლოდ ფასშია, მიქაძისგან განსხვავებით მას არა 16, არამედ 10 ათასი დაუჯდა დროებითი თავისუფლება.

_ ვიმეორებ, ამის თავი და თავი არის კუბლაშვილი და მისი «ზალოჟნიკებია» იქ ყველა, იმიტომ, რომ არიან მოსამართლეები, რომლებსაც სამართალს კი არა, ორ ბატს ვერ ჩააბარებ.

_ თვითონ იმ მოსამართლეს, რომლის წინააღმდეგაც სარჩელი შეგაქვთ, რამდენად აქვს უსამართლო განაჩენების გამოტანის «პრაქტიკა»? საყოველთაოდ ცნობილია ამ საქმეში კარგად გაწაფული მსაჯულების ვინაობა.

_ კონკრეტულად მე მის საქმეებსა და განაჩენებს არ ვიცნობ, მაგრამ ეს ერთი შემთხვევაც ბევრ რამეზე მეტყველებს. როგორ შეიძლებოდა ზურაბ მიქაძის გაშვება?! 16 ათასი კი არა, 16 მილიონი რომ გადაეხადა, ის უნდა ყოფილიყო ციხეში. ამ კაცმა იმსახიობა თავიდან ბოლომდე. ელემენტარულად, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურორის არც ერთი შემოთავაზება და დააკმაყოფილა ბრალდებულის ადვოკატის წინადადება. ამიტომ გამოიტანა ასეთი განაჩენიც და მე მგონი, ის ადვოკატიც და მოსამართლეც, ორივე ერთად არიან «ნაციონალური მოძრაობის» დიდი მოტრფიალენი. სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია, დღეს მოიძებნოს ადამიანი, რომელიც დონაძეს, მიქაძესა და მელნიკოვს დაიცავს.

_ დასაწყისში სააკაშვილი ახსენეთ, თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა, რომ მიმდინარე სამართლებრივი პროცესი ქვეყნის პირველ პირსაც მისწვდეს და საბოლოოდ პრეზიდენტიც ვიხილოთ, მერაბიშვილის მსგავსად, პროკურატურაში დასაკითხად ან სულაც ახალაიას მსგავსად განსასჯელის სკამზე?

_ სანამ ის პრეზიდენტია, ძნელად წარმომიდგენია ეს ყველაფერი, მაგრამ, როცა პოსტს დატოვებს, რა თქმა უნდა, დაკითხვაცაა შესაძლებელი და დაპატიმრებაც. ამერიკის პრეზიდენტებს იბარებენ დაკითხვაზე და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჩასვეს ბოლოსდაბოლოს ციხეში, სააკაშვილი რა გახდა?!

ამიტომაც ვამბობ, რომ, რაც შეიძლება მალე უნდა გაისტუმროს იგი ქართველმა ხალხმა და როგორც ნაძირალა, როგორც ფაშისტური რეჟიმის ჩამომყალიბებელი, გაუშვას ისტორიის სანაგვეზე. ნომერ პირველი ქართველი ტერორისტი _ აი, ეს სახელი უნდა დაერქვას მას მთელი მსოფლიოს თვალში.

სოსო რობაქიძესთან საუბრის შემდეგ ასევე სამართალდამცავების მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის დედას _ ქალბატონ გულიკო გამცემლიძესა და ზურაბ ვაზაგაშვილის მამას, მოძრაობის «გადაარჩინე სიცოცხლე» ხელმძღვანელს _ იური ვაზაგაშვილს დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ.

გულიკო გამცემლიძე:

_ ჩვენ, სააკაშვილის რეჟიმის მიერ დახოცილი ახალგაზრდების მშობლები, ყოველთვის ერთად ვიბრძოდით სიმართლის მისაღწევად და, რა თქმა უნდა, ახლაც, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება შეიცვალა, ნებისმიერ უსამართლობას გავაპროტესტებთ. არავინ აპირებს გაჩუმებას, მითუმეტეს ახლა სულ სხვა რეალობა და შესაძლებლობებია. წლების წინ თუ მარტო ვიდექით მთავრობის ჯალათების წინააღმდეგ, ახლა ძალა ჩვენკენაა. ასე რომ, რასაკვირველია, გვერდით დავუდგებით სოსოსაც, ია მეტრეველსაც, იურა ვაზაგაშვილსაც და ასევე სანდრო გირგვლიანის დედას, რომელიც, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის.

რაც შეეხება მიქაძისთვის გირაოს შეფარდებას, პირადად ჩემთვის ეს იყო იმდენად მოულოდნელი გადაწყვეტილება, რომ, სიმართლე გითხრათ, ცოტა ხანი არ ვაპირებდი პროკურატურაში საჩივრის შეტანას ჩემი შვილის საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვეღარ მოვიცადე. არ ვიცი, რას უნდა მივაწეროთ მართლმსაჯულების მხრიდან ასეთი ქმედება, ალბათ, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მაინც ვფიქრობ, რომ ძველი მოსამართლეებითაა სისტემა დაკომპლექტებული და ყველაფერი ამის ბრალია.

მე მჯერა თეა წულუკიანისა და არჩილ კბილაშვილის, მჯერა, რომ საბოლოოდ ისინი სამართლიანად წაიყვანენ საქმის მსვლელობას. დარწმუნებული ვარ, დაუსჯელი არ დარჩება არც ერთი დამნაშავე ამ ქვეყანაში და ყველას, ვისაც კი რამე კავშირი ჰქონდა სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმთან, მინიმუმ კითხვებზე მაინც მოუწევს პასუხის გაცემა. პასუხისმგებლობაზე რადგან ვსაუბრობთ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო ისიც, რომ არანაკლებ მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი მოსამართლეებსაც, პროკურორებსაც. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მათი დაკითხვაც და უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, დაიწყოს ამ მიმართულებით საგამოძიებო პროცესი. ეს არ ნიშნავს ახალი მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვას, ჯერჯერობით მე პროტესტის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ სამართლის აღსრულება ყველას მიმართ, იქნება ეს მოსამართლე თუ ვინმე სხვა, უპირობოდ უნდა მოხდეს. სხვანაირად ამ ხალხის გამოსწორება არ იქნება, წინა ხელისუფლების დროინდელი მოსამართლეები, რომლებსაც, ვიმეორებ, უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი და კუდით არიან, ფაქტობრივად, ერთმანეთზე გადაბმულნი, ყოველთვის ლოიალურები იქნებიან ერთმანეთის მიმართ. ასეთი მართლმსაჯულებით სიმართლეს ვერასდროს მივაღწევთ.

იური ვაზაგაშვილი:

_ ერთია, რომ კანონი ითვალისწინებს გირაოს შეფარდებას, მაგრამ, როცა ამდენი წელი ოჯახი სამართალს ეძებს და ყველა ერთად ვყვირით, მიქაძე, დონაძე პასუხისგებაში არიან მისაცემები-თქო, მართლმსაჯულებას ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. რა თქმა უნდა, ვაპროტესტებ, რომელ გირაოზეა საუბარი! მიქაძისა და მისნაირების ადგილი ციხეშია…

ერთადერთი შვილი ჰყავდა რობაქიძეების ოჯახს და ის წაართვეს. აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი, ახალგაზრდა დახვრიტეს ქუჩაში. სხვათა შორის, აქ მე ერთი დეტალის დაზუსტებაც მინდა: ინციდენტი რომ მოხდა, ბორკილებდადებული ბავშვი ძირს იწვა დაახლოებით საათ-ნახევარი, სანამ ესენი წაეთრივნენ, იარაღები მოიტანეს და საქმის გასაყალბებლად სიტუაცია მოამზადეს. წარმოგიდგენიათ, რა სისასტიკეზეა საუბარი?! ეს ნაძირლები საათ-ნახევარი იდგნენ და უყურებდნენ, ბავშვი სისხლისგან როგორ იცლებოდა. დარწმუნებული ვარ, ბუტას გადარჩენა შეიძლებოდა. ასე რომ, ამ შემთხვევაში შემთხვევით გასროლაზე არ უნდა იყოს ლაპარაკი, ეს იყო მიქაძის მხრიდან განზრახ მკვლელობა. ასეთ არაკაცს შეიძლება გირაო შეუფარდო?! მთლიანად გვერდით ვუდგავარ რობაქიძეების ოჯახს და ვიზიარებ იმ უკმაყოფილებას თუ აღშფოთებას, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

აქვე მინდა გამოვეხმაურო სოსოს განცხადებას. მან თქვა, რომ აპირებს, იბრძოლოს იმ მოსამართლის წინააღმდეგ, რომელმაც არაკაც მიქაძეს გირაო შეუფარდა, მე თუ მკითხავთ, არა მარტო ის მოსამართლეა პასუხისგებაში მისაცემი, მთლიანად სასამართლო სისტემაა სავსე ასეთი ხალხით და ყველა უნდა დაიკითხოს.

 სამწუხაროდ, კანონმდებლობით მოსამართლის შეცვლა შეუძლებელია და არ ვიცი, სამართლებრივად როგორ მოხერხდება წინა ხელისუფლების დროინდელი კადრების შეცვლა, მაგრამ ის, რომ დამნაშავე დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, ამაზე დავა შეუძლებელია.

არამარტო სასამართლო სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტროც და, ფაქტობრივად, თითქმის ყველა უწყება გატენილია სააკაშვილის რეჟიმის ერთგული მსახურებით. იმედს ვიტოვებ, ახალი ხელისუფლება თანდათან გამოასწორებს ამას და ყველას თავის კუთვნილ ადგილს მიუჩენს.

ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here