Home რუბრიკები საზოგადოება მეუფე სერაფიმე: ალბათ, ღვთის სასწაული უნდა მოხდეს, რომ აფხაზეთი დავიბრუნოთ

მეუფე სერაფიმე: ალბათ, ღვთის სასწაული უნდა მოხდეს, რომ აფხაზეთი დავიბრუნოთ

983

საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, საკმაოდ სერიოზულ დანაშაულში ეჭვმიტანილი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანის დამოკიდებულება ცოდვასთან და ცოდვილებთან ბრძოლის ჟამს და რატომ აკრიტიკებენ ბოლო პერიოდში ეკლესიის მესვეურებს, ამ და სხვა საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი, წმინდა სინოდის წევრი, მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა) ესაუბრა.

_ საზოგადოების დიდი ნაწილი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაპატიმრებას მიესალმება და ამ ფაქტს სამართლიანობის აღდგენად აფასებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დასჯა არ არის გამოსავალი. როგორი უნდა იყოს საზოგადოების დამოკიდებულება დამნაშავეების მიმართ?

_ ვფიქრობ, რომ კანონი უნდა აღსრულდეს, მაგრამ არ უნდა მოხდეს ადამიანების ამა თუ იმ ნიშნით დევნა. არ უნდა ეძებდნენ საბაბს და მიზეზს, რათა ვიღაც პასუხისგებაში მისცენ, დამნაშავეების წინააღმდეგ კონკრეტული და მყარი მტკიცებულებები უნდა იყოს წარმოდგენილი.

ამას გარდა, უნდა გავმიჯნოთ: არსებობს შეცდომა და არსებობს დანაშაული. ვფიქრობ, როდესაც ხალხი იგრძნობს, რომ ვიღაცას პასუხს სთხოვენ არა შეცდომის, არამედ მყარად არგუმენტირებული დანაშაულის გამო, მაშინ ყველა დამშვიდდება და საზოგადოებაშიც აღარ იქნება ასეთი ორჭოფობა.

ქრისტიანს არ უნდა უხაროდეს სხვისი დასჯა, უნდა განიცდიდეს, მაგრამ კანონს ყველა უნდა ასრულებდეს. კანონი უნდა აღსრულდეს. როდესაც ქრისტიანი ხედავს, როგორ სჯიან ვინმეს სამართლიანად (უსამართლოზე, ბუნებრივია, პროტესტი უნდა ჰქონდეს), უნდა ილოცოს იმ ადამიანზე, რათა დამნაშავემ გამოისყიდოს თავისი ცოდვა და იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ის ადამიანი ოდესმე მაინც გამოსწორდება. მაგრამ იმის თქმა, რომ ღმერთი ყველას ყველაფერს აპატიებს და, ვისაც რა სურს, იმას ჩაიდენს, რა თქმა უნდა, არასწორია.

როდესაც საუბარია დანაშაულზე, სასჯელი უნდა იყოს ადეკვატური. მაგალითად, ამას წინათ, მე გავიცანი ქალბატონი, რომლის შვილიც სამი ქვაბის მოპარვის გამო დააპატიმრეს, 3 წელი მიუსაჯეს და ის ციხეში გარდაიცვალა. ეს ხომ არაბუნებრივია?!

_ ქრისტიანობა მიტევებას ქადაგებს, მაგრამ როგორ მიუტევოს თუნდაც იმავე დედამ, რომელსაც ქვაბების მოპარვის გამო შვილი მოუკლეს?

_ ამიტომ მოსამართლე უნდა იყოს პატიოსანი და კეთილსინდისიერი, რადგან უფალი  განსაკუთრებულად მოსთხოვს პასუხს მოსამართლეს. ვინაიდან სწორედ მასზეა დამოკიდებული ადამიანთა სიცოცხლეც, სიკეთეც და სასჯელიც. ამიტომ, როცა მოსამართლე იქნება ღვთის მოშიში და მოყვარული, როდესაც ეჭვი არავის შეეპარება მის კეთილსინდისიერებაში, მის მიერ გამოტანილ განაჩენს მიიღებს საზოგადოება.

_ ციხის კადრების გავრცელების შემდეგ სასულიერო პირებიც გააკრიტიკეს, რომ მათ ყველაფერი იცოდნენ და არ ამხელდნენ. როგორ შეიძლებოდა მოქცეულიყო სასულიერო პირი იმ ვითარებაში?

_ სასულიერო პირების დადანაშაულება არასწორია. სასულიერო პირებს ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ ტელევიზიით გამოსულიყვნენ და ელაპარაკათ ამ ყველაფერზე? დავუშვათ, რომც  მოქცეულიყვნენ ასე, სასულიერო პირებს პოლიტიკაში ჩარევაში ისევ იგივე ადამიანები დაადანაშაულებდნენ, რომლებიც დღეს მათ უმოქმედობისთვის კიცხავენ. სიმართლეს იტყვი და საზოგადოების ნაწილი აუცილებლად დაგადანაშაულებს, რომ პოლიტიკაში ერევი, არ იტყვი და მეორე ნაწილი გაგკიცხავს, რატომ არის ჩუმადო.

  მეც მსმენოდა ციხეში მომხდარი ფაქტების შესახებ და ვიცოდი, რომ პატიმრებს სცემდნენ.

_ მეუფეო, თავად პატიმრები გიყვებოდნენ ამის შესახებ?

_ პატიმრებიც მიყვებოდნენ, როცა ციხეში შევდიოდი, მაგრამ, უპირველესად, პატიმრების მშობლები მეუბნებოდნენ და სხვათა შორის, ხშირად პატიმრების მშობლები მოდიოდნენ და მთხოვდნენ, დამერეკა ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქისთვის ან ვანო მერაბიშვილისთვის და მეთხოვა, რომ მათი შვილები არ ეცემათ.

  ჯერ ერთი, მე ვინ დამიჯერებდა? მეორეც, ამის უფლება არ მქონდა. ჩემი მხრიდან შინაგან საქმეთა მინისტრისთვის შენიშვნის მიცემა არასერიოზული იქნებოდა. თუმცა, სადაც საჭირო იყო, ყველაფერს ვამბობდი და იმიტომაც იყო გარკვეული უკმაყოფილება და მინიშნებები ჩემ მიმართ.

აღსარებაში თქმული საიდუმლო სულ სხვა რამაა, მისი გამხელის უფლება სასულიერო პირს არ აქვს. ამას გარდა, სასულიერო პირს არ ევალებოდა ციხეში მომხდარი ამბების გახმაურება, ეს ევალებოდა იმ საელჩოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წვრილმანი ფაქტებისა და ერთი ნათქვამი სიტყვის გამო ერთ ამბავს ტეხენ, იმ დროს, როდესაც ქვაბების მოპარვის გამო დაპატიმრებული ადამიანის ციხეში ცემით გარდაცვალება არავის გაუპროტესტებია.

_ მოხდა პირიქით, ევროპელმა და ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში მიმდინარე მაღალჩინოსნების დაპატიმრების გამო

_ ეჭვი გამიჩნდა, რომ ამ ადამიანებს აკმაყოფილებდათ ის მდგომარეობა, რომელიც იყო საქართველოს ციხეებში. დაახლოებით ნახევარი წლის წინ ქალბატონმა ირმა ინაშვილმა მაჩვენა ნაწამები პატიმრების ფოტოები, მითხრა, რომ ამ ფოტოებით დავდიოდი ევროპაში, იქაურ უფლებადამცველებს ვაჩვენებდი, ვუყვებოდი, როგორ იღუპებოდნენ საქართველოს ციხეებში ადამიანები და ყურადღება არავინ მოგვაქციაო. დასკვნა თავად გამოიტანეთ.

ასე რომ, ეს შენიშვნა სასულიერო პირების მიმართ მიუღებელია. სასულიერო პირებს ევალებათ საეკლესიო საქმეებს მიხედონ. სასულიერო პირმა შეიძლება საკუთარი აზრი გამოთქვას მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს და მინისტრებს არ უნდა ურეკოს შენიშვნებით.

 _ რამდენიმე ხნის წინ ტელეკომპანია «მაესტრომ» თქვენი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც თქვენ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების (მათ შორის, გიგი უგულავას) მიერ სინოდის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობთ. რატომ ემორჩილებოდა და არ აპროტესტებდა სინოდი ხელისუფლების ქმედებებს?

_ ეს, ალბათ, უფრო სხვისი სათქმელია. ჩემი გასაიდუმლოებული ჩანაწერის გადაცემა კი ძალიან უხერხული იყო. სხვათა შორის, ამის გამო, ჟურნალისტებმაც ბოდიში მომიხადეს. მთავარია, მსგავსი ფაქტები არც ერთი სასულიერო პირის მიმართ აღარ განმეორდეს. სასულიერო პირს აქვს მხილების უფლება, მაგრამ არა პოლიტიკაში ჩარევის.

_ იმიტომ არ საუბრობდით ღიად ამ ყველაფერზე? საზოგადოების ნაწილი ამბობდა, რომ თქვენ უფრო ადრეც და არა მარტო ფარულ ჩანაწერში უნდა გეთქვათ ეს ყველაფერი

_ როგორ უნდა მეთქვა, როცა, ტაძარში ჩემი მრევლის ნაწილი სააკაშვილის მომხრე იყო, ნაწილი კი ოპოზიციის… რა უნდა მექნა: დამეპირისპირებინა ერთმანეთისთვის? ნებისმიერ ასეთ კრიტიკას მრევლი საკუთარ, პირად შეურაცხყოფად იღებს. მათ გულწრფელად უყვართ სააკაშვილი. ჩვენთან, ბორჯომში, არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სააკაშილი დავით აღმაშენებელია და ასეთი პრეზიდენტი მსოფლიოს არ ჰყავს, ამიტომ ეკლესია და მოძღვარი ძალიან ფრთხილი უნდა იყოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ადამიანების სიყვარულით გაერთიანება და არა დაპირისპირება. ამიტომ ასეთი კითხვები, რასაც ჩვენ მიმართ სვამენ, არამართებულია. აშკარად ჩანს, რომ ერის ადამიანები საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, როდესაც უჭირთ, მაშინ მიმართავენ ეკლესიას, მაგრამ, როდესაც არ სჭირდებათ ეს მხილება, მაშინ განიკითხავენ ეკლესიას და გაიძახიან, რატომ ერევიან სასულიერო პირები პოლიტიკაშიო. ეს ქართველების დამახასიათებელი თვისებაა.

 _ მეუფეო, თქვენ აფხაზეთიდან ბრძანდებით, ახლა, როცა ხელისუფლება შეიცვალა, როგორ წარმოგიდგენიათ აფხაზეთის დაბრუნება?

_ ეს ცოტა რთული საკითხია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აფხაზებს ეშინიათ ჩვენი და დარწმუნებულები არიან, რომ ომით ვაპირებთ  აფხაზეთის დაბრუნებას. ახლა ყველაზე მთავარია, მათ ირწმუნონ, რომ ეს ასე არ არის. საამისო რესურსები ჯერჯერობით არ ჩანს. ალბათ, მართლა ღვთის სასწაული უნდა მოხდეს, რომ აფხაზეთი დავიბრუნოთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here