Home რუბრიკები პოლიტიკა ადეიშვილის კბილები, კბილაშვილი და ბაჩოსიმედი

ადეიშვილის კბილები, კბილაშვილი და ბაჩოსიმედი

820

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მყოფ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს გუშინ საღამოს დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვია. საქართველოს დედაქალაქ თბილისში ახალი მთავრობის კანცელარიას ასევე დაუპატიჟებელი ქალაქის ძველი მერი გიგი უგულავა ესტუმრა.  თუმცა იგი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე არ დაუშვეს და ამის შესახებ მესამე პირის მეშვეობით აცნობეს. ზურაბ ადეიშვილს პირი და ცხვირი „ოქრო ბიჭმა“ სერიოზულად დაუზარალა: რამდენიმე კბილი ჩაუმტვრია და ცხვირიც შეულამაზა“. ახლა სააკაშვილს საშუალება აქვს, ყოფილ იუსტიციის მინისტრს ყოფილი თავდასხმის მინისტრის მიერ ჩამტვრეული კბილები საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველოს“ ფარგლებში ჩაუსვას, თუმცა, სავარაუდოდ, ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც უკვე თითქმის ერთი თვეა, ვენაში ძვირადღირებული აპარტამენტი აქვს დაქირავებული, პრეზიდენტის ამ საჩუქრის მისაღებად თბილისში თავის ნებით არ ჩამოვა (თუ არ ჩამოიყვანეს).  ამასობაში კი ახალმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა სააკაშვილს კბილი ჩაასო და გამჭვირვალედ მიანიშნა: „გენერალური პროკურორი არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ყველას მიმართ შეუძლია ბრალის წაყენება, მათ შორისპრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი შეუძლია დააყენოს, მაგრამ არავის არ შეუძლია გენპროკურორის მიმართ საქმის აღძვრა, სანამ ის ამ პოზიციაზეა“.

კბილაშვილს არცერთი კბილი არ აკლია. ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ კონკრეტულ საქმეში გამოიკვეთა პრეზიდენტის ბრალეულობა, გაქვთ უფლება, მისი იმპიჩმენტის საკითხი დააყენოთ, ამისთვისაც მზად ხართ? კბილაშვილი პასუხობს:
 მერწმუნეთ, გამომძიებელი თუ დაინახავს, რომ კონკრეტული პირი პასუხისგებაში მისაცემია, ის აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში. თუ მივალთ იქამდე, რომ პრეზიდენტი არის ჩარეული რაიმე საქმეში, მე, მთავარი პროკურორი, მივმართავ პარლამენტს წინადადებით, დაიწყოს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცედურა. მოწმის სახით პრეზიდენტის დაკითხვაც შესაძლებელია.

ვიდრე პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცედურა გამოიკვეთება, ჟურნალისტები იმის გარკვევას ცდილობენ, თუ საიდან გახდა ცნობილი ოქრუაშვილისთვის ადეიშვილის ადგილსამყოფელი. ასევე უცნობია, კონკრეტულად რა საუბარი შედგა სააკაშვილის ყოფილ მინისტრებს შორის, ითხოვდა  თუ არა რამეს ოქრუაშვილი ადეიშვილისგან, თუ ეს მხოლოდ შურისძიებით იყო განპირობებული. ეს არც იქნებოდა გასაკვირი, რადგან 2007 წელს დაპატიმრებულ ირაკლი ოქრუაშვილს საკანში ზურაბ ადეიშვილი პირადად სტუმრობდა. ოქრუაშვილი რომ მოწმის სტატუსით დაკითხონ, ალბათ, ერთი კინოგმირივით, უპასუხებს: Такой личный неприязнь испытываю, прямо кушать не могу!

უცნობია, ჩაიკეტა თუ არა ადეიშვილი ტუალეტში, შეუმტვრია თუ არა კარი ოქრუაშვილმა სკამით და დააზიანა თუ არა ძვირად ღირებული ჭაღი, მაგრამ ჭამას კარგა ხანს რომ ვერ შეძლებს ადეიშვილი, ეს ცხადია. ისიც ნათელია, რომ მთავრობის კანცელარიაში დაუპატიჟებლად მისულ უგულავას სულ სხვა რამ აღელვებდა და არა თბილისელების გასაჭირი. ქალაქის მერმა ჟურნალისტებს ჩვეული უტიფრობით განუცხადა: „ასეთი რამ შევარდნაძის პერიოდშიც კი არ ხდებოდა. რას ვეუბნებით 60 ათას ტრანსპორტით მოსარგებლეს, ათასობით მრავალშვილიანს და 90 ათას დაზღვეულს. ეს შენობა მალე „ქაჯეთის ციხედ“ გადაიქცევა. თურმე პრემიერ-მინისტრი არავის მოსმენას არ აპირებს და ეს საკითხი მთავრობის სხდომის დღევანდელ დღის წესრიგში არც შედის“.

საკუთარი ცოლის კაპიტალური რემონტისთვის ასეულობით ათასი ლარის მოქალაქეთა ჯიბიდან გადამხდელ უგულავას უმწეო თბილისელები ახლაღა გაახსენდა. „ქაჯეთის ციხეც“ ახლა აღმოაჩინა, თუმცა ბოლო 9 წელი ყველა სახელმწიფო დაწესებულება რომ სწორედ „ქაჯეთის ციხე“ იყო, ეს მთელმა საქართველომ იცოდა. არა უშავს, აკი გითხარით, კბილაშვილს არცერთი კბილი არ აკლია და მალე უგულავასაც დაპატიჟებს!

პროგრამა „ღიმილიანი სქართველო“ უკვე მოქმედებს, ოღონდ ეს ღიმილი არა სააკაშვილის, არამედ ახალი მთავრობის დამსახურებაა; როგორც სოციალურ ქსელებში ამბობენ, ბაჩო ახალაიას დაპატიმრების შემდეგ მთელი საქართველო გაღიმებული და ბედნიერია. მის მხარდასაჭერად გამოცხადებულ აქციაზე კიმაიაკოვსკის ძეგლთან ერთადერთი მოქალაქე, ნინო აგლაძე მივიდა. იგი აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიას პერიოდში კრიმინალის ფაქტები შემცირდა და მას და მისი ოჯახის წევრებს ქუჩაში გამოსვლა არ ეშინოდათ. სხვა მოქალაქეებმა, რომლებსაც ასევე არ ეშინიათ ქუჩაში გამოსვლა, ნინო აგლაძეს მოუწოდეს, „შემოწმება ფსიქიატრთან გაიაროს“. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ფსიქიატრები აგლაძეს რაიმეს უშველიან, მაგრამ საბედნიეროდ, სტომატოლოგის მომსახურება მას არ დასჭირდება; ადეიშვილისგან განსხვავებით, „აგრესიულ“ (ასე უწოდა იქ მყოფებს აგლაძემ) მოქალაქეებს მისთვის კბილები არ ჩაუმტვრევიათ. რიგითი მოქალაქეებისგან განსხვავებით კი ქართულ პოლიტიკაში სტომატოლოგიური ვნებანი მძვინვერებს.

 

თამარ დავითულიანი

1 COMMENT

  1. ვანოს,მიშას,თუთბერიძეს,უგულავას,ხაჩიძეს,ახალაიას,ბოკერიას,შაშკინს, წიკლაურს, გთხოვ ამათაც ესტუმრე სათითაოდ.საღოლ ირაკლი,ამაში მაინც გამოდექი.

  2. რა სამწუხაროა, არადა რა ლამაზი ღიმილი ჰქონდა ბატონ ზურაბს. იქნებ ეხლა მაინც აამოქმედონ ცნობილი პროგრამა თორემ დაგვრჩა საზოგადო მოღვაწე (სახელმწიფო მოღვაწე ბაჩანა ახალაია ყოფილა წიკლაურის აზრით) ჰოლივუდის ღიმილის გარეშე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here