ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე მუხროვანის ე. წ. ამბოხის ფიგურანტის, კობა ოთანაძის, ადვოკატია. იგი “საქართველო და მსოფლიოს” ამ საქმეში არსებული ფალსიფიცირებული მტკიცებულებებისა და სხვა იურიდიული ნონსესების შესახებ ესაუბრა.
_ ბატონო ვახტანგ, მუხროვანის ე.წ. ამბოხის მონაწილეების სასამართლო პროცესებს ესწრებოდით, თქვენ იყავით პოლკოვნიკ კობა ოთანაძის ადვოკატი, თქვენი აზრით, ჰქონდა თუ არა ადგილი სახელმწიფო ამბოხს?
_ 2009 წლის 26 მაისს დედაქალაქში დაგეგმილი იყო სამხედრო აღლუმი. წინა, 2008 წლის აგვისტოს ომის სავალალო შედეგებს და მხედართმთავრის, მსუბუქად რომ ვთქვათ, შეუფერებელ საქციელს სამხედროები ძალიან განიცდიდნენ. მუხროვანში დისლოცირებულმა სატანკო და გაერთიანებული შტაბის რეინჯერთა ბატალიონმა უარი განაცხადა 26 მაისის სამხედრო აღლუმში მონაწილეობაზე. მათ პროტესტი გამოუცხადეს ხელისუფლებას. სასამართლო პროცესზე თითქმის ყველა ბრალდებულმა აჩვენა, რომ მათი მიზანი იყო არა ამბოხება, ხელისუფლების დამხობის მიზნით, არამედ ამ აღლუმში მონაწილეობაზე უარის თქმა, ანუ უმაღლესი მთავარსარდლისადმი პროტესტის გამოცხადება. მე ვახორციელებდი თადარიგში მყოფი პირის, პოლკოვნიკ კობა ოთანაძის ინტერესების დაცვას, რომელიც 2009 წლის 20 მაისს, სპეცოპერაციის ჩატარების დროს, სოფელ გლდანის ტერიტორიაზე მიკროავტობუსში ჩაცხრილული იქნა გია კრიალაშვილთან ერთად, თითქოსდა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. ჩემი ინფორმაციით, ოთანაძესა და კრიალაშვილს სპეცრაზმელებმა ავტომანქანიდან გადმოყვანის შემდეგ ესროლეს. ეს ინფორმაცია თავად ბრალდებულმა მომაწოდა.
_ რა იყო კრიალაშვილისა და ოთანაძისთვის სროლის ნამდვილი მიზეზი?
_ კობა ოთანაძე შეიარაღებულ ძალებში სარგებლობდა მაღალი ავტორიტეტით და იყო ერთ-ერთი მიღებული სახე. როგორც ჩანს, კრიალაშვილისა და ოთანაძის ჩაცხრილვა ხელისუფლების მაღალ ეშელონებში დაიგეგმა. გია კრიალაშვილი, ფაქტობრივად, ლიკვიდირებული იქნა, ის დახვრიტეს. კობა ოთანაძეც სასიკვდილოდ იყო გაწირული, მას სხეულზე მიყენებული ჰქონდა სიცოცხლისთვის საშიში 9 ჭრილობა გულ-მკერდის, მუცლისა და სხეულის სხვა ნაწილებში, მაგრამ მისმა ორგანიზმმა ამ ყველაფერს გაუძლო და ოთანაძე სასწაულებრივად გადარჩა. როგორ ვითარებაში მიიღო კობა ოთანაძემ ჭრილობები და როგორ დაიღუპა გია კრიალაშვილი სპეცოპერაციის დროს, ამის შესახებ კობა ოთანაძე ჩვენებას მისცემს სპეციალურ საგამომძიებო კომისიას, რომელიც, იმედია, შეიქმნება და მსჯავრდებულს უსაფრთხოების გარანტიას მისცემს. საზოგადოება უახლოეს პერიოდში შეიტყობს ოთანაძისაგან იმ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ამ სასტიკი სპეცოპერაციის ჩატარების სრულყოფილ სურათს, რაც რეალურად განხორციელდა.
_ რას იტყვით იმ ჩანაწერებზე, რომლებიც ხელისუფლებამ ამ პირების ბრალეულობის მტკიცებულებად წარმოადგინა?
_ ჩანაწერი, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა მტკიცებულებად, მოსახლეობის დასარწმუნებლად პიარაქცია იყო. სასამართლო პროცესზე ოთანაძე და სხვა ბრალდებულები კატეგორიულად აცხადებდნენ, რომ ჩანაწერში მათი ხმა არ არის. ადვოკატებმა მოვითხოვეთ, რომ აღნიშნულ ფირზე დანიშნულიყო ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც დაადგენდა, ეკუთვნოდა თუ არა ხმები ბრალდებულებს, მაგრამ შუამდგომლობა სასამართლომ, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე უარყო.
სასამართლო პროცესზე დაცვის მიერ დაყენებული იქნა მრავალი სხვა შუამდგომლობა. მე პირადად გავამახვილე ყურადღება კობა ოთანაძისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობის მიმართულებაზე, ანუ რა მდგომარეობაში იყო იგი ცეცხლსასროლი ჭრილობების მიღებისას _ იდგა, იწვა თუ დაჩოქილი იყო, მაგრამ ესეც არ დაკმაყოფილდა, რადგან ექსპერტიზა, სავარაუდოდ, დაადგენდა, რომ ცეცხლსასროლი ჭრილობები მას უკვე მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ მიაყენეს, რაც ყირაზე დააყენებდა ბრალდების ვერსიას შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შესახებ.
_ გინდათ თქვათ, რომ სპეცოპერაციის დროს დაკავებულების ლიკვიდაცია იყო ნაბრძანები?
_ ეს არის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია და ამას ადასტურებს საქმეში არსებული უამრავი არგუმენტიც, ამიტომ დამატებითი გამოძიებით საჭიროა სასამართლო ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც დაადგენს _ ოთანაძეს ჭრილობები მიაყენეს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას თუ უკვე მას შემდეგ, რაც ის დააკავეს და, სავარაუდოდ, დაჩოქილ ან დაწოლილ მდგომარეობაში იყო. სასამართლომ ამ ექსპერტიზაზე უარი იმ მოტივით გვითხრა, რომ თურმე მცხეთის რაიონულ პროკურატურაში უკვე მიმდინარეობდა გამოძიება _ გადაამეტა თუ არა სპეცნაზმა თავის უფლებამოსილებას ამ ოპერაციის ჩატარებისას, მაგრამ მცხეთის პროკურატურიდან ამ საქმის გამოძიების შედეგებზე დღემდე პასუხი არ მიგვიღია. ეს იმაზე მიანიშვებს, რომ საქმის უსასრულო გაგრძელებით სურთ, არასპეცოპერაციის, არამედ სისხლიანი ანგარიშსწორების ფაქტი დაფარონ. ამ საქმეს ჰყავს მოწმეებიც, რომლებიც შსს-ს მიერ ოპერაციის ჩატარებისას ფიქსირდებიან კადრში და ისმის ქალების კივილი. დღემდე ოთანაძე საჯარო განცხადებებისაგან თავს იკავებდა მარტივი მიზეზის გამო _ არ შექმნოდა საფრთხე მის ოჯახს, საზოგადოებას ამისთვის დამატებითი ახსნა-განმარტებები, ალბათ, არ სჭირდება.
_ თქვენი აზრით, რა მოტივი უნდა ჰქონოდა ხელისუფლებას, რომ ოთანაძისა და კრიალაშვილის ლიკვიდაციის ბრძანება გაეცა?
_ როგორც ჩანს, ეს პიროვნებები ხელისუფლებისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენდნენ, ვინაიდან ისინი ბევრ საიდუმლო ინფორმაციას ფლობდნენ, თავდაცვის სამინისტროში მუშაობდნენ რა მნიშვნელოვან თანამდებობებზე. ოთანაძე გამოძიებისას და სასამართლო პროცესში წარდგენილ ბრალდებებზე თავს დამნაშავედ არ ცნობდა, იგი დუმილის უფლებას იყენებდა. როდესაც მძიმედ დაჭრილი კობა ოთანაძე ჯერ კიდევ ციხის საავადმყოფოში იწვა, მისი ინფორმაციით, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანაყოფის შეიარაღებული პირები შევიდნენ სატელევიზიო კამერებით და აიძულებდნენ ოთანაძეს, მიეცა აღიარებითი ჩვენებები. ფაქტია, რომ კობა ოთანაძეს აქვს ინფორმაცია, რომლის გამოც ხელისუფლებას ჯერ მისი ლიკვიდაცია, მერე კი მისგან აღიარებითი ჩვენების მიღების გზით მისი ხანგრძლივი იზოლაცია უნდოდა, მაგრამ ეს ყველაფერი თავად ოთანაძემ უნდა უთხრას საგამოძიებო კომისიას და, როგორც მისი ადვოკატი, მე ამაზე მეტს ვერაფერს დავამატებ.
_ არსებობს ვერსია, რომ ოთანაძისთვის ცნობილი გახდა ქართველი მაღალჩინოსნების მონაწილეობაზე ერაყიდან ხელოვნების ნიმუშების საქართველოს გავლით ამერიკაში კონტრაბანდის თაობაზე…
_ ვადასტურებ, რომ პიკასოს ერთ-ერთ ცნობილ ნახატზეა საუბარი, რომელიც ერაყის პრეზიდენტის, ჰუსეინის, კოლექციის ნაწილია. საქართველოს გავლით ამერიკაში აღნიშნული ნახატის კონტრაბანდის გზით ამერიკაში გატანის მცდელობას ვერ დავადასტურებ. იყო ვერსია, თითქოს რაღაც მოლაპარაკებები კობა ოთანაძესა და იქაურ სამხედრო პირებს შორის მიმდინარეობდა, მაგრამ ამას რაიმე შედეგი არ მოჰქოლია. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ოთანაძე ერაყში ქართველ სამშვიდობო ძალებს ხელმძღვანელობდა. ამ ფაქტს საზოგადოებაში სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა, რაც, ჩემი აზრით, საფუძველს მოკლებულია… მე ვიცი, რომ პირთა ჯგუფს ამ ნახატის გადმოტანა უნდოდა საქართველოში, ამ მოლაპარაკებებში ჩართული ქართველი მაღალჩინოსნების ვინაობისა და მათი ინტერესების შესახებ ვერაფერს გეტყვით.
_ როგორ ფიქრობთ, მოხდება თუ არა მუხროვანის ე.წ. ამბოხის საქმის გადახედვა, თქვენი აზრით, ხელახალ ძიებაში უნდა დაბრუნდეს საქმე?
_ ადგილი ჰქონდა არა ამბოხს, არამედ საქართველოს შეიარაღებული ნაწილის პროტესტს, რაც გამოწვეული იყო სამხედროების შინაგანი პროტესტით დამარცხებული ჯარის მხედარმთავრის მიერ (რომლის საქციელიც სამხედრო მოქმედებებისას, მსუბუქად რომ ვთქვათ, შეუფერებელი იყო) აღლუმის ჩატარების გამო. ისინი თვლიდნენ, რომ დამარცხებული ჯარის სამხედრო აღლუმი იყო თითოეული მათგანის შეურაცხყოფა და იწვევდა მათ შინაგან პროტესტს. მიმაჩნია, რომ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო ახალ ხელისუფლებას, რომელსაც მოუწევს მთელი რიგი საქმეებისა და აბსურდული ბრალდებებით დაპატიმრებული პირების საქმეების გადახედვა, რომლებიც შეეხება დანაშაულის პროვოცირებას, ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ჩადებას და სხვ. ამ კუთხით ათასობით სისხლის სამართლის საქმე იქნება გადასახედი და შესასწავლი და ვფიქრობ, რომ ეს დროში საკმაოდ გაიწელება, რასაც პატიმართა ოჯახები მოთმინებით უნდა შეხვდნენ. იმედს ვიტოვებ, რომ სამართლიანობა აღდგება, მიუხედავად იმისა, ამას წლები დასჭირდება თუ არა.
დღევანდელ კანონმდებლობაში გვაქვს საოცარი საპროცესო ნორმები სასჯელთა შეკრების თაობაზე, რაც თავის თავზე იწვნიეს მუხროვანის პროტესტის მონაწილეებმა. თავად კობა ოთანაძეს ამ შეკრებითობის საფუძველზე 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ასეთი საკანონმდებლო ნორმების არსებობა ხელს უშლის ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების განხორციელებას, რაც, ჩემი აზრით, დაუყოვნებლივ გასაუქმებელია.
სისხლის სამართლის კოდექსში, კერძო ნაწილში პროკურატურამ და საგამოძიებო სამსახურებმა თავისებური იტერპრეტაცია მისცეს ზოგიერთ სამართლებრივ ნორმას და მუხლს. ავიღოთ თუნდაც მათ მიერ შემოტანილი ბრალდება “თაღლითობის მცდელობა”: როგორ შეიძლება პირს ბრალად დასდო თაღლითობა, თუ იგი არ არის დასრულებული და არ დამდგარა რაიმე შედეგი, არ მისდგომია ვინმეს რაიმე ზიანი და მხოლოდ ჩანაფიქრისთვის, რომელიც არ განხორციელებულა, შეიძლება ადამიანებს რამდენიმე ეპიზოდისთვის 25-30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ.
ძალისმიერი სტრუქტურები _ გამოძიება და პროკურატურა, ხელისუფლების უშუალო დაკვეთით არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, აცხადებდნენ პოროვნებებს დამნაშავეებად და ე. წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე ხდებოდა ხალხის დაპატიმრება და ქონების ჩამორთმევა.
ჩვენი საზოგადოების თვალწინ ასეთი ქმედებები არაერთხელ განხორიელებულა, რასაც ადვოკატთა მხრიდან არაერთი პროტესტი მოჰყვა. სწორედ ასეთი “გონივრული ეჭვის” საფუძველზე პროკურატურამ დააყადაღა “მაესტროს” სატელიტური ანტენები, რასაც რაიმე იურიდიული საფუძველი არ ჰქონდა. ახალ ხელისუფლებას რომ გაუჩნდეს ეს “გონივრული ეჭვი ახალი ძალისმიერი სტრუქტურების ჩამოყალიბების შემდეგ, დარწმუნებული ვარ დღევანდელი უმცირესობის დიდი ნაწილი ციხეში მოხვდება. ამდენად, მიმაჩნია, რომ “გონივრული ეჭვი” ამოღებული უნდა იქნას სამართლის სისტემიდან და საქმეში უნდა არსებობდეს უტყუარი მტკიცებულება დანაშაულის ჩადენის გამო, რაც შეიძლება გახდეს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
ესაუბრა ეთერ ბალაძე