Home რუბრიკები საზოგადოება სტატისტიკური შოკი

სტატისტიკური შოკი

1000

წერილი მეორე

1990-იანი წლების დასაწყისში, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისას, ფასების ლიბერალიზაცია ჰგავდა დახურული ჭურჭლიდან  სარქველის აგლეჯას შიდა წნევის მატების გამო. შედეგად, სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოს მოსახლეობა კეთილდღეობის საკმაოდ მაღალი დონიდან გადაიქცა საზოგადოებად, რომელშიც სიღარიბემ მასობრივი ხასიათი მიიღო. ინფლაციური პროცესები გეომეტრიული პროგრესიით ვითარდებოდა – თუ 1980-1989 წლებში საშუალო წლიური ინფლაცია 0.6 პროცენტი იყო, 1990 წელს საშუალო თვიურმა ინფლაციამ 1.7 პროცენტი შეადგინა, 1991 წელს – 4.9%, 1992 წ. – 21.3%, 1993 წ. – 34.6%, ხოლო 1994 წელს 56.3%. მთლიანად, 1995 წელს 1990 წელთან შედარებით ფასები საქართველოში 356.9 ათასჯერ გაიზარდა, მაშინ, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 4-ჯერ შემცირდა.

მომდევნო პერიოდში ინფლაცია თანდათანობით კლებადი ტენდენციით ხასიათდება, თუმცა, 12-თვიანი პერიოდის მიხედვით, ყოველი მეხუთე თვე ორნიშნა ინფლაციური, ხოლო ყოველი მესამე თვე წინა თვესთან დეფლაციური იყო.

ბოლო წლებში საშუალო წლიური ინფლაცია 6.42 პროცენტი იყო, მათ შორის, სასურსათო საქონელზე – 8.3 პროცენტი, ხოლო დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე – 4.5 პროცენტი, ანუ სასურსათო საქონელზე ფასები ბოლო წლებში 1.8-ჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა დანარჩენი სამომხმარებლო დოვლათის ფასებთან შედარებით. ბოლო 11 წლის მანძილზე (2001-2011 ..) სურსათზე ფასების მატებაზე მოდიოდა ინფლაციის 4/5-ზე მეტი (82%). აღნიშნული გარემოება განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს ფიქსირებულდა დაბალშემოსავლიანი ოჯახების კეთილდღეობაზე, რომელთა ფულადი სახსრების დიდი ნაწილი, პირველ რიგში, სურსათზე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მიემართება. იმის გათვალისწინებით კი, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა ცალკეული კომუნალური მომსახურების ტარიფებიც, აღნიშნული კატეგორიის შინამეურნეობების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

ინფლაცია და ლარის მსყიდველობითი უნარიანობა

ინფლაცია უშუალო კავშირშია ეროვნული ვალუტის – ლარის მსყიდველობითუნარიანობასთან. ეს უკანასკნელი წარმოადგენს იმ საქონლის რაოდენობას, რომლის შეძენაც შესაძლებელია მოცემული ფულადი ერთეულით. ინფლაცია და ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა ერთმანეთთან უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ლარის მსყიდველობითი უნარიანობა მისი შემოღების დღიდან (1995 წ.)  2011 წლის ბოლოსათვის თითქმის 4-ჯერ შემცირდა, ხოლო 2000 წელთან შედარებით – 2-ჯერ და მეტად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოში ლარის მსყიდველობითი უნარიანობა მისი შემოღებიდან განვლილი 16 წლის მანძილზე ოთხჯერ შემცირდა (შედარებისათვის: აშშ-ში აშშ დოლარის მსყიდველობითი უნარიანობის 4-ჯერად შემცირებას 41 წელი «დასჭირდა» (1976–2011 წ.წ.), ხოლო 2011 წლისთვის 1995 წელთან შედარებით აშშ-ში დოლარის მსყიდველობითი უნარიანობა შემცირდა მხოლოდ 30.1 პროცენტით).

ინფლაცია სამომხმარებლო საქონლის არათანაბარი ზრდის პირობებში ყალიბდებოდა. 2000 წელთან შედარებით ფასები გაიზარდა საქონლის ხორცზე თითქმის 3-ჯერ, პურსა და კარტოფილზე – დაახლოებით 2–2-ჯერ, ბრინჯზე – დაახლოებით 1.2-ჯერ. შესაბამისად, ლარის მსყიდველობითი უნარიანობა თითოეული მათგანის მიმართ სხვადასხვანაირად დაეცა: 2011 წელს ლარის მსყიდველობითი უნარიანობა 2000 წელთან შედარებით შეადგენდა: საქონლის ხორცზე – 33.9 პროცენტს, პურზე – 47.6 პროცენტს, შაქარზე – 50 პროცენტს, კარაქზე – 70.6 პროცენტს, ბრინჯზე – 87.6 პროცენტს…

საქართველოში ლარის მასა მისი შემოღებიდან (1995 წ. ოქტომბერი) 2012 წლის დასაწყისისათვის 18.5-ჯერაა გაზრდილი, თუმცა ლარის მსყიდველობითი უნარიანობის ზემოხსენებული დაცემის გამო აღნიშნული მასის რეალური მსყიდველობითი უნარიანობა მხოლოდ 4.7-ჯერაა მომატებული.

2000 წელთან შედარებით მიმოქცევაში ფულის მასა 5.2-ჯერ გაიზარდა, ფულის აღნიშნული მასის მსყიდველობითი უნარიანობა კი – მხოლოდ  2.5-ჯერ.

რეალურ განზომილებაში მიმოქცევაში ფულის მასის ზრდა დაახლოებით 3/5-ით უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, ხოლო 2/5-ით – ფულის ბრუნვის სიჩქარის შემცირებას.

ერთი ლიტრი საწვავის ფასი საქართველოში 2011 წელს 2000 წელთან შედარებით თითქმის 2.1-ჯერ გაიზარდა.  ამჟამად ბენზინით მსუბუქი ავტომობილის 60-ლიტრიანი ავზის გავსებას  2000 წელთან შედარებით 65.4 ლარით მეტი თანხა  სჭირდება. ამასთან, მიუხედავად საწვავის ფასების ზრდისა, საშუალო ხელფასით ბენზინის ყიდვის შესაძლებლობა განვლილ პერიოდში 4.6-ჯერ გაიზარდა – 2011 წლის ბოლოს საშუალო ხელფასით შესაძლებელი იყო «რეგულარის» მარკის 366 ლიტრი ბენზინის შეძენა, ნაცვლად 2000 წლის 80 ლიტრისა.

საქართველოში ერთი საშუალო (70 მ2) ბინის შესაძენად საჭიროა 11.6 წლის ნომინალური ხელფასის ეკვივალენტი თანხა. ეს თითქმის 1.5-ჯერ ნაკლებია 2006 წლის მაჩვენებელთან შედარებით (17.2 წელი), თუმცა, მაინც საგრძნობლად აღემატება ამ მხრივ მოწინავე ქვეყნების მაჩვენებლებს. მაგალითად, აშშ-ში იმავე ფართის ერთი ბინის შესაძენად საჭიროა 2.7 წლის საშუალო ხელფასი (2006 წ. – 3.4 წლის ხელფასი), ჩილეში – 4.1 წლის, ხოლო შვეციასა და ბელგიაში – 4.3 წლის ხელფასი.

საშუალო ხელფასისა და ფულადი სახსრების მსყიდველობითი უნარიანობა

ინფლაციური პროცესებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მოსახლეობის მიმდინარე შემოსავლები, პირველ რიგში, ხელფასი.

საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 2011 წლის ბოლოს 761 ლარი შეადგინა, რაც 11 წლის წინანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის 10-ჯერ აღემატება. ამასთან, ინფლაციის გამო ხელფასის მსყიდველობითი უნარიანობა აღნიშნულ პერიოდში მხოლოდ 4.7-ჯერ გაიზარდა.

მოსახლეობის მთლიანი ფულადი სახსრები 2011 წელს 2000 წელთან შედარებით 4.3-ჯერ გაიზარდა _ 1.8 მლრდ ლარიდან 7.8 მლრდ. ლარამდე. მოსახლეობის ფულადი სახსრების ზრდა საგრძნობლად ჩამორჩება საშუალო ხელფასის ზრდას _ რეალურ განზომილებაში, ინფლაციის გათვალისწინებით, 11 წლის მანძილზე მოსახლეობის ფულადი სახსრები მხოლოდ 2.1-ჯერ გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის ფულადი სახსრების ზრდის საშუალო წლიური ტემპი  ხელფასის ზრდის საშუალო ტემპს დაახლოებით 1.6-ჯერ ჩამორჩებოდა (შესაბამისად, 14.3% და 22.9%).

ფიზიკური პირების დეპოზიტებისა და ფულადი ტრანზაქციების მსყიდველობითი უნარიანობა

საქართველოს საბანკო სისტემაში ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობამ 2012 წლის დასაწყისისათვის 3.2 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც 10 წლის წინანდელ დონზე 17.7-ჯერ მეტია. ფიზიკურ პირთა დეპოზიტების თანაფარდობა მშპ-სთან 13.4 პროცენტია.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად საქართველოში გამოცხადებულია ქართული ლარი, სხვა ქვეყნების ვალუტა აქტიურად გამოიყენება არა მარტო შიდა ბაზრის ფასების ფორმირებასა და მასშტაბების დადგენაში, არამედ ანგარიშსწორებაშიც. საქართველოს საბანკო სისტემაში დოლარიზაციის დონე საკმაოდ მაღალია: ფიზიკური პირების დეპოზიტების 80.3 პროცენტი, აგრეთვე, ბანკების მიერ გაცემული სესხების 68 პროცენტი, უცხოურ ვალუტაში (ძირითადად, აშშ დოლარებში) ხორციელდება.

საქართველოში 1990-იანი წლების პირველი ნახევრიდან ახალი სოციალურ-ეკონომიკური ჟღერადობა შეიძინა ტერმინმა შრომითი მიგრაცია _ საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე ეკონომიკური პირობების გამო იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და შემოსავლის წყარო უცხოეთში ეძებნა. აღნიშნული კონტინგენტის მოსახლეობის საქართველოდან გასვლის მასშტაბი ჯერაც საგრძნობლად სჭარბობს საქართველოში ჩამოსულთა (დაბრუნებულთა) მასშტაბს. აღნიშნული გარემოება განაპირობებს საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების ყველაზე სწრაფ ზრდას ჩვენი ქვეყნის  ეკონომიკურ ინდიკატორთა შორის _ 2003 წელთან შედარებით 2011 წელს ასეთი გზავნილების მოცულობა 6.5-ჯერ გაიზარდა _ 196.6 მლნ. აშშ დოლარიდან 1268.1 მლნ. დოლარამდე. ეს 2.2-2.2-ჯერ აღემატება იმავე პერიოდში ქვეყნის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ხოლო 1.2-1.2-ჯერ _ საშუალო ნომინალური ხელფასისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობის ზრდას.

ინფლაციის პარალელურად მოხდა (განსაკუთრებით 2003 წლის შემდეგ) ეროვნული ვალუტის გამყარება აშშ დოლარის მიმართ (2011 წელს 2000 წელთან ლარი დოლართან გამყარდა 14.6 პროცენტით, ხოლო 2003 წელთან შედარებით _ 21.4 პროცენტით). შედეგად, თუ ნომინალურად 2000 წელთან შედარებით 2011 წლისთვის ფულადი ტრანზაქციები საქართველოში აშშ დოლარებში გაიზარდა 20.0-ჯერ, ლარებში დენომინირებული იგივე რესურსები გაიზარდა მხოლოდ 17.1-ჯერ, ხოლო ინფლაციის გათვალისწინებით, რეალურადმხოლოდ 8.3-ჯერ. ეს ნიშნავს, რომ ფულადი ტრანზაქციების ერთეულის (აშშ დოლარისმსყიდველობითი უნარიანობა საქართველოში 2011 წლისთვის თითქმის 2.4-ჯერ შემცირდა   და 2000 წლის დონის მხოლოდ 40.7 პროცენტი შეადგინა.

აშშ დოლარზე საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე ზემოხსენებულმა «ორმაგმა პრესინგმა» ის შედეგი გამოიღო, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის საშუალო წლიური ტემპი საქართველოში 2.7-ჯერ უფრო მაღალია აშშ-სთან შედარებით (შესაბამისად, 6.8% და 2.5%), ხოლო ლარის მსყიდველობითი უნარიანობის დაკარგვის ტენდენცია საქართველოში  2.2-ჯერ უსწრებდა დოლარის ანალოგიურ პროცესს აშშ-ში, ლარის ოფიციალური კურსის გამყარების წყალობით, საქართველოში აშშ დოლარის გაუფასურების (მსყიდველობითი უნარიანობის დაკარგვის) პროცესმა გადაუსწრო ლარის გაუფასურების პროცესს _ 2011 წლისთვის საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე 2000 წელთან შედარებით ლარი გაუფასურებული იყო 51.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო აშშ დოლარი 8 პროცენტული პუნქტით უფრო მეტად _ 59.3 პროცენტული პუნქტით.

აშშ დოლარის საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე მსყიდველობითი უნარიანობის დაცემის საგრძნობი ინდიკატორია, აგრეთვე,  ფასების საშუალო დონის დაახლოება მსოფლიო დონესთან – საქართველოს ჩამორჩენა აშშ-სთან აღნიშნული ინდიკატორით შემცირდა 2000 წლის 70 პროცენტული პუნქტიდან 2011 წლის 43 პროცენტამდე. ცალკეული საქონლის მიხედვით ფასების თანაფარდობა კიდევ უფრო მეტია. მაგალითად, ბენზინის ფასი საქართველოში, 1,5-ჯერ უფრო მაღალია აშშ-ს დონესთან შედარებით, «სამაგიეროდ”, ბუნებრივი გაზის ტარიფი საქართველოში დაახლოებით 3-ჯერ უფრო ნაკლებია ევროკავშირთან შედარებით, საშუალო ხელფასით ამ საქონლის 1,5-ჯერ ნაკლები მსყიდველობითი უნარიანობის პირობებში.

პენსიონერთა ფულადი რესურსების ინფლაცია და მსყიდველობითი უნარიანობა

პენსიონერებისათვის, როგორც შემოსავლებით მოსახლეობის ყველაზე მარგინალური, დაბალშემოსავლიანი კატეგორიისათვის, ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი, ხოლო შემოსავლების მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი გაცილებით დაბალია შესაბამის საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით. შედეგად, თუ საშუალო პენსია 2011 წელს 2000 წელთან შედარებით 7.1-ჯერ გაიზარდა, რეალურად, მსყიდველობითი უნარიანობის გათვალისწინებით, პენსია მხოლოდ 218 პროცენტითაა (დაახლოებით 3.2-ჯერ) გაზრდილი, რის გამოც 2011 წლის პენსია თავისი მსყიდველობითი უნარიანობით 2000 წლის 44.5 ლარის ეკვივალენტურია. ფასები პენსიონერთათვის 2000 წლის შემდეგ გაიზარდა 123.6 პროცენტით, მაშინ როდესაც დანარჩენი კატეგორიის მოსახლეობისათვის – მხოლოდ 91.9 პროცენტით. შესაბამისად, პენსიონერებისათვის ინფლაცია უფრო მაღალი ნიშნულით, ხოლო მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი _ გაცილებით სწრაფად კლებადი იყო დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით – 2011 წლის ბოლოსათვის 2000 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პენსიონერთა ფულადი მასის ერთეულის მსყიდველობითი უნარიანობა დანარჩენი კატეგორიის მოსახლეობის ფულადი მასის ერთეულთან შედარებით თითქმის 6  პროცენტული პუნქტით უფრო მეტად იყო დაცემული (შესაბამისად,  44.7% და 50.5%).

აშშ-ისაგან განსხვავებით, სადაც მოხუც მოსახლეობაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რაოდენობა 1.7-ჯერ ნაკლებია სიღარიბის საერთო ეროვნულ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში სიღარიბის დონე 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში საშუალო ეროვნულ დონეზე თითქმის 2-ჯერ უფრო  მაღალია (იხ. დანართი #1).

საქართველოთურქეთი: ეკონომიკური პოტენციალი და ურთიერთობები

თურქეთი ჩვენი ქვეყნის დიდი სამხრეთელი მეზობელია. იგი საქართველოს აღემატება: ტერიტორიით – 11.4-ჯერ, მოსახლეობით – 16.5-ჯერ, მათ შორის, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობით – 14.7-ჯერ, ეკონომიკური პოტენციალით კი (ქვეყანაში წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტით) – 44.3-ჯერ.

თურქეთს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მონაცემებით,  მსოფლიოში მე-17 ადგილი უკავია მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების მიხედვით (შედარებისათვის, იმავე წყაროს მიხედვით, აღნიშნული ინდიკატორით საქართველო 120-ე ადგილზეა). აბსოლუტური მასშტაბებით, თურქეთზე მოდის მსოფლიო ეკონომიკის 1.33 პროცენტი და მისი მოცულობა თითქმის 8-ჯერ აღემატება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ერთობლივ მთლიან შიდა პროდუქტს. წარმოების ამჟამინდელი მასშტაბებით, თურქეთის ეკონომიკას სჭირდება დაახლოებით 1.7-ჯერადი ზრდა იმისათვის, რომ მოხვდეს მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ათეულში, როგორც ესა აქვს  დასახული 2023 წლისათვის – თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისათვის.

თურქეთი, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შედგენილი რეიტინგით, ეკონომიკური განვითარების დონით მსოფლიოში 67-ე ადგილზეა, საქართველო კი – მხოლოდ 111-ზე.

მოსახლეობა

განვლილ წლებში თურქეთის მოსახლეობის ზრდის საშუალო წლიური ტემპი 0.8 პროცენტი იყო, რის შედეგადაც მისმა მოსახლეობამ 2011 წლისთვის 72.153 მლნ. კაცს მიაღწია. ეს 2000 წელთან შედარებით თითქმის 6.0 მილიონით (9.0%-ით) მეტია. მოსახლეობის რიცხოვნობით თურქეთი მსოფლიოში მე-18, ხოლო საქართველო _ 121-ე ადგილზეა. თურქეთზე მოდის მსოფლიო მოსახლეობის 1.07%, საქართველოზე კი – 0.064%. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ-ზე შეადგენს: თურქეთში – 92.4 კაცს, საქართველოში – 64.1 კაცს.

თურქეთისაგან განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა ბოლო ათწლეულში თითქმის არ შეცვლილა (2011 წელს 2000 წელთან შედარებით მოსახლეობამ, ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 0.8 პროცენტით მოიმატა). დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 4.498 მლნ. კაცია. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის თანაფარდობა თურქეთის მოსახლეობასთან შეადგენს 6.2 პროცენტს. 2000 წელთან შედარებით აღნიშნული თანაფარდობა შემცირდა 0.5 პროცენტული პუნქტით (2000 წ. – 6.7%).

მოსახლეობის მედიანური ასაკი საქართველოში თურქეთისაზე 9.3 წლით უფრო მაღალია, რაც ჩვენს ქვეყანას მრავალი ინდიკატორით სოციალურ-ეკონომიკური რისკებისადმი უფრო მეტად მოწყვლადს ხდის.

საქართველოში თურქეთთან შედარებით მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაში 1.7-ჯერ დაბალია 15 წლამდე ასაკის ბავშვების წილი  (შესაბამისად, 16.1% და 27.2%) და 2.7-ჯერ მაღალი – 65 და მეტი წლის მოსახლეობის წილი (16.4% და 6.1%).

ამჟამად, ხანდაზმული მოსახლეობის ერთსა და იმავე რაოდენობაზე თურქეთთან შედარებით საქართველოში 4.5-ჯერ ნაკლები ბავშვია.

პროგნოზებით, 2050 წლისთვის მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაში 60 წელს გადაცილებულთა რაოდენობა საქართველოში იქნება 35.8 პროცენტი, ხოლო თურქეთში – 23.0 პროცენტი.

ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა

ოცდამეერთე საუკუნის პირველ ათწლეულში (2001-2011 წ.წ.)  საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 1.5-ჯერ უფრო მაღალი იყო თურქეთთან შედარებით. შედეგად, 2011 წლისთვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2000 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა, თურქეთისა კი დაახლოებით 1.6-ჯერ გაიზარდა.

აღნიშნული ზრდის შედეგად საქართველოს ეკონომიკის (მშპ) თანაფარდობა თურქეთთან გაიზარდა 2000 წლის 1.14 პროცენტიდან 2011 წლის 1.81 პროცენტამდე (მიმდინარე ფასებით).

მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მშპ საქართველოში შეადგენს თურქეთის ანალოგიური მაჩვენებლის 29.3 პროცენტს _ მიმდინარე ფასებით და 37.2 პროცენტს _ ვალუტების მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით. საქართველოს ჩამორჩენა თურქეთთან 2001-2011 წლებში აღნიშნული ინდიკატორებით შემცირდა, შესაბამისად, 12-12 პროცენტული პუნქტით.

დასაქმება და შრომის მწარმოებლურობა. უმუშევრობის დონე

დემოგრაფიული ფაქტორი უშუალო გავლენას ახდენს შრომითი რესურსების საერთო რაოდენობასა და დასაქმებულთა რიცხოვნობაზე. თუ საქართველოში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2011 წელს 2000 წელთან შედარებით შემცირდა 10.3 პროცენტით, თურქეთში, პირიქით, იგი 15.1 პროცენტით გაიზარდა. ბოლო 11 წლის მანძილზე თურქეთის ეროვნულ მეურნეობაში მარტო დამატებით დასაქმებულთა რაოდენობა 1.4-ჯერ აღემატება დღეისათვის საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში  დასაქმებულთა მთლიან რაოდენობას.

შრომისმწარმოებლურობა 2011 წელს, ეროვნულ მეურნეობაში ყოველ დასაქმებულზე საშუალოდ შეადგენს და 8.5 ათას აშშ დოლარს საქართველოში და 30.9 ათას დოლარს – თურქეთში. მიუხედავად იმისა, რომ 2000 წელთან შედარებით საქართველოს აღნიშნული მაჩვენებლის თანაფარდობა თურქეთის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2-ჯერ და მეტად გაიზარდა (27.6%, ნაცვლად 13.3%), მისი დონე სამხრეთელი მეზობლისას მაინც ჯერ კიდევ 3.6-ჯერ ჩამორჩება.

2000 წლის შემდეგდროინდელი პერიოდი ორივე ქვეყანაში ხასიათდებოდა უმუშევრობის დონის ზრდით _ თურქეთში უმუშევართა რიცხვი 2000 წლის 1497 ათასიდან 2011 წლისთვის 3044 ათასამდე, ანუ 2.0-ჯერ და მეტად გაიზარდა.

უმუშევართა რაოდენობა თურქეთში თითქმის 1.9-ჯერ აღემატება დასაქმებულთა რაოდენობას საქართველოში. უმუშევრობის დონემ თურქეთში 2011 წლისთვის 10.5 პროცენტი შეადგინა, რაც 2000 წლის დონეზე 1.6-ჯერ მეტია.

იმავე პროპორციით (1.6-ჯერ) გაიზარდა უმუშევრობის დონეც საქართველოში და 2011 წლისთვის 16.2 პროცენტს მიაღწია. ამასთან, მისი დონე საქართველოში სულ ცოტა, 1.5-ჯერ აღემატება თურქეთის დონეს.

უმუშევრობის პიკმა თურქეთში 2009 წელს მიაღწია (14.0%),  რის შემდეგაც იგი ყოველწლიურად 2.0–2.0 პროცენტული პუნქტით მცირდება. საქართველოში უმუშევრობის შემცირების დინამიკა თურქეთთან შედარებით ჯერადად დაბალია.

იოსებ არჩვაძე

დასასრული

შემდეგ ნომერში

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here