Home რუბრიკები პოლიტიკა უშანგი დონჯაშვილი: «მიშა, წადი!» _ ეს უაზრობაა! უნდა მოვთხოვოთ კონკრეტულად: «მიშა,...

უშანგი დონჯაშვილი: «მიშა, წადი!» _ ეს უაზრობაა! უნდა მოვთხოვოთ კონკრეტულად: «მიშა, დაგვიბრუნე ფული!»

1037

1992 წლის ივნის-ივლისში საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული «ფინანსური ოპერაცია» ოქროს ასოებით ჩაიწერა მსოფლიო თაღლითობის «ანალებში». შეგახსენებთ, რომ იმ ავადსახსენებელ დროს, კერძოდ, 1992 წლის ივლისამდე, სახელმწიფო შემნახველ ბანკებში ირიცხებოდა მეანაბრეთა დანაზოგი 12 მილიარდ 156 მილიონი მანეთის ოდენობით. ამავე წლის ივნისის ბოლოს ხელისუფლებამ, კონკრეტულად საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ მასმედიის საშუალებით მოსახლეობას მოუწოდა, შეეტანათ სახელმწიფო შემნახველ ბანკებში ანაბრების სახით დაზოგილი თანხები და სანაცვლოდ მის გაორმაგებას შეჰპირდა. ხალხმა ირწმუნა «დიდი პოლიტიკოსის» მოწოდება. უმრავლესობამ გაყიდა არსებული განძეულობა, ზოგმა კი საცხოვრებელი ბინებიც მიაყოლა თანხის გაორმაგების იმედით და ერთ თვეში შემნახველ ბანკებში შევიდა რვა მილიარდამდე მანეთი, რის შედეგადაც, 1993 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 4 446 877 ანაბარზე დაირიცხა 20 მილიარდ 018 მილიონი მანეთი. მსგავსი აფერით მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს შეატანინეს მნიშვნელოვანი თანხები კერძო-კომერციულ ბანკებშიც… ვესაუბრებით საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, პროფესორს, დამსახურებულ იურისტს, «მეანაბრეთა ლიგის» თავმჯდომარეს _ უშანგი დონჯაშვილს, რომელიც 1996 წლიდან უანგაროდ იცავს 2,5 მილიონი მეანაბრის უფლებებსა და ინტერესებს.

_ ბატონო უშანგი, მკითხველს, უთუოდ, დააინტერესებს პირადად თქვენი მოტყუების ამბავი…

_ სამწუხაროდ, შევარდნაძის ხელისუფლების აფერის ანკესზე მეც წამოვეგე. დედაჩემს წინაპრებისგან დატოვებული ჰქონდა ბაჯაღლო ოქროს ნახევარმეტრიან ჯაჭვი, რომელიც ასი ათას მანეთად გავაყიდინე და 1992 წლის 27 ივლისს ეს თანხა მთლიანად შევიტანე შემნახველ სალაროში მისი გაორმაგების იმედით… დედაჩემმა, როგორც კი შეიტყო, რომ ხელისუფლებისგან მოტყუებულნი დავრჩით, ინერვიულა და ამ დარდს გადაჰყვა კიდეც.

ჩვენი საჩივრების საფუძველზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ 1997 წლის 8 დეკემბერს გამოსცა #716 ბრძანებულება მეანაბრეთა თანხების ინდექსაციისა და გაცემის წესის შესახებ, რის საფუძველზე, მეანაბრეს პირველ 1000 მანეთზე მიეცემოდა ახალი ვალუტით 100 ლარი, ხოლო შემდგომზე _ 10-10 ლარი. ეს აშკარად ანტიკონსტიტუციური იყო და ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ამ თანხების ინდექსაცია მომხდარიყო კურსიდან კურსზე სამართლიანი გადაანგარიშებით. საქმე იმაშია, რომ მეანაბრეთა თანხები ხელისუფლებამ გამოიყენა იმ კურსის მიხედვით, რაც თანხების შეტანის დროს არსებობდა და თანახმად სამოქალაქო კოდექსის 389 და 874 მუხლებისა, ხელისუფლება ვალდებული იყო ასეთივე წესით მოეხდინა გადაანგარიშება და დაეწყო გაორმაგებუყლი თანხების გაცემა. 1998 წლის 5 მარტს შევიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ამაოდ…

_ ბატონო უშანგი, როგორც ვიცი, თქვენ ევროპის სასამართლოსაც მიმართეთ.

_ დიახ, 1999 წლის 14 დეკემბერს საჩივარი შევიტანე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოში. დავის საგანი იყო პრეზიდენტის #716 ბრძანებულების გაუქმება და მეანაბრეთა თანხების გაცემის ახალი წესების შემოღება. ჩემი საჩივარი და წარმოდგენილი მასალები ევროპის სასამართლომ ჩათვალა პირველხარისხოვნად და ამზადებდა საქმეს სასამართლოში არსებითად განსახილველად. ამ ინსტანციის ზეწოლით, პრეზიდენტმა შევარდნაძემ 2001 წლის 2 ივლისის #258 ბრძანებულებით თავად გააუქმა წინა _ #716 ბრძანებულება და შექმნა სამთავრობო კომისია სახელმწიფო მინისტრის, გიორგი არსენიშვილის, ხელმძღვანელობით. ამ კომისიას შევარდნაძემ დაავალა, ორი თვის განმავლობაში შეემუშავებინა მეანაბრეთა თანხების გაცემის ახალი წესი. მის შემადგენლობაში შევიდა 15 მინისტრი, მათ შორის, იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილიც. ჩემი კატეგორიული მოთხოვნით, მეც შემიყვანეს ამ კომისიაში. იმის გამო, რომ ჩემი სასარჩელო მოთხოვნა უკვე შესრულდა, ევროპის სასამართლოს სასარჩელო წარმოება შევაწყვეტინე.

_ მერე, რა შედეგით დამთავრდა სამთავრობო კომისიის მუშაობა?

_ ბატონი არსენიშვილი საზღვარგარეთ ელჩად გაგზავნეს. ის შეცვალა ახალმა სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ. ამ უკანასკნელმა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება დაავალა თავის მოადგილეს _ გიორგი ისაკაძეს. საბოლოოდ, ორი წლის განმავლობაში ამ კომისიას არაფერი გაუკეთებია. მიუხედავად ჩემი არაერთი შეხსენებისა, კომისიამ ისე დაასრულა თავისი მოღვაწეობა, რომ არც ერთი სხდომა არ ჩაუტარებია…

_ კომისიის «უდროო გარდაცვალების» შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

_ დავრწმუნდი, რომ ასეთი ხელისუფლების პირობებში მარტო მე მიზანს ვერ მივაღწევდი. ამიტომ, გადავწყვიტე კენჭი მეყარა პარლამენტის დეპუტატობაზე და იქიდან გამეგრძელებინა ბრძოლა. 2001 წლის აგვისტოში ვაკის #2 საარჩევნო ოლქში გავტარდი პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად. ორი ათასი მხარდამჭერის უწყისები მზად მქონდა და ვიწყებდი საარჩევნო კამპანიას, რომ ჩემთვის ცნობილი გახდა იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის, სააკაშვილის, თანამდებობიდან გადადგომისა და ჩვენს საარჩევნო ოლქში რეგისტრაციაში  გატარების ამბავი. მაგ დროს მირეკავს ჩემი ძველი მეგობარი გივი ალასანია _ მიხეილის ბაბუა და მეუბნება: უშანგი, ხომ იცი, რომ მიშა აიძულეს, წასულიყო სამინისტროდანო. ბიჭის გაფუჭება უნდათო. მიშა არის განათლებული, ობიექტური, სამართლიანი, შემტევი პიროვნებაო და მისი ხელისუფლებაში დაბრუნება ხელს შეუწყობს მოტყუებულ მეანაბრეთა ფულის დაბრუნებასო, მითუმეტეს მეც მათ სიაში ვარო. ამასთან ერთად, პერსპექტიული პოლიტიკოსიცააო და ჩვენ, ბებრებმა, მხარში უნდა ამოვუდგეთო. სააკაშვილს მხარშიც ამოვუდექი და მზადყოფნა გამოვთქვი, საარჩევნო კამპანიის დროს მისი ნდობით აღჭურვილი პირი ვყოფილიყავი… ესეც არ ვიკმარე და ყველა მეანაბრე-ამომრჩეველს მოვუწოდე, ხმა მიეცათ სააკაშვილისთვის. ეჰ, რომ მცოდნოდა, რა მატყუარასთან მქონდა საქმე…

_ თუ არ ვცდები, სააკაშვილმა მეანაბრეთა მხარდაჭერა კარგად გამოიყენა საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. ხომ ასეა?

_ დიახ! მეანაბრეთა მხრიდან მასობრივ მხარდაჭერას იმანაც შეუწყო ხელი, რომ საქართველოს ქალაქებსა და დაბებში მეანაბრეთა ვალების გასტუმრების შეპირების ათასობით პლაკატი იყო გამოქვეყნებული, რომლებზეც გამოსახული იყო საბჭოური შემნახველი სალაროს წიგნაკი, ციფრი «5» და წარწერა: «სააკაშვილი, «ნაციონალური მოძრაობა», დავიბრუნოთ ჩვენი ანაბრები».

ჩვენს ქვეყანაში 2,5 მილიონი მეანაბრე იყო, აქედან თითქმის მილიონი თბილისში ცხოვრობს. აბსოლუტური უმრავლესობა ამომრჩეველია და ამგვარი გამამხნევებელი და იმედისმომცემი პლაკატებისა და ბუკლეტების გავრცელების შემდეგ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტობის კანდიდატ სააკაშვილს უნდა მიეღო ხმების აბსოლუტური უმრავლესობა და ასეც მოხდა.

სავალალოდ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მიჩუმდა მეანაბრეთა ვალების გასტუმრების საკითხი; არც უმაღლესმა ორგანოებმა დამიჭირეს მხარი. იძულებული გავხდი, 2006 წლის 25 აპრილს შემეტანა 93-გვერდიანი საჩივარი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მიმოწერა ჩემსა და სასამართლოს შორის, რასაც კარგი პირი უჩანდა, მაგრამ მოხდა უცნაურობა _ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენელმა, მოსამართლე მინდია უგრეხელიძემ, რის უფლებაც მას არ ჰქონდა; და რაღაც გაუგებარი ხარვეზის გამო, უგრეხელიძემ სასამართლოს უარი ათქმევინა საჩივრის წარმოებაში მიღებაზე.  არადა, სინანულით გეუბნებით, რომ არა უბედური შემთხვევა, უკვე მოგვარებული მექნებოდა მეანაბრეთა საკითხი. 2008 წლისათვის გადაწყვეტილი იყო მეანაბრეთა ვალების ნაწილობრივ, ეტაპობრივად გასტუმრების დაწყება.

_ როგორ, ბატონო უშანგი?

_  მე და ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის მამას, ბატონ შალვას, ათეული წლების მეგობრობა გვაკავშირებდა. ჩვენ ერთმანეთისთვის მრავალი სასიკეთო საქმე გაგვიკეთებია, რაც კარგად იყო ცნობილი ბადრისთვის. როცა ის გატარდა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაში და გამოაქვეყნა თავისი პროგრამა, დიდად გავიხარე! ბადრიმ საქართველოს კეთილდღეობისთვის გამოყო მილიარდ-ნახევარი დოლარი. ინგლისში მის გამგზავრებამდე მე შევხვდი მას და გავაცანი ჩემი ნამუშევარი მეანაბრეთა საკითხში. დარწმუნდა რა, მეანაბრეებისგან დიდი რაოდენობის ხმების აღებაში, მითხრა: «ძია უშანგი, ეს რამხელა შრომა გაგიწევიათ! რა კარგი თემა აგირჩევიათ. მეც მყავს უამრავი ნათესავ-მეგობარი მეანაბრე. თანაც რამდენი სიკეთე გაქვთ გაკეთებული მამაჩემისთვის. აუცილებლად ამოგიდგებით მხარში და ნახევარ მილიარდს კიდევ დავამატებ მეანაბრეთა საკითხის მოგვარებისთვის. ზეგ მივფრინავ ინგლისში, ჩამოვალ თუ არა, ოფიციალურად გამოვაცხადებ ამ გადაწყვეტილებასო»… ბადრის გარანტირებული ჰქონდა პრეზიდენტობა, საქართველოს გაბრწყინება და გაერთიანება, მაგრამ მისი საარჩევნო შტაბის გუნდის დოყლაპიობით, ტელეკომპანია «იმედის» თანამშრომლების აშკარა ღალატით თავმოყვარე კაცს გული გაუხეთქეს…

აქვე გეტყვით, ჩემი გაანგარიშებით, 2,5 მილიონი მეანაბრიდან 30 პროცენტზე მეტმა უკვე განუტევა სული და საფლავში ჩაიტანა ის დარდი, რომელიც მათ ხელისუფლებამ გაუჩინა ალალი შრომით მოპოვებული დანაზოგის წაგლეჯვით. ორასი ათასზე მეტ მოხუცს შემნახველ სალაროებში დაგროვილი ჰქონდა ხუთ-ხუთი ათასი მანეთი «შავი დღისთვის». ეს თანხა მათ დაზოგეს პენსიით, შვილების თუ ახლო ნათესავების მიერ წინასწარ შეწირულობებით. ამ კატეგორიის მეანაბრეთა ოთხმოცი პროცენტი მიებარა საიქიოს ისე, რომ კუბოც კი არ ეღირსა და ცელოფანში გახვეულებს ასაფლავებდნენ…

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ ცოტა ხანში მილიარდ ლარზე მეტი გაიხარჯა ბეტონის გზების დაგებასა და თბილისის  გალამაზებაზე. ასობით მილიონი იხარჯება უაზრო მშენებლობებზე, ზეიმებზე, მოგზაურებებსა და ღრეობებზე. რას ჰქვია, ფული არა აქვთ! აქვთ! გარდა აღნიშნულისა, ცნობილია, რომ საერთაშორისო დახმარების ფონდიდან საქართველოს აღორძინებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის გამოყოფილია 4,5 მილიარდი დოლარი!

ზუსტად ერთი წლის წინ მე მივმართე პრეზიდენტ სააკაშვილს და კატეგორიულად მოვთხოვე, რომ დაავალოს საქართველოს მთავრობას, შექმნას სამთავრობო კომისია ჩემი მონაწილეობით. ამ კომისიას მიეცეს დავალება, ორი თვის განმავლობაში დააზუსტოს მეანაბრეთა რაოდენობა და თითოეულ მათგანზე რიცხული ანაბრის რაოდენობა კანონიერად დარიცხული პროცენტებით. ასევე მივმართე  ექსპრეზიდენტ შევარდნაძესაც. იქიდან გამომდინარე, რომ მისი ინიციატივითა და მოღვაწეობით განხორციელდა ეს მსოფლიო მნიშვნელობის აფერა 2,5 მილიონი მეანაბრის მიმართ; და, ვინაიდან მისი ხელის შეწყობით გახდნენ მილიონერები მისი შვილები, სიძე და ახლობლები, კეთილი ინებოს და მეანაბრეთა ანგარიშზე პირადად მან ჩარიცხოს ნახევარი მილიარდი დოლარი! შევარდნაძეს ეს არ გაუჭირდება და ასეთი «დანაკლისი» მის ქონებას არც კი შეეტყობა! მარტო მის სიძეზე ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ქონება ირიცხება! ხოლო მის შვილებსა და უახლოეს ნათესავებზე რამდენია, ღმერთმა უწყის!

გვეყო უშედეგო ყვირილი «მიშა, წადი!» _ ეს უაზრობაა! უნდა მოვთხოვოთ კონკრეტულად: «მიშა, დაგვიბრუნე ფული!» შენ დაგვპირდი, შენი საარჩევნო პლაკატით დაადასტურე, რომ სახელმწიფოს ჩვენი ვალი აქვს! ბოლოს და ბოლოს, ხალხი ხომ უნდა მიხვდეს ერთ ჭეშმარიტებას _ ბევრად უკეთესია, ვიბრძოლო ჩემი პირადი ინტერესებისთვის, ვიდრე თავი ვაცემინო, დავასახიჩრებინო ან მოვაკვლევინო ვიღაც ვიგინდარა პოლიტიკოსის კეთილდღეობისთვის! სხვა გადარჩენის გზა ჩვენ არ გვაქვს! ერთში ვარ დარწმუნებული _ თუ გვინდა ანაბრების დაბრუნება, ხელისუფლება უნდა შევცვალოთ!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here