Home რუბრიკები ეკონომიკა კონტრაბანდის ნაციონალური თავისებურებანი

კონტრაბანდის ნაციონალური თავისებურებანი

862

«ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, ეს არის ოქროს ეპოქა საქართველოშიარ დავიხიოთ უკან, არ წამოვეგოთ ინტრიგანებს».

მიხეილ სააკაშვილი, ახალციხის რაბათის ციხეში წარმოთქმული სიტყვიდან.

«წამოვეგეთ ინტრიგანებს» და დღევანდელი პუბლიკაციით ვაგრძელებთ ელიტური კორუფციის შესახებ საუბარს «ოქროს ეპოქის საქართველოში», სადაც ერის საკეთილდღეოდ მოღვაწეობენ ჩვენი თანამემამულე სუპერბობოლები. «სუპერი» ბენზინის უმაღლესი ხარისხის მარკაა, რომელიც საქართველოში არ შემოაქვთ, მაგრამიყიდება. ასეა და ამაზეც ვისაუბრებთ. გაკვრით. სუპერბობოლები სხვა განზომილებაა, სხვა სიდიდე, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში ამინდს ქმნის. ასეა მიჩნეული. მაგრამ ექსპერტები იმასაც ირწმუნებიან, კარგად რომ მოჩხრიკო, წვრილმანი ჯიბის ქურდები აღმოჩნდებიან, სახელმწიფოს ჯიბეში ხელის ფათურში დაოსტატებული, ყოფილი «იატაკქვეშა მილიონერების» ახალი ფორმაცია, კორუფციულ მეცნიერებათა მსოფლიო რეკორდსმენები. კარგად რომ მოჩხრიკო, ბლერო შეგრჩება ხელში _ ერთი, ცალკე აღებული, წვრილმანი კონტრაბანდისტი, იტალიური ნეორეალისტური კინოს ცნობილი კომედიური ფილმიდან «კანონი კანონია».

არც ბლერო, არც იტალია, არც კონტრაბანდა შემთხვევით არაა ნახსენები.

ელიტურ ბიზნესში _ ნავთობპროდუქტების იმპორტის სფეროში შექმნილი ვითარება შეისწავლა და კიდევ ერთი, სენსაციური, მაშოკირებელი ანალიზი შესთავაზა საზოგადოებას «საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ».

ჩვენი ერთგული მკითხველი ინფორმირებულია, რომ ამ სფეროში, კერძოდ, აშშსაქართველოს შორის ვაჭრობაში არსებული კოლოსალური დარღვევების შესახებ პირველად ალაპარაკდა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ეკონომიკის საკითხების ექსპერტი შალვა მექვაბიშვილი (იხ. «საქართველო და მსოფლიო» #31 «დემოკრატიის შუქურამ» ამერიკას მილიარდ 900 მილიონი დოლარი «მოუტეხა»).

ზემოთ მინიშნებულმა ნაშრომმა განავრცო საზღვრები და «საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველომ» თავის კვლევაში, რომლის სახელწოდებაა «კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში»,  იტალიასაქართველოს  და ბულგარეთსაქართველოს საგარეო ვაჭრობაში შექმნილი ვითარება გამოიტანა სამზეოზე.

კვლევის ერთერთი ავტორისნათია კუტივაძის, ცნობით, აღმოჩნდა მნიშვნელოვანი განსხვავება, ერთის მხრივ, იტალიის საბაჟო სამსახურისა და, მეორე მხრივ, საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ დაფიქსირებულ, ჩვენს ქვეყანაში შემოტანილ საწვავის რაოდენობათა შორის.

ჯერ ციფრები:

იტალიის საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, 2009 წელს იტალიიდან საქართველოში განხორციელდა 40 მილიონი ლიტრი ბენზინის იმპორტი, საქართველოს იმავე სამსახურმა დააფიქსირა 19,74 მილიონი ლიტრი.

შალვა მექვაბიშვილის კომენტარი:

_ ეს ნიშნავს, რომ განხორციელდა ელემენტარული კონტრაბანდა. 20,3 მილიონი ლიტრის აღურიცხაობა ნიშნავს, რომ საბაჟო დეპარტამენტის კუთხით სახელმწიფო ბიუჯეტმა დღგ-სა და აქციზის სახით დაკარგა 9 მილიონი ლარი. ბენზინის შემომტანმა კი პირიქით, _ 20 მილიონ ლარზე მეტი იხეირა.

ისევ ციფრები:

2010 წელს იტალიის მხარემ დააფიქსირა 37,85 მილიონი ლიტრი ბენზინის იმპორტი, საქართველოს მხარემ _ 20,13 მილიონი ლიტრი.

შალვა მექვაბიშვილის კომენტარი:

_ ამ ოპერაციის შედეგად, კვლავ მარტო საბაჟო დეპარტამენტის კუთხით სახელმწიფო ბიუჯეტმა იმავე აქციზისა და დღგ-ს სახით 7,9 მილიონი ლარი იზარალა. ვინ ჩაიჯიბა 17 მილიონ ლარზე მეტი, ცხადზე უცხადესია.

2011 წლის მონაცემების სხვაობა 12,5 მილიონი ლიტრია.

შალვა მექვაბიშვილის კომენტარი:

_ ამ წელს საქართველოს ბიუჯეტმა იზარალა 5,6 მილიონი ლარი. მათ კი, ვინც ამ ბიზნესს მონოპოლიურად ფლობენ, 12 მილიონზე მეტი ლარის მოგება ნახეს.

_ ასე კეთდება საქართველოში მილიონები, ასე ფრცქვნიან სახელმწიფო ბიუჯეტს და აღატაკებენ ხალხს. არჩევნებიდან არჩევნებამდე ხელისუფლება გვპირდება, რომ იქნება «საქართველო სიღარიბის გარეშე». მაგრამ არა და არ დადგა ეს დაპირებული შედეგი.

_ ვერც დადგება, _ ამბობს ბატონი შალვა, _ ქვეყანაში ყვავის ელიტური კორუფცია, რომელიც ბიუჯეტისთვის, მაშასადამე, ხალხისთვის გამიზნულ სახსრებს, პირდაპირ თუ ვიტყვით, ითვისებს.

ყველამ იცის, რომელი კომპანიები განახორციელებენ ბენზინის იმპორტს საქართველოში _ «ვისოლი», «რომპეტროლი», «ლუკოილი», «გალფი». ყველა ამბობს, რომ სწორედ ამ სფეროშია თავმოყრილი ელიტური კორუფციონერების ბირთვი. მაგრამ ასევე ყველამ იცის, რომ ეს სფერო ხელშეუხებელია მაკონტროლებელი ორგანოებისთვის, დანაღმული ველია.

_ ბიძინა ივანიშვილს «რუსულ ფულს» წამოაძახებენ ხოლმე, მაგრამ  სწორედ ამ «რუსული ფულით» იყო შეხიდებული ეს კეთილშობილი ადამიანი ქართულ სახელმწიფოებრიობას, ქართულ სულიერებას, მეცნიერებას, ხელოვნებას და . .

_ მისი კაპიტალი პატიოსანი, ლეგალური გზით იყო ნაშოვნი, რასაც ვერ იტყვი «ქართულ ფულზე», რომელიც საქართველოში «კეთდება». ვის ოჯახებს ხმარდება? ვის უცხოურ ანგარიშებზე ილექება?

რიტორიკული შეკითხვებია, რადგან დღეს პასუხის გამცემი არავინაა. თუმცა შორს არაა ის დრო, როცა პასუხს მოსთხოვენ.

ელიტური კორუფციის მასშტაბებზე წარმოდგენა რომ შეგვექმნას, _ ხაზგასმით ამბობს ბატონი შალვა, _ კარგად უნდა გავიაზროთ შემდეგი რეალობა ამ კონკრეტულ უბანზე, რომელიც ტიპიურია, საერთოა ზოგადი მასშტაბისათვისაც.

იტალიიდან იმპორტირებულ საწვავს საქართველოში მოხმარებული საწვავის ბაზრის მხოლოდ 2 პროცენტი უკავია. აქ, საგარეო ვაჭრობის ამ ერთ სეგმენტში, ბოლო სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტმა კონტრაბანდული ბენზინის განუბაჟებლობის შედეგად გადასახადების სახით დაკარგა 24-25 მილიონი ლარი.

სამაგიეროდ ბიზნესელიტამ, ანუ ელიტკორუფციონერებმა მოიგეს 49 მილიონ ლარზე მეტი.

გაცილებით ნაკლები მასშტაბის, მაგრამ იგივე პროცესები ფიქსირდება დიზელის ექსპორტში.

არსებული მონაცემებით, 2009 წელს იტალიის საბაჟო სამსახურის მიერ რეგისტრირებულია 4,37 მილიონი ლიტრი დიზელის ექსპორტი. საქართველოს შემოსავლების სამსახური აჩვენებს _ 4,23 მილიონ ლიტრს. 2010 წელს იტალიაში დარეგისტრირდა 9,49 მილიონი ლიტრი დიზელი, საქართველოს შემოსავლების სამსახურში _ 6,68 მილიონი;  2011 წელს იტალიამ აჩვენა _ 5,53, ხოლო საქართველომ _ 5,29 მილიონი ლიტრი დიზელი.

ბოლო სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტმა დიზელის განუბაჟებლობის შედეგად გადასახადების სახით დაკარგა 1,2 მილიონი ლარი, ამავე პერიოდში იტალიიდან დიზელის შემომტანებმა ჯიბეში ჩაიდეს 3 მილიონ ლარზე მეტი.

_ ბენზინის ბაზარზე იტალიის ორი პროცენტი და ასეთი დანაკარგები! იოლი წარმოსადგენია, დანარჩენ 98 პროცენტის კორუფციის მასშტაბები!

_ პირიქით, ძნელი წარმოსადგენია! წარმოსახვის ყოველგვარ ზღვარს სცილდება! დავიმოწმებ ბულგარეთთან საქართველოს ვაჭრობის (ამ სეგმენტში) არსებულ მონაცემებს და თქვენი გაზეთის მკითხველები დარწმუნდებიან, რომ, რასაც ვამბობ, სამწუხარო რეალობაა. ჩვენი და ბულგარეთის შესაბამისი სამსახურების მიერ ბენზინის იმპორტის დაფიქსირებული ციფრები საოცრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ბულგარეთს საქართველოს საწვავი ბაზრის 20 პროცენტი უკავია.

2009 წელს ბულგარეთის საბაჟო სამსახურის მიერ რეგისტრირებული, საქართველოში გამოგზავნილი ბენზინის რაოდენობა უდრიდა 210,08 მილიონ ლიტრს, საქართველოს შემოსავლების სამსახური ამ რაოდენობის ერთ მესამედზე ცოტა მეტს აფიქსირებს, ანუ _ 74,75 მილიონ ლიტრს.

განუბაჟებლობის შედეგად გადასახადების სახით მხოლოდ 2009 წელს დავკარგეთ 60,4 მილიონი ლარი, შემომტანების სარგებელი კი 135 მილიონ ლარზე მეტია.

მოდი და ამის შემდეგ ირწმუნე, _ ამბობს შალვა მექვაბიშვილი, _  ნაციონალების წინასაარჩევნო ლოზუნგი, რომელიც ვანო მერაბიშვილმა გააჟღერა: «მეტი სარგებელი ხალხს!».

ვისზე მეტი, რამდენით მეტი?

გაცილებით მომგებიანი იქნებოდა სლოგანი: «ბობოლების მიტაცებული მილიონები _ ხალხს!». ბულგარეთის შემთხვევაში, ეს იქნებოდა 425 მილიონზე მეტი ლარი _ მხოლოდ ბენზინის ბიზნესიდან, მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც ნამდვილად არ აწყენდა ჩვენს ხალხს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტმა ბენზინის განუბაჟებლობის შედეგად გადასახადების სახით დაკარგა 200 მილიონი ლარი.

ყურადღება მიაქციეთ: სამი წლის განმავლობაში საქართველოში ბულგარეთიდან შემოტანილი 747 მილიონი ლიტრი ბენზინის რაოდენობიდან (ბულგარეთის მხარის მაჩვენებლის მიხედვით), საქართველოში მხოლოდ 42,6 პროცენტი დააფიქსირეს, აღურიცხავი დარჩა 429,4 მილიონი ლიტრი.

ამ მასშტაბურ კონტრაბანდას საქართველოში ერთი პატარა ვირეშმაკობა დაუმატეს. «საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოს» ინფორმაციით, «ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას» იტალიურ კომპანია «აპის» ფალკონარა მარიტიმას ნავთობგადამმუშავებელი ქარხნიდან შემოაქვს საწვავი. «ვისოლის» ბენზინგასამართ სადგურებში იყიდება «აპი სუპერის» (ოქტანობა 98) მარკის ბენზინი, რომელიც 2009-2011 წლებში საქართველოში იმპორტირებული არ არის. ამას ადასტურებს ორივე მხარის შესაბამისი სამსახურები.

_ ეს როგორ გავიგოთ?

_ ძალიან მარტივად: «სუპერი» ყველაზე ძვირია. დააწერეს შედარებით იაფიან ბენზინს _ «პრემიუმს» «სუპერი» და რამდენიმე თეთრით გამოხატული სხვაობა მილიონობით ლარად იქცა. ეს, სხვა თუ არაფერი, ნიშნავს მომხმარებლის უფლებების უხეშ დარღვევას და უკანონოდ ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანას.

მოკლედ რომ ვთქვა, _ ასკვნის ბატონი შალვა, _ მთელი თაიგულია დარღვევების, რასაც ვერ ხედავს მომხვეჭელობით დაბრმავებული საქართველოს ხელისუფლება.

საარჩევნო მარათონში ჩაბმული მმართველი პარტია ოპოზიციას აბრალებს, _ წარსულში სურს ქვეყნის დაბრუნებაო.

სრული აბსურდია! აი, «ნაციონალური მოძრაობა» კი დღესაც იმ წარსულშია ჩარჩენილი, ოღონდ ელიტური კორუფციის შეუდარებლად გაზრდილი მოცულობითა და მასშტაბით. ბოლო პერიოდში განხორციელებულმა კვლევებმა ეს ფაქტებით დაადასტურა. 

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

P.S. იმ ყბადაღებულ წარსულში სახელმწიფო მოხელეებიდან კორუფციულ საქმეში გასულები იყვნენ ის ბობოლები, რომლებიც დღეს ყველაზე ხმამაღლა გაყვირიან კორუფციის დამარცხებაზე და აშინებენ ხალხს ძველი დროის დაბრუნებით.

ამას ადასტურებენ ძალოვანი სტრუქტურების ის პატიოსანი პროფესიონალები, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლის პროცესში ყრუ კედელს აწყდებოდნენ და იძულებულნი იყვნენ, უკან დაეხიათ, რადგან თავს ზემოთ ძალა არ იყო.

ერთ თავისებურებასაც ამხელენ: უწინ კონტრაბანდით წარმოქმნილ მოგებას ბევრი ედგა წილში: უწინარესად, კონტრაბანდის შემომტანები, შემდეგ _ საბაჟოს მოხელეები, შემდეგ _ ისინი, ვისაც კონტროლი ევალებოდა და ამათ ზემოთ _ სახელმწიფო მოხელენი, დიდჩინოსანნი, რომლებიც, გარდა საკუთარი კეთილდღეობისა, დაინტერესებულნი იყვნენ სახელმწიფოს შემოსავლების შემცირების გზით საბიუჯეტო კრიზისის გამოწვევით, რაც მათ გზას გაუკვალავდა სახელმწიფო მმართველობის ყველა სადავის ხელში ჩასაგდებად: ბიუჯეტის სისტემატური სეკვესტრებით, სახელმწიფო ხაზინის გაღატაკებით, პენსიების თვეობით დაურიგებლობით და ათასი სხვა რამით.

პლატფორმას იმზადებდნენ მოსასვლელად.

მოვიდნენ. ჩამოიცილეს ყველა შესაძლო კონკურენტი და, როგორც ერთხელ ბატონმა გიგა ბათიაშვილმა თქვა, თავის ხოშზე მართავენ ქვეყანას.

ამას უწოდეს რეფორმა.

ქვეყანაში, სადაც ვინმე, სახელად პრეზიდენტი, შეუსწორებს სტრიქონს «მაგარი ლექსის დამწერ კაცს», სახელად «ვინმე მესხ მელექსეს», გენიალურ პოეტსა და მოაზროვნე შოთა რუსთაველს, და ენის ბორძიკით წაიკითხავს «იყო არაბეთს როსტევან…», რომელიც «მრავალ ლაშქრიანი» და «დაბალი» იყო, იმ ქვეყანაში ყველაფერია შესაძლებელი.

მაგრამ სადაა ის «ოქროს ეპოქა» და რომელია ის ქვეყანა, სადაც  ასეთი «სპარსული ამბები» ხდება და ჩვენ მხოლოდ ქართულად ნათარგმანები გადმოგეცით? მომკალით და, არ ვიცი.

ა.ს.

 

1 COMMENT

  1. ნუ გვაბოელებთ!!
    თუ არ იცით აგიხსნით…20 წელზე მეტი ხნის მეზღვაური ვარ
    მაგას ბიზნესი ქვია და ტამოჟნიის მონაცემები სრულებით არ არის სანდო!!! იტალიაში და აგრეთვე ბევრ ქვეყნებში ექსპორტზე მეწარმესა ააქვს ლგოტები სახელმწიფო გადასახადებზე ამიტომ ნავთობ გადამამუშავებელი კამპანიები აწარმოვებენ ასეთ აფიორებს ტვირთი იტვირთება გემზე მას ერქმევა საქართველოს სახელი გამოდის პორტიდან იქვე 100მილის მოშორებით იტვირთება იმავე კამპანიის გემზე რომელიც აწარმოვებს შიდა გადაზიდვებს და ტამოჟნიიდან არ მოწმდება და მეორე ქალაქში იყიდება ასე რომ ის საქართველოში არც კი მოდის

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here