Home რუბრიკები პოლიტიკა სად გადის აშშ-საქართველოს საზღვარი?

სად გადის აშშ-საქართველოს საზღვარი?

633

საქართველოსა და ეგვიპტის ხსენება ერთ კონტექსტში «არაბული გაზაფხულის» პიკზე დაიწყო. იმ მომენტამდე პარალელების გავლება ამ ორ, აშკარად განსხვავებულ ქვეყანას შორის აზრად არავის მოსვლია. კომენტატორთა უმრავლესობა ზედაპირული მსგავსების დაფიქსირებით შემოიფარგლებოდა და ორი დრომოჭმული, საზოგადოებისგან იზოლირებული (მუბარაქისა და სააკაშვილის) რეჟიმის კვდომის პროცესის თავისებურებებს აღწერდა. ეს საინტერესო იყო, თუმცა ხშირად ყურადღების მიღმა რჩებოდა მეორე, ნაკლებად შესამჩნევი და, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი მსგავსება: ეგვიპტე და საქართველო, განსხვავებული გეოპოლიტიკური «წონის» მიუხედავად, ის ქვეყნებია, რომლებთან დაკავშირებითაც ვაშინგტონი სერიოზული არჩევანის წინაშე დადგა, არა იმდენად მათდამი ლოიალურ დიქტატორსა და მის ოპონენტებს შორის, არამედ რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპს შორის, რომელთა ურთიერთდაპირისპირება აშშ-ის მთელ ისტორიას და საგარეო პოლიტიკას გასდევს.  

 

რატომ ანერვიულდა კისინჯერი?

«ბევრ მათგანს, ვინც «არაბულ გაზაფხულს» ადიდებს, მისი მიღწევების ნიშნად, ჩამოგდებული ავტოკრატების სია მოჰყავს. თუმცა საბოლოოდ რევოლუციებს შეაფასებენ იმის მიხედვით, თუ რას ააშენებენ ისინი, და არა იმის მიხედვით, თუ რას დაანგრევენ», _ ასე იწყებს ჰენრი კისინჯერი თავის ბოლო წერილს «ვაშინგტონ პოსტში», რომელიც ეგვიპტის პრობლემებს ეძღვნება. ცხადია, ამ ფორმულის მისადაგება «ვარდების რევოლუციის» მიმართაც შეიძლება _ ის, რაც მან დაანგრია, უდავოდ მანკიერი იყო, მაგრამ იმ მონსტრ რეჟიმს, რომელიც რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა, ჯანსაღს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ქართული და ეგვიპტური საზოგადოებისთვის გაცილებით ნაკლებს ნიშნავს ის, რაც დაინგრა და აღარ არსებობს, იმასთან შედარებით, რაც დღეს ურთულეს პრობლემებს უქმნის.

კისინჯერი წერს, რომ მუბარაქის ჩამოგდების შემდეგ, რომელსაც აშშ მიესალმა, მოხდა «საერო დემოკრატიული ელემენტების» მარგინალიზება, ხოლო პრეზიდენტის პოსტი სავსებით დემოკრატიული პროცედურის გამოყენებით ისლამისტების წარმომადგენელმა დაიკავა. მათ სამხედროები უპირისპირდებიან, რომლებიც ძველი რეჟიმის დასაყრდენს წარმოადგენდნენ. ამ ორი ძალიდან ამერიკელებს არც ერთი არ ესიმპათიურებათ და ვაშინგტონში გრძელდება დისკუსია, _ ვის და როგორ დაუჭირონ მხარი,

ეგვიპტე-ისრაელის სამშვიდობო შეთანხმებები რეგიონული უსაფრთხოების ქვაკუთხედია. ამასთანავე, სტაბილურობა ეგვიპტეში (სუეცის არხი) საზღვაო გადაზიდვების გლობალური სისტემის გამართული ფუნქციონირების აუცილებელი წინაპირობაა. ის ადამიანები, რომელთაც კისინჯერი «რეალისტებს» უწოდებს, უსაფრთხოების ფაქტორის პრიორიტეტულობიდან ამოდიან და აღნიშნავენ, რომ ეგვიპტელი სამხედროების შეხედულებები, ამ თვალსაზრისით, ამერიკულთან ძალიან ახლოს დგას. მაგრამ სამხედროების უნარი, მდგრადი რეჟიმი შექმნან, ეჭვს იწვევს. მათ მოწინააღმდეგეებს ზურგს ეგვიპტური «ქუჩა» და საზოგადოების დიდი ნაწილი უმაგრებს. თუმცა, თუ აშშ ბოლომდე დემოკრატიული პრინციპების ერთგული დარჩება, როგორც, კისინჯერის თქმით, «იდეალისტები» ურჩევენ, ეს შეიძლება მალევე ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური რეჟიმის ჩამოყალიბებით დასრულდეს.

კისინჯერის აზრით, სიტუაცია სირიაში უფრო რთულია. «კრიზისი სირიაში, როგორც წესი, აღიწერება, როგორც ბრძოლა დემოკრატიისთვის, რომლის კულმინაცია ბაშარ ასადის ჩამოშორება უნდა გახდეს. სინამდვილეში, საუბარი ეხება ბრძოლას გავლენისათვის ასადის ალავიტებსა, რომელთაც მხარს ბევრი სხვა უმცირესობის წარმომადგენლები უჭერენ, და სუნიტურ უმრავლესობას შორის», «ასადის რეჟიმისთვის პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა უფრო რთული იქნება, ვიდრე კურსი ეგვიპტეში, რადგან იქ მეტი დაპირისპირებული ჯგუფია», _ წერს კისინჯერი და დასძენს, რომ სირია შეიძლება დაიშალოს და რეგიონის ტოტალური დესტაბილიზაციის კერა გახდეს.

კისინჯერი, ცუდად დაფარული ნოსტალგიით, იხსენებს პერიოდს «ნიქსონიდან კლინტონამდე», როდესაც აშშ დიდად არ ერეოდა პარტნიორი ქვეყნების შიდა მოწყობის საქმეებში; მაშინ, ჰილარი კლინტონის თქმით, ვაშინგტონი «ეგვიპტის მთავრობასთან თანამშრომლობდა». «ცივი ომის» წლებში ასეთი ჩარევა შეიძლებოდა დასრულებულიყო ამა თუ იმ ქვეყნის გადასვლით მოწინააღმდეგის ბანაკში; თანაც აღმოჩნდა, რომ ვაშინგტონმა არ იცის, როგორ მოეპყროს ჯინს, უფრო სწორად კი ჯინების მთელ ლეგიონს, რომელიც რევოლუციის შემდეგ ბოთლიდან ამოძვრა. ეგვიპტის შემთხვევაში, ამ ავადსახსენებელი ბოთლისთვის ხელის პირველ მოკიდებად შეიძლება ჩაითვალოს ბუშის ადმინისტრაციის მოწოდება მუბარაქისადმი, მრავალპარტიული არჩევნები ჩაატაროს; ეს კურსი ბარაკ ობამამ გააგრძელა. 

«არაბულ სამყაროში აჯანყებების დაწყების შემდეგ ოთხი მთავრობა დაემხო, ხოლო კიდევ რამდენიმე სერიოზულ განსაცდელში ჩავარდა. შეერთებულმა შტატებმა იგრძნეს, რომ ვალდებულნი არიან, ამ დრამაზე რეაგირება მოახდინონ და პერიოდულად მასში მონაწილეობა მიიღონ, მაგრამ ჯერაც არ გაუციათ პასუხი კითხვებზე მის ფუნდამენტურ მიმართულებაზე: გვაქვს თუ არა წარმოდგენა იმ სტრატეგიულ განტოლებაზე, რომელიც ჩვენს და გლობალურ ინტერესებს შეესაბამება, ან მათი მიღწევის საშუალებებზე?» _ წერილის დასასრულს, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი დიპლომატი ამერიკელებს რეალისტური და იდეალისტური მიდგომის სინთეზის შედეგად მიღებული, მოქნილი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს, რადგან სიტუაციისადმი მიდგომა, იდეოლოგიზირებული სტერეოტიპებიდან გამომდინარე, კისინჯერის აზრით, კარგს არაფერს მოიტანს.

კისინჯერის წერილის ერთობ ნერვულმა ტონალობამ (შესაძლოა, მან პროცესების კონტროლიდან გასვლის რეალური საფრთხე იგრძნო), მასში აღწერილი პრობლემების სიმწვავემ და სხვა პუბლიკაციებმა ამავე თემაზე, შეიძლება დაგვაფიქროს, რომ ძია სემმა სავსებით გააცნობიერა, რომ მორიგ განსაცდელში შეტოპა. რაში მდგომარეობს მისი პრობლემა და რა შეხება აქვს მასთან საქართველოს?

 

ძალა აღმართს ვეღარ ხნავს

ერთი შეხედვით, «უსაფრთხოების ლოგიკა» ვაშინგტონს უბიძგებს, ეგვიპტელ სამხედროებს დაუჭიროს მხარი, თუმცა ალიანსი მათთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი სტაბილური რეჟიმის დამყარების მცდელობისას, სისხლის გუბეებს დააყენებენ, შეიყვანს შტატებს დაპირისპირებაში ეგვიპტური საზოგადოების უდიდეს ნაწილთან და, ზოგადად, «გლობალურ პოლიტიკურ გაღვიძებასთან», რომელსაც ზბიგნევ ბჟეზინსკი აღწერს.

ბჟეზინსკის აზრით, აშშ-ისთვის უპერსპექტივოა მცდელობა, მსოფლიო ძველი იმპერიული მეთოდებით გააკონტოროლოს, პირდაპირ თუ ძნელად აღსაზრდელი დიქტატორების მეშვეობით; მისთვის გაცილებით მომგებიანია, თავგასულ რეჟიმებთან დაპირისპირებული საზოგადოებების მოკავშირე გახდეს, თუნდაც მათი განწყობა მნიშვნელოვან ანტიდასავლურ შემადგენელს შეიცავდეს. მისი მიდგომა, სავარაუდოდ, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გამოცდილების გააზრებას ეფუძნება. შტატები წარმატებულები იყვნენ მაშინ, როდესაც «მესამე სამყაროს» ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობებთან ერთად ევროპულ (და იაპონურ) იმპერიალიზმს უტევდნენ. მაგრამ, თუ ჩვენ კისინჯერის წერილის დასაწყისში განხილულ ფრაზას ოდნავ შევცვლით და შემდეგ სახეს მივცემთ: «ამერიკელებს შეაფასებენ არა იმის მიხედვით, თუ რა დაანგრიეს მათ მსოფლიოში, არამედ იმის მიხედვით _ რა ააშენეს», შეიძლება არასახარბიელო დასკვნამდე მივიდეთ, განსაკუთრებით, თუ სამხრეთ ვიეტნამის, მარკოსის ფილიპინების, ლათინოამერიკული დიქტატურების და ა.შ. გამოცდილებას გავითვალისწინებთ.

ბჟეზინსკის მიერ შემოთავაზებული სტრატეგია, სხვა ყველაფერთან ერთად, შეიძლება წარმოადგენდეს მცდელობას, დაუბრუნოს ამერიკა იმ საქმეს, რომელიც კარგად გამოსდის, რათა მან «მესამე სამყაროს» რევოლუციურ ძალებთან ერთად შეუტიოს, ოღონდ ამჯერად არა ბრიტანულ, ფრანგულ და ა. შ. კოლონიურ იმპერიას, არამედ (წინმსწრებად) ჩამოყალიბების ადრეულ სტადიაში მყოფ ჩინურ გლობალურ იმპერიას (თუ ტერმინი «იმპერია» გვაფრთხობს, შეგვიძლია რამე ანალოგი მოვუძებნოთ, მაგალითად, იაპონური წარსულიდან ტერმინი «თანააყვავების სფერო» ვისესხოთ). ბჟეზინსკის ამ ახალი სტრატეგიის გვირგვინად შეიძლება საინტერესო ფორმულა მოგვევლინოს, რომელიც, ალბათ, ასე გაიჟღერებს, «ვიდრე მყარი კონსტრუქციების აშენებას არ ვისწავლით, ჯობია, ისევ ნგრევას დავუბრუნდეთ».

ამერიკელებს ძალიან ბევრი რესურსი და შინაგანი ენერგია აქვთ, თუმცა პარადოქსულად, როგორც კი ხელს არა «ნგრევას», არამედ «შენებას» ჰკიდებენ, გლობალური წესრიგის ფორმირება იქნება თუ ცალკეული ქვეყნების ტრანსფორმირება, მსოფლიო თითქოსდა უნიჭო მოქანდაკის სახელოსნოში ხვდება, სადაც ერთმანეთის გვერდი-გვერდ ძალიან უშნო ქანდაკებები დგანან _ ამაზრზენი ლათინოამერიკული და აზიური რეჟიმები; სულ ახლახან ამ «არაჩვეულებრივი გამოფენის» ექსპონატი სააკაშვილის რეჟიმი გახდა.

დღეს მსოფლიოში ორი ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულება არსებობს _ გულწრფელი მადლიერება «ამერიკელი მოკავშირეების» მიმართ, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძოდნენ ნორმანდიასა და გუადალკანალზე, აშენებდნენ გზებს ჯუნგლებში, მკურნალობდნენ ბავშვებს, იცავდნენ დისიდენტებს და ასეთივე გულწრფელი სიძულვილი «ამერიკელი იმპერიალისტების» მიმართ, რომლებიც ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას ვიეტნამსა და ავღანეთში, წოვდნენ სისხლს «მესამე სამყაროს» ეკონომიკებს, თვალს ხუჭავდნენ სატელიტი დიქტატორების წარმოუდგენელ არაკაცობაზე. ეს ორი სრულიად განსხვავებული მიდგომა აშშ-ის მიმართ, ხშირად შეიძლება არა მხოლოდ რომელიმე ერთი ერის, არამედ ერთი ადამიანის დამოკიდებულებაშიც კი დაფიქსირდეს. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყოველივე ამას აკეთებდა არა ერთი, არამედ ორი სხვადასხვა სახელმწიფო, თუმცა არანაირი «ორი ამერიკა» არ არსებობს; «ამერიკა, რომელიც უყვართ» და «ამერიკა, რომელიც სძულთ», ერთი და იგივე ქვეყანაა; კაცობრიობის ისტორიაში ასეთი ასეთი მძაფრი და ურთიერთგამომრიცხავი გრძნობები, ალბათ, არავის გამოუწვევია. ყველაზე კარგად გამანადგურებელ (ეფექტური საგარეო პოლიტიკის გატარებისთვის ხელისშემშლელ) დისონანსს ამ ორ დამოკიდებულებას შორის თავად ამერიკელები გრძნობენ და შეძლებისდაგვარად თავის გამართლებას ცდილობენ. 

«აზრი იმის თაობაზე, რომ იარაღის მიმწოდებელი შეიძლება აკონტროლებდეს მის მიმღებს, რომ პატრონი იმპერია შეიძლება აკონტროლებდეს კლიენტს «მესამე სამყაროში» მუდმივი ამერიკული შეცდომაა, _ წერდა ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ამერიკელი ისტორიკოსი არტურ შლეზინგერი. _ ამ შეცდომამ, გაუგებარია როგორ, გაუძლო მწარე გამოცდილებას, რომელიც 40-იანებში ჩინეთში და 60-იანებში ვიეტნამში მივიღეთ. როგორც კი პატრონი პირობას დებს, რომ კლიენტს მისი მიზნების მიღწევაში დაეხმარება, მისი გავლენის საშუალებები სუსტდება. დღეს პატრონმა საკუთარ თავს უმაღლესი სანქციის უფლება, კლიენტისთვის დახმარების შეწყვეტა, წაართვა. მიიღებს რა ერთხელ ამერიკულ დახმარებას, კლიენტი ვეღარ ხედავს მიზეზს, რომლის გამო უნდა წავიდეს დათმობებზე ადგილობრივ ჯგუფებთან, რომლებიც დემოკრატიულ ცვლილებებსა და პოლიტიკურ პროცესში საკუთარი თავის ჩართვას მოითხოვენ. ამის ნაცვლად, მათ მარქსისტებს (ეს ტექსტი 1986-ში გამოქვეყნდა) უწოდებს და ამერიკელების მდუმარე თანხმობით თავს ესხმის».

«კლიენტი აგდებით უყურებს პატრონს, რომელიც ასე იოლად გაასულელა», _ აღნიშნავს შლეზინგერი და დასძენს, რომ «80-ანი წლების ამერიკული «იმპერიის» ყველაზე ცუდი გამოვლინებები, ამერიკელების გამოუსწორებელი მინდობისა და ამპარტავნების შედეგია, რომლითაც თაღლითები «მესამე სამყაროდან» ასე მოხდენილად სარგებლობენ».

მიუხედავად იმისა, რომ შლეზინგერმა თავისი «ამერიკული ისტორიის ციკლები» ჯერ კიდევ «ცივი ომის» დროს დაწერა, ძალიან ძნელია ამერიკელი ავტორის ტექსტის პოვნა, რომელიც აშშ-ისა და სააკაშვილის ხელისუფლების ურთიერთობებს უკეთ მიესადაგება; თუმცა, შესაძლოა, პრობლემა კიდევ უფრო სერიოზულია და ამერიკული ხასიათის ცალკეულ თავისებურებებს სცდება.

ვიდრე საუბარს გავაგრძელებთ, ალბათ, აშშ-თან დაკავშირებით სიტყვა «იმპერიის» გამოყენებაზე უნდა შევთანხმდეთ. ჯორჯ ვაშინგტონი და ჯეიმს მედისონი მას ზედმეტი ორჭოფობის გარეშე წარმოთქვამდნენ, მას, აგრეთვე, იყენებენ ბჟეზინსკი და სხვა ავტორები, როდესაც აღწერენ ნეგატიურ სცენარებს, აშშ-ისთვის, რომელიც ყოვლისმომცველი გლობალური დომინირების გზას დაადგება. შლეზინგერმა ის ერთობ ირონიულად ბრჭყალებში ჩასვა. ცსს-ს ვეტერანი და საკმაოდ საინტერესო ექსპერტი პოლ პილარი წერს, რომ «აშშ იქცევა, როგორც იმპერია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას ნეოკონსერვატორები აკონტროლებენ», იქვე კითხულობს: «რა ხდის იმპერიებს წარმატებულს?» და გერმანელი მეცნიერის, ჰერფრიდ მიუნკლერის, მოსაზრება მოჰყავს იმის თაობაზე, რომ წარმატებული ის იმპერიები გამოდგნენ, რომლებმაც დროულად გააცნობიერეს, რომ ექსპანსია უნდა შეაჩერონ და ყურადღება აღარ მიაქციონ «ბარბაროსობას» იმპერიული სივრცის ფარგლებს გარეთ, იმ გამონაკლისების გარდა, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება. «თანამედროვე სამყაროში ამის გაკეთება უფრო რთულია, _ წერს მიუნკლერი, _ ძნელია უარის თქმა იმპერიალისტური, ცივილიზებული, ჰუმანიტარული ღირებულებების გამავრცელებელ მისიაზე, რომელსაც იმპერიის იდენტურობა ეფუძნება, ისე, რომ მოსახლეობამ და მეზობლებმა ეს დაცემის ნიშნად არ ჩათვალონ. დღეს აშშ-ის წინაშე სწორედ ეს დილემა დგას».

 

განუსაზღვრელობის ზღვარი

ჩვენ, სავარაუდოდ, მთავარ პრობლემას მივუახლოვდით, თუ ტერმინს რომაელებისგან ვისესხებთ, ეს «ლიმესის» პრობლემაა, იმ გამყოფი, დამცავი ზღუდის, რომელიც იმპერიული კონტროლის სივრცეს დანარჩენი სამყაროსგან ყოფს. მისი წარმოდგენა, მხოლოდ გეოგრაფიულ სივრცეზე აგებული ბარიერის სახით, ალბათ, შეცდომაა. XXI საუკუნეში ეს უფრო «უხილავი ლიმესების» მთელი სისტემაა _ პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, კულტურულ და ა. შ. სფეროებში. თუ საფუძვლად მიუნკლერის იდეას ავიღებთ, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ლიმესის დროული მოძებნა «ამერიკული სივრცის» ხანგრძლივი წარმატებული განვითარების საწინდარია, ხოლო მისი უგულვებელყოფა მის სწრაფ დაცემას მოასწავებს. დღეს ამერიკული ლიმესი აშკარად დაფიქსირებული პრაქტიკულად არსად არის, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე გააზრებულია, მეტიც: მას ამერიკელი ავტორების ნაშრომებში თავისებური შეგრძნება ან სულაც წინათგრძნობა უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო ეგვიპტეზე ნაკლებს «იწონის», მისგან განსხვავებით, «ცივი ომის ზონაში» იმყოფება. ეს ზონა, ხსენებული ომის დასრულების მიუხედავად, პარადოქსულად ჯერ კიდევ არსებობს რუსეთისა და ჩინეთის საზღვრების პერიმეტრზე; მასში კონტროლსა და სტაბილურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ცხადია, დემოკრატიისა და სამართლიანობის ხარჯზე. აქ იმის ალბათობა, რომ ვაშინგტონი სატელიტი რეჟიმის წინააღმდეგ წავა, შედარებით მცირეა, რაოდენ მახინჯიც არ უნდა იყოს ის, რადგან, ისევე როგორც ეგვიპტეში «ნიქსონიდან კლინტონამდე», ქვეყანაზე კონტროლის დაკარგვას უფრთხის. თუმცა, მეორე მხრივ, სააკაშვილის რეჟიმი არა უსაფრთოხოებისა და სტაბილურობის, არამედ კრიზისების მუდმივ გენერაციას ახდენს. მისი დღევანდელი ტაქტიკა ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობაში, ფაქტობრივად, უარესი დესტაბილიზაციის საფრთხით შანტაჟს ეფუძნება.

ტაქტიკური თვალსაზრისით, ქართული ოპოზიცია მოწადინებული უნდა იყოს, ამერიკელ პარტნიორებს უჩვენოს, რომ მას აქვს საკმარისი ძალა ქვეყანაზე ეფექტური კონტროლი დაამყაროს, ხოლო სააკაშვილს _ არ აქვს (ამის გარეშე ამერიკელები ხელს არ შეუწყობენ ხელისუფლების შეცვლას, მეტიც, შეიძლება აქტიურად შეეწინააღმდეგონ მას). აგრეთვე, მან უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია უზრუნველყოს ეროვნული თანხმობა, როგორც უსაფრთხოებისა და  სტაბილურობის აუცილებელი წინაპირობა, თანაც ისეთი მეთოდებით, რომლებიც კისინჯერის მიერ აღწერილი «იდეალისტების» (ალბათ, უფრო მიზანშეწონილია მათ «წინდახედული პრაგმატიკოსები» ვუწოდოთ) აღშფოთებას არ გამოიწვევს.

სტრატეგიული თვალსაზრისით, ოპოზიციურმა ძალებმა, თუ ხელისუფლებაში მოვლენ, ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობა უნდა შემოიტანონ, საქართველოში ლიმესი (ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, «კონტროლის ზღვარი») მოაძებნინონ, გაათავისუფლონ ისინი მუდმივი ჩარევისგან მიკრომენეჯმენტში და იმ პოლიტიკისგან, რომელიც სააკაშვილის მმართველობის წლებში ჭირვეული ბავშვის მოვლას მოაგონებდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ, მთელი თავისი ძლიერების მიუხედავად, ისინი დღეს ძიების პროცესში, მსოფლმხედველობის კრიზისის მიჯნაზე იმყოფებიან და ქართველი პარტნიორების გონიერებას, ალბათ, დააფასებენ. ორივე მხარე დაიღალა დღევანდელი პრაქტიკით, როდესაც ამერიკელები საქართველოში თითქოსდა ყველაფერს, მაგრამ ამავე დროს თითქმის არაფერს აკონტროლებენ, ის უსარგებლო და დესტრუქციულია _ თავის ლოგიკურ განვითარებაში ის, დიდი ალბათობით, საქართველოს სამხრეთ ვიეტნამის ან, რაც უფრო სავარაუდოა, ნიკარაგუა-სალვადორის გამოცდილების გამეორებამდე მიიყვანს.

საქართველოში ამერიკული ლიმესის განსაზღვრა და დაფიქსირება, ალბათ, მთავარი წინაპირობაა იმისთვის, რომ ახალი ხელისუფლება უფრო ამბიციურ ამოცანას შეეჭიდოს _ თანდათან გაიყვანოს ქვეყანა «ცივი ომის ზონიდან» და ის, განსხვავებული გეოპოლიტიკური მისწრაფებების მქონე გლობალური ძალების თანამშრომლობის თუ არა, ურთიერთგაგების სფეროდ გადააქციოს. თუ კვლავინდებურად კონფრონტაციის არენად დავრჩებით, მარტივად რომ ვთქვათ, უარესად გავიჭყლიტებით, ამერიკასა და რუსეთს შორის, რომელთაც ადრე თუ გვიან სამხრეთ კავკასიაში ჩინეთი შეუერთდება (არ უნდა დაგვავიწყდეს რეგიონული მოთამაშეების ამბიციებიც). ამის მიღწევა იოლი არ იქნება, თუმცა ქვეყნის მდგომარეობის პრინციპული გაუმჯობესების სხვა გზა, უბრალოდ, არ ჩანს. ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მომავალში ჩვენ განგვსჯიან არა იმის მიხედვით, თუ რას დავანგრევთ, არამედ იმის მიხედვით, თუ რას ავაშენებთ. ცხადია, თქმული არ ნიშნავს, რომ დასანგრევი  (საქართველოში იქნება, ეგვიპტეში თუ სადმე სხვაგან) არ უნდა დაინგრეს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here