Home რუბრიკები სამართალი პატიმარი პეტრე ოვანოვი: იქ მყოფმა პიროვნებებმა ამ არაადამიანური ცემის შემდეგ «დუბინკით» მოახდინეს...

პატიმარი პეტრე ოვანოვი: იქ მყოფმა პიროვნებებმა ამ არაადამიანური ცემის შემდეგ «დუბინკით» მოახდინეს ჩემი გაუპატიურება

საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების ცემისა თუ გარდაცვალების ფაქტებზე უფლებადამცველები შესაბამის უწყებებს რეაგირებას გამუდმებით სთხოვენ, მაგრამ ვითარება ამ დრომდე უცვლელია. მეტიც, ახლახან პატიმარ პეტრე ოვანოვის წერილში აღწერილი შემთხვევა ყოველგვარი სისასტიკის ზღვარს აჭარბებს. მსჯავრდებული ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობას ცემაში, წამებასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებს და კონკრეტული პირების ვინაობასაც ასახელებს. როგორც პატიმარი წერს, «ქსნის #15 დახურული ტიპის დაწესებულების თანამშრომლები აწარმოებდნენ საღამოს შემოვლას, რა დროსაც მე, პეტრე ოვანოვს, მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი მათ ადმინისტრაციის შენობაში. იქ მისვლისთანავე დაიწყეს ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი მცემეს, რაც იშვიათი არ არის და ხშირად ხდება პატიმრების მიმართ. თუმცა ფაქტი, რომელიც ჩემ მიმართ ჩაიდინეს, არანაირი ადამიანური ღირსების საზღვრებში არ თავსდება, კერძოდ: იქ მყოფმა პიროვნებებმა ამ არაადამიანური ცემის შემდეგ «დუბინკით» მოახდინეს ჩემი გაუპატიურება და თან დამემუქრნენ, თუ ამ ამბავს გავახმაურებდი, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა და ვეღარ მიშველიდა ვეღარავინ», _ აღნიშნავს პატიმარი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.   «საქართველო და მსოფლიოს» არასამთავრობო ორგანიზაცია «სოლიდარობა უკანონო პატიმრებს» წევრი, მსჯავრდებულ პეტრე ოვანოვის ადვოკატი ლადო მაჭარაშვილი ესაუბრება.

_ თქვენი ორგანიზაციისთვის ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმარი პეტრე ოვანოვი წერს, რომ დაწესებულების მორიგი შემოვლის დროს ციხის თანამშრომლებმა სცემეს და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცდილობდნენ. რას ითხოვდნენ მისგან?

_ პეტრე ოვანოვს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ითხოვდა, შეემოწმებია ექიმს და მისთვის შესაბამისი მკურნალობა ჩაეტარებიათ. მას მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს აძლევდნენ, რასაც მოგეხსენებათ დროებითი ეფექტი აქვს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ვერ აღმოფხვრის. მისი ორგზის თხოვნის მიუხედავად, არავინ ყურადღება არ მიაქცია, ამიტომ მესამედ უკვე საჩივარი დაწერა დაწესებულების ხელმძღვანელობაზე და უკვე მინისტრს მისწერა, რომ, მიუხედავად არაერთგზის მიმართვისა, დაწესებულების ხელმძღვანელობა ყურადღებას არ მაქცევსო. ამ საჩივრების გამო, დაწესებულების ხელმძღვანელობისთვის ის მიუღებელი პირი გახდა. პეტრე ოვანოვს აფრთხილებდნენ, თუ არ გაჩუმდებოდა, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

_ ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ თუ ინახულეთ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირი და ამჟამად თავს როგორ გრძნობს პატიმარი, ემუქრება თუ არა მის სიცოცხლეს საფრთხე?

_ მსჯავრდებულის ამჟამინდელი მდგომარეობა ჩემთვის უცნობია, ვინაიდან მას შემდეგ, რაც პეტრე ოვანოვის თხოვნით გავმართეთ ბრიფინგი და ციხეში მომხდარი შემთხვევა გავახმაურეთ, მან დამირეკა და მითხრა, რომ, ჩვენი შეთანხმების მიუხედავად, გავჩერებულიყავი. გამიჩნდა ეჭვი, რომ, შესაძლოა, მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ამას გარდა, ჩემს ეჭვებს ამყარებს რამდენიმე ფაქტი და რატომ:

ჯერ ერთი, როდესაც პეტრე ოვანოვს შევხვდი და ვისაუბრეთ,  დამავიწყდა, მისთვის ჩემი ტელეფონის ნომერი დამეტოვებია, რათა საჭიროების შემთხვევაში, როგორც მის ადვოკატს, დამკავშირებოდა. თუმცა,  ამის მიუხედავად, მან დამირეკა. ანუ, გამოდის, რომ ციხეში ვიღაცამ მისცა ჩემი ტელეფონის ნომერი და დაარეკინა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ პატიმარი მირეკავდა ერთი საათის განმავლობაში (ვინაიდან, მე სასამართლო პროცესზე ვიმყოფებოდი, ტელეფონს ვერ ვუპასუხე). არადა, როგორც წესი, დახურული ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდებულს მაქსიმუმ 5 წუთით აძლევენ ტელეფონზე დარეკვის უფლებას. წარმოიდგინეთ მსჯავრდებული, რომელიც ერთი საათის განმავლობაში დგას და ელოდება როდის უპასუხებენ მის ზარს. ციხის პირობებში ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია. მესამე: ვერ დავადასტურებ, რომ ტელეფონით მართლაც პეტრე ოვანოვს ველაპარაკე. არ არის გამორიცხული, მისი სახელით სხვა პირი დამკავშირებოდა და, ვინაიდან ოვანოვი მხოლოდ ერთხელ ვნახე, მისი ხმის იდენტიფიკაციას ვერ მოვახდენდი.

ამას გარდა, ჩვენ ვისაუბრეთ და პეტრე ოვანოვმა კარგად იცოდა, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ შესაძლო იყო მასზე ზეწოლის განხორციელება, მაგრამ განაცხადა, რომ ყველაფრისთვის მზად იყო და ბოლომდე იბრძოლებდა.

_ «ძალიან გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ყურადღება ჩემ მიმართ, რათა რაიმე იმედი და გარანტია მქონდეს ამ პიროვნებებისგან დასაცავად. მუქარის ასრულება ამათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, აქ არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რაც ამათ შეაჩერებს და დამიცავს. მოგმართავთ თხოვნით, რომ ეს ამბავი ეცნობოს ადამიანის უფლებების დაცვის ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს», _ წერს ოვანოვი ციხიდან გამოგზავნილ წერილში. როგორც მისი ადვოკატი, რა ბერკეტებს ფლობთ ამ ეტაპზე პატიმრის დასახმარებლად

_ სანამ პეტრე ოვანოვი დამირეკავდა და მეტყოდა, რომ გავჩერებულიყავი, მე უკვე პროკურატურაშიც მქონდა საჩივარი გაგზავნილი და მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ვითხოვ. ხათუნა კალმახელიძის სახელზეც მაქვს გაგზავნილი საჩივარი. ამას გარდა, საქმე გაგზავნილი მაქვს ყველა დიპლომატიური კორპუსისთვის და სახალხო დამცველიც ჩართულია ამ საქმეში. აღნიშნული ორგანოები ვალდებულნი არიან, დაუყოვნებლივ დაიწყონ ფაქტის გამოძიება.

  უახლოეს დღეებში ვაპირებ პატიმარ პეტრე ოვანოვის ნახვას და, თუ მას სურვილი ექნება, დავეხმარებით, მაგრამ, თუ მე, როგორც ადვოკატს, აცილება დამახვედრეს, მისი ნახვის უფლება აღარ მექნება და არ არის გამორიცხული, პეტრე ოვანოვი აიძულონ, ასე მოიქცეს.

_ შოთა თოლორდავა, ლევან ლეჟავა, გიორგი ფარჯანაძე, დიმა ჩხეიძემიუხედავად იმისა, რომ პატიმარი პეტრე ოვანოვი თავის წერილში ამ ადამიანებს პირდაპირ სდებს ბრალს, რა რეაგირება მოჰყვა მის წერილს თქვენ მიერ ჩამოთვლილი დაწესებულებებიდან ან ციხის ადმინისტრაციის მხრიდან?

_ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, გარდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს განცხადებისა. «ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებით შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, რომელიც შეურაცხყოფს როგორც პენიტენციალური სისტემის მოხელეებს, ასევე ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს», _ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. თუმცა ალოგიკურია სამინისტროს ეს განცხადება, ვინაიდან ჩვენ არ ვართ პოლიტიკური სუბიექტი, «სოლიდარობა უკანონო პატიმრებს» არასამთავრობო ორგანიზაციაა და, ამას გარდა, მე ადვოკატი ვარ, ანუ არანაირი კავშირი არ გვაქვს პოლიტიკასთან. ამის მიუხედავად, სამინისტრო სპეციალურად ცდილობს, ეს შემთხვევა პოლიტიკას დაუკავშიროს. ამას გარდა, სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, თუ გაუპატიურების შემთხვევა ამა წლის 24 თებერვალს მოხდა, რამდენიმე თვის დაგვიანებით რატომ გახდა ჩვენთვის ცნობილიო. არადა, წერილი მხოლოდ იმიტომ მოვიდა ჩვენამდე დაგვიანებით, რომ ოვანოვმა მისი ციხიდან გამოგზავნა ვერ მოახერხა, ვერავის ანდო, რადგან აღნიშნული წერილი რომ ციხის ადმინისტრაციას ჩავარდნოდა ხელში, ხომ წარმოგიდგენიათ, პატიმარი რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მსჯავრდებული გათავისუფლდა, მან მოახერხა და გამოატანა წერილი. პეტრე ოვანოვი აცხადებს, რომ ის შეძლებს, დაამტკიცოს, რომ გააუპატიურეს. ასე რომ, კალმახელიძის განცხადება სიცრუეა.

ამას გარდა, პატიმარს ადანაშაულებენ, რომ მან გენერალურ ინსპექციას არ მიმართა რეაგირებისთვის. არადა, ამას აზრი არ ჰქონდა. დაწესებულების დირექტორს რომელი გენერალური ინსპექციის თანამშრომელი დაიჭერდა და პატიმარიც უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

პროკურატურაშიც გვაქვს საჩივარი გაგზავნილი და არც კი დაურეკავთ, რომ გამოეკითხათ საქმის დეტალები, არც დაინტერესებულან. არადა, ეს ფაქტი ხომ სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.

_ რას ყვებიან პატიმრები, წამების რა მეთოდებს მიმართავენ ციხის თანამშრომლები?

_ გაუპატიურების ფაქტები, დარწმუნებული ვარ, ბევრია, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, პატიმრებს არ სურთ, ინფორმაცია საჯარო გახდეს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. ეგ რა არის, სხვა არაკაცური მეთოდების მთელი არსენალი ჰქონდათ. პატიმრებს ტუალეტში არ უშვებდნენ და ხალხს ქვეშ აჯმეიებდნენ.მათი პატიება არ არსებობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here