«კავკასიის ჰელსინკის ჯგუფი» კვლავ დაფუძნდა საქართველოში. ნიშნავს თუ არა ახალი ორგანიზაციის დაარსება ქვეყანაში ე.წ. ოპოზიციური მესამე ძალის ამოქმედებას და ასევე ორგანიზაციის მიზნებსა და მიმართულებებზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებაზე «კავკასიის ჰელსინკის ჯგუფის» ერთ-ერთი ლიდერი, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გვესაუბრება.
_ ბატონო შალვა, ქვეყანაში უამრავი არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაცია მოქმედებს, თუმცა ისინი ქვეყანაში არსებული ვითარების შეცვლას ვერ ახერხებენ. როგორ და რას შეცვლის «კავკასიის ჰელსინკის ჯგუფი»?
_ «კავკასიის ჰელსინკის ჯგუფი» საქართველოს ეროვნულმა გმირებმა _ მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ 1976 წელს დააფუძნეს. მთელ მსოფლიოში ჰელსინკის ჯგუფები ყველაზე ძველ და ძლიერ უფლებადამცველ ორგანიზაციებად ითვლებიან და სერიოზულ ზეგავლენას ახდენენ ამა თუ იმ ხელისუფლების საქმიანობაზე. ჩვენი ორგანიზაცია ორი მთავარი მიმართულებით _ ადამიანის უფლებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით იმუშავებს. ვიღაცები, მაგალითად, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკუთარ თავს, მართალია, უწოდებენ ლიბერალ-დემოკრატებს, მაგრამ ლიბერალურ-დემოკრატიულ იდეალებს არ ასრულებენ. გიგა ბოკერიასაც რომ ჰკითხო, ლიბერალ-დემოკრატია. ლიბერალური დემოკრატიაა თავისუფალი არჩევნები, პატივს უნდა სცემდე სხვის მოსაზრებას, უნდა გქონდეს დემოკრატიული საარჩევნო კანონმდებლობა და ა.შ. გადახედეთ ტელევიზიას, ყველა გადაცემის ტელეწამყვანი ან ვიღაცის ცოლია, ან რძალი. ბიზნესშიც იგივე ვითარებაა, იქაც ხელისუფალთა დები, ძმები და ნათესავები არიან. ჩვენ გვითხრეს: აი, არსებობს ელიტა, დანარჩნებები არაფრად ვარგიხართო. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება არ გაგაჩნიათო. ეს არის ლიბერალ-დემოკრატია? ეროვნულობა კი უკვე საგინებელ-სალანძღავ სიტყვად იქცა. არადა, ჩვენისთანა მცირე ერებისთვის ეროვნული ინტერესების დაცვა აუცილებელია._ იდეა თავისთავად კარგია, მაგრამ როგორ აპირებთ მიზნის მიღწევას? იქნებით თუ არა უფრო რადიკალურები?
_ არანაირ რადიკალიზმზე საუბარი არ არის. პირიქით, ეს არის მიმდინარეობა, რომლის მსოფლმხედველობაც ძალიან მშვიდობიანია. თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ ერთი ან ორი ოფისი აქვთ რეგიონებში და მათი მიზანია მოიპოვონ ინფორმაცია, გააკეთონ გარკვეული დასკვნები და შემდეგ გაავრცელონ, ჩვენი მუშაობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. საქართველოს ყველა ქალაქში გვექნება ჩვენი წარმომადგენლობები. ასევე ამოქმედდა საზღვარგარეთთან ურთიერთობის სამსახური, რომელიც უკვე შეუდგა მუშაობას. მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ დააკავეს სანდრო გირგვლიანის ხსოვნის აქციის მონაწილეები და მსოფლიოში მოქმედ ჰელსინკის ჯგუფებს ჩვენ უკვე ვაცნობეთ ამ ფაქტის შესახებ. მთელ მსოფლიოს მივაწვდით ინფორმაციას, რა ხდება ქვეყანაში. უახლოეს მომავალში, ასევე ვგეგმავთ გაეროში, ევროკავშირში შეხვედრებს საარჩევნო თემატიკასა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა საპროტესტო აქციების ჩატარებასაც არ გამოვცრიხავთ. ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის ნებისმიერი მეთოდი, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, ჩვენთვის მისაღები იქნება.
_ როგორც იურისტი, ფიქრობთ, რომ არსებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ოპოზიციას აქვს არჩევნების მოგების შანსი?
_ ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობას პირდაპირ უთხრა, რომ თქვენი არჩევანი არ მაინტერესებსო, ვინაიდან, აღნიშნული საარჩევნო კანონმდებლობა ფაქტობრივად გამორიცხავს ადამიანების აქტიურ მონაწილეობას არჩევნებში. წარმოიდგინეთ, არჩევნების დროს, რომელიმე პარტიის წარმომადგენელს, გაჭირვებულ ქვეყანაში ადამიანურად რომ შეეცოდოს ვინმე და დაეხმაროს, თუნდაც ერთი ყუთი მანდარინი აჩუქოს, ამას შეიძლება 7 წლით მისი თავისუფლების აღკვეთა მოჰყვეს. ხოლო ვისაც აჩუქა, ის სამი წლით დააპატიმრონ.
მართალია, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ საკუთარ კრიტიკულ მოსაზრებებს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ხვდებიან პავლე კუბლაშვილს, იგზავნება დოკუმენტები საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი ბუნება? უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. სამართლიანი არჩევნების პირობებში სააკაშვილი წააგებს ივანიშვილთან, მაგრამ საკითხავია: რამდენად ობიექტურად დაითვლება ხმები? თუ დიდი ეროვნული თანხმობა არ შედგა, არსებული კანონმდებლობის პირობებში ოპოზიციის გამარჯვება წარმოუდგენელია. ოპოზიცია დამარცხებისთვისაა განწირული.
_ «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» კანონმდებლობაში განხორციელებული ახალი ცვლილების თანახმად, პოლიტიკურ გაერთიანებებს რეკლამისთვის დამატებითი თანხები გამოუყვეს. რას შეცვლის ეს?
_ არაფერს. არ ვიცი, სიმართლეა თუ არა, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას 7 მილიარდი აქვს არჩევნებისთვის. ანუ, რა თანხაც არ უნდა ჰქონდეს ოპოზიციურ ძალას, ის მას მაინც ვერ დახარჯავს და, ფაქტობრივად, დამარცხებისთვისაა განწირული.
_ საიდან აქვს ეს თანხა ხელისუფლებას?
_ ეს არის ელიტარული კორუფციის შედეგად, უკანონოდ მოპოვებული თანხა, მაგალითად, იმ ფონდებიდან, რომლებიც იქმნება ახლა, ვითომ ოპერის გასარემონტებლად და ა. შ.
როცა ადამიანს კრიტიკა არ ესმის, არსებობს ტირანიასთან ბრძოლის უამრავი მეთოდი, თუნდაც საპროტესტო აქციები, რომელთა მეშვეობითაც უნდა აიძულო ხელისუფლება, გადადგას ხალხისთვის სასარგებლო ნაბიჯები. შეიძლება ეს სულაც იმპროვიზებული აქციები იყოს, მე არ ვამბობ, რომ 26 მაისი უნდა განმეორდეს. ხელისუფლებას საშუალება არ უნდა მივცეთ, ასე მოიქცეს. ხელისუფლებაზე პოლიტიკური პრესინგი უნდა გაძლიერდეს.
კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში და მარტო მოთხოვნების გზავნით, რომ ევროპამ გვიშველოს, არაფერი შეიცვლება. ევროპამ იმდენი ომი გამოიარა, ცდილობს, რაიმე კონფლიქტი მის ტერიტორიაზე არ გადავიდეს და, მის გარეთ რაც მოხდება, კი ბატონო, აღშფოთდება, შეშფოთდება და ყველაფერი ამით დასრულდება.
_ შემოთავაზების შემთხვევაში თუ აპირებს თქვენი ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას და რამდენად ემთხვევა თქვენი და მის გარშემო კოალიციაში გაერთიანებული რესპუბლიკელებისა და «თავისუფალი დემოკრატების» პოლიტიკური იდეოლოგია?
_ რომ გითხრათ, რესპუბლიკელების პოლიტიკური იდეოლოგიით აღფრთოვანებული ვარ-თქო, ტყუილი იქნება. ამ ხალხს ნაკლებად აღელვებს ეროვნული საკითხები. აცხადებენ კიდეც, რომ ისინი არიან ლიბერალურ-დემოკრატიული იდეების მიმდევრები, ანუ გამოდის, დღეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების იდეოლოგიის მიმდევრები არიან.
ალასანიას რაც შეეხება, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს თავისი ისტორია. როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა, გახსოვთ, მიმდინარეობდა დებატები _ უნდა მიგვეღო თუ არა მასში მონაწილეობა არსებული კოდექსით. ადვოკატებმა ათი პუნქტი შევიმუშავეთ, მოვიწვიეთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და შევთავაზეთ ეს ათი პუნქტი, ყველა დაგვეთანხმა, ამ კოდექსით არჩევნებში მონაწილეობის მიღება ჩვენს წაგებას ნიშნავსო. ჩვენ, ადვოკატებმა, ამის გამო შიმშილობაც კი დავიწყეთ. ზუსტად ორ კვირაში გაიმართა არჩევნები, ოპოზიციამ წაააგო და მეტიც, ხელისუფლებას, რომელმაც გააყალბა არჩევნები და დაგვცინა, ირაკლი ალასანიამ გამარჯვება მიულოცა. ასეთი ფაქტების მიუხედავად, მზად ვართ, მათთან ვითანამშრომლოთ.
არ ვგულისხმობ ივანიშვილს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც უკვე ოპოზიციაშივე ტირანულ ნიშან-თვისებებს ავლენენ. მაგალითად, ზოგიერთი რესპუბლიკელი ზემოდან გადმოჰყურებს ხალხს და დამრიგებლური ტონით საუბრობს.
ნაციონალურ არხებზე გადართავ _ სააკაშვილია, გადმორთავ «მაესტროზე» – თინა ხიდაშელი. ამ მხრივ ალასანიას ფრთა გაწონასწორებულია.
_ სააკაშვილისა და ობამას შეხვედრას როგორ შეაფასებთ?
_ თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილს ობამა არჩევნებზე სასაუბროდ ხვდება, პოლიტიკისგან შორს არის. ეს შეხვედრა ირან-ამერიკისა და ნატოს ომს უკავშირდება. ბუნებრივია, ამერიკას პლაცდარმი სჭირდება და ამისთვის საქართველოს გამოიყენებს. რეგიონებში ამდენი საავადმყოფო რატომ შენდება რა გგონიათ? ეს გათვლილია ამერიკელი ჯარისკაცების პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. შეიძლება ისეთ საფრთხეში აღმოვჩნდეთ, რომ მსოფლიო რუკიდან წაიშალოს საქართველო. ამერიკამ შეიძლება მოუგოს ირანს ომი, მაგრამ ამას საქართველო შეეწირება, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება ამერიკელების ნების წინააღმდეგ არაფერს მოიმოქმედებს, სულაც რომ მთელი საქართველოს დანგრევა მოჰყვეს შედეგად, რადგან ამერიკელებისგან პოლიტიკური ზურგი სჭირდება. ასეთი ხელისუფლება კი ამერიკელებსაც აწყობთ; იმიტომ კი არა, რომ სააკაშვილი მოსწონთ, უბრალოდ, საქართველო სჭირდებათ.
_ მობილური ტელეფონის აბონენტებისთვის 20-თეთრიანი ტარიფის დაწესება რამდენად კანონიერი ქმედება იყო ხელისუფლების მხრიდან?
_ საინტერესო საკითხია. სხვათა შორის, 26 მაისის წინ გადასახადები იზრდებოდა. ბუნებრივად გაჩნდა კითხვა: რა სურს ხელისუფლებას? ხელისუფლება შეგნებულად აღიზიანებს ხალხს, რათა ქუჩაში გამოვიდეს, რომ დაარბიოს, დააშინოს და ისე მოიქცეს, რომ არჩევნების თავიც აღარ ჰქონდეს. ახლაც ასე იქცევა.
თუ ვისაუბრებთ, რამდენად კანონიერი იყო ეს ქმედება, ხელისუფლება, კარგა ხანია, გასულია სამართლებრივი სივრციდან.
_ ციხეებში არსებულ ვითარებას გამუდმებით აპროტესტებენ უფლებადამცველები, თუმცა მინისტრი და ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
_ ციხეებში აბსოლუტური განუკითხაობაა. არის ცემისა და წამების ფაქტები. აპრობირებული მეთოდები შემოიღეს: პატიმრებს აწამებენ დენით, მათ აშიშვლებენ, ზამთარში ცივ ოთახში აგდებენ და ცივ წყალს ასხამენ. პატიმრებს უხარისხო საკვებს აძლევენ და ეუბნებიან: თუ არ მოგწონთ, აი მაღაზია და იყიდეთო. წარმოიდგინეთ, პატიმარმა, რომელსაც არავინ ჰყავს, რა უნდა ქნას? პატიმრების მკურნალობის საკითხი აბსოლუტურად იგნორირებულია. სასწაული უნდა გააკეთოს ადვოკატმა, რომ მის პატიმარს უმკურნალონ.
ხათუნა კალმახელიძე თავის კარიერას საბრალდებო სკამზე დაასრულებს. ახალაია მასთან შედარებით ანგელოზი იყო. თან, როგორც ჩანს, ის თავად ვერ აკონტროლებს სიტუაციას და არც სურს, გააკონტროლოს.
მერაბ ჯღამაძე, ირაკლი გულდედავა, ზურაბ ხარშილაძე, უამრავი პატიმარი შემიძლია ჩამოგითვალოთ, რომლებიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან. აღარაფერს ვამბობ უკანონო განაჩენებზე, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები სხედან ციხეებში.
ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რად უნდა ხელისუფლებას ამდენი პატიმარი, რომელთა შენახვაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული? მაგრამ თუ საქმეს კარგად გავეცნობით, მივხვდებით, რომ, რაც მეტი პატიმარია, მეტი შემოსავალი აქვს ხელისუფლებას, ყველაფერი ფასიანია ციხეში _ პაემნები, ტელეფონი. ამას გარდა, ხალხის ტერორი ტირანიის რეჟიმის კლასიკური მაგალითია.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი