ციხეებში არსებულ მდგომარეობასა და ზოგადად ადამიანის უფლებების დარღვევის ბოლოდროინდელ ფაქტებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი.
_ ბატონო გელა, 2011 წელი, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, საქართველოში ძალიან მძიმე იყო და ეს უკვე აისახა კიდეც სხვადასხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ დასკვნებში. რა ტენდენციით დაიწყო 2012 წელი და რამდენად დაცულია დღეს ადამიანის უფლებები შარშანდელთან შედარებით, ვთქვათ, იმავე სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში?
_ სამწუხაროდ, ეს წელიც დაიწყო არანაკლებ მძიმე მდგომარეობით, ვიდრე იყო შარშან და, როგორც ჩანს, მთელი წელი, არჩევნებამდე, გაგრძელდება იმ ნიშნით, რომ ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად შეზღუდოს თავისი ოპონენტები. ეს ტენდენცია უკვე ნათლად ჩანს და, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დიდი ხანია, ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ.
რაც შეეხება ციხეებში არსებულ მდგომარეობას, ამ კუთხით აქ უკვე კატასტროფული ვითარებაა. ამას მოწმობს იმავე ციხის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული მონაცემი, რომლითაც საქართველო ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა ასი ათას მოსახლეზე პატიმართა რაოდენობის მიხედვით. ეს მონაცემები ყოველწლიურად ქვეყნდება და შარშანდელთან შედარებით ჩვენი მდგომარეობა ბევრად გაუარესებულია, ანუ შარშან თუ გვისწრებდა რუსეთი და ვიმყოფებოდით მეორე ადგილზე, წელს უკვე ჩვენ ვუსწრებთ მას; მსოფლიოში კი მეორე ადგილზე ვართ, აშშ-ის შემდეგ.აი, ეს არის შედეგი, რომელიც მივიღეთ ამ ხელისუფლების სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის შედეგად, რაც, მოგეხსენებათ, თავიდანვე ეფუძნებოდა ნულოვან ტოლერანტობას და ტიპური რეჟიმისთვის, ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელ სიმკაცრეს…
_ კონკრეტულად რამდენი პატიმარია დღეს საქართველოში?
_ ციხის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ ასი ათას მოსახლეზე ჩვენთან ხუთას ოცდაცხრამეტი (539) მსჯავრდებული მოდის და თანაც ეს რიცხვი აღებულია ოთხი მილიონ ცხრას ოთხმოცდაათი მცხოვრებლიდან, სინამდვილეში კი დღეს საქართველოში გაცილებით ნაკლები მოსახლეობაა და აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, სააკაშვილი უკვე მსოფლიო ჩემპიონია პატიმართა რაოდენობით.
რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, დღეის მდგომარეობით, ჩვენს საპყრობილეებში ოცდახუთი ათასამდე მსჯავრდებულია და მათი რაოდენობა, პრაქტიკულად, დღითიდღე იზრდება. 2004 წელს კი, როცა სააკაშვილი მოვიდა, ეს რიცხვი სულ რაღაც შვიდი ათას რვაასს (7800) შეადგენდა, ანუ რეალურად გვაქვს ასეთი სურათი: ამ ხელისუფლების სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის შედეგად პატიმართა რაოდენობა თითქმის სამ-ნახევარჯერ გაიზარდა… რამდენად დემოკრატიულია ეს და ჯდება თუ არა იგი რაიმე ცივილიზებულ ჩარჩოებში, მე ამ შეფასებისგან თავს შევიკავებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ყველაფერს, უბრალოდ, დემოკრატიასთან და ზოგადად დემოკრატიულ ღირებულებებთან არაფერი აქვთ საერთო…
_ იმ ფაქტს, რომ პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მოწინავე ადგილზე ვართ, ხელისუფლება საკუთარი პიარისთვის იყენებს. ამ ყველაფერს იმით ხსნიან, რომ თურმე სამართალდამცავი სტრუქტურები კარგად მუშაობენ.
_ ამ ლოგიკას თუ გავყვებით, გამოდის, რომ ევროპაში, სადაც დაახლოებით ასი, ოთხმოცი, სამოცდაათი პატიმარია ასი ათას მოსახლეზე, თურმე კრიმინოგენული სიტუაცია საშინლად მძიმეა და საქართველოში ყველაფერი კარგად ყოფილა. ეს ხომ სისულელეა! ვინმე იტყვის, რომ აქ უფრო მეტი წესრიგია, ვიდრე, ვთქვათ, ლიხტენშტეინში, სადაც მხოლოდ ცხრამეტი პატიმარი მოდის ასი ათას მოსახლეზე?..
წარმოიდგინეთ, ოცდახუთი ათასამდე მსჯავრდებულია, ფაქტობრივად, სამმილიონიან ქვეყანაში, დაახლოებით ამდენივე პრობაციონერი გვყავს და თან კიდევ გვეუბნებიან, რომ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი 45-46%-ია, ანუ ნახევარზე ნაკლები, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ მეორე ამდენი დანაშაულია გაუხსნელი. რა გამოდის: მთელი ერი ყოფილა რაღაც დანაშაულებრივი მასა, რომელიც ჩაფლულია კრიმინალში; ანუ ამათი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მთლიანად ქვეყანას უნდა შემოერტყას ერთი დიდი გალავანი და სრულიად საქართველოს ეწოდოს საპყრობილე…
_ თქვენ თქვით, რომ, პატიმართა რაოდენობის მიხედვით, აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. გამოდის, სააკაშვილი ფეხდაფეხ მისდევს თავის ოკეანისგაღმელ მფარველს, რომლის დემოკრატიულობაშიც, სხვათა შორის, ეჭვი არავის ეპარება.
_ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამერიკული დემოკრატია მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროპულისგან და ეს განსხვავება მეტად ფუნდამენტურ პრინციპებში მდგომარეობს. მათი პენიტენციური სისტემა, ევროპულთან შედარებით, ბევრად უფრო მკაცრია, პატიმართა მიმართ მოპყრობაც ნაკლებად ჰუმანური აქვთ და, რაც მთავარია, აშშ არის ქვეყანა, სადაც, განსხვავებით ევროპისგან, მოქმედებს სიკვდილით დასჯა. მეტიც, ზოგიერთ შტატში სასჯელის ეს ფორმა დადგენილია არასრულწლოვანებზეც…
როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებისთვის მართლაც სამაგალითოა ეს ყველაფერი და ეტყობა, ესენი უკვე ეჯიბრებიან კიდეც ამერიკას სიმკაცრეში. ამიტომაა დღეს ჩვენი სისხლისამართლებრივი პოლიტიკა ასეთი არაჰუმანური და შეუსაბამო იმ ფასეულობებთან, რასაც ჭეშმარიტი დემოკრატიული ფასეულობები ჰქვია.
_ ალბათ, ამიტომაა, რომ ამერიკელი დიპლომატებისგანაც იშვიათად ისმის ხოლმე კრიტიკა ამ რეჟიმის მისამართით.
_ ცხადია. აბა, როგორ წარმოგიდგენიათ, რომელიმე ამერიკელმა სახელმწიფო მოხელემ სააკაშვილი გააკრიტიკოს იმის გამო, რომ პატიმართა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ, თვითონ პირველზე არიან; მათი მხრიდან ეს თვითკრიტიკა უფრო იქნება, ვიდრე სხვისი. ასე რომ, ხელისუფლებას ეს პრობლემა ნამდვილად არ აქვს _ სააკაშვილს, დიდი ხანია, ამერიკისგან მწვანე შუქი აქვს ანთებული…
_ პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზეც? ჩვენთან ხომ მსგავსი ფაქტები ძალიან ხშირია?
_ «ძალიან ხშირი» რბილად ნათქვამია, ეს არის ყოველდღიურობა, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ჩვენს სინამდვილეში.
თავში ჩარტყმა, დედის გინება, პანღურის ამორტყმა, იქ უკვე არავის უკვირს და თვითონ პატიმრებიც იმდენად მიეჩვივნენ ამას, რომ მათშიც კი ეს ყველაფერი პროტესტს ნაკლებად იწვევს; ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, პატიმარი დღეს, ფაქტობრივად, ადამიანად არ აღიქმება საქართველოში და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, თვითონ მსჯავრდებულებსაც უკარგავენ იმის განცდას, რომ ისინი ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები არიან…
აი, ეს არის ამ ხელისუფლების ლიბერალური პოლიტიკა, რომელიც თურმე ორიენტირებულია იმაზე, რომ ქვეყანაში მშვიდობა და წესრიგი იყოს…
_ ძირითადად რა მიზეზით აყენებენ ხოლმე მსჯავრდებულებს შეურაცხყოფას?
_ ელემენტარული რამის გამოც კი, ვთქვათ, თუ ე. წ. პრაგულკის დროს პატიმარს უკან არ ჰქონდა ხელები დაწყობილი ან შეიძლება თვალებში შეხედა ზედამხედველს ისე, რომ მას ეს გამოხედვა არ მოეწონა და ა.შ. ასევე იყო შემთხვევა, როცა მსჯავრდებულებს საწოლქვეშ უბრძანეს შეძრომა, ხოლო ვინც ბოლოს შეძვრა, გააშიშვლეს, აგინეს და დემონსტრაციულად სცემეს. მოკლედ, ათასგვარი ფორმითა და მეთოდით ხდება ამ ადამიანების დამცირება და, როგორც გითხარით, ამან უკვე დიდი ხანია, ყოველდღიური სისტემატური ხასიათი მიიღო. შეიძლება ითქვას, ეს არის ერთადერთი ფორმა, რითაც ციხის ადმინისტრაცია და მთლიანად სასჯელაღსრულებითი სისტემა ურთიერთობს პატიმრებთან…
_ კონკრეტული პატიმარი თუ შეგიძლიათ დაასახელოთ, რომლის მიმართაც მსგავს მოპყრობას ჰქონდა ადგილი?
_ გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს, ფაქტობრივად, არ არსებობს მსჯავრდებული, რომლის მიმართაც თუნდაც ერთხელ მაინც არ ყოფილიყო მსგავსი ზეწოლა განხორციელებული, მაგრამ მათი უმეტესობა ამაზე საუბარს, უბრალოდ, ვერ ბედავს. ერთადერთი პატიმარი, რომელიც ბოლოს ამაზე ალაპარაკდა, იყო კახა ბარათაშვილი და ისიც ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა; დანარჩენებს, ვიმეორებ, ენა აქვთ ჩაგდებული და ხშირად გვთხოვენ კიდეც უფლებადამცველებს, რომ არ გავახმაუროთ მათი ამბავი. ჩვენც, ბუნებრივია, ვერიდებით ამ ადამიანების დასახელებას, რადგან, კაცმა არ იცის, ამას რა შეიძლება მოჰყვეს თვითონ მსჯავრდებულისთვის.
_ მაინც რა უნდა მოჰყვეს, რა შეიძლება დამართონ პატიმარს, რომელიც თავის პრობლემებზე საჯაროდ ისაუბრებს?
_ იმავე კახა ბარათაშვილის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ამით მსჯავრდებულის სიცოცხლეც კი შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხეში. ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც კანონი, ფაქტობრივად, პარალიზებულია, ამიტომ პატიმარი, რომელიც ციხეშია და ისედაც ვერ სარგებლობს სრულუფლებიანობით, ბუნებრივია, ათმაგად დაუცველია, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მისი ბედი ბეწვზე კიდია.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია