Home რუბრიკები საზოგადოება მეუფე გერასიმე: ხელისუფლება რუსეთში პატრიარქის ვიზიტის თაობაზე ინფორმირებული იყო

მეუფე გერასიმე: ხელისუფლება რუსეთში პატრიარქის ვიზიტის თაობაზე ინფორმირებული იყო

1120

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს რუსეთში ვიზიტსა და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, წმინდა სინოდის წევრი, მეუფე გერასიმე (შარაშენიძე) გვესაუბრება.

_ მეუფე გერასიმე, თქვენ რუსეთში ვიზიტის დროს თან ახლდით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. როგორ შეაფასებთ აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას, რამდენად აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის პატრიარქის შეხვედრები რუსეთის უმაღლეს სასულიერო თუ საერო თანამდებობის პირებთან?

_ მოგეხსენებათ, უწმინდესი მოსკოვში ბრძანდებოდა სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის მიწვევით, სადაც მან მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელსაც ესწრებოდნენ სხვა ქვეყნების მღვდელმთავრები და დელეგაციების ხელმძღვანელები. წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში საქართველოს პატრიარქმა პირველად აღავლინა წირვა-ლოცვა. ამას გარდა, ის შეხვდა რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, ქართველ დევნილებს.

ალბათ, ვიზიტის მნიშვნელობა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, მაგრამ, რადგან პატრიარქმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და მას ეკლესიამაც მხარი დაუჭირა, ვფიქრობ, ეს უკვე ნიშნავს, რომ აღნიშნული ვიზიტი აუცილებელი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, დღეს რუსეთთან არანაირი კავშირი არ არსებობს _ არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური, არც კულტურული. შესაბამისად, პატრიარქს ჰქონდა საშუალება, გამოეხატა ჩვენი ქვეყნის პოზიცია. მან შეახსენა რუსეთის პრეზიდენტს დევნილების დაბრუნების საკითხი და მედვედევმა განაცხადა, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ._ თქვენ როგორ გესახებათ აფხაზეთთან კავშირის აღდგენა და დევნილების დაბრუნების საკითხის მოგვარება?

_ ჩვენ ვცდილობთ, ეს კავშირი არ გაწყდეს, ვინაიდან აფხაზები ჩვენი სისხლი და ხორცი არიან, აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი განუყოფელი ნაწილია. საქართველო არასდროს შეეგუება, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო მისი ნაწილი არ იყოს და საქართველოს ეკლესია, რუსეთში იქნება ეს, საბერძნეთში თუ სხვა ქვეყნებში, ყველგან ეცდება, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.

მართალია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიას დროებით ვერ აკონტროლებს საქართველო, მაგრამ მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლური ეკლესია აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს ეპარქიის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს და ვფიქრობ, აღნიშნული ტერიტორიების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაც მოხდება. ვინაიდან კარგად ვხედავთ, რომ მსოფლიოს არც ერთი წამყვანი ქვეყანა არ სცნობს მათ დამოუკიდებლობას.

_ უწმინდესი რუსეთში ამჯერად ახალი ტიტულატურით _ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის რანგში იმყოფებოდა. რუსი მღვდელმთავრები, რომლებიც აქამდე არ აღიარებდნენ მის ახალ ტიტულატურას, როგორ შეხვდნენ პატრიარქს?

_ ასე არ ყოფილა. როდესაც ღვთისმშობლის ტაძრის საძირკვლის კურთხევა მიმდინარეობდა, საქართველოში იმყოფებოდა მთავარეპისკოპოსი თეოგნოსტი, რომელმაც უწმინდესი სრული ტიტულით მოიხსენია.

_ პატრიარქის რუსეთში ვიზიტს საქართველოში საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთები საპროტესტო აქციის გამართვასაც აპირებდნენ, ასევე ოზურგეთში ტაძრის ეზოში პატრიარქის საწინააღმდეგო პლაკატები გაჩნდა. რას უნდა მივაწეროთ ეს ფაქტები, იქნებ საზოგადოებას არ ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ?

_ არ ვიცი, ვერ გეტყვით, პატრიარქის ვიზიტის შესახებ, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე საზოგადოებისთვის წინასწარ ცნობილი იყო. როდესაც პატრიარქი ქვეყნის გარეთ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასასწრებად მიემგზავრება, როგორც საპატრიარქოს, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ის ყოველთვის საქმის კურსში აყენებს. უნდა წასულიყო თუ არა პატრიარქი, ეს არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პატრიარქი პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარ თავზე ვერ აიღებს.

_ ანუ ეს ვიზიტი ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო?

_ შეთანხმებული არა, უფრო სწორი ფორმულირება იქნება თუ ვიტყვით, რომ ხელისუფლება რუსეთში პატრიარქის ვიზიტის თაობაზე ინფორმირებული იყო. ქვეყნის პატრიარქს არ სჭირდება შეთანხმება, სად წავიდეს. ხელისუფლებამ ამ ვიზიტის შესახებ იცოდა და, თუ ხედავდა, რომ არ იყო მიზანშეწონილი პატრიარქის გამგზავრება, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს უნდა ეთქვა.

_ რატომ გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება, რომ უჭირთ პატრიარქის ვიზიტის შეფასება, თუკი ხელისუფლება თანახმა იყო, პატრიარქი რუსეთში გამგზავრებულიყო?

_ ნამდვილად არ ვიცი, ეს, ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ, რატომ მოხდა ასე. როდესაც მიბრძანდება პატრიარქი, არ არის ვალდებული, სახელმწიფოსგან გამოითხოვოს ნებართვა. რაც მთავარია, ხელისუფლებას ინფორმაცია ყოველთვის აქვს, თუ სად მიემგზავრება პატრიარქი. ეს არ ეხება მხოლოდ რუსეთში ვიზიტს, ნებისმიერ ქვეყანაში გამგზავრებისას ასეა.

_ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის ეკლესია ჯვაროსნულ ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. როგორ შეხვდნენ რუსი მღვდელმთავრები ქართველ სასულიერო პირებს?

_ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობს. როდესაც მართლმადიდებლურ ეკლესიაში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მიმდინარეობს, პატრიარქის აზრს ყოველთვის დიდ პატივს სცემენ და ითვალისწინებენ. ასევე მოხდა, მაგალითად, როდესაც საკითხი შეეხო მსოფლიოში დიდი კრების მოწვევას. როცა საქართველოს პატრიარქის შეხედულებებით დაინტერესდნენ, მან ბრძანა, რომ, სანამ ყველა საკითხი შესწავლილი არ იქნება, ამ კრების მოწვევა არ შეიძლებაო და სხვა ქვეყნის პატრიარქებიც დაეთანხმნენ, ვინაიდან აღნიშნული კრება მართლმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტის ასამაღლებლად უნდა მოვიწვიოთ და არა პირიქით… ჩვენს პატრიარქს ყველგან გამორჩეული პატივისცემით ხვდებიან.

_ მეუფე გერასიმე, თქვენ მსოფლიო საეკლესიო კრება ახსენეთ. ზოგიერთი სასულიერო პირი საქართველოში ახალი საეკლესიო კრების მოწვევის საჭიროების შესახებაც საუბრობს, რომელიც ახალ რუის-ურბნისის კრებად უნდა იქცეს. თუ განიხილება ეს საკითხი საპატრიარქოში?

_ ამგვარი კრებები გარკვეული დროის განმავლობაში მზადდებოდა. ჯერ უნდა დამუშავდეს განსახილველი საკითხები. რუის-ურბნისის კრების შემდეგ რამდენიმე საუკუნე გავიდა და ათეულობით წლები შეიძლება დასჭირდეს განსახილველი საკითხების მომზადებას. მაგალითად, მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, 1968 წლიდან მზადდება. ის საკითხები, რომლებიც წლების წინ აქტუალური იყო, დღეს აღარ არის მნიშვნელოვანი, ახლა წინა პლანზე, ბუნებრივია, სხვა საკითხები წამოიწია. ამიტომ განსახილველი თემები აქტუალური უნდა იყოს იმ დროისთვის, როცა კრება ჩატარდება.

საქართველოში ჯერჯერობით ამგვარი კრების მზადების პროცესი არ მიმდინარეობს, თუმცა გარკვეულ საკითხებს, რომელიც ქვეყანაში მოსახლეობისთვის აქტუალურია, საქართველოს ეკლესია განიხილავს. მაგალითად, ახლახან წმინდა სინოდის სხდომაზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სინოდმა ახალი, ე. წ. ჩიპიანი პასპორტების (ID ბარათების) შესახებაც იმსჯელა, ვინაიდან ეს საკითხი მოსახლეობას აწუხებს, და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთხელ შეისწავლის ამ საკითხს და საბოლოოდ მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოებას გააცნობს.

აქ ორი საკითხი უნდა იყოს მნიშვნელოვანი. პირველი _ რამდენად ემუქრება საშიშროება ჩვენს სარწმუნოებას, ვინაიდან, ზოგიერთები ბრძანებენ, რომ ეს არის ანტიქრისტეს ნიშანი და მეორე _ საკითხი უნდა განვიხილოთ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით: შეიძლება ვიღაცებს არ სურდეთ ამ პასპორტის აღება და ამგვარ შემთხვევაში, ალბათ, სახელმწიფომ მათ რაიმე ალტერნატივა უნდა შესთავაზოს.

_ მეუფე გერასიმე, როგორია პირადად თქვენი მოსაზრება ახალ პასპორტებთან დაკავშირებით?

_ ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ, სანამ წმინდა სინოდი გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, ჩემი მოსაზრების გამოთქმისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, თუმცა ერთს ვიტყვი: ვფიქრობ, საშიშროება გაზვიადებულია.

_ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ამოქმედდა სასულიერო პირთა ზნეობრივი ნორმების დარღვევათა შემსწავლელი კომისია. თუ განიხილა უკვე კომისიამ რომელიმე სასულიერო პირის საქმე და რამ გამოიწვია ასეთი კომისიის შექმნის აუცილებლობა, ეს ნიშნავს თუ არა გარკვეულწილად იმის აღიარებას, რომ უღირსი სასულიერო პირები ეკლესიის წიაღშიც არიან?

_ აღნიშნული კომისია განიხილავს სასულიერო პირთა მოქმედებას. კომისია უკვე მუშაობს და რამდენიმე საკითხიც განიხილა, მიიღეს გადაწყვეტილება სასულიერო პირთა ქმედებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს საჯარო არ არის.

_ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს: უნდა გამოცხადდეს თუ არა მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

_ მე ასე გავცემდი პასუხს ამ კითხვას: მას შემდეგ, რაც მეფე მირიანის დროს მართლმადიდებლობა საქართველოს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ეს არავის არ შეუცვლია და საწინააღმდეგო აქტი არ მიუღია, რომ მართლმადიდებლობა აღარ ყოფილიყო სახელმწიფო რელიგია. რამდენად არის დღეს ამის აუცილებლობა, რომ მართლმადიდებლობა ოფიციალურად სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს, სხვა საკითხია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის აუცილებლობა არ არის, ვინაიდან ის ურთიერთობა, რომელიც დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებობს, ორივე მხრიდან ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული და არც ერთი არ ერევა მეორის საქმიანობაში. ეს არის, ალბათ, ურთიერთობის იდეალური ფორმა. მოგეხსენებათ, კომუნისტების დროს არსებობდა ე. წ. რელიგიის საბჭოს მსგავსი ორგანიზაცია, რომელიც განიხილავდა სასულიერო პირების დანიშვნის საკითხებს, მიმდინარეობდა მათი ზნეობრივი საქციელის განხილვა და ის აქტიურად ერეოდა ეკლესიის საქმიანობაში. დღეს ასე აღარ არის, ეკლესია თავად იღებს გადაწყვეტილებებს და სახელმწიფო და ეკლესია არ ერევიან ერთმანეთის საქმიანობაში. რა თქმა უნდა, იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, ეკლესიაც ზრუნავს და ფიქრობს, ისევე, როგორც სახელმწიფო.

_ გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ მხარი დაუჭირეთ რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რასაც საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ქვეყანაში. თავიდან საპატრიარქო ამ კანონის წინააღმდეგი იყო, რა მოხდა შემდეგ, რატომ შეიცვალა თქვენი გადაწყვეტილება და იყო თუ არა აზრთა სხვადასხვაობა თავად სინოდის წევრებს შორის?

_ არც ერთმა ადამიანმა არ იცის, ვინ მისცა ამ კანონს წმინდა სინოდის წევრებიდან ხმა. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით იყოს, მაგრამ საკითხის გადაწყვეტა ხდება კენჭისყრით და სინოდმა გამოხატა თავისი დამოკიდებულება და ერთიანი პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. სინოდის პოზიცია იყო ერთსულოვანი, მაგრამ, სამწუხაროდ, წარმოჩინდა ისე, თითქოს ზოგიერთი მომხრე, ზოგიერთი კი წინააღმდეგი იყო, რაც, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ასე არ ყოფილა. არ მინდა ვინმეს დავაბრალო, მაგრამ ეს იყო ჟურნალისტების მიერ გაზვიადებული თემა. ფაქტი იყო, რომ ეკლესიას არაფრის შეცვლა აღარ შეეძლო, რამეთუ კანონპროექტი პარლამენტის მიერ უკვე მიღებული და პრეზიდენტის მიერ მოწონებული იყო. საპატრიარქო ვერაფერს შეცვლიდა. მოწვეული გვყავდა იურისტები, ვიმსჯელეთ და სინოდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

_ საპატრიარქო თავიდან წინააღმდეგი გახლდათ. ხომ არ იყო მისი აზრის შეცვლის მიზეზი ის ფაქტიც, რომ სინოდის სხდომაზე ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც მივიდნენ?

_ სინოდის სხდომა დახურულია და გამორიცხულია, მას, სინოდის წევრის გარდა, გარეშე პირი დაესწროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოწვეული შეიძლება იყოს პირი გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით.

_ თქვენ ჯვარი დასწერეთ ანა და დავით ბაგრატიონებს. საქართველოს ეკლესია მონარქიული წყობილების აღდგენის მომხრეა, თუმცა მონარქიას ჰყავს მოწინააღმდეგეები სერიოზული არგუმენტებით. გაამართლებს ჩვენს ქვეყანაში მონარქია, რის შეცვლას შეძლებს მეფე?

_ როდესაც პატრიარქმა ამის შესახებ ბრძანა, მას არ უთქვამს, რომ ქვეყანაში ხვალვე უნდა აღდგეს მონარქიაო. ჯერ საზოგადოება უნდა მომზადდეს ამისთვის, მოინახოს პიროვნება, ვინც შეძლებს მეფობას. პატრიარქს არ უთქვამს, რომ მაინც და მაინც ეს ადამიანები იქნებოდნენ მეფე და დედოფალი. უბრალოდ, ეს იყო იდეალური ვარიანტი, გამომდინარე ევროპული ქვეყნების გამოცდილებიდან, თუ როგორ აბალანსებს სამეფო დინასტია ქვეყანაში ფორმირებულ ურთიერთობებს ეკლესიას, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის.

რა თქმა უნდა, ამის განხორციელებას გარკვეული დრო დასჭირდება, რათა საზოგადოება ამისთვის მოემზადოს. ასევე, მოგეხსენებათ, თავად ბაგრატიონებს შორისაც აზრთა სხვადასხვაობაა, თუ რომელი შტო წარმოადგენს პირდაპირ მონარქიულ დინასტიას, ვინ არის ტახტის მემკვიდრე. ასე რომ, პატრიარქმა მხოლოდ გაახმოვანა ეს იდეა.

_ თქვენ წლების წინ ხელმძღვანელობდით საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკურ საბჭოს. დღეს ბევრს საუბრობენ სასულიერო პირთა ძვირფასეულობის შესახებ და ზოგიერთები ამის გამო სასულიერო პირებს მწვავედ აკრიტიკებენ. თქვენ, როგორც კომპეტენტური პირი, რას ფიქრობთ ყოველივე ამის შესახებ? რამდენად მართებულია, სასულიერო პირს ჰქონდეს ძვირფასეულობა?

_ ძალიან დიდი ხნის წინ ვხელმძღვანელობდი მე ამ საბჭოს. ეკლესიას არაფერი აქვს დასამალი, ჩვენი საქმიანობა გამჭვირვალეა. ის ფაქტი, რომ რომელიღაც სასულიერო პირს მანქანა ჰყავს, ბუნებრივია, რადგან მანქანა გადაადგილების ჩვეულებრივი საშუალებაა. თუმცა, რა თქმა უნდა, სასულიერო პირმა ძვირადღირებული ავტომობილით არ უნდა იაროს, ვინაიდან ეს უკვე ფუფუნების საგანია და სასულიერო პირს, მისი შემოსავლიდან გამომდინარე, რეალურად მისი შეძენის საშუალება არ აქვს. მაგრამ, თუ მას ჩუქნიან ძვირფას საჩუქარს, უკვე კონკრეტულ სასულიერო პირზეა დამოკიდებული: მიიღებს თუ არა შესაწირავს და ივლის თუ არა ძვირფასი მანქანით.

გავრცელებული თემაა და ბევრს საუბრობენ, მაგალითად, იმაზე, რომ ხელისუფლებამ საპატრიარქოს აჩუქა მანქანები, მაგრამ ეს იყო სახელმწიფოს მიერ გამოჩენილი კეთილი ნება. ამ საკითხზე პატრიარქთან ერთად იმსჯელეს სასულიერო პირებმა და მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება _ მიეღოთ ხელისუფლების საჩუქარი, ოღონდ ან ყველა სასულიერო პირი მიიღებდა მას, ან არც ერთი.

_ და ბოლოს, 2011 წელი იწურება. რას ეტყვით ჩვენი გაზეთის მკითხველებს, რით იყო ეს წელი სულიერი თვალსაზრისით გამორჩეული?

_ სულიერი თვალსაზრისით ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ჩვენს ირგვლივ. მაგალითად, წლის მიწურულს, 25 დეკემბერს, მოხდა ახალი ღვთისმშობლის ხატის _ “საქართველოს იმედის” კურთხევა. ხატი ქართველი ხალხის მიერ შემოწირული თანხებით დაიწერა და ჩვენი დიდი მადლიერების გამომხატველია ღვთისმშობლის მიმართ.

მინდა, ყველას მივულოცო შობა-ახალი წელი და ბედნიერება, ჯანმრთელობა ვუსურვო საქართველოს. დედა ღვთისმშობელი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი. დაე, ღმერთმა გაამთლიანოს საქართველო.

ესაუბრა

შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here