Home რუბრიკები საზოგადოება მეუფე სერაფიმე: უწმინდესის სურვილი, არ გაწყვიტოს ის მცირედი კავშირი, რომელიც დღეს გვაქვს...

მეუფე სერაფიმე: უწმინდესის სურვილი, არ გაწყვიტოს ის მცირედი კავშირი, რომელიც დღეს გვაქვს რუსეთის ეკლესიასთან, ნამდვილად სწორი და ბრძნულია

1046


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს რუსეთში ვიზიტის დიდ მნიშვნელობასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე წმინდა სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა) გვესაუბრება. _ მეუფე სერაფიმე, როგორ შეაფასებთ რუსეთისა და საქართველოს სულიერი ლიდერების შეხვედრას, რომელსაც საკმაოდ არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. რა დადებით შედეგებს შეიძლება ველოდოთ ამ შეხვედრის შემდეგ?

_ ჩვენი პატრიარქის ნებისმიერი ნაბიჯი და გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღებია და ჩემში არანაირი ეჭვისა და დაფიქრების საბაბს არ იწვევს. ბავშვობიდან ისე აღმზარდეს, რომ ჩვენი პატრიარქის (და მაშინ ჯერ კიდევ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის) ნებისმიერი ნაბიჯი, სიტყვა თუ ქადაგება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მისაბაძი და ავტორიტეტული იყო. სამწუხაროდ, დღეს საზოგადოების გარკვეულ, მცირე ნაწილში საპირისპიროს ვხედავ.

პატრიარქის რუსეთში ვიზიტს მე შევაფასებ როგორც აუცილებელს. უწმინდესის სურვილი, არ გაწყვიტოს ის მცირედი კავშირი, რაც დღეს გვაქვს რუსეთის ეკლესიასთან, ნამდვილად სწორი და ბრძნულია. არადა, პატრიარქის ვიზიტთან დაკავშირებით, რაც ამ დღეებში პრესაში ან ინტერნეტში წავიკითხე და ტელევიზიით მოვისმინე, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ამ გადაცემებში თუ პრესაში, ახალგაზრდები, თავს უფლებას აძლევენ განიკითხონ პატრიარქი, ადამიანი, რომელიც, ამდენი წელიწადია, ერის მამაა, არამარტო თანამდებობიდან, არამედ მისი დიდი ღვაწლიდან გამომდინარეც. ნიჭიერი, მაგრამ მწარე ენის მქონე თენგიზ გოგოტიშვილი კი თავის სიუჟეტში უტიფრად, თითქოს «კბენდა» პატრიარქს._ საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის საპატრიარქო კრემლის ფილიალად გამოაცხადა და ღიად დაადანაშაულა ის საქართველოს წინააღმდეგ ჯვაროსნული ომის წარმოებაში. მაშინ, როცა საქართველოს პატრიარქი საკმაოდ დაახლოებულია რუსეთის საპატრიარქოსთან, მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული განცხადება ნიშნავს თუ არა საპატრიარქოსა და ხელისუფლების დაპირისპირებას?

_ დაპირისპირება, ალბათ, უფრო თამამი სიტყვაა, მაგრამ პრეზიდენტის განცხადებაში მე საკუთარი აზრის გატანის სურვილს უფრო ვხედავ, ჩანს, რომ იგი არ ეთანხმება პატრიარქის ქმედებას. თანაც მე არ მიმაჩნია, რომ პატრიარქი დაახლოებულია რუსეთის საპატრიარქოსთან. პატრიარქი იქცევა ისე, როგორც საჭიროა. არსებობს საეკლესიო კანონიკა, რომელიც პიროვნულ ურთიერთობაზე არაა აგებული. თანამდებობის პირი ზოგჯერ პირადი ემოციით კი არ უნდა მოქმედებდეს, არამედ იმას აკეთებდეს, რაც ქვეყანას სჭირდება, და მე, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები ამ საკითხისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას. 

საქართველოში ზოგიერთებისთვის შეიძლება სერაფიმე საროველი და ალექსანდრე ნეველი იგივეა რაც პუტინი და მედვედევი, ჩემთვის კი ისინი უდიდესი წმინდანები არიან, ვისაც მთელი მართლმადიდებელი სამყარო პატივს სცემს.

ქართველები ზოგჯერ უმადურები ვართ, მაგრამ არ უნდა ვიყოთ იმდენად უმადურები, ვერ დავინახოთ და შევაფასოთ, რომ ჩვენი პატრიარქის ავტორიტეტი მსოფლიოში და მართლმადიდებლურ სამყაროში ძალიან დიდია. ამხელა ავტორიტეტი ყველა ქართველ პატრიარქს არ ჰქონია. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ კრძალვით ექცეოდნენ მუსლიმანები ჩვენს პატრიარქს, და ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც სხვა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი აფასებს საქართველოს პატრიარქს და ჩვენ განვიკითხავთ. მე გავიხსენებ მეუფე ზენონის სიტყვებს, მან თქვა, რომ ჩემი თვალით ვიხილე, როგორ მოდიოდნენ ირანში სასულიერო პირები და ჩვენს პატრიარქს ხელზე ემთხვეოდნენო. ირანელი მაჰმადიანი აღიარებს ჩვენს პატრიარქს, უსმენს მას. ამ დროს კი ზოგიერთი ქართველი ახალგაზრდა განიკითხავს პატრიარქს და ირონიით მოიხსენიებს მის საქმიანობას.

_ მაგრამ ამ ახალგაზრდების გაღიზიანება, ალბათ, იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ პატრიარქი საქართველოსადმი მტრულ დამოკიდებულებაში მყოფ ქვეყანაში იმყოფებოდა და მათ ლიდერებს შეხვდა.

_ მათი გაღიზიანება ამ ფაქტმა კი არა, ურწმუნოებამ და ამპარტავნებამ გამოიწვია. როდესაც ადამიანი ამპარტავანია, ის საკუთარ თავს უფლებას აძლევს, სხვა განიკითხოს და გალანძღოს. როცა ადამიანი თავმდაბალია, ის მიხვდება, პატრიარქი რომ რუსეთში წავა, საკუთარ ძალასა და გავლენას ისევ სამშობლოს სამსახურისთვის გამოიყენებს და არა საკუთარი სიამოვნებისთვის. ეს ავიწყდებათ ამ ახალგაზრდებს.

როდესაც რუსეთის პატრიარქს განიკითხავენ, ეს ჩვენი პატრიარქის ირიბი განკითხვაა. ახალგაზრდები, რომლებიც თავს თანამედროვე თაობას უწოდებენ და პატრიარქს განიკითხავენ, ამგვარი ქმედებით ბოლშევიკების საქციელს იმეორებენ. ბოლშევიკები კი სხვას არაფერს აკეთებდნენ _ განიკითხავდნენ ეკლესიას, პატრიარქს და ამბობდნენ, რომ ისინი ჩარჩენილები არიან შუა საუკუნეებში და ჩვენ თავისუფლება და რეფორმები გვინდაო. 

ყველგან სუკის აგენტები ეჩვენებათ. სამწუხაროდ, ეს პერიოდი უკვე გავიარეთ. არიან წმინდა მამები, რომლებსაც ასევე აბრალებდნენ აგენტობას, მაგრამ ვინ ვინ არის, გამოჩნდება, როცა უფალთან წარვდგებით.

როცა აზრს ეკითხებიან ვალერია ნოვოდვორსკაიას, კონსტანტინე ბარავოის, უნდა ვიცოდეთ, რომ ესენი არიან რუსი ებრაელები, რომლებსაც საშინელი სიძულვილი აქვთ ეკლესიის მიმართ. როცა ვხედავ, როგორ თამამად განიკითხავენ ზოგიერთები ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს, ეს ნიშნავს, რომ მათ მიაჩნიათ, პატრიარქმა არაფერი იცის და თავად პატრიარქზე უფრო დიდი პატრიოტები არიან. ამით ისინი საკუთარ თავს უფრო მაღლა აყენებენ და მიიჩნევენ, რომ მათ უფრო უყვართ საქართველო, ვიდრე პატრიარქს. ეს არა მხოლოდ მათ მცირედმორწმუნეობაზე, არამედ მათ შინაგან აღზრდაზე მეტყველებს. ვინც დღეს ებრძვის ეკლესიას, ვითომ სიკეთე უნდა ერისთვის. არადა, ზუსტად ისინი არიან შთამომავლები იმ ბოლშევიკებისა, რომლებიც 20-იან წლებში ეკლესიებს ანგრევდნენ.

_ მეუფე სერაფიმე, თქვენ აფხაზეთში ცხოვრობდით. დედათქვენი, ქალბატონი ანგელინა მარგველაშვილი დღემდე სოხუმში ცხოვრობს და მას ერთი დღეც არ დაუტოვებია აფხაზეთი. კათოლიკოს-პატრიარქის რუსეთში ვიზიტის დროს საუბარი დევნილების დაბრუნებასაც შეეხო. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია უახლოეს მომავალში დევნილების დაბრუნება? 

_ აუცილებელია, გამუდმებით შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი დევნილები აფხაზეთში უნდა დაბრუნდნენ. დედაჩემი ორიოდე დღის წინ გავაცილე სოხუმში, ის ძალიან იშვიათად ახერხებს თბილისში ჩამოსვლას _ ოცი წლის მანძილზე სულ სამჯერ თუ მოახერხა ჩამოსვლა და ჩემი მონახულება. ამ წლების განმავლობაში აფხაზეთში მე მხოლოდ ერთხელ ჩავედი.

_ მეუფე სერაფიმე, როგორ მოახერხეთ აფხაზეთში ჩასვლა?

_ პირველად ზურაბ ჟვანიას შუამდგომლობით ვთხოვე ამერიკის ელჩსა და გაეროს წარმომადგენლებს, აფხაზეთში ჩასვლისა და მშობელი დედის მონახულების შესაძლებლობა მოეცათ, მაგრამ ჩემს თხოვნას წლების განმავლობაში არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მგონი, აშშ-ის საელჩოში დამცინეს კიდეც, _ ვინ არის ეს სერაფიმე ჯოჯუა და რას ითხოვსო. შეიძლება თქვენ არ დამეთანხმოთ, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველების გარდა არავის _ არც ერთ სახელმწიფოს, არც ევროპას და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ქართველები აფხაზეთში დაბრუნდნენ. 

როდესაც იმედი გადამეწურა, რუსეთის პატრიარქ კირილს ვთხოვე, მოეცა შესაძლებლობა აფხაზეთში ჩავსულიყავი და დედა მენახა. ანგარიში გამიწიეს, რისთვისაც რუსეთის პატრიარქის მადლობელი ვარ. აფხაზეთში სერგეი შამბა დამხვდა და მიმასპინძლა. 

_ როგორ შეგხვდნენ აფხაზი სასულიერო პირები?

_ ყველა კარგად შემხვდა. სხვათა შორის, ეს ის დღე იყო, როცა ნიკარაგუამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ერთ რამეს მივხვდი, როდესაც აფხაზეთზე ვსაუბრობთ და ისმის მათი მისამართით წყევლა-კრულვა, მე ისე ვარ აღზრდილი პირველ რიგში, ვცდილობ საკუთარ თავში ვეძებო შეცდომები, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ზოგადად ადამიანთა ჩვევაა, საკუთარი შეცდომების გამართლების მიზეზი სხვაში ეძებონ. ამიტომ უმრავლესობას ისეთი დამოკიდებულება აქვს, რომ აფხაზეთი, რუსები, ჩეჩნები ცუდები არიან და ჩვენ ვართ მხოლოდ კარგები.

_ როგორ გადარჩა თქვენი სახლი, როგორ ექცევიან იქ ქალბატონ ანგელინას აფხაზები?

_ დედა აფხაზმა ნათესავმა გადაარჩინა და თავისი ლოცვით დაიმსახურა აფხაზებში სიყვარული.

_ რა მიგაჩნიათ პრობლემის გადაჭრის გზად როგორც სასულიერო პირს, როგორც ადამიანს, რომელიც თავადაც აფხაზეთიდან არის?

_ აუცილებელია აფხაზებისა და ქართველების დაახლოება, რადგან მცდარი აზრია, რომ აი, ჩამოვა ხვალ ვაშინგტონიდან ვიღაც, გავწევრიანდებით ნატოში და შემდეგ საქართველოც გაერთიანდება. ეს იმ სიტყვებს ჰგავს, რასაც დიდი რეიგანის მეგობარი შევარდნაძე აცხადებდა 1992 წელს, რომ სოხუმში ჩიტიც ვერ შეფრინდებაო, მთელი მსოფლიო გვერდით დაგვიდგება და ჟანგიანი რუსეთი დაიშლებაო. ამ სიტყვების მთქმელი დღეს თავის სიბერეს ტკბილად ატარებს კრწანისში და დედაჩემი ჩემგან უკვე შორს, აფხაზეთში ცხოვრობს. 

რა თქმა უნდა, ქართველები არ ვეთანხმებით ამ მოსაზრებას, მაგრამ აფხაზებს მიაჩნიათ, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ეს გარკვეულწილად ასეც იყო. ტანკების შეყვანა და ჯაბა იოსელიანისა და კიტოვანის შესვლა აფხაზეთში კრიმინალური ნაბიჯი იყო. მე მაშინ მორჩილი ვიყავი და არ ვეთანხმებოდი ამ ეიფორიას, რომელიც მაშინ საქართველოში იყო გამეფებული, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც აცხადებდნენ, რომ შევალთ და აფხაზებს დავაჩოქებთო. აფხაზი ერი მშიშარა არ არის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ქართველები მტრები ვართ და, რომ არა რუსეთი, აფხაზებს დავჩაგრავდით. ამიტომ საჭიროა სახალხო დიპლომატია.

ხელისუფლებიდან შემომითვალეს, რატომ დადიხარ აფხაზეთში და რატომ იყავი მოსკოვში ჩასული ნებართვის სათხოვნელადო. როგორც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მოეწონათ ჩემი საქციელი, ეს იმიტომ, რომ მათი მშობლები მათთან არიან და თავს კარგად გრძნობენ, დედაჩემი კი ჩემგან შორსაა… 

სოციალურ ქსელებში როცა ვკითხულობ, ვხვდები, რა საშინელი სიძულვილი აქვთ ქართველი და რუსი ახალგაზრდების ნაწილს ერთმანეთის მიმართ, თუ ეს არ განიკურნა, არაფერი გამოვა. როცა შენ 3-4 მილიონი ხარ და ის 120 მილიონი, ვინ გვიშველის? თუ როგორც 2008 წლის აგვისტოში გარბოდნენ, ასევე მიგვატოვებენ? გაჭირვების ჟამს ისევ ეკლესიამ იტვირთა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ხალხის სულიერად გაძლიერება, მიცვალებულების გადმოსვენება. ასე რომ, უწმინდესს აქვს დამსახურება და უფლება, გადადგას ის ნაბიჯი, რასაც საჭიროდ მიიჩნევს და ეს ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს ყოველგვარი ეჭვისა და ბჭობის გარეშე. ჩვენი პატრიარქი სხვა მოვლენაა, ყოველგვარი გაკერპების გარეშე ვამბობ.

_ თქვენ წმინდა სინოდის წევრი ბრძანდებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სინოდის წევრებს შორის დაპირისპირებაა და ხმები, ხელისუფლების მიერ რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონზე მსჯელობისას ორად გაიყო.

_ აზრთა სხვადასხვაობა დაპირისპირებას არ ნიშნავს. სინოდი არ არის საერო ინსტიტუტი, რომ ყველას ერთი აზრი ჰქონდეს, თუ არადა, მოღალატედ რომ რაცხავენ. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რამხელა ძალა აქვს მასმედიას, რადგან ისე არასწორად გაშუქდა საკითხი, რომ ერი ორად გაყო. მე ვიცი შემთხვევები, როდესაც მრევლი, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა ეკლესიას, განკითხვაში ჩავარდა, ზოგიერთ ეპისკოპოსს დაურეკეს კიდეც და გალანძღეს. ისეთ ადამიანებზე თქვეს, არ მისცა ხმაო, რომლებიც არც კი იყვნენ სინოდის სხდომაზე. მაგალითად, მეუფე ზენონი და მეუფე კალისტრატე არ იმყოფებოდნენ სხდომაზე.

ასევე გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს ეკლესიას რაიმეს შეცვლა შეეძლო. არადა, კანონი უკვე დამტკიცებული იყო და ეკლესია ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. ხომ განაცხადეს გიგი უგულავამ და მიხეილ სააკაშვილმა, ეს კანონი აღარ შეიცვლებოდა, ქუჩაში ასი ათასი კაციც რომ გამოსულიყო. ეკლესიას არ აქვს იურიდიული ძალა. კანონი უკვე მიღებული იყო და რა უნდა ექნა ეკლესიას _ ხალხი გამოეყვანა ქუჩაში, როგორც ზოგიერთებს სურდათ? შემდეგ სისხლი დაიღვრებოდა და დარწმუნებული ვარ, პატრიარქს დააბრალებდნენ.

_ გამოდის, რომ სინოდი ხელისუფლების გადაწყვეტილებას მხოლოდ იმიტომ დაეთანხმა, რომ ვითარების გამწვავებას მოერიდა?

_ მე ვერ ვიტყოდი, რომ სინოდი დაეთანხმა ხელისუფლების გადაწყვეტილებას. გავრცელებული მოსაზრება, რომ სინოდში განხეთქილებაა, ჭორია, ხოლო ის, რომ აზრთა სხვადასხვაობა გარკვეულ საკითხებზე ჩვენ შორის არსებობს, ბუნებრივია. მთავარია, ჩვენ ერთმანეთს არ ვლანძღავთ და არ განვიკითხავთ. სინოდში დემოკრატიაა და განსხვავებულ აზრს პატივს სცემენ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here