Home რუბრიკები პოლიტიკა „კავკასიის ჰელსინკის ჯგუფი“ აღადგინეს

„კავკასიის ჰელსინკის ჯგუფი“ აღადგინეს

1025

გუშინ, 25 იანვარს, ანზორ აბრალავამ, სანდრო ბრეგაძემ, შალვა ხაჭაპურიძემ და კიდევ 32-მა სხვა, წარსულში პოლიტიკურად აქტიურმა ფიგურამ „კავკასიის ჰელსინკის ჯგუფი“ აღადგინეს.

მოძრაობაში გაერთიანდნენ ლიდერები – სანდრო ბრეგაძე, შალვა ხაჭაპურიძე, ელიზბარ ჯაველიძე, დავით სოკოლოვი, თემურ ჩალაბაშვილი. ჟურნალისტები – ჯაბა ხუბუა, დიტო ჩუბინიძე, ზაზა დავითაია, ირაკლი თოდუა, დასავლეთის ბიუროში – გიორგი ფოფხაძე. დამფუძნებელთა შორის არიან გამსახურდიასდროინდელი მინისტრები, პრეფექტები, პირადი დაცვის წევრები, უზენაესი საბჭოს წევრები: გია ფერაძე, დავით მაისაია, ზაურ ბედია, ფირუზ დიაკონიძე, ლერი გირგვლიანი, ბადრი გოგელაშვილი. გამსახურდიას მომხრე ბატალიონის წევრები – ჯამბულ გაბისონია, შოთა რატიანი.

„ჰელსინკის კავშირის“ ლიდერების განცხადებით, 2–3 თვეში ახალ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას დაიწყებენ. პოლიტიკოსები კონსტიტუციურად დაშვებული ყველა მეთოდის გამოყენებას აპირებენ და მზად არიან ითანამშრომლონ ყველასთან, ხელისუფლების გარდა. მოძრაობის წევრების თქმით, კავშირი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაა და საქართველოში მის წარმომადგენლობას თავის დროზე მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდნენ.აღსანიშნავია, რომ 1973 წელს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით დაარსდა პირველი ლეგალური ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია კავკასიაში – „ადამიანის უფლებების საინიციატივო ჯგუფი“. მის ბაზაზე, 1976 წელს გამსახურდიას ხელმძღვანელობით დაარსდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, რომელიც წარმოადგენდა პირველ ჯგუფს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. დაარსების დღიდან, ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად იბრძოდა ადამიანის უფლებების დასაცავად, განსაკუთრებით – საბჭოთა იმპერიის პოლიტპატიმრების. ისინი აქტიურად იცავდნენ აგრეთვე ქართულ ენას და სრულიად დაუცველ ქართული კულტურის ძეგლებს. ჯგუფი გამოსცემდა და ავრცელებდა არალეგალურ ჟურნალებს „ოქროს საწმისი“ და „საქართველოს მოამბე“.

„ჰელსინკის ჯგუფი უფლებათდამცველ ორგანიზაციად ყოველთვის დარჩება. დანარჩენს კი პროცესების განვითარება გვიჩვენებს. ფინანსებს რაც შეეხება, 1995 წლის შემდეგ კანონიერი ხელისუფლების ბევრი მხარდამჭერი დევნილი გახდა და, ჩვენდა საბედნიეროდ, ამ იდეის დახმარების სურვილი რამდენიმე მათგანს აღმოაჩნდა. უახლოეს ხანებში, ვინაობას თავად იტყვიან. ჩვენ კი ვითანამშრომლებთ ყველასთან, გარდა ხელისუფლებისა. მათ შორის, ივანიშვილთანაც, მაგრამ მისი ფული არ გვაინტერესებს, თუ ეროვნული იდეოლოგიის გამზიარებელი იქნება, ჩვენი თავი შემოევლოს!

ჯერ არანაირი ცენტრი არ ვართ. დიდი ალბათობით, ცოტა ხანში, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა ვიქნებით. იმის გარანტიას მე გაძლევთ, რომ ხელისუფლება იქნება და დღესაცაა ამ პროცესის ხელისშემშლელი. აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებით ციხეში ჩამსვეს. ნაკლები პროცენტია იმისა, რომ არსებული რეჟიმი არჩევნებით შეიცვალოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პროცესები სისხლისღვრამდე არ მივიდეს. ახლა ქვეყანაში მოლოდინის რეჟიმია და ასე გაგრძელდება გაზაფხულის შუამდე”,– განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ანზორ აბრალავა: საქართველოში დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მკვეთრად ირღვევა ადამიანის უფლებები. ამაზე ხმამაღლა საუაბრი აუცილებელია. ყველა უნდა ჩადგეს საქმის კურსში. პოლიტპატიმართა ასეთი დიდი რაოდენობა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ კუთხით ბევრია გასაკეთებელი. ერი არ უნდა შეეგუოს ასეთ მდგომარეობას. მართალია, ჩვენი ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს უცხოური სამართალდამცავი ორგანიზაციების უარყოფით დასკვნებს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, თუმცა საზოგადოებრივი აქტივობით ყველაფერს ეშველება. მაგალითად, არჩევნების დროს, როცა მოვლენ ხელისუფლებაში ის ძალები, რომლებიც ამ პრობლემებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ. საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის კი თავდაყირაა დასაყენებელი ის კანონი, რაც გვაქვს. ხელფასიანი ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმება ქართველი ხალხისთვის მისაღები არაა. ეს იმას მახსენებს, კახელი ქალი რო გამოვიდა და თქვა, გუშინ მე და ჩემმა ქმარმა ვიმსჯელეთ და თურმე ჩემ მაზლს არაფერი არ ეკუთვნის ჩვენი ქონებიდანო. იგივე მდგომარეობაა ამ მხრივ – ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. ყველაფერი ისე არაა, როგორც ესენი მსჯელობენ. ეს პოლიტიკური ექვსიანი, შვიდიანი, რვიანი“…

ელიზბარ ჯაველიძე: „ჩვენი მიზანია არსებული ხელისუფლების შეცვლა, თორემ ერთი უარესი პიროვნების მეორეთი ჩანაცვლებას აზრი არ აქვს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ შეეგუებიან ამ უზნეობას, დესპოტიზმს, სისხლისღვრას. გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგები ვართ და გვწამს, რომ ამათ ხელში ნამდვილი დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდება, მით უმეტეს, რაც ჩაიდინეს, იმის შემდეგ როგორ შეიძლება, იფიქრო, რომ რაღაცას დაგითმობენ“?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here