Home რუბრიკები პოლიტიკა ირან-ამერიკის შესაძლო ომი და საფრთხე, რომელიც საქართველოს ემუქრება

ირან-ამერიკის შესაძლო ომი და საფრთხე, რომელიც საქართველოს ემუქრება

921

დასავლეთსა და ირანს შორის დაპირისპირება დღითიდღე მწვავდება. მილიტარისტულ განცხადებებსა და იარაღის ჟღარუნს არც ერთი მხარე არ ერიდება, რაც გარკვეულწილად ომის დაწყების შთაბეჭდილებას ქმნის. ერთის მხრივ, დასავლეთი ირანს ბირთვული პროგრამის შეუჩერებლობის შემთხვევაში მკაცრი სანქციებით ემუქრება, ხოლო, თავის მხრივ, ირანი ამის საპასუხოდ ორმუზის სრუტის გადაკეტვით იმუქრება, საიდანაც მსოფლიო ნავთობის 40%-ის ტრანსპორტირება ხორციელდება.

ირან-ამერიკას შორის ომის დაწყების შემთხვევაში, იქნება თუ არა საქართველოს ტერიტორია გამოყენებული სამხედრო პლაცდარმად? ეს არის კითხვა, რომელიც დღეს ქართულ საზოგადოებას აწუხებს.

ახლო აღმოსავლეთში მორიგ დაძაბულობას საეჭვოდ ემთხვევა ობამა-სააკაშვილის შეხვედრა, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, 30 იანვარს «ოვალურ დარბაზში» გაიმართება. როგორც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება გვატყობინებს, პრეზიდენტი ობამა «კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში» და «ხაზს გაუსვამს» საქართველოსთან «თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, საქართველოს დიდ წვლილს ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში». ბუნებრივია, ამ თემებზე აუცილებლად იქნება საუბარი, მითუმეტეს ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურების შემდეგ, თუმცა, სავარაუდოდ, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ამერიკა-ირანს შორის ომის შემთხვევაში, საქართველოს რაიმე ფორმით მონაწილეობა იქნება. საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად დღეს სააკაშვილი ყველაფერზეა წამსვლელი და გამორიცხული არაა, ამერიკას საქართველოს ტერიტორიის სამხედრო მიზნით გამოყენების უფლება უყოყმანოდ მისცეს, ისე, რომ სახელმწიფო ინტერესი არც გაითვალისწინოს. მითუმეტეს, სააკაშვილი არ არის დამოუკიდებელი მმართველი, ის ერთი ჩვეულებრივი პროკონსულია, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები არაფრად უღირს.სანამ იმ უარყოფით შედეგებზე ვისაუბრებთ, რაც შეიძლება მოჰყვეს ირან-ამერიკის ომს, აუცილებელია, ითქვას, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა რიგითი, ხელწამოსაკრავი სახელმწიფო არ არის, რომელსაც ამერიკა მარტივად დაიმორჩილებს. ისლამური ფუნდამენტალიზმის ჭაობში ჩაფლული ქვეყანა, რომლის მოსახლეობა 80 მილიონს აღწევს, მდიდარია გაზისა და ნავთობის რესურსებით. გარდა ამისა, ირანს განსაკუთრებული ადგილი უკავია მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე და უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მდებარეობა გააჩრია რეგიონში. ვინაიდან წარმოადგენს მაკავშირებელ რგოლს კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთს, კავკასიასა და აზიას შორის. ასევე გასათვალისწინებელია ირანის ახლო მდებარეობა მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ნავთობსაბადოებთან და მისი, როგორც ამ წიაღისეულის ერთ-ერთი უდიდესი მომპოვებლის როლი რეგიონისთვის და ზოგადად, მსოფლიოსთვის.

თუმცა ყველა ეს სიკეთე ირანისადმი მსოფლიოს იმპერიალისტური ძალების ინტერესს აათმაგებს. ასევე, ირანის მზარდი ამბიციები და მსოფლიოს დამოუკიდებელ, ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბებისკენ სწრაფვა, რომლის მიღწევას დასავლეთთან შეთანხმების გარეშე ცდილობს, ამერიკის უკმაყოფილებას იწვევს. განხეთქილების მთავარ მიზეზად კი დღემდე რჩება ბირთვული პროგრამა, კერძოდ, ირანის მცდელობა _ საიდუმლოდ შექმნას ბირთვული იარაღი, რომელსაც დასავლეთის ან ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენებს.

ძირითადი მიზეზი, რის გამოც ირანი ცდილობს, შექმნას ბირთვული იარაღი, არის არა რომელიმე «არაკეთილმოსურნე» სახელმწიფოს განადგურება, არამედ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადგან არცთუ კომფორტულად გრძნობს თავს ამერიკის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების გარემოცვაში, რომლებიც ხშირად ირანის ინტერესების საწინააღმდეგოდ აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების გატარებაში მონაწილეობენ.

ერთ-ერთ ინტერვიუში პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია საუბრობს იმ მიზეზებზე, რომლებმაც უბიძგა ირანს, ნაჩქარევად შეექმნა ბირთვული პროგრამა: «ერაყში შეჭრით ამერიკელებმა სტიმული მისცეს მსოფლიოში ბირთვული შეიარაღების ახალ რბოლას, რადგან ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელთაც არ უნდათ ამერიკის კოლონიად იქცნენ, ნათელი გახდა, რომ ამერიკის თავდასხმისგან თავის გადასარჩენად ბირთვული იარაღი უნდა იქონიონ. ერაყს რომ მართლაც ჰქონოდა ბირთვული იარაღი, ამერიკელები არასდროს შეყოფდნენ იქ ცხვირს. ერაყის ბედი აიძულებს დღეს ირანს ბირთვული პროგრამის ფორსირებას».

რაც შეეხება საქართველოს შესაძლო ჩართულობას ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში: ომის სცენარში აბროლუტურად შესაძლებელია, რომ ამერიკის ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიას განიხილავდეს როგორც სამხედრო პლაცდარმს ირანის წინააღმდეგ დარტყმების განსახორციელებლად, მითუმეტეს, რომ საქართველო ამერიკის მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. ასეთ შემთხვევაში რა საფრთხეები შეიძლება დაემუქროს საქართველოს? იმის ალბათობა, რომ ირანი თბილისის მიმართულებით მოინდომებს რაკეტის გამოშვებას, ძალიან მაღალია, მაგრამ არის კიდევ ერთი პრობლემა _ რუსეთი, რომლისთვისაც ირანში ამერიკული ჰეგემონიის დამყარება, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, კატასტროფის ტოლფასი იქნება, მითუმეტეს რუსმა სამხედრო მაღალჩინოსანმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ირანის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე «სამხედრო ბლოკადის» გარღვევას მოახდენს, რათა უზრუნველყოს სომხეთში (გიუმრი) განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის უსაფრთხოება. რუსეთის მორიგი ინტერვენცია, რომელიც, არავინ იცის, რა მასშტაბის იქნება, ძალიან არასასურველ რეალობას უსახავს ჩვენს ქვეყანას.

გასულ კვირას პუტინის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც ამერიკის თავდაცვის სისტემების საქართველოში განლაგების საკითხს ეხებოდა ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: ნაწილმა მორიგ სამხედრო რიტორიკად, ზოგმა კი უპასუხისმგებლო ადამიანის მიერ ნათქვამ სიტყვებად შეაფასა. «ჩვენთვის არ არის უმნიშვნელო, თუ სად განლაგდება სისტემები _ ჩვენთან ახლოს თუ ჩვენი საზღვრებიდან მოშორებით. ჩვენ არ შევეგუებით, თუ იგი საბოლოოდ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდება… ჩვენი დარტყმითი სისტემები საქართველოს ტერიტორიას უნდა დავუმიზნოთ? წარმოგიდგენიათ, რა საშინელებაა ეს? გვაქვს გარანტია, რომ ეს არ მოხდება? არა!» _ განაცხადა პუტინმა რუსული საინფორმაციო საშუალებების რედაქტორებთან შეხვედრისას.

პუტინის თითქოსდა უბრალოდ წამოსროლილი სიტყვები სინამდვილეში არის მუქარის შემცველი და ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ, თუკი საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ბაზები გამოჩნდება, მაშინ რუსეთი მზად არის, გაატაროს ყველანაირი ზომები ამის აღსაკვეთად.

ეს განცხადება მითუმეტეს ყურადსაღებია იმ ვითარებაში, როცა ირან-ამერიკის დაპირისპირება სულ მალე ომში შეიძლება გადაიზარდოს და ასეთ შემთხვევაში ამერიკას ირანის წინააღმდეგ სამხედრო მიზნით საქართველოს ტერიტორიის გამოყენება დასჭირდეს. თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი, მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, ძნელი წარმოსადგენი არ არის.

მეტად ყურადსაღები სიუჟეტი გავიდა გასულ კვირას ტელეკომპანია «რასიას» საინფორმაციო გამოშვება «ვესტიში», სადაც აღწერილია რუსული არმიის ხელთარსებული «გეოგრაფიული სივრცის» ინფორმაციის კომპლექსის გამოცდა. გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორც ამუშავებენ რუსი სამხედროები თბილისზე დარტყმის გეგმას. როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, ამ კომპლექსს შეუძლია მოამზადოს კოორდინატები დარტყმისთვის, დარტმის მომენტში კი ცდომილება რამდენიმე სანტიმეტრი იქნება. აღსანიშნავია, რომ გადაცემაში გასული სიუჟეტი კრასნოდარის ოლქში განთავსებულ ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზეა გადაღებული.

პუტინის განცხადება და ტელეკომპანია «როსიას» ეთერში გასული სიუჟეტი ასევე არის დასავლეთისთვის გაგზავნილი «მესიჯი», რომ, თუკი ირანში ომი დაიწყება, რუსეთი არ დაუშვებს, დარჩეს თამაშგარე მდგომარეობაში და ამერიკას მის საზღვრებთან ახლოს, მისი «გავლენის სფეროში» თავისუფალი მოქმედების საშუალებას არ მისცემს. უფრო მეტიც, თუ საქართველოში რაიმე სახის ამერიკული სამხედრო სისტემა განთავსდება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმების გარეშე, რუსეთის ხელისუფლება თავის სარაკეტო სისტემებს («ტოჩკა-უ» და «ისკანდერი»), რომლებიც ერთხელ უკვე გამოიყენეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, საქართველოს იმ ადგილებს დაუმიზნებს, რომლებზეც ამერიკული ბაზები იქნება განთავსებული და, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის საბაბით, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ჩაატარებს.

ამრიგად, პუტინის სიტყვების იგნორირება ან გაქილიკება ჩვენ არანაირ დადებით შედეგს არ მოგვიტანს, რადგან, თუ მოვლენები მართლაც ამ არასასურველი სცენარით განვითარდა, საქართველოში რუსეთის ინტერვენციის საფრთხე რეალური იქნება, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ხოლო რუსეთს მისცემს შესაძლებლობას, კვლავ გაიმყაროს პოზიციები კავკასიაში.

გიორგი მეძმარიაშვილი

ირანის საზღვრებიდან გაშვებულ რაკეტებს შეუძლია მიწვდეს:

300 კმ _ ბაღდადს, კუვეიტს, ბაჰრეინს, ყატარს.

600 კმ _ ერაყის დასავლეთ რაიონებს, თურქეთის სამხრეთ რაიონებს.

1000 კმ _ თბილისს, ერ-რიადს, დამასკოს, ქაბულს.

1200 კმ _ თელ-ავივს, ანკარას.

1500 კმ _ კაიროს, დელის, ბომბეის.

2500 კმ _ კიევს, ათენს, ბერლინს, რომს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here