Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილს არსებობისთვის ბრძოლა მოსწყურდა

სააკაშვილს არსებობისთვის ბრძოლა მოსწყურდა

1334

«მიხეილ სააკაშვილს კვლავინდებურად აკრიტიკებენ მისი აშკარა მცდელობისთვის _ პოტენციური ოპოზიციონერების მარგინალიზება მოახდინოს,» _ ნათქვამია Freedom House-ის ბოლო მოხსენებაში, რომელშიც საქართველო ისევ «ნაწილობრივ თავისუფალი» სახელმწიფოების ქვეჯგუფში მოხვდა. ეს «ნაწილობრივ თავისუფალი» საკმაოდ საინტერესო განსაზღვრებაა, რაც ერთობ მოაგონებს «ნაწილობრივ ქალიშვილს» ან «ნაწილობრივ დეგენერატს».

Freedom House -ს შეფასების მთელი შკალა აქვს, რომლის მიხედვით, მაგალითად, იმის დადგენა შეიძლება, თუ რომელი «ნაწილობრივ თავისუფალი» ქვეყანა უფრო თავისუფალია, ვიდრე მისი მეზობელი. თუ წინარე ფრაზამ ვინმე დააბნია, შეუძლია მისი ანალიზისთვის განსაზღვრებები: «ნაკლებად ქალიშვილი» და «უფრო დეგენერატი» მოიშველიოს.

Freedom House -მა (სხვათა შორის, ეს ორგანიზაცია 1941 წლის შემოდგომაზე იმისთვის შეიქმნა, რომ II მსოფლიო ომში აშშ-ს ჩართვისთვის მხარი დაეჭირა) შვიდქულიანი შკალით შეაფასა, თუ როგორი მდგომარეობაა მსოფლიოს ქვეყნებში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით. მაგალითად, შეერთებულმა შტატებმა ორივე ნომინაციაში ერთიანი მიიღო და მას, რასაკვირველია, «თავისუფალი ქვეყანა» ეწოდა. შტატების სტრატეგიულ მოკავშირე საუდის არაბეთს კი შვიდიანები დაუწერეს; მან «არათავისუფალი ქვეყნის» სამარცხვინო სახელი დაიმკვიდრა. ოღონდ ნუ მკითხავთ, თუ რატომ არ ბომბავენ ამერიკელი პილოტები ერ-რიადს ან რატომ არ ამზადებენ ინსტრუქტორები დემოკრატიას მოწყურებულ ბედუინებს «ფერადი რევოლუციისთვის», რათა გაზულუქებულ შეიხებს მათი ნაცოდვილარი სასახლეები თავზე დაამხონ; აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ამასთან დაკავშირებით, ალბათ, უფრო კვალიფიციურ კომენტარს გააკეთებს.ირანმა საუდის არაბეთს აშკარად აჯობა; ორივე გრაფაში 6 ქულა უწერია, თუმცა (როგორც ჩანს, იმისთვის, რომ უხერხული კითხვები არ გაჩნდეს) იქვე გვერდით, საგანგებოდ გამოყოფილ გრაფაში, დახატულია ისარი, რომელიც ქვემოთ, კლების ტენდენციაზე მიუთითებს. ეს ისარი, რაღაცით მოაგონებს პიკეში შესულ გამანადგურებლის F-16 Fighting Falcon-ის სევდიან სილუეტს, რომელსაც დროდადრო მოფერებით «ფლაკონს» უწოდებენ.

საქართველომ «პოლიტიკურ უფლებებში» 4, ხოლო «სამოქალაქო თავისუფლებებში» 3 ქულა მიიღო. ასეთი მაჩვენებლები შემდეგ ქვეყნებს აქვთ: ბოსნია და ჰერცოგოვინა, კენია, მოზამბიკი, პაპუა ახალი გვინეა, სოლომონის კუნძულები, უკრაინა. ვიდრე ლოგიკურ კითხვას «რა შუაშია უკრაინა?» დავსვამთ, ალბათ, მცირე პაუზა უნდა გავაკეთოთ, ღრმად ჩავისუნთქოთ და მომენტის სიდიადე შევიგრძნოთ. ჩვენო ბოსნიელო, მოზამბიკელო და პაპუასო ძმებო, ჩვენ არც კი ვიცოდით, რომ ამდენი საერთო გვაქვს…

რაც შეეხება უკრაინას, შარშან უკეთესი შედეგი ჰქონდა, თუმცა მეტწილად ტიმოშენკოსთან დაკავშირებული ეპოპეის გამო, ის ბოლო ორი წლის შედეგებით, «თავისუფალი ქვეყნების» კლუბიდან «ნაწილობრივ თავისუფალთა» წინასწარი პატიმრობის საკანში გადაიყვანეს.

სააკაშვილის სათაყვანებელ სინგაპურსა და დუბაიში (ის არაბთა გაერთიანებული საამიროების შემადგენლობაში შედის) საქმე უფრო ცუდადაა; სინგაპურმა ორივე ნომინაციაში 4, საამიროებმა კი 6 ქულა მიიღეს.

საერთოდ, მსგავსი რეიტინგების თაყვანისმცემელთა რიცხვს არ მივეკუთვნები, რადგან მათი დეტალური განხილვის დროს მის ავტორ ორგანიზაციებს უნებლიეთ მთავარი არბიტრის როლს ვანიჭებთ, რასაც შეიძლება არ იმსახურებდნენ კიდეც, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ადგილი რეიტინგში და ფრაზა, რომელიც სააკაშვილს ეხება, სიმართლესთან ძალიან ახლოს დგას.

გასულ კვირას პაციენტი (უკაცრავად, შემეშალა, სინამდვილეში «ფიგურანტი» უნდა დამეწერა) რუსთავს სტუმრობდა, სადაც თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე შინაარსიანი განცხადება გააკეთა: «ზოგს 200 ლარი აქვს ხელფასი. ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, მაგრამ ეს არის ცხოვრება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბრძოლა არსებობისთვის» (სააგენტო «პირველი»). ძნელი სათქმელია, რა იყო ეს, სააკაშვილის 8-წლიანი მმართველობის შედეგების შეჯამება თუ მისივე წინასაარჩევნო პროგრამის მოკლე შინაარსი, გამორიცხული არაა, რომ ერთდროულად ერთიც და მეორეც იყო.

ადრე ჩვენ ერთობ გვიჭირდა იმის ზუსტი განსაზღვრა, თუ რა არის მიშიზმი. მაგრამ დღეს, როდესაც სააკაშვილი თავის შეხედულებებს შედარებით გულწრფელად გვიზიარებს, ალბათ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის სადღაც სოციალ-დარვინიზმისა და ნაციონალ-სოციალიზმის ზღვარზე აღმოცენდა და გამორიცხული არაა, მათი შეჯვარების ნაყოფს წარმოდგენდეს.

ვიდრე ამ ისტორიულ ფრაზას წარმოთქვამდა, სააკაშვილი მსჯელობდა იმაზე, რომ გზა მაღალი ხელფასისკენ ე. წ. გადამზადების ცენტრებზე გადის. ნოემბერში, როდესაც ამავე თემაზე გლდანში საუბრობდა, მან თქვა, რომ ერთ-ერთი ასეთი ცენტრის მუშაობას თავად გააკონტროლებს და დასძინა: «ჩვენ ავიყვანთ ათასობით ადამიანს და თითოეული მათგანის კარიერას ჩვენი ეგიდით გავაკეთებთ. ამით ვეცდებით, ამ ხალხს დასაქმებაში შევუწყოთ ხელი და წარმატების მიღწევის საშუალება მივცეთ». ალბათ, არავინ იდავებს იმაზე, რომ ასეთ «ცენტრში» მოხვედრილი მოქალაქე, სააკაშვილის კონტროლის და «მათი ეგიდის» პირობებში, იძულებული გახდება, მმართველი პარტიის მიმართ ხაზგასმით ლოიალური გახდეს. ვერაფერს ვიზამთ: უმუშევრობა, კონკურენცია, (არა)ბუნებრივი გადარჩევა… როგორც ჩანს, ყველამ, ვისაც არ უნდა, შიმშილით მოკვდეს, დურგალი იქნება თუ შემდუღებელი, თავის დახრა და «მიშა, მიშა»-ს ძახილი უნდა ისწავლოს, როგორც იმ საბრალო სტატისტებმა რუსთავში, რომლებიც სააკაშვილთან შესახვედრად მიიყვანეს. ყოველივე ეს, სავარაუდოდ, ხალისით და შესაშური ენერგიულობით უნდა გაკეთდეს, რამეთუ ჯერ კიდევ ჰერბერტ სპენსერი იტყოდა: «არსება, რომელიც არასაკმარისად ენერგიულია იმისთვის, რომ საკუთარი არსებობისთვის იბრძოლოს, უნდა დაიღუპოს».

დროდადრო ცივილიზაციის სამიათასწლოვან ევოლუციას უცნაური ნაყოფი მოაქვს. თუ ჩვენ ვივარაუდებთ, რომ ქვეყნის მთელი ისტორიული განვითარების, საბოლოო ან თუნდაც შუალედური მიზანი იყო დღევანდელი საქართველო და ის, რაც ჩვენ რუსთავში ვნახეთ და მოვისმინეთ, აჯობებს, ამერიკელ პარტნიორებს რამდენიმე ბირთვული ბომბი ვთხოვოთ და საკუთარ ტერიტორიაზე ავაფეთქოთ; ეს, ალბათ, ყველაზე ღირსეული ფინალი იქნება.

და თუ ეს ასე არ არის, შეგვიძლია სხვა გზით წავიდეთ, უფრო ლოგიკურით, მშვიდით და, რაც მთავარია, თერაპიულით. სააკაშვილს, მისივე სიტყვებს თუ დავეყრდნობით, უნდა, რომ არსებობისთვის ბრძოლა ისწავლოს და მისი სურვილი, ალბათ, უნდა დავაკმაყოფილოთ. სხვათა შორის, ამასწინათ მოუთმენლად აცხადებდა, რომ აპირებს ე.წ. ქალაქ ლაზიკის მშენებლობის ადგილას გაემგზავროს და ჭაობების დაშრობა დაიწყოს. მთავრობა ამასთან დაკავშირებით წინდახედულად დუმდა, რადგან ნიკა გილაურსაც კი ესმის, რომ დღეს საქართველოსთვის ნახევარმილიონიანი ქალაქის სასწრაფოდ აშენების ტვირთის აკიდება სხვა შედეგით, სრული კრახის გარდა, ვერ დაგვირგვინდება. თუმცა არის ერთი გამოსავალი, რომელიც, ერთის მხრივ, მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობას მისცემს, ამბიცია დაიკმაყოფილოს და არსებობისთვის ბრძოლა ისწავლოს. მეორეს მხრივ კი, ქვეყნის რესურსებს დაზოგავს.

ის, რომ ძალიან იაფი, პრაქტიკულად, უფასო მუშახელის გამოყენებით, საოცარი შედეგების მიღწევა შეიძლება, იოსებ სტალინმა, ფრანკლინ დელანო რუზველტმა და მაო ძე დუნმა მშვენივრად იცოდნენ. «საუკუნის პროექტების» განხორციელება პატიმრების ან უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების ხელით არცთუ სასიამოვნო, თუმცა კარგად აპრობირებული მეთოდია. სააკაშვილს შეუძლია სათავეში ჩაუდგეს თანამოაზრე მოხალისეთა ჯგუფს, რომელიც ჭაობების დასაშრობად გაემგზავრება. მთავრობა გამოუყოფს მათ შესაბამის ტექნიკას და თვეში 200 ლარის სურსათს: დღეში 250 გრამ პურს, 40 გრამ საქონლის და 10 გრამ ღორის ხორცს, 20 გრამ ყველს, 150 გრამ კარტოფილს და ა.შ. მოკლედ, იმას, რაც, სტატისტიკის დეპარტამენტის ერთობ მიზანტროპული მოსაზრებით, შრომისუნარიანი ქართველი მამაკაცის გამოკვებას ყოფნის.

მთავრობა ასევე გამოყოფს სამშენებლო მასალებს ბარაკებისთვის (თვითონ ააშენონ, რათა ჭაობის დაშრობის წინ ცოტა წაივარჯიშონ), მავთულხლართს (რათა მშრომელები გარედან არავინ შეაწუხოს), ბადრაგს (ამავე მიზნით; ისე, აჯობებს, საკუთარ თავს თავადვე უდარაჯონ, მოხალისეებს მათ რიგებში რა გამოლევს), სამედიცინო პერსონალს (ერთი თერაპევტი, ხუთი ფსიქიატრი; სანიტრებს ისევ საკუთარი რიგებიდან შეარჩევენ), ტყვიამფრქვევებს კოშკურებისთვის (არა, ჩვენ ჰუმანური საზოგადოება ვართ, კოშკურებზე, ალბათ, ის არალეტალური აკუსტიკური დანადგარები უნდა დამონტაჟდეს, რომელიც 7 ნოემბერს გამოიყენეს, ესეც ცხადია, გარე არაკეთილმოსურნეების მოგერიებისთვის) და გერმანულ ნაგაზებს (პერიმეტრზე ისეირნონ, რა უჭირს).

ვფიქრობ, ასეთ პირობებში მიხეილ სააკაშვილს, მოხალისე თანამოაზრეებთან ერთად, სრული შესაძლებლობა მიეცემა, არსებობისთვის ბრძოლა ისწავლოს, რის დაუოკებელი სურვილი რუსთავში ყოფნისას გამოთქვა და, პარალელურად საკუთარი ოცნების ქალაქი, ე. წ. ლაზიკა ააშენოს; ამასთანავე, ბიუჯეტს განსკუთრებული არაფერი დააკლდება. იქნება თუ არა ამ გზით წასვლა ლოგიკური, სამართლიანი და, რაც მთავარია, ჰუმანური?

კიდევ რამდენიმე საორგნიზაციო საკითხი: შეიძლება გაჩნდეს მოსაზრება, რომ მიზანშეწონილი იქნება, ყოველივე ეს გაფორმდეს როგორც სატელევიზიო შოუ «ბრძოლა არსებობისთვის», რომელიც ერთ-ერთი სახელისუფლო ტელევიზიის ეთერით 24 საათის განმავლობაში გადაიცემა, რეკლამას მოიზიდავს და პროექტს მომგებიანს გახდის. ერთი შეხედვით, ეს პერსპექტიული იდეაა, თუმცა მასზე, ალბათ, უარის თქმა მოგვიწევს. ეს ტელეაუდიტორიაში, ისევე როგორც ჭაობის შუაგულში, მოთავსებულ კონტინგენტში არაჯანსაღ ინსტინქტებს გააღვიძებს, მშვიდ ძილსა და ნაყოფიერ შრომაში ხელს შეუშლის.

ნებისმიერ თავმოყვარე ბანაკს (კი, ბატონო, «გადამზადების ცენტრი» დავარქვათ) საკუთარი დევიზი უნდა ჰქონდეს. ლაზიკის შრომა-გასწორებითი (თუ სამკურნალო-პროფილაქტიკური) დაწესებულების ჭიშკარს, ალბათ, ერთ მხარეს «ეს არის ცხოვრება» უნდა დაეწეროს, მეორე მხარეს კი _ «ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბრძოლა არსებობისთვის». კარგი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი ამას საკუთარი ხელით, თავისი სავარაუდო ბრიგადირის, კახა ბენდუქიძის უშუალო ზედამხედველობით (რათა საღებავი არ დაღვაროს) დაწერს.

რაც შეეხება ჩაცმულობას, აქ ყველაფერი ნათელია: მწვანე კომბინიზონი (ბაკურიანში რომ ეცვა), ნარინჯისფერი ჩაფხუტი (უსაფრთხო შრომისთვის), წითელი ჰალსტუხი (გემოვნებისთვის) _ ეს სამუშაო კომპლექტია; სხვა დროს კი შეუძლიათ საკუთარი ხელით შეკერილი ზოლიანი პიჟამოები ჩაიცვან.

საინტერესოა, ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, «არსებობისთვის ბრძოლის სწავლას» ხომ არ გადაიფიქრებს? არადა, ჭაობებში მიღებული გამოცდილება მას, პიროვნული განვითარების თვალსაზრისით, უეჭველად წაადგებოდა. როგორც მინიმუმი, იმას მაინც გაიაზრებდა, დაახლოებით რა პირობებში იმყოფება დღეს ერი, რომელსაც «ცხოვრებაზე» ესაუბრება.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here