Home რუბრიკები პოლიტიკა დიადი კონტრიბუტორი

დიადი კონტრიბუტორი

1081

არის, ასრულდა ოცნება! ამერიკის პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტის – ბარაკ მუჰამედ ობამას საპრეზიდენტო ვადის დასრულების წელს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, როგორც იქნა, მიხეილ სააკაშვილს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი უმასპინძლებს. «სტრატეგიული პარტნიორი» პირველად შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს არა ქსეროქსის ან დერეფნის ყრუ კედლის ფონზე, არამედ თვით ამერიკის კაკალ გულში.

ობამა და სააკაშვილი ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ. 2010 წლის 12 აპრილს, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე – სულ ერთი წუთით, იმავე წლის ნოემბერში, ლისაბონში ნატოს სამიტის ფარგლებში – მცირე ხნით. 2011 წლის იანვარში კიდევ ერთი არაფორმალური შეხვედრა რიჩარდ ჰოლბრუკის «სევდა ფართიზე» მოხდა, სულ ბოლოს – 21 ოქტომბერს ნიუ იორკში გაეროს სამიტზე, ასევე არაფორმალურ გარემოში. ექსპერტები მიუთითებენ, რომ ობამასგან განსხვავებით, ჯორჯ ბუშ-უმცროსთან სააკაშვილი ოთხჯერ მიიწვიეს.

ორივეს მძიმე წელი აქვს. ორივე არჩევნების მოლოდინშია, ოღონდ ერთს კვლავ პრეზიდენტად ხელმეორედ კენჭისყრაში წარმატების იმედი აქვს, ხოლო მეორეს, მის მიერვე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების წყალობით, ორგზის პრეზიდენტობის შემდეგ, ახლა უკვე ვადებით შეუზღუდავი პრემიერ-მინისტრის სავარძელი ელის ავლაბრის რეზიდენციაში.იმ დროისთვის რუსეთში პრემიერ-მინისტრი, პირიქით, უკვე საპრეზიდენტო სავარძელში იქნება გადანაცვლებული. რუსეთის დაშლის მოიმედე ნაციონალური ხელისუფლება არც ისე მიამიტია, რომ ხალხისთვის მოფიქრებული სატყუარა თავად გადასანსლოს, ამიტომ უახლოესი მომავლის ტაქტიკა ვაშინგტონში უნდა შეათანხმოს.

ამ «ისტორიულ შეხვედრაზე» ყველა თავისებურად ამყარებს იმედს. ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ თავსა და ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ 30 იანვრისთვის თეთრ სახლში დაგეგმილი შეხვედრა ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და მასთან დაკაშირებული საკითხები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ისინი მიანიშნებენ, რომ განხილვის საგანი ყველა ის საკითხი იქნება, რომლებიც აშშ-საქართველოს ურთიერთობებში არსებობს, პირველ რიგში კი _ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებთან დაკავშირებული საკითხები.

ნატოში დაჩქარებული წესით მიღებაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აღარ საუბრობენ, მაგრამ ფრთხილად მიუთითებენ, რომ «განხილვის საგანი იქნება ნატოს ჩიკაგოს სამიტი და ის, თუ როგორ უნდა აისახოს ეს სამიტი დადებითად საქართველო-ნატოს დაახლოებაზე».

საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ ჯონ ბასის კომენტარი უფრო მიწიერი და კონკრეტულია. იგი პირდაპირ მიანიშნებს, რომ «პრეზიდენტები იმსჯელებენ საერთო უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე (სიტყვა რეფორმა თანამედროვე პოლიტიკურ ლექსიკონში უკვე პაროლად იქცა, რაც მმართველი ელიტისა და მისი უცხოელი მფარველების ინტერესებს ნიშნავს – ნ.დ.). ასევე პრეზიდენტები განიხილავენ ავღანეთში უსაფრთხოების მდგომარეობას».

კერძოდ, თეთრი სახლის ვებგვერდი არაორაზროვნად გვაუწყებს: «ორი პრეზიდენტი განიხილავს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ურთიერთობის გაძლიერებას ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში. პრეზიდენტი ობამა ხაზს უსვამს საქართველოსთან ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის, მათ შორის ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას».

სწორედ ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის ზრდის საკითხი იყო ის კოზირი, რომლის წყალობითაც ობამასთან ოფიციალური შეხვედრა გაახერხეს ლობისტურმა კომპანიებმა. მართლაც, სახუმარო საქმე ხომ არ არის, რომ მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებს საკუთარი ჯარები გამოჰყავთ ავღანეთიდან, ხოლო ერთი ციდა საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთგულებას უმტკიცებს და ქართველი სამხედროების რაოდენობას ზრდის ავღანეთში!

ამერიკული პრესა ხაზგასმით მიუთითებს: «გასულ თვეში საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ავღანეთში კონტინგენტის თითქმის გაორმაგებას, რამაც ეს ქვეყანა თავისი 1700-კაციანი კონტინგენტით – ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორად აქცია».

ჩიკაგოს სამიტზე, რომელიც «დადებითად უნდა აისახოს საქართველო-ნატოს დაახლოებაზე», ამისთვის, სულ ცოტა, ქების სიგელი მაინც ერგება საქართველოს ხელისუფლებას. აკი თვით ნიკოლა სარკოზიმ (მასაც არჩევნები ელის წელს) ორიოდე დღის წინ ავღანეთში ფრანგი ჯარისკაცების დაღუპვის შემდეგ განაცხადა, რომ საფრანგეთი წყვეტს ავღანელი სამხედროების მომზადებაში დახმარებას.

ერთი სიტყვით, ავღანეთიდან ყველა გამოდის, ჩვენ კი შევდივართ, ოღონდ იქიდან რის გამოტანას ვცდილობთ, გაუგებარია.

ერთადერთი, ვინც ამით ხეირობს, სააკაშვილი და მისი ხელისუფლებაა. 30 იანვრის შეხვედრაზეც იგი ობამასგან მადლობას ელის ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების გამო.

ჯონ ბასმა კი ავღანეთის გარდა სხვა, ხელისუფლებისთვის არცთუ სასურველ თემებზე ისაუბრა: «განხილვის საგანი იქნება ის რეფორმებიც, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ ქვეყნის მომავალი, მიაღწიონ მეტ ეკონომიკურ წარმატებას და აირჩიონ თავიანთი ქვეყნების ლიდერები მომავალ წელს».

«ქვეყნის ლიდერის თავად არჩევის» უფლება აშშ-ის ელჩის ბაგეებიდან ერთობ ორაზროვნად ჟღერს. ორში ერთია: ან ის იგულისხმება, რომ სააკაშვილი ქართველებს «თავად არ აურჩევიათ», ან ის, რომ ხალხის არჩევანი 2012 წლის ოქტომბერში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამან ისე აღაფრთოვანა ბიძინა ივანიშვილის რიგებში მდგომი ოპოზიცია, რომ საკუთარი იმედები ღიად გაახმოვანეს. ისინი მიიჩნევენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მკაცრად დატუქსავს სააკაშვილს იმ ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე, რასაც ის ახორციელებს, განსაკუთრებით, ბოლო თვეებში ივანიშვილის კოალიციის წინააღმდეგ. ყველაზე მომხიბლავი კი მათი ამგვარი იმედია: «სააკაშვილს გაუჩნდა ალტერნატივა და წელს საპარლამენტო არჩევნების კონტროლის, დაკვირვების საკითხებში ამერიკის ხელისუფლება იქნება დაახლოებით ისეთივე მკვეთრი, მკაცრი და სამართლიანი, როგორც ეს იყო 2003 წლის 2 ნოემბერს».

ამერიკის ხელისუფლება «დაახლოებით ისეთივე მკვეთრი, მკაცრი და სამართლიანი, როგორც 2003 წლის 2 ნოემბერს» რომ არ არის, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ეს რომ მართლაც ასე იყოს, ორ მკვეთრად პროამერიკულ ძალას აშშ სარჩენად მილიარდერ ივანიშვილს კი არ გადააბარებდა, არამედ, როგორც 2003 წელს, მრავალმილიონიანი მხარდაჭერით უზრუნველყოფდა «ამომრჩევლის ინფორმირებულობის», «ამომრჩეველთა სიის დაზუსტების», «ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის» მრავალრიცხოვან პროექტებს. თუმცა, ფული მიმცემმა და ამღებმა დაითვალონ, ჩვენ კი მთავარს მივუბრუნდეთ.

რა არის საკამათო იმაში, რომ ხალხმა «თავად უნდა აირჩიოს თავისი ქვეყნის ლიდერი»? _ არაფერი. მთავარია, ვინც უნდა აირჩიონ, შენიანი იყოს. ეს ძველი პოლიტტექნოლოგიური სქემაა; უმსხვილესი ამერიკული კორპორაციები წინასაარჩევნოდ რესპუბლიკელებსაც აფინანსებენ და დემოკრატებსაც. რომელმაც უნდა გაიმარჯვოს, ის «მათიანი» იქნება. ასეა ამ შემთხვევაშიც: თუ სააკაშვილი დარჩება, «მათიანია», თუ ივანიშვილის ხელშეწყობით რესპუბლიკელები და «თავისუფალი დემოკრატები» _ ესენიც «მათიანები» არიან. თუ ვერც ერთი ვერ მიიღებს უმრავლესობას, ისინი ერთმანეთთან თანამშრომლობით გააგრძელებენ ქვეყნის მართვას. აკი ირაკლი ალასანიამ ეს დაადასტურა კიდეც (შემდეგ უარყო, როგორც არაერთხელ მანამდე), ოღონდ სად არის აქ ქართველი ხალხის მიერ «ქვეყნის ლიდერის თავად არჩევის» უფლება? ის ისევე იკარგება, როგორც ალასანიას პარტიის სახელწოდებიდან «ჩვენი საქართველო» (პარტიის სრული სახელწოდება სწორედ ასე ჟღერდა: «ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები»).

თუ ფორმულა «შუა უნდა გაიკრიფოს» კვლავაც ძალაშია, გამოდის, რომ საქართველოს არჩევანის გაკეთება ორ პროამერიკულ ძალას შორის მოუწევს. არავითარი ეროვნული მისწრაფებანი მათ არ ახასიათებს (გარდა ივანიშვილის მიერ აშენებული სამების საკათედრო ტაძრისა, თუმცა მან თავად განაცხადა, რომ მას სამებაზე მეტი გაუკეთებია!).

თუმცა ნუ ავჩქარდებით, არჩევნებამდე ცხრა თვეა. ამ დროში ახალი სიცოცხლე იბადება და პოლიტიკური ძალების გადაჯგუფება თუ ახალი ალიანსების წარმოქმნა მით უფრო სავარაუდოა. დრო ყველაფერს ცხადს გახდის, ჩვენ კი ოვალურ კაბინეტში 30 იანვარს დაგეგმილ შეხვედრას მივუბრუნდეთ.

ვერაფერი წამალია თავის დამშვიდება იმით, რომ «მერაბიშვილმა სააკაშვილს ამერიკასთან საქმე გაუფუჭა» და «ობამამ კარგად შეისწავლა, რომ სააკაშვილისთვის მთავარია მასთან სურათების გადაღება და არა ქვეყნის ინტერესები». ყველას კარგად ესმის, რომ ობამასთან შეხვედრას სააკაშვილი შიდა პიარისთვის ჩინებულად გამოიყენებს. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვიერად «ხალხის მიერ საკუთარი ლიდერის თავად არჩევაზე» საუბრობენ, საქმით ეს დაგვიანებული შეხვედრა სააკაშვილისთვის «მეორე სუნთქვის» გამხსნელი შეიძლება აღმოჩნდეს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც არ ესმოდეთ.

ამ ვითარებაში კი ჩვენი «ბიძინისტური» ოპოზიცია თავს ასე იმშვიდებს: «სააკაშვილი ამ შეხვედრას ივანიშვილის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, გამოიყენებს. ჩვენ ხომ თოვლის ბაბუასი გვჯერა რაღაც ასაკამდე, მერე ხომ აღარ გვჯერა? სააკაშვილის ძალა არის იქამდე, სანამდეც არის თოვლის ბაბუის ძალა, ანუ ვიდრე გვჯერა მისი. თუ არ დაიჯერებ, ეს ყველაფერი აორთქლდება, როგორც თოვლი გაზაფხულზე. არ უნდა მოვუსმინოთ და დავიჯეროთ და მორჩა, გათავდა».

მაგრამ თავის დამშვიდებაც ვერ ხერხდება: «როგორც ხშირად ჩვენს შვილებს ვეუბნებით, რომ თოვლის ბაბუა არსებობს, ასე სააკაშვილიც ატყუებს ხალხს, ოღონდ ბოროტი განზრახვის გამო. ის, რომ საზოგადოების ნაწილს სააკაშვილის გულწრფელად სჯერა, არის ტრაგედია. ვიდრე ხალხს სჯერა მითების და ზღაპრების, ჩვენ არ გვეშველება არაფერი».

ეს ციტატები მით უფრო ნიშანდობლივია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მის ავტორს, მისივე მეგობრებივით, კარგა ხანს სჯეროდა, რომ სააკაშვილი თოვლის ბაბუაა. უფრო ადრე ერთ მის მეგობარს ისე სჯეროდა შევარდნაძის, რომ ტელევიზიის პირველ არხზე ამავე სახელწოდების («მჯერა») გადაცემასაც კი უძღვებოდა. ახლა ამ როლზე ივანიშვილი ჰყავთ შეგულებული. თოვლის ბაბუაზე ნაკლები საჩუქრები არც მას მოუტანია პარტნიორებისთვის.

აშშ-ში საქართველოს ელჩ თემურ იაკობაშვილს კი კარგად დაბედებული თოვლის ბაბუა ჰყავს და მის კულმინაციებზე მოგვითხრობს: «ოფიციალური ვიზიტი არის კულმინაცია რაღაც ურთიერთობებისა. ეს ხდება მაშინ, როცა ეს ურთიერთობები რაღაც დონემდე ადის. მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი პირველ რიგში არის ხაზგასმა იმ სპეციალური ურთიერთობებისა, რომლებიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს შორის».

კულმინაციამდე მისული ამ «სპეციალური ურთიერთობების» ცვლას არც ბიძინა ივანიშვილი გვპირდება. უკეთეს შემთხვევაში, დღევანდელი ვითარებით, 2012 წლისთვის მხოლოდ ამ «სპეციალური ურთიერთობების» სუბიექტების შეცვლას უნდა ველოდოთ. ასეა თუ ისე, ობამა-სააკაშვილის შეხვედრის შედეგებს მხოლოდ მის შემდეგ ხელისუფლების ტაქტიკის მიხედვით ამოვიცნობთ.

ნანა დევდარიანი

P.S. 1942 წელს, როცა ფაშისტები მოსკოვის მისადგომებთან იბრძოდნენ, სტალინმა აშშ-ის ელჩი გამოიძახა. იგი 40 წუთის განმავლობაში იდგა კაბინეტში, ვიდრე სტალინი ფანჯარაში ცეცხლისფრად ანთებულ ჰორიზონტს გაჰყურებდა. ბოლოს, ყურადღების მისაქცევად, ჩაახველა. სტალინმა ჰკითხა: «იცით, რაზე ვფიქრობ ახლა»?

დაბნეულმა ელჩმა თავი გააქნია. სტალინმა თავდავე უპასუხა: «ვფიქრობ, რა კონტრიბუცია დავაკისროთ გერმანიას გამარჯვების შემდეგ».

სიტყვა კონტრიბუციის განმარტება ასეთია: «დამარცხებული ქვეყნის მოსახლეობის მიერ გამარჯვებული ქვეყნისთვის გადახდილი ბეგარა». გამოდის, რომ დამარცხებული საქართველო გამარჯვებულ აშშ-ს ბეგარას საკუთარი ჯარისკაცებით მესამე ქვეყანაში – ავღანეთში უხდის. საამაყოა თუ არა, რომ საქართველო ავღანეთში საკუთარი სამხედროების კონტინგენტით «ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია,» მკითხველმა განსაჯოს.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here