Home რუბრიკები პოლიტიკა ოჰ, ეს საოცნებო ნატო!..

ოჰ, ეს საოცნებო ნატო!..

650

ნატოს გენერალური მდივნის, ბატონ რასმუსენის თავისი კამარილიით საქართველოში სტუმრობამ ქართველი ნატოელების არნახული აღტკინება და კუნტრუში გამოიწვია, აქაოდა, ნატოს ვუახლოვდებითო. ამას ისეთი რიხითა და შემართებით აცხადებდნენ, რომ თითქოს ნატო ქართველი მზეთუნახავი იყოს. კი მაგრამ, ბატონებო, მრავალი წელია, გაიძახით _ ნატოს ვუახლოვდებითო, კიდევ რამდენი ათასი კილომეტრი გაშორებთ, რომ ბოლოსდაბოლოს ამ თქვენს სატრფოს ჩაეხუტოთ?

მოგმართავთ თქვენ, თავგადაკლულ ნატოელებს _ გიორგი ბარამიძეს, დავით ბაქრაძეს, ნუგზარ წიკლაურს, სხვებს და სხვებს: თქვენ, ბატონებო, თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებთ, ჩაიცვამთ სამხედრო მუნდირებს და სათავეში ჩაუდგებით ნატოს ომში ავღანეთში გაგზავნილ ქართველ მეომრებს, ბატონი რასმუსენი ამ ფაქტს აღფრთოვანებით მიესალმება; მითუმეტეს გაცხადებული აქვს: ქართველ მეომრებს არა მარტო ავღანეთში, სხვაგანაც გამოვიყენებთო. თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებთ, თქვენ სულ მალე ეამბორებით საოცნებო ნატოს. არც ის იქნება ურიგო, თუ მიხეილ სააკაშვილსაც თან იახლებთ _ 2008 წლის აგვისტოში ჩანერგილ შიშს დაძლევს და წრთობასაც მიიღებს…

ობიექტურად ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკური კანონზომიერებების გამო კავკასიისთვის ნატო შეუთავსებელია. თუ ეს კანონზომიერებანი სომხებმა და აზერბაიჯანელებმა შეიმეცნეს, ჩვენ რა უბედურება დაგვემართა? ნატო კარგი ხილი რომ იყოს, მისი დაგემოვნება სომხეთს, რომელსაც აშშ-ში და ნატოს სხვა ქვეყნებში ძლიერი დიასპორა ჰყავს, განა გაუჭირდებოდა?რატომ არ გინდათ დაუჯეროთ კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ჯერ კიდევ 2001 წლის სააღდგომო ეპისტოლეთი რომ დაგვმოძღვრა: «ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ალბათ, ყველაზე სასურველი ნეიტრალიტეტია».

სამხრეთ კავკასიაში სარკოზის ვოიაჟის ძირითადი მიზანი იყო სომხების გულის მოგება, რათა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საფრანგეთში მცხოვრებმა მრავალრიცხოვანმა სომეხმა ამომრჩეველმა ხმა მას მისცეს. ამით იყო ნაკარნახევი, რომ მან ყველასთვის ცნობილი, წარმოშობით სომეხი, შარლ აზნავური, დღეს ხანდაზმული, თან რომ იახლა. სომხეთში მან ღამეც გაათია, მაგრამ ნატოს ხსენებაც არ ყოფილა. საქართველოში კი სულ რაღაც სამსაათიანი შოუ მოეწყო. იმას კი უნდა ვუმადლოდეთ, რომ გეოპოლიტიკური კანონზომიერებით ნაკარნახევი რჩევა მოგცათ: რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყარეთო. თქვენ კი როგორ იქცევით? ანტირუსულ ისტერიკას და ცივ ომს ისეთი გაშმაგებით ეწევით, რომ ხვალ თუ ზეგ შეიძლება ცხელ ომამდე მიიყვანოთ.

რატომ ვერ ხვდებით, ბატონებო, რუსეთ-ირანის სამეზობლო პირობებში «ნატო-ნატოს» რიტორიკამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რომ დაგვაკარგვინა? აშშ-მა სერბეთს კოსოვო წაჰგლიჯა, დამოუკიდებლად გამოაცხადა, იქ ევროპაში ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა მოაწყო 7200 სამხედრო მოსამსახურით. კოსოვოს საპირწონედ რუსეთმა ორი რეგიონი წაგვგლიჯა. ჩვენი გეოპოლიტიკური სიბეცისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ წამოწყებული ომის შედეგად დამატებით 130 სოფელი დავკარგეთ. აშშ-ის მიბაძვით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთმა დამოუკიდებლად გამოაცხადა და იქ სამხედრო ბაზების აგება წამოიწყო. აი, რა მოგვიტანა აშშ-დასავლეთთან ტრფიალმა. ეს უბედურება ბუშების, მაკკეინების, გეიტსების მსგავსმა ქორებმა მოგვახვიეს თავს, მოგებულები კი თვითონ დარჩნენ. თქვენ კი, ქართველმა ნატოელებმა სააკაშვილთან ერთად ქართველი ხალხის მოღალატეთა მანტიები მოირგეთ.

იუგოსლავიის 7 სახელმწიფოდ დამშლელი აშშ საქართველოს გაამთლიანებს? ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ აშშ და მისი ნატო ამ მიზნით რუსეთს შეერკინება. ჩვენ კი აშშ-რუსეთის ინტერესთა გარიგებებში კოზაკივით გავიჭყლიტებით.

საქართველოს გამთლიანების გზის შესახებ ამ 15 წლის წინ ხაზგასმით ამერიკელმა გენერალმა ჯონ-მალხაზ შალიკაშვილმა მიგვითითა: «აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთთან კარგი ურთიერთობით დაიბრუნებთო». ეს ჭეშმარიტება მას წარმოშობის ქართულმა გენმა ათქმევინა. ამას ბუშები თუ მაკკეინები არასოდეს გვეტყვიან.

დღეს აშშ თავისი ნატოთი მსოფლიო ჟანდარმად იქცა, რაც ნათლად გამოვლინდა იუგოსლავიაში, ერაყში, ავღანეთსა და ლიბიაში. კადაფი დიქტატორი იყო თუ ავაზაკი, მას თავისი ხალხი გაუსწორდებოდა. ნავთობის ეშხით დატყვევებულმა ნატოელებმა კი საჰაერო ინტერვენცია მოაწყვეს, ლიბიელ ხალხს ბომბები უშურველად დააყარეს; ესეც თქვენი მშვიდობისმყოფელი ნატო.

ნატოს ბობოქრობის გამო ცივი ომი ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა. სწორედ ნატო ბადებს საერთაშორისო ტერორიზმს, საომარ კონფლიქტებს, ქვეყნებს შიგნით სამოქალაქო ომებს და ა. შ.

გაეროს გვერდით, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოიცავს, ნატო ზედმეტი ბარგია. იგი აშშ-ის ვერაგული დოქტრინის _ მსოფლიოში «ახალი წესრიგის» დამყარების, ანუ მსოფლიოს ამერიკულად გლობალიზების იარაღია. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა ხუთეული ახალი ხუთეულით უნდა გაიზარდოს; სასურველია, დაემატოს: ბრაზილია, ინდოეთი, იაპონია, გერმანია და იტალია.

ნატო კი უნდა დაიშალოს და მსოფლიოც შვებით ამოისუნთქავს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here