Home რუბრიკები პოლიტიკა ილუზია _ ნატო და ილუზიონისტი _ სააკაშვილი

ილუზია _ ნატო და ილუზიონისტი _ სააკაშვილი

1147

სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა, რომელთაც საგარეოპოლიტიკურ ორიენტირად ალიანსის რიგებში გაწევრიანება აქვთ დეკლარირებული, ნატოს წევრობას უახლოეს პერსპექტივად გვისახავენ. მაგრამ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა უნდა შესთავაზოს საქართველომ ნატოს იმაზე მეტი, რასაც ახლა სთავაზობს ავღანურ მისიაში მონაწილეობით, ან რას მოიგებს ნატო საქართველოს თავის რიგებში მიღებით? _ არც არაფერს. უფრო _ პირიქით: შეიძლება ძალიან ბევრი რამ დაკარგოს კიდეც. მაგალითად, ნატოს წევრი საქართველო ალიანსისთვის ზედმეტი თავისტკივილი გახდება მოუგვარებელი კონფლიქტებით, მის ტერიტორიაზე უკანონოდ არსებული რუსული სამხედრო ბაზებით და, რაც მთავარია, შიზოფრენიული ავტორიტარული მმართველობით.

გარდა ამისა, გაიზრდება ალიანსისა და რუსეთის დაპირისპირების საფრთხე, რაც ნატოს წევრი ქვეყნების მთავარ მიზანს _ დაამყარონ რუსეთთან აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები, მიუღწეველს გახდის, ამას კი ევროპის რიგი სახელმწიფოებისა (მაგალითად, საფრანგეთი, გერმანია და სხვ.) საქართველოს გამო არ დაუშვებს, ვინაიდან მათთვის ეროვნული ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს უსაფრთხოება.ავღანეთში ქართველი სამხედროების მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიგნით პროპაგანდის იარაღად იყენებს, რომ თითქოს ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ნატომდე მიგვიყვანს, და ამაში საზოგადოების დარწმუნებას ცდილობს, ხოლო დასავლეთის ქვეყნებთან ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლით ვაჭრობს. კერძოდ, ავღანეთის ცხელ წერტილში (სადაც უკვე დღეის მდგომარეობით 12 ჯარისკაცია გარდაცვლილი) ქართული სამხედრო კონტინგენტის «საზარბაზნე ხორცად» გაგზავნის სანაცვლოდ ხელშეუხებლობის გარანტიას და პიროვნულ მხარდაჭერას ითხოვს. სწორედ ამიტომ არ წუხან და შფოთავენ დასავლეთის «დემოკრატიის მისიონერები» საქართველოს ხელისუფლების მიერ ფეხქვეშ გათელილი დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების გამო. სწორედ ამიტომ ფასდება ყველა გაყალბებული არჩევნები «დამაკმაყოფილებელ და პროგრესულ» ნაბიჯად.

საქართველოს მიერ ავღანეთში გაწეულ წვლილსა და შემდგომ ნატოში მის წევრობას შორის პირდაპირი კავშირი რომ არ არსებობს, ამაზე ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ისაუბრა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში ვიზიტის დროს. მაშინ ნატოს გენმდივანს დამაიმედებელი არაფერი უთქვამს, უფრო მეტიც, ნატოში საქართველოს «ინტეგრაცია» უსასრულობისკენ «გადაამისამართა»: «საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა ნატოსთან დაახლოების გზაზე, თუმცა სამუშაო ბევრია და ამიტომ ვერ ვამბობ, როდის გახდება ზუსტად საქართველო ნატოს წევრი. ეს დამოკიდებულია ქვეყნის პროგრესზე». მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ მაინც მიიღო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება და ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა 937-დან 1675-მდე გაზარდა, ანუ 738 ჯარისკაცით. ეს მაშინ, როცა სააკაშვილი და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად გვარწმუნებენ რუსეთიდან მომდინარე სააფრთხეების რეალურობაზე, რომ თითქოს შესაძლოა, კონფლიქტის ესკალაცია ნებისმიერ დროს დაიწყოს და ა.შ.

რუსეთისთვის საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მიუღებელია არა მარტო იმიტომ, რომ ნატოს უშუალო დამეზობლებაში ხედავს საფრთხეს (ასეთი მეზობლობა მას ნატოსთან უკვე აკავშირებს ბალტიისპირეთის რესპუბლიკების სახით), არამედ რუსეთს არ სურს, იქ მიუახლოვდეს ნატო, სადაც რუსეთის სახელმწიფო სუსტია, ანუ მისთვის მიუღებელია ფეთქებადსაშიში ჩრდილოეთ კავკასია ნატოს პირისპირ და ამერიკის ირიბი გავლენის სფეროში აღმოჩნდეს. ვინაიდან ამ რეგიონში გარეშე ძალის მიერ მხარდაჭერილ დესტაბილიზაციასა და პროცესების არასწორ ესკალაციას შეუძლია რუსეთის სახელმწიფო დაშლის პირამდე მიიყვანოს, რასაც რუსეთი არასოდეს შეეგუება, თუნდაც საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევა რომ მოუწიოს.

ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე ალექსანდრე ჭაჭია წლების წინ დაუფარავად საუბრობდა იმ უარყოფით და მძიმე შედეგებზე, რასაც გამოიწვევდა ამერიკის მხარდაჭერით დაიმედებული საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტირუსული პოლიტიკა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვას უწყობდა ხელს და აცხადებდა, რომ დაპირისპირების შემთხვევაში საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო დარჩებოდა: «ქვეყანაში მოქმედმა «მეხუთე კოლონამ» შეასრულა გარე ძალების შეკვეთა და მიაღწია იმას, რომ რუსეთი საქართველოს სტრატეგიული მოწინააღმდეგე ხდება. გასაგებია, რომ საქართველოსთვის განკუთვნილი დამხმარე სტრატეგიული როლის საბოლოოდ შესრულების შემდეგ ჩვენ, როგორც ისტორიაში უკვე ბევრჯერ ყოფილა, მიგვატოვებენ და მოგვიწევს რუსეთთან პირისპირ ურთიერთობის გარკვევა, რასაც დამღუპველი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ასე ხდებოდა ყოველთვის, როცა ქვეყნის ხელმძღვანელობა სრულიად უგულებელყოფს ეროვნულ ინტერესებს და სხვის თამაშში პაიკის როლზე თანხმდება». ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას ეს პროგნოზი სააკაშვილის ანტიეროვნულმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა და რუსეთთან კონფრონტაცია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად გაიხადა, რისი დამანგრეველი შედეგებიც 2008 წლის აგვისტოს ომის სახით ვიწვნიეთ.

მიუხედავად ამისა, სააკაშვილის რეჟიმს, რომელმაც საქართველო კატასტროფის პირამდე მიიყვანა, დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე არც უფიქრია. არადა, დღეს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ამის მისაღწევად კი უნდა ცდილობდეს, გამოინახოს ყველა გზა, რათა დავამყაროთ პირდაპირი ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან, რათა დავუმტკიცოთ მათ, რომ ურთიერთობის აღდგენა და ერთ სახელმწიფოში ჩვენი ნორმალური თანაარსებობა შესაძლებელია.

სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი კი იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან ამერიკის ძალისხმევით რუსეთი დაიშლება და «ჩამოშლილი» რუსეთის ნანგრევებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოახერხებს. ასეთი მიდგომა სრული პოლიტიკური სიბეცეა, ვინაიდან სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უკონტროლოდ დარჩენილი ჩრდილოეთ კავკასია ახალ ლეკიანობას რომ ჩაუყრის საფუძველს, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება, ხოლო ლეკიანობამ თუ რა შედეგი მოუტანა საქართველოს, ეს ისტორიიდან ყველასთვის კარგად არის ცნობილი.

ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ ირანთან დაკავშირებული დაძაბულობა დღითიდღე იზრდება. მართალია, საერთაშორისო პოლიტიკაში ანტიირანული განწყობა, უკვე წლებია, აქტუალობას ინარჩუნებს. თუმცა ამჟამად ირანის კრიზისი ისეთ აქტიურ ფაზაშია, როგორშიც აქამდე არასოდეს ყოფილა.

ოფიციალური თელ-ავივი აცხადებს, რომ, თუ ირანი ბირთვულ პროგრამას გაზაფხულამდე არ შეწყვეტს, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები ირანულ ატომურ ობიექტებს დაბომბავენ. თელ-ავივს ზურგს ამერიკაც უმაგრებს, რომელიც ირწმუნება, რომ საჰაერო დარტყმებით შეუძლია შეაჩეროს ირანის ბირთვული პროგრამა, მაგრამ რამდენად შემოიფარგლება ან რამდენად იქნება მიზანი მიღწეული საჰაერო დარტყმებით, ძნელი სათქმელია.

ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ, თუ მხოლოდ საჰაერო დარტყმები ეფექტური ვერ იქნება (ეს კარგად გამოჩნდა ლიბიის მაგალითზე, როცა ნატოს ავიაციამ, ყოველდღიური საჰაერო დარტყმების მიუხედავად, კადაფის ჩამოგდება რამდენიმე თვე ვერ შეძლო), მაშინ საჭირო გახდება ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის განხორციელება. ამისათვის კი საჭირო იქნება ძლიერი კოალიციის შექმნა ირანის წინააღმდეგ, რომელიც დაწყებულ საქმეს «სასურველ» შედეგამდე მიიყვანს. დაპირისპირების გაღრმავების შემთხვევაში გამორიცხული არაა, ამ ერთგვარად «ანტიბირთვულმა» სამხედრო კამპანიამ ცივილიზაციათა დაპირისპირების სახე მიიღოს, რაც რელიგიურ ფანატიზმს «ფრთებს შეასხამს». მაგრამ რამდენ ხანს გაჭიანურდება ეს პროცესი, რთული სათქმელია, თუმცა ერთი რამ ცხადია, რაც უფრო დიდხანს გაიწელება, მით უფრო უარესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

გასულ კვირას S-ის ჟურნალისტმა ტიმ მარშალიმ თავისი მორიგი რეპორტაჟის დროს იმ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ირანზე დარტყმას: «საპასუხო ქმედება ირანისგან შეიძლება კოლოსალური იყოს, რადგან მას შეუძლია მსოფლიოს თავისი სამხედრო სატელიტების _ «ჰამაზისა» და «ჰეზბოლას» საშულებით გადასწვდეს, ხოლო საკუთარი, ჩვეულებრივი იარაღით მისწვდეს ისრაელს. გალფის სრუტე გადაიკეტება გემებისთვის, რის შედეგადაც ნავთობის ფასი გაორმაგდება და გლობალურ რეცესიას გამოიწვევს, ასევე საჰაერო თავდასხმები გამოიწვევს ირანელების ლიდერის ირგვლივ მჭიდრო გაერთიანების შექმნას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს რეჟიმს». ამ საფრთხეების მიუხედავად, «აღმოსავლეთ-დასავლეთის» მორიგი კონფლიქტი სულ უფრო მწიფდება და გაურკვეველია, ამ კონფლიქტში საქართველოს რა როლის თამაში მოუწევს.

დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებია თავმოყრილი, რომლებიც კერძო, მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილებით არიან დაკავებულნი და ნებისმიერ დროს მზად არიან, გაწირონ საქართველო, ოღონდ მათ უსაფრთხოებასა და კომფორტს საფრთხე არ დაემუქროს.

ჩვენ ვალდებულნი ვართ, რეალურად შევხედოთ მომავალს და ნათლად გავიაზროთ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით შეუძლებელია, ვინაიდან სტაბილურობის მოყვარე ევროპის ქვეყნები (მითუმეტეს ახლა, როცა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში არიან ჩაფლულნი) ნატოს რიგებში არ მიიღებენ ისეთ სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარი დგას, მითუმეტეს ეს ქვეყანა თუ ბირთვული რუსეთია, რადგან მასთან დაპირისპირება არავის სურს. ამიტომაც მოუწოდებენ მუდმივად დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერები სააკაშვილს რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი დიალოგის აღდგენისკენ, მაგრამ ამაოდ.

ამიტომ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ბირთვული სახელმწიფოა და მიუხედავად იმისა, რომ ის საერთაშორისო არენაზე უკვე «მეორე პოლუსს» აღარ წარმოადგენს, საქართველოს «მოსახრჩობად» რესურსს ყოველთვის გამონახავს და ამერიკის მხარდაჭერის იმედით ამის იგნორირება ჩვენი მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი იქნება.

ამრიგად, საქართველოს ხელისუფლების არაგონივრული და ავანტიურისტული საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში, ჩვენს ქვეყანას განადგურებას უქადის. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის აღიარებისა, რითაც ტერიტორიული მთლიანობა იქნა დარღვეული, ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, გამოვნახოთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის საჭირო გზები. ეს კი მუშტების ქნევითა და რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო პლაცდარმად გადაქცევით არ მიიღწევა. პირიქით, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ რუსეთს, რომ მათთვის «საშიშროებას» არ წარმოვადგენთ და დამოუკიდებელი საქართველოს, როგორც ერთიანი, ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოს არსებობა რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას არ ემუქრება.

გიორგი მეძმარიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here