Home რუბრიკები პოლიტიკა კოლონიალიზმის ვარდისფერი ხიბლი

კოლონიალიზმის ვარდისფერი ხიბლი

1095

ოცდახუთიოდე წლის წინ თავისუფლება ჯინსებისა და «მალბოროს» სინონიმად აღიქმებოდა. აღდგომის ღამეს ჩვენს ტელეეკრანებზე «შესანიშნავი შვიდეული» გადიოდა, რომ ახალგაზრდები ლიტანიობას არ დასწრებოდნენ. კოვბოებისადმი სიყვარული საცოდავი მექსიკელი გლეხების ბედს ბინდავდა და ჩვენც საკუთარ თავს «კოვბოების ცივილიზაციას» ვაკუთვნებდით. რა თქმა უნდა, მაშინ იმაზე არ გვიფიქრია, რომ «კოვბოი» პირდაპირ თარგმანში მწყემსს ნიშნავს, ხოლო მათი განგსტერული ქცევა კეთილშობილების გამოხატულება გვეგონა.

მთელი მსოფლიოს «გადემოკრატებისთვის» თავგადადებულ ამერიკელებს არც ახლა უყვართ იმის გახსენება, რომ რეზერვაციაში შერეკილი ინდიელების მიწებს ევროპიდან მოსული «კოვბოები» დაეპატრონენ, ხოლო უკანასკნელი ბელადი სამარცხვინოდ დევნეს და ბოლოს მოკლეს კიდეც. აშშ-ის პირველმა პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა 1779 წელს დამპყრობელი კამპანია წამოიწყო იროკეზთა ცივილიზაციის წინააღმდეგ. თავის წერილში მარი ჟოზეფ ლაფაიეტისადმი იგი წერდა, რომ მისი ამოცანაა, «გაანადგუროს ეს ხალხი ამერიკული ქვეყნის ტერიტორიაზე და გადაწიოს ამერიკის საზღვარი მისისიპის დასავლეთით». იროკეზების ტომთა ბელადებს გამოუცხადეს, რომ მათ განმათავისუფლებლებს კომპენსაცია უნდა გადაუხადონ «წინააღმდეგობის ვერაგულად გაწევის» გამო.ნიუ იორკის მაშინდელმა გუბერნატორმა ჯ.კლინტონმა დამარცხებულ ტომებს აცნობა: «ჩვენი დანაკარგების, აგრეთვე, თქვენი ვალებისა და ჩვენი ადრინდელი მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, თქვენი მხრიდან გონივრული იქნება, თუ მიწებს დაგვითმობთ, რაც ჩვენს დანახარჯებსა და თქვენს ვალებს დაფარავს». ასე რომ, როცა ამერიკელები გონივრულობისაკენ მოგიწოდებენ, ჰკითხეთ, სად არიან ახლა ამერიკული მიწების პატრონი იროკეზები.

სხვათა შორის, ჯ. ვაშინგტონს მხოლოდ ამერიკული პატრიოტიზმი როდი ამოძრავებდა; 19 წლის ასაკიდან, როცა მემკვიდრეობით მაუნტ-ვერნონის მამული მიიღო, ოჰაიოს კომპანიის მეწილე გახდა, რომელიც ინდიელებისთვის წართმეული მიწების სპეკულირებით იყო დაკავებული. ამას ამერიკელები არ იხსენებენ, სამაგიეროდ უყვართ იმის გახსენება, როგორ გაათავისუფლა ვაშინგტონმა მონები თავისი ანდერძით (ცხადია, მისი სიკვდილის შემდგომ).

საკუთარი «ღვთივრჩეულობის» იდეა ამერიკელმა პიონერებმა დროშად აღმართეს ახალი კონტინენტის ათვისებისა და ადგილობრივი მოსახლეობის განადგურებისას. 1845 წელს ჯონ ო’სალივანი თავის ჟურნალში Democratic Review აღფრთოვანებით წერდა: «გვაქვს უფლება, ბედით წერილი, დავასახლოთ კონტინენტი, რომელიც განგებამ გვაჩუქა წლიდან წლამდე მზარდი მრავალმილიონიანი ერის თავისუფალი განვითარებისთვის. ეს უფლება ისეთივე ბუნებრივია, როგორც ხის უფლება, _ დაიკავოს თავისი ფესვებითა და ვარჯით სივრცე ჰაერში და მიწაში… ვინ გაბედავს, შეგვიზღუდოს წინ მოძრაობა? ჩვენთან არს განგება და ვერც ერთი მიწიერი ძალა ხელს ვერ შეგვიშლის. მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, ვისთვისაც დაფარულია ჭეშმარიტების სინათლე, კურთხეული მისიის შესასრულებლად ამერიკაა რჩეული; მისი მაღალი მაგალითი გაანადგურებს ტირანებსა და მეფეებს, იერარქებს და ოლიგარქებს, მიიტანს მშვიდობისა და კეთილი ნების ხარებას იქ, სადაც უთვალავი ათასი ადამიანი არსებობს ყოფით, რომელიც იმაზე მეტ შურს არ იმსახურებს, ვიდრე ცხოველების ყოფა მინდორში. ვინღა დაეჭვდება იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება მომავლის უდიდესი ერი?» _ პათოსით საბჭოთა პიონერის ფიცს წააგავს, მაგრამ, თუ ამერიკის თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ 150 წლის განმავლობაში იგი ოდნავაც არ დაშორებია ჯონ ო’სალივანის რიტორიკას.

პრეზიდენტმა ტრუმენმა მეოცე საუკუნის 40-იან წლებში განაცხადა: «ღმერთმა შეგვქმნა ჩვენ, მოგვიყვანა დღევანდელ ძლიერებამდე დიადი დანიშნულების გამო». 1999 წელს სააკაშვილის დღევანდელმა მეგობარმა ჯონ მაკკეინმა ბრძანა: «აშშ შეუცვლელი ერია, რადგან ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ისტორიის უდიადესი სიკეთის ძალა ვართ… ჩვენ მტკიცედ ვაპირებთ გამოვიყენოთ ჩვენი წამყვანი პოზიციები მსოფლიო საქმეებში კაცობრიობის სასიკეთოდ». 2000 წელს მან განმარტა ამ «სასიკეთო» ჩარევის ხასიათი: «მე შევაიარაღებ, გავწვრთნი და მოვამარაგებ გარედან და შიგნიდან ძალებს, რომლებიც საბოლოო ჯამში დაამხობენ რეჟიმებს და შექმნიან თავისუფალ და დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს». ამერიკული მმართველი ელიტა კვლავაც განაგრძობს «ხის უფლებით» ექსპანსიას მთელ მსოფლიოში.

დღეს შეერთებული შტატები «ღვთივრჩეულობის» ამ თეორიას უკვე არა საკუთარ კონტინენტზე, არამედ მთელ მსოფლიოში იყენებს, როგორც საკუთარი დიადი მისიის არგუმენტს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი იუბერ ვედრინი ამბობს: «აშშ კვლავაც მიიჩნევს, რომ იგი განსაკუთრებულ როლს ასრულებს მსოფლიოში, რომ მას ცივილიზატორული მისია აკისრია და ყველა დანარჩენს უნდა მიუტანონ დემოკრატიისა და ლიბერალური ეკონომიკის ფასეულობები. ამერიკას სწამს საკუთარი განსაკუთრებული დანიშნულება».

ჯონ მაკკეინისა და იუბერ ვედრინის ციტატების შემდეგ ძნელი არ უნდა იყოს მიხვედრა, თუ რომელ კოლონიურ უღელში ამოყო თავი საქართველომ 2003 წლის «ვარდების რევოლუციად» წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ. სააკაშვილის მეგობარი მაკკეინი სამი წლით ადრე აფრთხილებდა მსოფლიოს, თუ რა მეთოდებით აპირებდა მის «გადემოკრატებას».

ეროვნული მოძრაობის ზეობისას ხშირი იყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთის იმპერია საქართველოს ძარცვავს. საქმე იქამდე მივიდა, რომ რუსეთის ეკონომიკას ლახვარი «ჩავეცით» და სამტრედიაში რკინიგზა გადავკეტეთ. ყოველი შეძახილი იმის შესახებ, რომ ეკონომიკური კავშირების ასე ერთბაშად გაწყვეტა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა საქართველოს, ეხლებოდა იმ ტიპის გამონათქვამებს, როგორიცაა _ «დამოუკიდებელი ვიყოთ და ბალახს შევჭამთ», ან «ჩვენ მარტო ბორჯომი და ჩაი გვარჩენს» და ა.შ. ბორჯომი იმ მცირე ჯგუფს არჩენს, ვინც პრივატიზაციისას იმარჯვა, ხოლო ჩაი საბოლოოდ გავერანდა, რადგან რუსეთის გარდა იგი არც ერთმა ქვეყანამ არ შეუშვა ბაზარზე. უცხოელმა ინვესტორმა ჩაის ფაბრიკები მხოლოდ იმიტომ შეისყიდა, რომ საბოლოოდ გაეჩერებინა ისინი, რათა მისი საწარმოების კონკურენტი ვინმეს არ აემუშავებინა.

1988 წელს ერთი ანეკდოტური შემთხვევა მოხდა; იმ ისტერიის ფონზე, რომ რუსეთი ყველაფერს ეზიდება საქართველოდან, ერთ-ერთმა ქართველმა კინოდოკუმენტალისტმა გადაწყვიტა, გადაეღო, როგორ მიემართება საქართველოდან დატვირთული შემადგენლობები რკინიგზით. ჩავიდნენ დასავლეთ საქართველოში, ოპერატორმა კამერა დააყენა და გადაღება დაიწყო. ცოტა ხანში მიხვდნენ, რომ რაღაც ისე არ არის: შემოდის დატვირთული ვაგონები და გადის ცარიელი პლატფორმები. საქმე ის არის, რომ კადრის აგებას თავისი კანონი აქვს: რაც მარცხნიდან შემოდის კადრში, ის «შემოსვლად» აღიქმება, რაც მარჯვნიდან _ «გასვლად». ოპერატორმა შუბლში იტკიცა ხელი: _ ვიცი, როგორ უნდა გავაკეთოთო! გადავიდა ლიანდაგის მეორე მხარეს და სურათიც დალაგდა: მარჯვნიდან მარცხნივ სავსე ვაგონები «გადიოდა», ხოლო მარცხნიდან მარჯვნივ _ ცარიელი ვაგონები «შემოდიოდა»!

სრულიად უმართებულო იყო ეროვნული მოძრაობის წლებში ტერმინ «კოლონიის» დამკვიდრების მცდელობა, რადგან საბჭოთა კავშირში კოლონიის სტატუსი არც საქართველოს და არც სხვა რესპუბლიკებს არ ჰქონიათ. შეიძლება ბევრი ნაკლი მოუძებნო იმ იდეოლოგიას, მაგრამ იგი ნამდვილად ერთა და ადამიანთა თანასწორობაზე იდგა. არც ერთი რუსი არც ერთ ქართველზე (და სხვებზე) მეტ უფლებებს არ ფლობდა და არც უკეთესად ცხოვრობდა. გასული საუკუნის 30-იან წლებში კინოფილმ «ცირკში» ზანგი ბავშვის გამო განვითარებულ დრამას ვუყურებდით და ვერ გაგვეგო, როგორ შეიძლებოდა, კანის ფერის გამო ვინმე ედევნათ, მას შემდეგ კიდევ 30 წელიწადი ამერიკაში თეთრი და ზანგი (ახლა რომ პოლიტკორექტულად «აფროამერიკელებს» უწოდებენ) ბავშვები სხვადასხვა სკოლაში სწავლობდნენ.

დღეს, როცა საქართველოს მმართველი რეჟიმი და მისი ოპოზიციაც ერთნაირად პროდასავლურია, ყველა ერიდება იმის თქმას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ თანდათან ამერიკული იმპერიალიზმის კოლონიად ჩამოვყალიბდით; კოლონიად, რომელიც სხვის მაგივრად გზავნის ჯარისკაცებს ომში, სხვისი მითითებით აძლევს თანხმობას, მაგალითად, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, სხვისი ნების გარეშე ვერ ცვლის საკუთარ ხელისუფლებას…

ამ სქემას მშვენივრად აღწერს ჯეიმს პეტრასი სტატიაში «XX ს. კულტურ-იმპერიალიზმი»: «კულტურ-იმპერიალიზმი ყველაზე წარმატებულად თავისი კოლონიზირებული შუამავლების, კულტურ-კოლაბორაციონისტების მეშვეობით მოქმედებს. ტიპური იმპერიული კოლაბორაციონისტები არიან მესამე სამყაროს განათლებული კარიერისტები, რომლებიც პატრონებს ბაძავენ. ისინი დასავლეთს ემონებიან და თავხედურად ექცევიან საკუთარ ხალხს, ეს ავტორიტარული ტიპის ნათელი ნიმუშია. ბანკებისა და ტრანსნაციონალური კომპანიების მხარდაჭერით ისინი უზარმაზარ გავლენას მოიპოვებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე სახელმწიფო და ადგილობრივ დონეებზე. დასავლეთის მიბაძვით, ისინი განუხრელად იცავენ უთანასწორო მონაწილეთა შეჯიბრებითობის პრინციპს, ქვეყნებისა და ხალხების გახსნას უმოწყალო ექსპლოატაციისათვის ვაჭრობის თავისუფლების სახელით. ისინი აღმერთებენ ბაზარს, როგორც აბსოლუტურ მსაჯულს სიკეთისა და ბოროტების საკითხებში… შეუზღუდავი მსოფლიო ბაზარი წარმოუდგენიათ როგორც განვითარების ერთადერთი საშუალება. ირონია იმაშია, რომ არასოდეს დღემდე ბაზარი ასეთი უმოწყალო არ ყოფილა მესამე სამყაროს მიმართ. არასოდეს აშშ, ევროპა და იაპონია არ ყოფილან ასე აგრესიულნი მესამე სამყაროს ექსპლოატაციაში. დაქირავებული ინტელექტუალების კულტურული გაუცხოება მსოფლიო რეალობისგან _ დასავლური კულტურ-იმპერიალიზმის ბატონობის თანმხლები პროდუქტია».

რა მდგომარეობაშიც დღეს საქართველო აღმოჩნდა, ასი წლის წინ დაწერილი ეს სიტყვებიც მკაფიო წარმოდგენას იძლევა: «იმპერიალიზმი არის კაპიტალიზმი განვითარების იმ სტადიაზე, როცა ჩამოყალიბდა მონოპოლიებისა და ფინანსური კაპიტალის ბატონობა, ხოლო კაპიტალის გატანამ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა, დაიწყო მსოფლიოს დანაწილება საერთაშორისო ტრესტების მიერ და ეს დანაწილება დასრულდა დედამიწის მთელი ტერიტორიის გაყოფით უმსხვილეს კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის». ახლა ამ ტექსტში «ტრესტების» ნაცვლად «ტრანსნაციონალური კორპორაციები» ჩასვით, ხოლო ბოლო ფრაზის ნაცვლად იხმარეთ ტერმინი «ახალი მსოფლიო წესრიგი» და თავად უპასუხეთ, სწორად არის თუ არა აღწერილი დღევანდელი სურათი. რა გამოგივიდათ?

არადა, ეს სიტყვები ლენინს ეკუთვნის. ვინძლო არ მოგეჩვენოთ, რომ კომუნისტური იდეოლოგიის გავლენის ქვეშ მოექეცით, თანამედროვეობის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი მკვლევარის, სამუელ ჰანტინგტონის ფრაზას მოვიტან: «დეკოლონიზაციის შემდგომ… ტრადიციული ტერიტორიული იმპერია შეცვალა ტრანსნაციონალურმა იმპერიალიზმმა».

ასე რომ, იმპერიალიზმი, ლენინის საქმისგან განსხვავებით, «ცოცხლობს და იმარჯვებს»!

ნანა დევდარიანი

P.S. კოლონიას არ სჭირდება მეცნიერებათა აკადემია, კონსერვატორია, საგარეო პოლიტიკა, ჯარი – საკუთარი საჭიროებისთვის, უმაღლესი განათლება. ამას ყველაფერს მეტროპოლია გადაწყვეტს. გზები, ფეშენებელური სასტუმროები და, მაგალითად, ოპერის თეატრი, ან თუნდაც ჩვენთვის აუხსნელი და ჩვენი გარემოსთვის შეუფერებელი ქანდაკებები ისევ კოლონიზატორებისთვის კეთდება, ხოლო მათი ენის ცოდნა აუცელებელია. აბა, ისინი ხომ არ ისწავლიან აბორიგენების ენას?! როგორია კოლონიაში ცხოვრება?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here