Home რუბრიკები პოლიტიკა ნესტან კირთაძე: მე ვნახე რუსეთში ქართული სული, ქართული იმედები

ნესტან კირთაძე: მე ვნახე რუსეთში ქართული სული, ქართული იმედები

958

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს რუსეთში ვიზიტსა და რუსეთის პრეზიდენტ მედვედევსა თუ პატრიარქ კირილთან შეხვედრებს, ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. პროფესორი ნესტან კირთაძე მოვლენების უშუალო თვითმხილველია. ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთში თან ახლდა. ამ ვიზიტის მნიშვნელობასა და საკუთარ შთაბეჭდილებებზე ქალბატონი ნესტანი «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება.

_ როგორ დახვდნენ რუსეთის უმაღლესი სასულიერო თუ ოფიციალური პირები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და როგორ ფიქრობთ, რამდენად შედეგიანი იქნება პატრიარქის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის?_ ზოგადად, ორი პატრიარქის შეხვედრა ყველა ქვეყანაში ფასდება როგორც ისტორიული შეხვედრა. ამას გარდა, მინდა შევახსენო თქვენი გაზეთის მკითხველს, რომ საქართველოს პატრიარქი, რუსეთის პატრიარქ კირილს უკვე ახალი ტიტულატურით შეხვდა. ილია მეორე ამჯერად როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის რანგში ეწვია რუსეთს, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან, როდესაც საქართველოს სამოციქული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, ილია მეორესათვის დაეკისრებინა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ეპარქიის _ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის წოდება და პატივი, გაჩნდა კითხვა: რამდენად მიიღებდნენ ამას აფხაზები ან რუსეთის საპატრიარქო, თუმცა, კარგად ვიცნობთ რა ჩვენს პატრიარქს და ვიცით რა მისი პრინციპული გადაწყვეტილებები, მას ყოველთვის წინასწარ აქვს განჭვრეტილი ამა თუ იმ გადაწყვეტილების შედეგი. მან სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსთვის მისაღებად აქცია, რომ ის არის მართლაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

მისი სიბრძნის, დიპლომატიის, პრინციპულობის გამო, ჩვენს პატრიარქს მართლმადიდებლურ სამყაროში უდიდესი ავტორიტეტი აქვს. ამ ყველაფერზე კარგად მეტყველებს შეფასება, რომელიც მის მიმართ 2007 წელს, პატრიარქის ვიზიტის დროს, რუსეთის აწ განსვენებულმა პატრიარქმა ალექსიმ გამოხატა. მაცხოვრის ტაძარში მან განაცხადა, რომ ილია მეორეს ჩამობრძანება მოსკოვში, ჩვენთვის აღდგომის ტოლფასი დღესასწაულიაო. საქართველოს პატრიარქის მიმართ მართლაც ყველა გამორჩეულ მოწიწებასა და ყურადღებას იჩენს და ყველანი ყურადღებით უსმენენ მის მოსაზრებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ დღეს საქართველოს რეალური ლიდერი არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც ქვეყანაში ჩატარებულ ყველა გამოკითხვის შედეგებშიც უპირობო ლიდერია. პატრიარქის სიტყვას ყურს უგდებს სრულიად საქართველო.

რუსეთში, პატრიარქ კირილის იუბილის ფარგლებში, უამრავი შეხვედრა და ღონისძიება გაიმართა. თუმცა გამოვყოფ მაცხოვრის ტაძარში გამართულ ლიტურგიას, რომელსაც მათლმადიდებლური სამყაროს წარმომადგენლები და სხვადასხვა სასულიერო იერარქი ესწრებოდა. აქაც თვალნათლივ გამოჩნდა ჩვენი პატრიარქისადმი გამოკვეთილი პატივისცემა. წირვის დროს, ერთნაირად გუგუნებდა როგორც რუსული და ბერძნული, ასევე ქართული საგალობლები. ბიბლია კი სწორედ ჩვენმა პატრიარქმა წაიკითხა.

ათონის მთიდან ჩამოაბრძანეს უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის სარტყელი და, როდესაც მაცხოვრის ტაძარში სარტყელი შემოაბრძანეს, ერთ-ერთი პირველი, ვისაც დაუთმეს დერეფანი და მიიყვანეს სიმწინდესთან, ილია მეორე გახლდათ.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პატრიარქის შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან…

_ თუმცა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კათოლიკოს-პატრიარქი გააკრიტიკეს საქართველოში, სწორედ მედვედევთან შეხვედრა იყო. მეტიც, სოციალურ ქსელში მოწოდებაც კი გავრცელდა, რომ პატრიარქს აეროპორტშივე საპროტესტო აქციით დახვედროდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა რელიგიათმცოდნე ბასილ კობახიძე, რომელსაც სხვებმაც აუბეს მხარი.

_ უბედურია ბასილ კობახიძე, რომელიც ჩემი თაობის ერთ-ერთ ნიჭიერ კაცად ითვლებოდა. უკვე ის ფაქტი, რომ აცხადებს, თურმე პატრიარქს საპროტესტო აქციით უნდა დავხვდეთო, ჩემთვის საკმარისია და ამის შემდეგ რა იგულისხმება მის პროტესტში, მეათეხარისხოვანია. მას სასულიერო განათლება აქვს მიღებული და კარგად უნდა უწყოდეს ჩვენი პატრიარქის წონა და მადლი ამ ქვეყნისთვის. ეს კაცი ჩემს თვალში უბედურია და ასეთი კაცის ქმედების შეფასება ჩემი მხრიდან, ვფიქრობ, ზედმეტი იქნება. თუმცა შეუძლებელია არ აღვნიშნო, თუ რა სიუჟეტებს უშვებდნენ ამ დღეებში ნაციონალური პროპაგანდისტული არხები, როგორ ამკობდნენ რუსეთის პატრიარქს და ზოგადად, როგორ აფასებდნენ პატრიარქის ვიზიტს.

_ პატრიარქის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც განაცხადა, რომ უჭირს პატრიარქის ვიზიტის შეფასება…

_ ეს ის ხელისუფლება და საგარეო საქმეთა სამინისტროა, რომელსაც არ გაუჭირდა ომის პროვოცირება საქართველოში. ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც ბრძოლაში უპატრონოდ მიატოვა საკუთარი ჯარისკაცები, ხოლო ხელისუფლების წევრები ომის დროს საწარმოებსა და მიწის ნაკვეთებს იფორმებდნენ და ქონებას აგროვებდნენ. მათ არ გაუჭირდათ ომის დროს წითელი ხიდისაკენ თავიანთი ჯიპებისთვის გაესწროთ, ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს დღეს რა განცხადებას გააკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლება, რბილად რომ ვთქვათ, იმპულსურად, არაადეკვატურად, აბსოლუტურად გაუგებარ პოლიტიკას აწარმოებს მეზობელ ქვეყნებთან და თუნდაც პატრიარქის ვიზიტის შეფასების დროს, სულ სხვა არის ჩვენი პატრიარქის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. მისი ვიზიტები ერთ მიზანს _ საქართველოს გაერთიანებას ემსახურება.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პატრიარქის პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრისას საუბარი შეეხო დევნილების დაბრუნებას, მაგრამ რამდენად შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს საუბარი დევნილების დაბრუნებაზე, როცა მისი შეხვედრების პარალელურად საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის საპატრიარქოს კრემლის ფილიალად აცხადებს?! მით უმეტეს, კარგად გვახსოვს, პატრიარქის ძალისხმევის შედეგად როგორ დაიწყო სოფელ პერევიდან რუსეთმა ჯარის გაყვანა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მკვეთრი განცხადებების შემდეგ უკან დააბრუნა.

_ მედვედევს არ უთქვამს, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ლტოლვილებიო, მან განაცხადა, რომ ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენო. საქართველოს ხელისუფლების ამგვარი განცხადებები არათუ შეუშლის ხელს ურთიერთობის ნორმალიზებას, არამედ ეს არის უმძიმესი რამ, რაც შეიძლება ქვეყნის პირველმა პირმა გააკეთოს. ხელისუფლებას პირიქით, დადებითად უნდა შეეფასებინა პატრიარქის ვიზიტი, მაგრამ ეს სააკაშვილის პოლიტიკურ რეპერტუარში არ ჯდება, ერთადერთი მიზეზის გამო _ სადაც ის არ არის, იქ მიღებულ გადაწყვეტილებას არ აღიარებს. სხვისი დაბრუნებული აფხაზეთი არ უნდა, _ აი, ასეთია მისი რიტორიკა. თუმცა ერთია, რას იტყვის პრეზიდენტი, რომლის უპასუხისმგებლო პოლიტიკური მოღვაწეობა მალე დასრულდება, მთავარია, რას იტყვის საქართველოს სულიერი ლიდერი, რომლის სიტყვაც ორიენტირია ჩვენთვის.

_ ილია მეორე ერის სულიერი ლიდერია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტია და მის განცხადებებს გვერდს ვერ ავუვლით. ის იღებს გადაწყვეტილებებს.

_ ვეთანხმები თქვენს შენიშვნას, მაგრამ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გადაარჩინა საქართველო აქამდე, მომავალშიც გადაარჩენს და სამშვიდობო გზაზე გაიყვანს. სააკაშვილმა, როგორც საერო ლიდერმა, გააფუჭა ამ ქვეყნისთვის ყველაფერი. სააკაშვილმა ორი სეპარატისტული რეგიონი ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბა. არსებობდა მოლაპარაკების შესაძლებლობა და სრულ იზოლაციონიზმში მოაქცია დიალოგის საკითხი. მან შეძლო ის, რომ ორ მილიონზე მეტი კაცი დღეს საქართველოში სიღატაკის ზღვარს მიღმა იმოფება, პოლტიკური პოლიცია შექმნა, ხოლო სასამართლო დღეს მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელია, თავისუფალი მედიის ნაცვლად, პროპაგანდისტული მედია შექმნა, ბიზნესი დაშინებულია და საქართველოში თავისუფალი ნების ნაცვლად, ღია ტერორი მოქმედებს, გვყავს უკანონო, პოლიტპატიმრები. ახალგაზარდა, ენერგიული პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის გამთლიანების ლოზუნგით მოვიდა, ისე მიდის საპრეზიდენტო პოსტიდან, რომ, გამთლიანების ნაცვლად, ქართული სახელმწიფო დაშალა და დააქუცმაცა.

_ როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსული ეკლესია კრემლის ფილიალია, საზოგადოებაში გაჩნდა სავსებით ლოგიკური კითხვა _ ვინაიდან საქართველოს პატრიარქს რუსეთის საპატრიარქოსთან კარგი ურთიერთობა აქვს, ხომ არ ნიშნავს ხელისუფალის განცხადება საპატრიარქოს წინააღმდეგ ღია ბრძოლის დაწყებას?

_ არც ერთი პასუხისმგებლობის მქონე, თავმოყვარე პრეზიდენტი სხვა ქვეყნის სულიერ ლიდერზე ასეთ რამეს არ იტყვის. ეს არის ღია რევანში ერთი ქვეყნის საერო ლიდერისა მეორე ქვეყნის სულიერი ლიდერის წინააღმდეგ. ეს არ არის საპატრიარქოს წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება, ეს არის ბრძოლის გაგრძელება და არ ვიცი, ამ ყველაფერს ხვალ და ზეგ რა შედეგი მოჰყვება.

_ რამდენადაც ცნობილია, თქვენ შეხვდით გამომცემლობა UP Print-ის ხელმძღვანელობას, სადაც უნდა გამოიცეს საუკუნის ტრილოგია «ნათელი ქრისტესი» მესამე ტომი, სახელწოდებით «მზიანი ღამე». რა შედეგი გამოიღო ამ მოლაპარაკებამ?

_ ეს მოლაპარაკებაც ნაყოფიერი აღმოჩნდა შემოქმედებითი თვალსაზრისით, ფინანსური თვალსაზრისით როგორი შედეგიანი იქნება, ჯერ მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს და მერე გამოჩნდება. ერთს კი ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული წიგნი იბეჭდება მოსკოვში და ეს წიგნი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დარეგულირებისა და ნდობის აღდგენის პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მე ვნახე რუსეთში ქართული სული, ქართული იმედები და პირდაპირ შემიძლია გავიმეორო პატრიარქის სიტყვები, რომ ჩვენ მშვიდობით ჩავედით მოსკოვში და მშვიდობით დავბრუნდით საქართველოში. ორ ქვეყანას შორის დღეს არ არის დიპლომატიური ურთიერთობა, დაიღვარა სისხლი და სწორედ ნდობის აღდგენის, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის განახლებისთვის და საომარი ვითარების გადაჭრისთვის იბრძვის მართლმადიდებლური ეკლესია.

ამ დღეებში უნდა დავარეგისტრირო არასამთავრობო ორგანიზაცია «ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი», რომლის მიზანიც იქნება ორმხრივი დიალოგის დაწყება და ხალხებს შორის ურთიერთობის აღდგენა. ჩემს პროექტს უახლოეს მომავალში დეტალურად წარვუდგენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ბიძინა ივანიშვილს და ვფიქრობ, რომ იგი წარმატებით განხორციელდება. უზარმაზარია ეს მისია ჩემთვის და, მგონი, ამ ეტაპზე ამაზე მნიშვნელოვანს ვერაფერს გავაკეთებ.

_ რა ურთიერთობა გაქვთ შალვა ნათელაშვილთან მას შემდეგ, რაც 7 ნოემბერს ლეიბორისტული პარტიის მიერ დაგეგმილ აქციას ყალბი პიარაქცია უწოდეთ?

_ არანაირი ურთიერთობა შალვა ნათელაშვილთან აღარ მაქვს. ძალიან ვწუხვარ, რომ ნათელაშვილმა ყველაფერი გააკეთა საკუთარი თავის მარგინალიზაციისთვის.

_ თქვენ იყავით ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი. თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელმა პაატა ჯიბლაძემ თქვენი პარტიიდან წასვლის შემდეგ განაცხადა, რომ პარტიას თქვენი წასვლით არაფერი დაჰკლებია.

_ მინდა, ამ სიტყვების ავტორს და დანარჩენებსაც შევახსენო, რომ მე რვა წლის განმავლობაში ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი და ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს წლები ძალიან მძიმე და სარისკო იყო. ბოლო რვა წელიწადი ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის ფარგლებში შეხვედრებისას, პარტიის პოპულარიზაციას ვეწეოდი და მინდა, იცოდეს ქართველმა ხალხმა, რომ დღესაც მე ხალხის მხარეზე დავდექი. ჩემი ყოფილი თანაგუნდელების მოსაზრებები ნაკლებად მაინტერესებს, თუმცა ურიგო არ იქნება, ცოტა თავშეკავებულები იყვნენ, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ და მხოლოდ სხვის დავალებებს ასრულებენ.

ესაუბრა

შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here