თბილისის გულდათუთქული მერი ზაზა ხუხუას სამსახურიდან გათავისუფლების გამო ისე შეწუხებულა, რომ საგანგებო განცხადებაც კი გაუვრცელებია. ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მლესავად მომუშავე ზაზა ხუხუა თურმე იმიტომ გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომ მას ოჯახში არც მეტი და არც ნაკლები, თბილისის მერი ეწვია. ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო განმარტავს, რომ ხუხუა ერთი თვეა, აღარ გამოჩენილა სამსახურში. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გიგი უგულავა ურცხვად აცხადებს: სამსახურში აყვანა და გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით არ უნდა ხდებოდესო. ამას იმ ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, რომელმაც პოლიტიკური დევნა წესად აქცია.
კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია: „თბილისის მერი პროექტ „დაგეგმე ბიუჯეტი მერიასთან ერთად“ ფარგლებში, 11 ნოემბერს სტუმრად იმყოფებოდა ხუხუების ოჯახში. პროექტის მიხედვით, თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების წარმომადგენლები ყოველდღიურად შეხვედრებს მართავდნენ მოსახლეობასთან, რათა მათთან ერთად სწორად განესაზღვრათ 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი სახის შეხვედრა შედგა თბილისის მერსა და ზაზა ხუხუას ოჯახს შორის, რაც ტელევიზიით გაშუქდა. შეხვედრიდან რამოდენიმე დღეში ზაზა ხუხუა გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან. ზაზა ხუხუა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მლესავად მუშაობდა და ეს ფაქტი ჩვენთვის მხოლოდ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“–ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გახდა ცნობილი.თბილისის მერი წუხილს გამოთქვამს, რომ ზაზა ხუხუას სამსახურიდან გათავისუფლება ამ ოჯახში მის ვიზიტს მოჰყვა. გიგი უგულავა ესაუბრა დაზარალებულს, გაამხნევა, მხარდაჭერა და მორალური თანადგომა აღუთქვა მას.
მიგვაჩნია, რომ ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების ამგვარი ფორმა სცილდება ადამიანურ სტანდარტებს, რაც ძალიან დასანანია. ჩვენი აზრით, სამსახურში აყვანა და გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით არ უნდა ხდებოდეს. ჩვენთვის ნებისმიერი სამუშაო ადგილი ძვირფასია და დაუშვებლად მიგვაჩნია რომ ადამიანს, რომელსაც ოჯახი და შვილები ჰყავს ამგვარად მოექცნენ. იმედი გვაქვს, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები აღარ განხორციელდება, ხოლო ზაზა ხუხუას მხარდაჭერასა და თანადგომას ვუცხადებთ”, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.
როგორ ეხერხება ხელისუფლებას „გამხნევება, მხარდაჭერა და მორალური თანადგომა“, ამას საქართველოს მოსახლეობა არა მარტო 7 ნოემბერსა და 26 მაისს, არამედ ყოველდღე გრძნობს. დაშინების გარდა, მათ წახალისების ფორმებიც აქვთ ათვისებული. აბა, გამოიცანით, რატომ ეწვია თბილისის მერი მაინცდამაინც ზაზა ხუხუას? თქვენთანაც ხომ არ შემოუვლია და უკითხავს, თბილისის ბიუჯეტი როგორ გავწეროო? სააკაშვილის პიარის მანქანა გაფუჭდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ვეღარ ხვდებიან, რომ მათი ტყუილები აღარ ჭრის. მით უფრო, როცა მოწმედ საკუთარი კუდი – „რუსთავი2“ მოჰყავთ.
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ადასტურებს, რომ ზაზა ხუხუა „ქართუ ჯგუფში“ შემავალ ასოციაცია „ატუს“ თანამშრომელი იყო და ოპერის თეატრის მშენებლობის პროცესში მონაწილეობდა. „ზაზა ხუხუა დაქირავებულ მუშად „ატუში“ 2011 წლის 5 მაისიდან ირიცხება. ოქტომბერში მას თვიური ანაზღაურება და ნოემბრის თვეში ავანსის სახით 140 ლარი აქვს აღებული. ზაზა ხუხუა სამსახურში თითქმის ერთი თვეა აღარ გამოჩენილა, თუმცა ოფიციალურად კონტრაქტი „ქართუ ჯგუფს“ მასთან არ შეუწყვეტია და ის დღემდე „ატუს“ თანამშრომლად ითვლება. ასე რომ, დედაქალაქის მერიის წუხილი, თითქოს „ქართუ ჯგუფში“ ადამიანების დასაქმება და მათი სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება და დედაქალაქის მერიისგან აპელირება თემით, რომ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არჩევა ხდება, ცინიზმის გამოხატულებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბატონო გიგი! ვინც ივანიშვილთან არ ვმუშაობთ, არ გამოგვიცხადებთ თანადგომას? იქნებ ჩვენთანაც შემოირბინოთ და ბიუჯეტიდან ცოტა ჩვენც გვარგუნოთ რამე?