Home რუბრიკები საზოგადოება დავით სოკოლოვი: ესენი ისევ მოაწყობენ 26 მაისს, 7 ნოემბერს და იქნება სასაკლაო

დავით სოკოლოვი: ესენი ისევ მოაწყობენ 26 მაისს, 7 ნოემბერს და იქნება სასაკლაო

1156

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ყოფილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი.

_ ბატონო დავით, გასულ კვირას, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე, სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა ასე დაიწყო: მოგესალმებით საქართველოში, როგორც შემდგარ, დემოკრატიულ, სწრაფად განვითარებად სახელმწიფოში. თქვენი აზრით, რამდენად შემდგარ და სწრაფად განვითარებადია დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა? დემოკრატიაზე არაფერს გეკითხებით.

_ იმის გარდა, რომ სრული აბსურდია, რაც იმ დღეს სააკაშვილმა ილაპარაკა, ეგ არის დაცინვა, ვინაიდან, რამდენად დემოკრატიულ და სწრაფად განვითარებად ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამას მთელი მსოფლიო კარგად ხედავს. რაც შეეხება, შემდგარ სახელმწიფოს, დიახ, ჩვენ ვცხოვრობთ შემდგარ სახელმწიფოში, ოღონდ გააჩნია, რაზე. მე მიმაჩნია, რომ დღეს საქართველო საფლავის კარზეა შემდგარი… 
_ ეს სიტყვები რომ სააკაშვილს სადმე, რომელიმე რეგიონში გლეხებთან შეხვედრაზე ეთქვა, ვიტყოდით, რომ მოსახლეობას «აბოლებს»-თქო, მაგრამ მან ეს განცხადება ნატოს გენერალური მდივნის თანდასწრებით გააკეთა. თქვენი აზრით, რასმუსენმა და იმ დიპლომატებმა, რომლებიც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ, არ იციან, რეალურად რა მდგომარეობაა საქართველოში?

_ საქმეც ისაა, რომ ძალიან კარგად იციან, მაგრამ მათ, უბრალოდ, არ აინტერესებთ, ქვეყნის შიგნით რა ხდება. ამერიკისთვის მთავარია, საქართველოს ხელისუფლების სათავეში ჰყავდეს ისეთი გიჟი, რომელიც, თუ ეტყვიან, დაბომბე შენი ქვეყანაო, დაუფიქრებლად შეასრულებს ბრძანებას, სააკაშვილი კი, ამ თვალსაზრისით, იდეალური პრეზიდენტია, ამიტომ ტყუილად ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ რასმუსენი ან რომელიმე სხვა მაღალი რანგის უცხოელი ჩინოვნიკი ამ გადარეულს ტყავს გააძრობს. პირიქით, იმის უნდა გვეშინოდეს, რომ კიდევ უფრო მეტად არ წაგვიქეზონ და გაგვიგიჟონ, თორემ უბედურებები მერე ნახეთ…

_ რასმუსენმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს დიდი მიღწევები აქვს როგორც დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ისე სხვა მიმართულებებითაც. როგორ ფიქრობთ, ეს განცხადებაც პიროვნულად სააკაშვილის მხარდაჭერას ნიშნავს?

_ რას ნიშნავს და რას _ არა, ანალიტიკოსებმა განსაჯონ. საბედნიეროდ, ექსპერტები უხვად გვყავს, ხოლო რაც შეეხება მიღწევებს დემოკრატიაში და ზოგადად, რასაც რასმუსენმა გაუსვა ხაზი, არაერთხელ მითქვამს და კვლავ ვიმეორებ, თუ ეს არის დემოკრატია, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ ამას ჰქვია დასავლური ღირებულებები და ფასეულობები, მაშინ კისერიც უტეხია დემოკრატიას, არ გვჭირდება არაფერში; ხალხს სიღარიბეში ხდება სული, რაზეა საუბარი, ბოლოსდაბოლოს, მარტო მაღალფარდოვანი სიტყვების ფრქვევა და ხელების ქნევა ხომ არ არის დემოკრატია?!

_ პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვლება. თქვენ რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ეს ყველაფერი?

_ ძალაუნებურად ისევ იმ საკითხს ვუბრუნდებით, რითაც საუბარი დავიწყეთ _ არჩევნების გზით მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელი, თუ ეს ჩვენი ძვირფასი დასავლეთელი ჭკუისდამრიგებლები აზრზე მოიყვანენ ამ მართლაცდა კალაპოტიდან ამოვარდნილ ე. წ. ხელისუფლებას, სხვანაირად არჩევნებიდან არაფერი გამოვა და დღემდე  ამაში არაერთხელ დავრწმუნდით…

_ რას ნიშნავს, რომ არაფერი გამოვა, რას გულისხმობთ კონკრეტულად?

_ ვგულისხმობ იმას, რომ, თუ სააკაშვილს თავისი მფარველი და მარჩენალი ამერიკელები არ ეტყვიან, გეყო, რაც არჩევნები გიყალბებიაო, მომავალ არჩევნებსაც ისე ჩაგვიტარებენ, როგორც აქამდე ტარდებოდა. მე შენ გეტყვი, აზვირთდება ოპოზიცია და თავზე დაამხობენ სააკაშვილს ხელისუფლებას, თუ რა?! ხმის ამოღებასაც ვერავინ გაბედავს.

_ საზოგადოებაზეც იმავე აზრის ხართ?

_ საზოგადოებას რაც შეეხება, თუ ესენი მოსახლეობისგან რაიმე სერიოზულ საფრთხეს იგრძნობენ, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ყველაფერზე წავლენ, _ ისევ მოაწყობენ 26 მაისებს, 7 ნოემბერს, ისევ შეუვარდებიან ადამიანებს სახლებში და იქნება სასაკლაო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ხელისუფლებას უკვე გასინჯული აქვს გემო საკუთარი ხალხის სისხლისთვის. ასე რომ, ამათთვის ეს ნაბიჯი რთულად გადასადგმელი ნამდვილად არ იქნება.

_ ამასწინათ სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ პრემიერმინისტრობა მისთვის უინტერესოა. თქვენი აზრით, რას ნიშნავდა ეს განცხადება?

_ ეს იყო ჩვეულებრივი, «ნაცმოძრაობისთვის» დამახასიათებელი ე.წ. პიარკამპანია, რომლის მიზანია, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ სააკაშვილისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა თანამდებობაზე იქნება, რომ მისთვის მთავარია, გაგრძელდეს რეფორმები და ა.შ., ანუ რასაც დღეში ცხრაჯერ იმეორებენ ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები «ნაციონალურ არხებზე».

სინამდვილეში ყველამ კარგად ვიცით, რომ ესენი ყველაფერს აკეთებენ, რათა მოამზადონ პლაცდარმი და, როგორც არ უნდა წარიმართოს პროცესები, მუდმივად დარჩნენ ხელისუფლებაში; არც ისაა გამორიცხული, კონსტიტუცია ისე შეცვალონ, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი არა პრემიერ-მინისტრად, არამედ ისევ პრეზიდენტად მოგვევლინოს და ერთპიროვნული ძალაუფლება ოფიციალურად დაიკანონოს, ანუ უკვე პირდაპირ ჩაწეროს კონსტიტუციაში, რომ იქნება მანამდე, სანამ თავისი ნებით არ გადადგება ან არ მოკვდება. ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი და ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ ეს მოხდება.

_ ხელისუფლებამ ქვეყნის დიპლომატიურ გამარჯვებად შერაცხა ის, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ კონფლიქტურ რეგიონებში ტვირთბრუნვაზე საერთაშორისო კონტროლი დაწესდა. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის…

_ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ხალხი შიმშილით არ იხოცებოდეს და მუდმივად იმის შიშში არ ვიყოთ, ხვალ რუსეთი დაგვარტყამს თუ რომელიმე სხვა დიდი სახელმწიფო. აი, ეს არის დღეს უპირველესი პრობლემა და ნორმალური ხელისუფლება ამაზე უნდა ფიქრობდეს, მაგრამ ამათ ტვინი უკუღმა უდევთ და ვერ ხვდებიან ან არ უნდათ, მიხვდნენ, რომ ქვეყანა უკვე უფსკრულის პირასაა.

თურმე ჩვენი დიპლომატიური გამარჯვება ყოფილა ის, რომ რუსეთი კონფლიქტურ რეგიონებში ტვირთის შეტანა-გამოტანის კონტროლზე დავითანხმეთ და ერთი ამბავი აქვთ ამაზე ატეხილი, ავშენდითო, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ამაზეა ნათქვამი… ამათ რომ ჰკითხოთ, ბუშმა რომ სააკაშვილს ხელი ჩამოართვა, ესეც დიდი გამარჯვება იყო, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ 2008 წლის სამარცხვინო ომიც გამარჯვებად გამოგვიცხადეს. მოკლედ, სასაცილოზე სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს, რომელ გამარჯვებაზე და წარმატებებზეა საუბარი, როცა ადამიანებს უკვე დარჩენა აღარ უნდათ ამ ქვეყანაში…

_ თქვენ რუსეთის მხრიდან დარტყმა ახსენეთ და როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია საფრთხე, რომ მომავალში შეიარაღებული დაპირისპირება ჩრდილოელ მეზობელთან განახლდეს?

_ ეს რომ რუსეთის ინტერესებში იყოს, მერწმუნეთ, ვერანაირი დიპლომატიური ზემოქმედება მას ვერ შეაჩერებდა, მაგრამ დასაწყისშიც გითხარით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება; როცა ქვეყანას ფაქტობრივად შეურაცხადი მართავს, იქ პროცესები არანაირ ლოგიკას არ ემორჩილება, ასე რომ, საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს და ამ ხელისუფლების მოშორებაც სწორედ  იმიტომაა აუცილებელი, რომ ეს საფრთხე საქართველომ თავიდან აიცილოს. ცხადია, ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ პრაგმატული, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედი ხელისუფლება ამას აუცილებლად მოახერხებს…

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თქვენ, როგორც ამ შემთხვევაში, პოტენციური ამომრჩეველი, როგორ ფიქრობთ, რანაირი უნდა იყოს ის ხელისუფალი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას დაარეგულირებს?

_ დავიწყოთ ყველაზე მარტივით, _ პირველ რიგში უნდა ესმოდეს, რომ დაპირისპირება მეზობელ სახელმწიფოსთან, მით უმეტეს ისეთთან, როგორიც რუსეთია, ჩვენისთანა მცირერიცხოვან ქვეყანას ვერაფერს მოუტანს, იმის გარდა, რომ მოვისპობით და საბოლოოდ გავნადგურდებით. უნდა ესმოდეს, რომ ხალხის ინტერესები არის უპირველესი და ეს ინტერესები დგას ყველაფერზე მაღლა. დღეს, როცა მთელი მსოფლიო იქითკენ ისწრაფვის, რომ ჰქონდეს ახლოპარტნიორული ურთიერთობა რუსეთთან, ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უპირველესი მიზანიც სწორედ ეს უნდა იყოს. ამავე დროს უნდა გვესმოდეს ისიც, რომ რუსეთს აქვს თავისი ინტერესებიც და ჩვენი მხრიდან ეს ინტერესები არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ იქნეს დაყენებული. ერთი სიტყვით, უნდა იყოს ნება, რომ დავამყაროთ ჭეშმარიტად კეთილმეზობლური ურთიერთობა მოსაზღვრე სახელმწიფოსთან და, ბუნებრივია, ეს თუ იქნება, პოლიტიკაც შესაბამისი გატარდება, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ეს, უბრალოდ, შეუძლებელია, ვინაიდან, ჯერ ერთი, სააკაშვილი ამის გამკეთებელი არ არის და მეორეც, არა მგონია, მასთან მოლაპარაკებაზე ვინმე წამოვიდეს.

_ ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ ჰკითხოთ, დღეს რუსეთს მთელი მსოფლიო უპირისპირდება.

_ დაპირისპირებაზე ტლიკინებენ მხოლოდ ის ადამიანები, ტვინზე «პალიროვკა» აქვსო, რომ იტყვიან; მაგალითად ჯონ მაკკეინი, რომელიც ჯერ ვერ გამოსულა ვიეტნამის ტყვეობიდან. სწორედ ასეთი ადამიანების წაქეზებით დაიწყო სააკაშვილმა დაპირისპირება რუსეთთან და რაც მივიღეთ შედეგად, კარგად ვხედავთ…

_ ანუ, გინდათ თქვათ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ამერიკის მიერ იყო ინსპირირებული?

_ მე მარტო აგვისტოს ომს არ ვგულისხმობ, ყველამ ვიცით, რომ ეს, უბრალოდ, იყო პიკი იმ დაპირისპირებისა, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის ჯერ კიდევ 2004 წლიდან დაიწყო, ანუ როცა ხელისუფლებაში «ნაცმოძრაობა» მოვიდა.

…ზოგადად, ყველა ის პოლიტიკოსი თუ დიპლომატი, რომელიც აცხადებდა, რომ საქართველო სწორ გზას ადგას, რუსეთის ხელისუფლება კი არის კომუნისტური იდეოლოგიის გადმონაშთი და ქართველმა ხალხმა მასთან რამე კომპრომისზე არც უნდა იფიქროს, რა თქმა უნდა, დამნაშავეა ომის დაწყებაში. სწორედ მათი პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოს დაკარგული აქვს ტერიტორიის ერთი მესამედი და ქვეყანას მართავს ავტორიტარული რეჟიმი. პირველ რიგში, ცხადია, ეს ეხება ამერიკის ხელმძღვანელობას, რომელიც ბოლო წუთამდე უჩიჩინებდა სააკაშვილს, ნუ გეშინია, შენთან ვართო. ხოლო როცა საქმე საქმეზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ მათი მხარდაჭერა მხოლოდ წყლის გამოგზავნაში მდგომარეობდა. ვის რაში სჭირდებოდა მათი წყალი, წყალს მიაქვს მთელი საქართველო…

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ყველა ის საბედისწერო ნაბიჯი, რომელიც ამ ხელისუფლებამ რუსეთთან მიმართებაში გადადგა, რა თქმა უნდა, იყო ამერიკის მიერ პროვოცირებული; ასე რომ, სააკაშვილმა ამით შეიძლება ითქვას, პირნათლად შეასრულა ყველა დავალება და, როგორც დასაწყისშიც გითხარით, დღეს უკვე მას, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს ვაშინგტონის მხარდაჭერა. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი უბედურებაც, ვინაიდან, სანამ მას ეს მხარდაჭერა ექნება, ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და რამე შედეგის მიღწევა რეალურად შეუძლებელია. ეს კარგად იცის თვითონ ხელისუფლებამაც და ამიტომაც არიან ვითომდა ასე პრინციპულები საზოგადოების მიმართ…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here