Home რუბრიკები საზოგადოება ილია მარტყოფლიშვილი: რეგიონებში ჩინოვნიკების უმრავლესობა ტყემალზე ზის

ილია მარტყოფლიშვილი: რეგიონებში ჩინოვნიკების უმრავლესობა ტყემალზე ზის

849

დედოფლისწყაროს რაიონის და ზოგადად კახეთში მომხდარ სხვადასხვა საინტერესო ამბებზე ინტერნეტგაზეთ “ქიზიყის” მთავარ რედაქტორს, ილია მარტყოფლიშვილს ვესაუბრეთ.
_ რამდენად რთულია ჟურნალისტური საქმიანობა რეგიონში, თუნდაც თავისუფლების მხრივ, თუ, დედაქალაქისგან განსხვავებით, ბევრად მეტი თავისუფლება გაქვთ?
_ რეგიონში მუშაობა იმაზე მეტად რთულია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. დედაქალაქისგან განსხვავებით, პატარა ქალაქებში ყველა ერთმანეთის ახლობელი და ნათესავია. აკრიტიკო ხელისუფლება და ცხოვრობდე იმავე ქალაქში, ძალიან ძნელია. მე დედოფლისწყაროში ვმუშაობ და სწორედ ამ რაიონის მაგალითზე შემიძლია გითხრათ. ერთადერთი ფიგურა, რომელსაც ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ ეშლება, დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილია. მას არც დამოუკიდებელ და ე. წ. არასასურველ ჟურნალისტებთან ურთიერთობის პრობლემა აქვს და მის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკასაც ცივილიზებულად უყურებს. უმრავლესობა კი,  რბილად რომ ვთქვათ, ტყემალზე ზის. იგივე ვითარებაა გამგეობისა და საკრებულოს პრესსამსახურებშიც. პრესმდივნებმა ელემენტარული პრესრელიზის წერაც არ იციან და არც ის, როგორ აკეთონ ხელისუფლების პიარი.

ვცდილობთ, მაქსიმალურად ვაკრიტიკოთ ხელისუფლება, ამას პროფესიული მოვალეობა გვავალდებულებს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ არც ოპოზიციური პარტიების კრიტიკას ვერიდებით და პირადად მე სასამართლოში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივმა ლიდერმაც კი მიჩივლა. ასე რომ, ჩვენი უკმაყოფილო ოპოზიციონერიც ბევრი მინახავს და მმართველი გუნდის წარმომადგენელიც.
სხვათაშორის “ქრისტიან-დემოკრატების” ადგილობრივმა კანდიდატმა და სიის მეორე ნომერმა დავით ალუღიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე გამგეობის შენობაში საჯარო შეხვედრის დროს ხელი სახალხოდ გამარტყა. ამ დროს ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და კრიტიკულ სტატიებზე უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა.
რამდენიმე თვის წინ სოფელ ხორნაბუჯის გამგებლის _ ტარიელ ღარიბაშვილის წინააღმდეგ სიღნაღის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო. ინციდენტი 14 დეკემბერს დედოფლისწყაროს სასამართლოს შენობაში მოხდა, რა დროსაც სოფლის რწმუნებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და მაიძულებდა, მისი მისამართით გარკვეული ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შემეკავებინა. შეგახსენებთ, ეს გამგებელიც არავის დაუსჯია და პროკურატურაში საქმეც უძრავად დევს.
არადა, ეს ადამიანი ბევრს ტრაბახობდა, _ ეგღა მაკლია, ჟურნალისტის გამო ვინმე შემეხოს, თავი ქუდში მაქვს, ჩემი შვილი ბიძინა ივანიშვილის ფონდის თავმჯდომარეა, ვერავინ შემეხებაო. ერთი კვირის წინ ტარიელ ღარიბაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო მისი მძახალი, კახეთის პოლიციის ექს-შეფი თამაზ თამაზაშვილი კი საკმაოდ საეჭვო ვითარებაში დააკავეს. მოსახლეობა ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის გააქტიურებას უკავშირებს.
_ ძირითადად, რა პრობლემებზე გიწევთ წერა?
_ ცხადია, ყველა პრობლემაზე ვწერთ, თუმცა განსაკუთრებით შემიძლია გამოვყო სოციალური პრობლემები. სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეთათვის საარსებო შემწეობის შეწყვეტის საკითხზე თითქმის ყოველდღიურად ვწერთ. მოქალაქეთა ყოფა უარესდება, სოციალური სააგენტოს მიერ შეფასებული ქულების მიხედვით კი მათი პირობები უმჯობესდება და, თუ ერთ თვეს შემწეობას აძლევენ, მომდევნო თვეში ისევ დახმარების გარეშე ტოვებენ. ძალიან დიდი განუკითხაობაა სოციალური სააგენტოს სისტემაში და ქულების მინიჭების კუთხით უამრავი შეუსაბამობა ფიქსირდება. უამრავი ოჯახი შემიძლია დავასახელო, რომლებიც უკიდურეს სიღატაკეში არიან, სააგენტომ კი რამდენიმე თვის შემდეგ ფულადი დახმარება აბსურდული მიზეზებით შეუწყვიტა. არადა, ამის პარალელურად უამრავი შეძლებული ოჯახი იღებს ამგვარ დახმარებას, ღატაკების გულისწყრომას სწორედ ეს ფაქტი იწვევს.
_ როდესაც ინფორმაციაში თანამდებობის პირების სახელები ფიგურირებს, როგორც წესი, ხშირად აქვთ ხოლმე პრეტენზიები ჟურნალისტებთან დაკავშირებით. თუ ყოფილა რომელიმე კონკრეტულ ძალოვანზე მაკომპრომიტირებელ მასალასთან დაკავშირებით მუქარის ან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები?
_ რა თქმა უნდა, ხშირად საქმე სასამართლომდეც მისულა… გარკვეულ ინციდენტებს ხშირად ჰქონდა ადგილი. ყველა მათგანზე რეაგირებისთვის პოლიციას მივმართეთ, ჩვენებებიც მივეცით, გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ, ბოლო ერთი წელია, პროკურატურა პასუხის ღირსადაც არ გვთვლის. წელს დედოფლისწყაროში ინტერნეტგაზეთ “ქიზიყის” თანამშრომლების მიერ პროკურატურაში საქმის აღძვრის მოთხოვნით 22 განცხადება შევიდა. თვეები ისე გადის, რომ არც ის ვიცით, რა მოტივით შეწყდა გამოძიება და წერილობით პასუხსაც არ გვაძლევენ იმის თაობაზე, ოფიციალურად დაიხურა საქმე თუ სხვა ბედი ეწია.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსის მოადგილე ნოშრევან ნატროშვილი ჩვენი გაზეთის ჟურნალისტებს ემუქრებოდა, _ ნარკოტიკს ჩაგიდებთ და “კორაკანაში” შეგაყუდებთო. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მის ახლობელს, სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს უფროსს, დემურ კეკენაძეს ხშირად ვაკრიტიკებდით. გასულ წლებში კუდის ადგილობრივი თანამშრომლებიც მუდმივად გვემუქრებოდნენ და ჩვენს დაშინებას ცდილობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ზეწოლის ყველა ფაქტი პრესაში გავახმაურეთ, მათი მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება შეიცვალა და ცდილობენ, ღია ზეწოლისგან თავი შეიკავონ.
_ რატომღაც მოულოდნელი რეალობაა, ალბათ, რომელიმე სოფელში სასმელი წყლის დეფიციტი იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მთავრობა სოფლის განვითარებაზე და ხელშეწყობაზე ისეთ განცხადებებს აკეთებს.
_ წყლის პრობლემა კახეთის ბევრ სოფელში სერიოზულად დგას. მოსახლეობა ამ საკითხზე მწვავედ რეაგირებს. მიუხედავად იმისა, რომ, მესამე წელია, სოფლის დახმარების საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის 80% კახეთის სოფლების უმრავლესობაში სწორედ წყლის პრობლემას ხმარდება, რეალური შედეგები არ ჩანს. ერთადერთი ქალაქი, სადაც წყლის პრობლემა მოგვარდა, სადაც გრაფიკი არ არის და მოსახლეობას მთელი ქალაქის მასშტაბით წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება – ეს ქალაქი დედოფლისწყაროა. თუმცა ზაფხულში დებეტის პრობლემა აქაც დადგა და სერიოზული პრეტენზიებია წყლის ხარისხთან დაკავშირებითაც.
_ პეტრე ცისკარიშვილის ყანაში მოსავლის აღებისთვის შუახნის მამაკაცი დააკავეს. ექსკლუზივი თქვენ გეკუთვნით. ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია და რა ბედი ეწია დაკავებულს?
_ თავდაპირველად გვქონდა ინფორმაცია მორიგ დაკავებაზე. მას შემდეგ, რაც ფაქტის გადამოწმება დავიწყეთ და სოფელში დაკავებულის ახლობლებსა და მეზობლებს დავუკავშირდით, აღმოჩნდა, რომ მთელი სოფელი ადასტურებდა, რომ ხსენებული ნაკვეთი ცისკარიშვილს ეკუთვნის. დაკავებულს ის ბედი ეწია, რომ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ეს კი საკმაოდ მკაცრ სასჯელად მოგვეჩვენა. აღმოჩნდა, რომ მას სხვა დანაშაულებიც ბრალდება. ვერ გეტყვით, სხვა რა ჩაიდინა თუ, უმრავლესობის ლიდერს რომ შეეხო, იმიტომ დაუმატეს სასჯელი, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა დანაშაულებიც წამოჰკიდეს…
_ ხშირად იწერება სტატიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მათი ნათესავების პრიორიტეტულობაზე რეგიონში, იმაზე, რომ თანხა მოსახლეობის სასარგებლოდ არასდროს იხარჯება.
_ გეთანხმებით, მაგრამ რეგიონების ხელმძღვანელობაც ცენტრალური ხელისუფლების მსგავსად მოქმედებს და საერთო პრიორიტეტები გააჩნია. უნდა ითქვას, რომ თვითმმართველობის ორგანოები ძირითადად ნაცნობ-მეგობრობისა და ნათესაური პრინციპებით კომპლექტდება, მაღალ თანამდებობებს ხშირად არაკომპეტენტური და სრულიად გამოუცდელი კადრები იკავებენ. გლეხებისგან ხშირად მომისმენია, რომ დახმარების სათხოვნელად გამგეობაში მისული გაჭირვებული მოქალაქეებისთვის რაიმე სახის დახმარების გაწევა არ შეუძლიათ, ამ ფონზე კი ათიათასობით ლარი იხარჯება სხვადასხვა კონცერტებზე, შადრევნებზე და ამა თუ იმ პიარაქციებზე. ჩვენი ქვეყნის კურსი სწორედ ასეთია და, ალბათ, თვითმმართველობები ამ გზიდან გადახვევას და საკუთარ ჭკუაზე სიარულს ვერც გაბედავენ.
_ 16 ოქტომბერს, საღამოს, სოციალურ ქსელ Facebook-ზე ლაგოდეხში ტუალეტის საზეიმოდ გახსნის კადრები გავრცელდა.Oორმა ადგილობრივმა ტუალეტის წინ წითელი ლენტი გაჭრა და ლაგოდეხელებს კიდევ ერთი “ტურისტული” ობიექტის გახსნა მიულოცა. ვიდეო რამდენიმე საათში წაიშალა. ცნობილი გახდა, რომ ავტორს ვიდეოს წაშლა ლაგოდეხის გამგეობიდან მოსთხოვეს.
_ ნამდვილად ასეა. გამგებელი ზეწოლის ფაქტების კომენტირებისას ამბობს, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი და როგორ გავათავისუფლებდითო. არადა, ვიდეო Facebook-ზე მიშა სიყმაშვილმა განათავსა, რომელიც ქალაქ ლაგოდეხში ცხოვრობს და კომპანია “მაგთიკომის” ლაგოდეხის ოფისში მუშაობს. ვიდეოს წაშლა მიშა სიყმაშვილს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოსთხოვეს. ლაგოდეხში საზეიმოდ გახსნილი ტუალეტის მეპატრონემ გია სიყმაშვილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. კომპანია “ლაგოდეხავტოგზის” კადრების ინსპექტორის თქმით, სიყმაშვილმა გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე ითხოვა. კომპანიის დირექტორმა კი ჟურნალისტებს მიაძახა: “რა აუწეწეთ მაგ კაცს ოჯახიო”.
_ ზამთარი მოდის და, ძირითადად, რა პრობლემები აწუხებს რეგიონის მოსახლეობას?
_ ზამთართან დაკავშირებით ასეთი ფაქტი მახსენდება: შარშან ორმა მარტოხელა მოხუცმა შემომჩივლა, შეშა არ მქონდა და გამგეობას დახმარება ვთხოვეო. დედოფლისწყაროს სოციალური სამსახურის მაშინდელ უფროსს კი ასეთი პასუხი გაუცია: შეშა რად გინდა, მოხუცი ხარ, იწექი საწოლში და აღარ შეგცივდებაო! არადა, ორივე ქალბატონი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფია და სოციალურად დაუცველთა ფენას ეკუთვნის. აქ სერიოზული პრობლემაა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის კომპეტენტურობასთან დაკავშირებით. როცა სოციალური სამსახურის უფროსი ღატაკს ასეთ ბრიყვულ პასუხს გასცემს და მისი უტაქტო საქციელი პრესაშიც გახმაურდება, წესით, ასეთ კადრს უნდა ათავისუფლებდნენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სწორედ ამგვარ ფიგურებს აწინაურებენ და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ძალიან კურიოზულ ფაქტებთან გვაქვს ხოლმე საქმე. დედოფლისწყაროში რამდენიმე ფაქტი ყოფილა, როცა საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებს მოქალაქეები კაბინეტიდან გაუძევებიათ და მთელი სკანდალი მოუწყვია. შემდეგ ეს საჯარო მოხელეები კომენტარში მომხდარს, ტრადიციულად, უარყოფენ ხოლმე, თუმცა არ გვაქვს არანაირი საფუძველი, ვიფიქრო, რომ მოქალაქეები ასეთ ფაქტებს თხზავენ.
კიდევ ერთი საინტერესო ტენდენციაა, რომ მოქალაქეებს, რომლებიც საჯარო მოხელეებს ბრალს სდებენ, თანამდებობის პირები მუდმივად გიჟებად და ინტრიგანებად შერაცხავენ ხოლმე. ამ ფაქტებზე პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეებიც აღძრულა, თუმცა, რაკი “ნაცმოძრაობის” წევრები ფიგურირებდნენ, მალევე ჩაუფარცხავთ. მაგალითად, შირაქის დასახლებაში მცხოვრები მარტოხელა ქალბატონი ნუნუ ჩიბუხაშვილი აცხადებდა, რომ საკრებულოს აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გელა თეთრაულმა ის კაბინეტიდან გააძევა და წიხლიც უთავაზა. ამ ინციდენტის ირგვლივ პროკურატურამ საქმეც აღძრა, თუმცა ჩიბუხაშვილი მოგვიანებით ამბობდა, რომ აიძულეს, გამოძიებისთვის საწინააღმდეგო ჩვენება მიეცა და მომხდარი დაემალა, ამიტომაც არ დადგა უტაქტო ჩინოვნიკის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა ეს ფაქტი იმხანად ჩვენ მაინც გავახმაურეთ.
ესაუბრა
ლილი მიროტაძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here