Home რუბრიკები საზოგადოება მცირე რეპლიკა მეცნიერების შესახებ…

მცირე რეპლიკა მეცნიერების შესახებ…

758

ამ წერილით მინდა გამოვეხმაურო თქვენს გაზეთში დაბეჭდილ წერილს “ცოცხალთა პანთეონი”, რომელიც ეხება ქართულ მეცნიერებას _ ზოგადად და მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას _ კონკრეტულად. სტუდენტობიდან დღემდე მეცნიერებას ვემსახურები, გავიარე ყველა საფეხური და მივაღწიე უმაღლეს თანამდებობამდე. ვიყავი ორი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ვარ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებების წევრი, საზღვარგარეთული უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი და პროფესორი და ა.შ. ყოველივე ეს ვთქვი იმიტომ, რომ ჩემს გამოხმაურებას მეტი დამაჯერებლობა შევმატო და ზოგიერთი სკეპტიკოსისთვის ჩემი სიტყვა უფრო საყურადღებო გავხადო.
მეცნიერება, მოგეხსენებათ, მძიმე შრომაა, ყოველივე იმის შესწავლაა, რაც შენამდე შექმნილა, ეს კი სამეცნიერო ბიბლიოთეკებში, არქივებში, სამეცნიერო პუბლიკაციებში და ა. შ. ზღვა მასალის დამუშავებაზე დახარჯული ათი ათასობით საათია, ტიტანური შრომაა.

თანამედროვე მეცნიერება ძვირადღირებული დარგია. ამაზე არაერთხელ ითქვა და დაიწერა, მაგრამ მასზე დახარჯული კაპიტალის უკუგება იმდენად დიდია, რომ კაცობრიობას მიახლოებითაც კი უჭირს მისი გაანგარიშება.
აქვე საჭიროდ ვთვლი, აღვნიშნო, რომ მეცნიერებაში გზის გაკაფვა იმ უზარმაზარი წინააღმდეგობების დაძლევასაც გულისხმობს, რაც მეცნიერს არა მარტო სახელმწიფოსგან, არამედ კოლეგებისგანაც ხვდება. აზრთა “ჭიდილი” ზოგჯერ ძალიან მტკივნეულია… თუმცა ეს სხვა თემაა.
“რას აკეთებენ აკადემიკოსები, რომლებიც ამ წოდებისთვის უზარმაზარ ანაზღაურებას “იღებენ”?! დაახლოებით ასეთი კითხვაა გაზეთში “რა უნდა გააკეთონ”? ვსვამ კითხვას მე… ჯერ ერთი, მათი ანაზღაურება არაა დიდი და მეორეც ისინი აკადემიკოსობისთვის გასამრჯელოს იღებენ უკვე გაკეთებული საქმეებისთვის, რითაც საზოგადოებამ ისარგებლა და სახელმწიფომაც უზარმაზარი მოგება მიიღო. და კიდევ… ხელშესახები სამეცნიერო პროდუქციის შექმნისათვის მარტო აკადემიკოსობა და სამუშაო მაგიდა არ კმარა. მეცნიერს სჭირდება თანამოაზრეთა ჯგუფი, რომელშიც ყველა თავის კონკრეტულ სამუშაოს ასრულებს, ხელმძღვანელი კი კოორდინატორია, საჭიროების მიხედვით შეაქვს შესწორებები თემატიკაში, იღებს საჭირო გადაწყვეტილებას და ა. შ., ე. ი. თანამედროვე მეცნიერებას ქმნიან არა ცალკეული პიროვნებები (თუნდაც  აკადემიკოსები), არამედ ადამიანების (თანამოაზრეების) გაერთიანებები.
კომუნისტების დროს ყველა აკადემიკოსი მუშაობდა სასწავლო ან კვლევით დაწესებულებაში, სადაც მას ჰყავდა მიმდევრები, ყოფილი მოწაფეების, ასპირანტებისა და სხვათა სახით; ჰქონდა მატერიალური ბაზა (კაბინეტ-ლაბორატორიები), ჰქონდა საშუალება თავისი მეცნიერული ნაშრომის პუბლიკაციისა და ა. შ.
რა გვაქვს დღეს?! აკადემიკოსებს (და სხვა მეცნიერებს) დაუხურეს კათედრები, ფაქტობრივად, გაუუქმეს კვლევითი ინსტიტუტები, ჩამოუშალეს ის ძაფები, რომლებითაც დარგობრივი მეცნიერებები უკავშირდებოდა ერთიან ცენტრს _ აკადემიებს და დაუტოვეს მარტო მაგიდები და მცირედი ანაზღაურება, რომელსაც ზოგიერთები დღესაც იმადლებიან.
რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ ცოდნის უზარმაზარი მარაგი, რაც ცნობილ მეცნიერებსა და, მათ შორის, აკადემიკოსებსაც აქვთ, დარჩა სამეცნიერო ბაზისა და თანამოაზრე ადამიანების გარეშე და დღეისათვის უმოქმედოა. ვინ დაზარალდა? პირველ რიგში, მეცნიერება და უფრო მეტად _ საზოგადოება.
მინდა, მკითხველს შევახსენო, რომ მეცნიერება “არ ბერდება”. ხანდაზმულ ან მოხუც ადამიანს შეიძლება უჭირდეს გადაადგილება, მაგრამ აზროვნება, უმეტეს შემთხვევაში, მოქმედია. ასე რომ, ჭეშმარიტ მეცნიერს, მიუხედავად ასაკისა, მაგიდიდან ადგომის გარეშეც შეუძლია დიდი სიკეთის მოტანა.
რამდენიმე მაგალითს დაგისახელებთ. საქვეყნოდ ცნობილია ე.წ. თოდუას კლინიკა და მისი ხელმძღვანელი, საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერი, ბატონი ფრიდონი, რატომ? იმიტომ, რომ მას აქვს მისივე შექმნილი შესანიშნავი სამეცნიერო ბაზა, ჰყავს თანამოაზრეთა დიდი გუნდი, რომლის გარეშეც მისი უდავოდ დიდი ცოდნა მედიცინაში დაიკარგებოდა.
ამით იმის თქმაც მინდა, რომ სხვა სამეცნიერო დარგებსაც შეეძლო წარმატებული საქმიანობა და განვითარება, რომ არ მოშლილიყო წლების განმავლობაში რუდუნებით ნაშენები სამეცნიერო ბაზა. ასე რომ, აკადემიკოსების შედარებითი უმოქმედობა, მათი ბრალი არაა.
კიდევ ერთი ფაქტი. 90-იანი წლების ბოლოს, ჩინეთიდან უნდა შემოგვეტანა 18 ცხენისძალიანი ტრაქტორები, რომლებიც მათ მიერ გამოყოფილი კრედიტის ფარგლებში უნდა მიგვეღო. როგორც კი გავეცანით ბუკლეტებს, მეცნიერ-მექანიზატორებმა მაშინვე ატეხეს განგაში… გაირკვა, რომ ტრაქტორების მუშა ორგანოები გათვლილი იყო სუფთა ნიადაგებისთვის, სადაც ერთ კენჭსაც ვერ იპოვიდი… ლოდებითა და ქვებით სავსე საქართველოს ნიადაგებში ასეთი ტრაქტორი ერთ მეტრსაც ვერ გაივლიდა. პროტესტის მიუხედავად, პროცესი ვერ შევაჩერეთ, “ხელი უკვე მოწერილიაო,”  _ გვითხრეს. არადა, იმ ხელისმომწერს რამდენიმე წუთიანი საუბარი რომ ჰქონოდა სპეციალისტებთან, საქმეს ნამდვილად წაადგებოდა, მაგრამ რატომღაც არ იკადრეს…
დიდი ხმაური მოჰყვა ჰიბრიდულ სიმინდს. ამასთან დაკავშირებით მახსენდება გასული საუკუნის 30-იან წლებში საქართველოში ჩაის კულტურის მასიური გავრცელების პერიოდი. პროექტის დაწყებისთანავე ანასეულში შეიქმნა საერთაშორისო მნიშვნელობის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და იმავე პერიოდში _ ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ცოტა მოგვიანებით ქ. სოხუმში დაარსდა სუბტროპიკული მეურნეობის სასწავლო ინსტიტუტი, რომელიც ერთადერთი იყო მსოფლიოში და ამზადებდა უმაღლესი განათლების კადრებს არა მარტო საბჭოთა კავშირის მეჩაიეობის რეგიონებისთვის, არამედ ინდოეთის, შრი-ლანკისა და ჩაის მწარმოებელი სხვა ქვეყნებისთვისაც.
ანასეულის კვლევითმა ინსტიტუტმა შეისწავლა ჩაის გავრცელებისათვის უვარგისი რეგიონები, დაადგინა საქართველოში არსებული ნიადაგებისათვის ჩაის მოვლა-მოყვანის აგროტექნიკა, მეცნიერულ დონეზე აიყვანა ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესები და, რაც მთავარია, ინსტიტუტის მეცნიერებმა გლეხებს ასწავლეს ჩაის კულტურის მოვლა-მოყვანის უახლესი აგროტექნიკა. შედეგად მივიღეთ ის, რომ დროთა განმავლობაში, პატარა საქართველოს ჩაის პროდუქციის წარმოების მხრივ, მსოფლიოში IV-V ადგილზე გავიდა. ანასეულში გაიზარდა როგორც მეცნიერი აკადემიკოსი ქსენია ბახტაძე, რომლის მიერ გამოყვანილი ჩაის კულტურის ახალი ჯიში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაინერგა.
მე მგონი, ზემოთ მოყვანილი მაგალითი თვალსაჩინოა იმისათვის, თუ როგორ უნდა დაინერგოს სიახლე სოფლის მეურნეობაში. რაც შეეხება ჰიბრიდული სიმინდის პროექტის ნაწილობრივ ჩავარდნას, აქ ბრალი სოფლის მეურნეობის შესაბამის სამსახურებს მიუძღვით, რომლებიც არც მეცნიერებს დაეკითხნენ და, რაც მთავარია, ფერმერებიც და გლეხებიც არ მოამზადეს ამისათვის.
არ შემიძლია არ გავიხსენო კიდევ ერთი ფაქტი: მიწათმოქმედების ინსტიტუტში მრავალწლიანი ძიებისა და ექსპერიმენტების შედეგად გამოიყვანეს ურწყავი მიწებისათვის ხორბლის ახალი ჯიში, რომელიც 40 ცენტნერამდე მოსავალს იძლეოდა. მკითხველს მინდა შევახსენო, რომ მარცვლეულის წარმოებაში ეს არის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა, ვინაიდან ნათესების 80 პროცენტზე მეტი ურწყავია. გაირკვა, რომ ქართველი მეცნიერები პრობლემების გადაწყვეტის ზღვარზე არიან. მოვიწვიეთ საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს 27 ქვეყნის წამყვანმა მეცნიერებმა. მათ დაადასტურეს ქართველი მეცნიერების მიერ მიღებული შედეგები.
საკითხის საბოლოო გადაწყვეტისათვის საჭირო გახდა დამატებითი საწარმოო ნაკვეთები, რომელიაც საბოლოოდ უნდა დაედასტურებია მეცნიერული კვლევის შედეგები. წერილი გაიგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მაგრამ იქ მომუშავე არაპროფესიონალებმა ვერ გაიგეს იმ კვლევის მნიშვნელობა, რომელსაც ქართველმა მეცნიერებმა დაუდეს სათავე. არადა, მარტო თესლის რეალიზაციის შედეგად ქვეყანას შეეძლო მიეღო მილიონობით დოლარი…
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ აქვს კი აზრი?!
დასკვნის სახით მინდა აღვნიშნო: ნუ გაკილავთ ქართველ მეცნიერებს, მითუმეტეს, _ ტიტულოვნებს, ბევრი მათგანი მსოფლიო დონის მკვლევარია. ქართული მეცნიერება ერთ-ერთი მოწინავე იყო იმ უზარმაზარ იმპერიაში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა.
დღეს ქართველ მეცნიერებს შველა სჭირდება. მათ ჯერ კიდევ შესწევთ უნარი, რომ მოამზადონ ღირსეული ცვლა. ამ შანსის დაკარგვა სერიოზულად დააზარალებს ქვეყანას. სამწუხაროდ, ზოგიერთები ქართული მეცნიერების მინავლებას ელოდებიან, მათ გასაგონად მინდა განვაცხადო: ძლიერი და მიმზიდველი ქვეყანა ინტელექტუალების გარეშე ვერ აშენდება, საქართველოს კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ასეთები ჯერ კიდევ შემორჩა…
ნაპოლეონ ქარქაშაძე
31.10.2011 წელი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here